აბიტურიენტის საკითხავი #2

გამარჯობა! ამ ბლოგს, რა თქმა უნდა, ინტერნეტის საშუალებით კითხულობ. თუ იცი როდის და რატომ შეიქმნა ინტერნეტი? მას შემდეგ, რაც ცივი ომი (მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაჩაღებული მეტოქეობა საბჭოთა კავშირსა და დასავლეთ სამყაროს/NATO-ს შორის) „ცხელ ფაზაში“ შევიდა, ამერიკელები დაფიქრდნენ იმაზე, რომ ბირთვული (ატომური) ომის დაწყების შემთხვევაში უწყვეტი კომუნიკაციების შენარჩუნება აუცილებელი იქნებოდა. შესაბამისად, გამოიკვეთა დეცენტრალიზებული და ავტონომიური საკომუნიკაციო სივრცის შექმნის საჭიროება, რათა ერთი რომელიმე კომპონენტის დაზიანების შემთხვევაში, კავშირი მთლიანად არ გაწყვეტილიყო. შედეგად გაჩნდა ინტერნეტი, რომლის მეშვეობითაც შენ ახლა აბიტურიენტთა ბაზაში რეგისტრირდები, ცდილობ მოიძიო ინფორმაცია სხვადასხვა უნივერსიტეტის შესახებ, უმეტეს დროს კი, რა თქმა უნდა, მეგობრებთან ჩეთსა და YouTube-ზე მუსიკის მოსმენას უთმობ. ასე გამოვიდა, რომ ყველაზე დიდი და საშიში დაპირისპირება, რაც კი მსოფლიოს ახსოვს, რევოლუციური ინოვაციის საფუძველი გახდა.

თუკი საქართველოში ვინმე მოუთმენლად ელის ევროკავშირთან ვიზების გაუქმებას, ალბათ შენ და შენი მეგობრები ხართ, რადგანაც სულ ადვილად, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე, შეგეძლებათ აიღოთ ბილეთი და გაფრინდეთ, მაგალითად ბობ დილანის კონცერტზე ამსტერდამში; იქირაოთ მანქანა და ევროპის მრავალი ქვეყანა შემოიაროთ ისე, რომ არც ვალუტის გამოცვლა დაგჭირდეთ და არც გერმანიისა და საფრანგეთის საზღვარზე სავიზო შემოწმება. ყველა ეს სიკეთე დამანგრეველი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა. ევროპელი ლიდერები მიხვდნენ, რომ კონტინენტზე მშვიდობა მხოლოდ იმ შემთხვევაში დამყარდებოდა, თუკი გერმანია და საფრანგეთი თანამშრომლობით უფრო იქნებოდნენ დაინტერესებულნი, ვიდრე ერთმანეთის განადგურებით. სწორედ ამ მიზნით, 1951 წელს პარიზში შეიქმნა ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანება, რომლის დამფუძნებლები საფრანგეთი, გერმანია, ჰოლანდია, ბელგია, იტალია და ლუქსემბურგი იყვნენ. ამას უფრო ახლო ეკონომიკური კავშირები და სხვა ქვეყნების ამ გაერთიანებაში გაწევრიანება მოჰყვა და აი, მოვედით იქ, სადაც ახლა ვართ. მეორე მსოფლიო ომის შედეგად მიწასთან გასწორებული ევროპა სულ ერთი თაობის ხელში იმდენად მდიდარი და განვითარებული რეგიონი გახდა, რომ მასთან უვიზო მიმოსვლის მიღწევა სხვა ქვეყნებისთვის ეროვნული ამოცანა, წარმატების შემთხვევაში კი საყოველთაო ზეიმის საფუძველია.

გაინტერესებს, გლობალური დაპირისპირება როგორ შობს ისეთ ინოვაციებს, როგორიც ინტერნეტია? შეიძლება ომმა რაიმე კარგი მოიტანოს?! შესაძლოა მიწასთან გასწორებული ქვეყანა სულ რამდენიმე ათეულ წელიწადში მდიდარი, მშვიდობიანი და ყველასათვის მისაბაძი გახდეს? თუ ჩემი წინა ბლოგი წაიკითხე, მაშინ ამაზე პასუხსაც ალბათ უკვე მიხვდი: უნდა ისწავლო ის დისციპლინა, რომელიც ამ მოვლენების საფუძვლებს აგიხსნის – საერთაშორისო ურთიერთობები.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s