სექსი, პოლიტიკა და ვიდეო

დღეს პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ კადრებს ავრცელებენ; „ოდეერები“ საჯარო უწყებებსა თუ უნივერსიტეტებში მუშაობენ; ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის გენერალურ მდივანს ქალაქის ცენტრში ესვრიან; დაწყებითი კლასების პედაგოგთა უმრავლესობა მინიმალური კომპეტენციების ზღვარს ვერ ლახავს და რა გასაკვირია, რომ ბევრს მართლაც სჯერა – ფაშიზმი, კომუნიზმი და ლიბერალიზმი ერთი და იგივე ბოროტებაა.

ამავე დროს გლობალიზაციამ ახალი შესაძლებლობები მისცა ჭკვიან და მონდომებულ ადამიანებს: დღეს, ისე როგორც არასდროს, ხელმისაწვდომია ახალი ცოდნა, განათლება და ინფორმაცია. საზღვრების მეტმა გახსნილობამ გაზარდა მობილობა და ადამიანებს შეუძლიათ უამრავი ახალი რამის სწავლა და მისი საკუთარი და ქვეყნის სასარგებლოდ გამოყენება. ევროპასთან მეტი კავშირი ქვეყნის განვითარებას ძალიან წაადგება, კარს მომდგარი სავიზო რეჟიმის გახსნა კიდევ უფრო წინ წასწევს ჩვენს ქვეყანას. მაგრამ ეს ფართო, ზოგადი, გრძელვადიანი ტენდენციებია კონკრეტული, ორგანიზებული ანტი-დემოკრატიული და ანტი-სახელმწიფოებრივი მოძრაობების წინაშე და ჯერ კიდევ არსებული პოლიტიკის კეთების საბჭოურ-მაფიოზური წესების ფონზე.

ეს ორი ტენდენცია ქვეყანას ორი განსხვავებული მიმართულებით ექაჩება და არ ვარ დარწმუნებული რომელი იმძლავრებს ისტორიის ამ ეტაპზე: დემოკრატიული დინება თუ რუსული შავრაზმული ნაციონალიზმის და ავტორიტარიზმის ქართული ვარიანტი. მართალია, ევროპასთან უფრო ახლოს ვართ, მაგრამ ასეთ დღეებში მგონია, რომ თანამედროვე ცივილიზაციისგან ასე შორს არასოდეს ვყოფილვართ; ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყანა ვართ, თუმცა რუსეთიც აქვეა და მათი კორუმპირებული იდეოლოგიის ეროვნული მოტივებით მომკაზმველი “რაინდებიც” ბევრი გვყავს. თითქოს მომავალი არჩევნები უფრო კონკურენტული იქნება, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრ აკრძალულ ილეთს ვიხილავთ. ნაპრალი ქვეყნის ფორმალურ მდგომარეობასა და მის რეალურ პოლიტიკურ კულტურას შორის ძალიან დიდია.

არ მინდა ვიყოთ იმის იმედზე, რომ გაიმარჯვებს ის, ვინც უკეთესია. ისტორია ომებში მხარეებს არ ირჩევს და როგორც ნაპოლეონი ამბობდა, ღმერთი იმის მხარესაა, ვისაც დიდი ბატალიონები ჰყავს. მე დიდი იმედი მაქვს, რომ პროგრესის ძალები გადასწონიან საბჭოთა რევანშიზმის იდეოლოგიას, მაგრამ ისიც სინამდვილეა, რომ ამ უკანასკნელის მიმდევარი ხალხი ცოტა არა, ძალიან ბევრია. კარგი იქნება ნათლად გავიაზროთ, რა მომავალი ელის ამ ქვეყანას, თუ ღმერთი იმათ მხარეს აღმოჩნდება, ვისთვისაც ადოლფ ჰიტლერი, იოსებ სტალინი და ილია ჭავჭავაძე ერთი და იგივეა.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s