ამ ქალების სიკვდილი ჩვენი ბრალია – კაცების, ჩემიც!

ქალის ბედი აღმოსავლეთში. სერგო ფარაჯანოვი
ქალის ბედი აღმოსავლეთში. სერგო ფარაჯანოვი

ამ ქალების სიკვდილი იმ კაცების ბრალიც არის, ყველასი ჩვენი, ვისაც შეგვეძლო და გვევალებოდა მეტი გაგვეკეთებინა და არ გავაკეთეთ. ვინც ვფიქრობდით, რომ ეს ჩვენ არ გვეხება. ნუ გვეგონება, რომ ეს ყველაფერი ცალკეული, არანორმალური ადამიანების ჩადენილი საქციელია, რომელთაც საერთო არაფერი აქვთ ჩვენთან. სულაც პირიქით, ისინი ჩვენს გვერდით იყვნენ, არიან და იმ სისტემითა და იმ წარმოდგენებით იკვებებიან და იზრდებიან, რომელთაც მათ განუწყვეტლად აწვდის საზოგადოება: დაბადებიდან მანამდე, სანამ ისინი ამ დანაშაულს ჩაიდენენ.

ამდენი წლის განმავლობაში საერთაშორისო ორგანიზაციები და ადგილობრივი არასამთავრობოები, ისე როგორც ცალკეული აქტივისტები საუბრობენ ქალთა უფლებების საკითხებზე და ქალთა და კაცთა თანასწორი შესაძლებლობების შესახებ. ეს ყველაფერი ძალიან დიდი ხანი მიიჩნეოდა: “უცხოელების” შემოტანილ თემად, რომელზეც უბრალოდ “გრანტები გაიცემა,” თორემ ისე პრობლემა არ არსებობს და /ან სასაცილო საკითხად “რა დროს ეს არის!” “გენდერული თანასწორობა” განიხილებოდა, როგორც უცხო ამბავი, გენდერი – მტრული ტერმინი, რომელიც ქართველის იდენტობას ემუქრებოდა. სინამდვილეში ქართული ოჯახში უნდა არსებობდეს იერარქია სქესებს შორის – კაცი მთავარია! ხოლო ამას მოსდევს ის, რომ მთავარი ვინც არის, ის არის მართალიც, ძალა აღმართს ხნავს! ყველაფერი ამის კომბინაციით მივიღეთ ის ტრაგიკული მდგომარეობა, რომელშიც ახლა ვართ და ისიც, რაც დღესაც მოხდა.

მნიშვნელოვნია ვაღიაროთ და გავიგოთ შემდეგი: 1. ცოლის და ქმრის ჩხუბი სერიოზული ამბავია (და არა ის, რომ სულელს მართალი ჰგონია) და უნდა ჩავერიოთ; 2. ქალთა მიმართ ძალადობა სამწუხაროდ, ძალიან სამწუხაროდ, ჩვენი ტრადიციის ნაწილია. და ეს უნდა მოვიშოროთ, ძალითაც თუ საჭიროა (არასრულწლოვანთა არაფორმალური ქორწინებების ჩათვლით, მაგალითად); 3. შეუძლებელია ამ პრობლემების დაძლევა ქალთა თანაბარი და სამართლიანი მონაწილეობის გარეშე ქვეყნის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან სფეროებში, მათ შორის პოლიტიკაში. მაშინ როდესაც თვითმმართველობებსა და პარლამენტშიც ძალიან ცოტაა ქალი, რთულია ამ საკითხებზე ყურადღების მიქცევა, საჭირო სამსახურებისთვის თავისი საქმის სათანადოდ ვერ კეთების გამო პასუხის მოთხოვნა. კაცებს, პრინციპში არ აინტერესებთ ეს პრობლემები. ყოველ შემთხვევაში ასე იყო აქამდე. ყველა იმ ღონისძიებაზე, ყველა იმ დისკუსიაზე, რომელსაც ჩვენ ვაწყობდით ამ საკითხებზე მთავარი პრობლემა იყო ის, რომ კაცები უბრალოდ არ მოდიოდნენ. ამაში, ყველა ის საერთაშორისო და ადგილობრივი ჯგუფი დამეთანხმება, ვინც ამ საქმეში მონაწილეობს.

ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემას, ამ მკვლელობების პრობლემას ვერ დავძლევთ თუკი პოლიტიკის დონეზე არ იქნება ქალთა მონაწილეობა ძლიერი, ხოლო ქალთა და კაცთა სოლიდარობა მაღალი. აქამდე, სამწუხაროდ, კაცები ამ პრობლემისგან თავს ირიდებდნენ: ამბობდნენ, ქალს ყველა შესაძლებლობები აქვს, თუ უნდა რამის გაკეთება ვინ უშლის. ვინ უშლის და პირველ რიგში კაცები და მათი დამოკიდებულება, მერე ყველა და ყველაფერი: ინსტიტუტები, ტრადიციები, ეკონომიკური უთანასწორობა და ოჯახისა და ჯერ კიდევ განათლების სისტემის პირველი საფეხურებიდან მოყოლებული სულელური, საშიში წარმოდგენები. ამიტომ ახლა მაინც, ამდენი მკვლელობის მერე მაინც, დროა სიმართლე პირდაპირ დავინახოთ და ვიმოქმედოთ, მათ შორის მკაცრად სადაც საჭიროა. და მათ შორის, და განსაკუთრებით კაცებმა დროა ვთქვათ: “ეს აღარ მოხდება!”

5 thoughts on “ამ ქალების სიკვდილი ჩვენი ბრალია – კაცების, ჩემიც!

  1. “ეს აღარ მოხდება” _ ამის ხმამაღლა თქმისთვის მხოლოდ “კაცობა” არ კმარა და კიდევ, ამის მთქმელი კაცებიც აღარ არიან, მგონი…:(

  2. მთავარი პრობლემა არის მართლწესრიგის საშინელი დეფიციტი, რადგანაც იქ, სადაც კანონი მხოლოდ ფარატინა ქაღალდია და მის დასაცავად არავინ არაფერს არ აკეთებს და ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა არაა საშინელი სირცხვილი და დაუშვებელი რამ, ძნელია ვინმეს რიამე შეაგნებინო და შეცვალო მისი ძირძველი შეხედულებები, დამოკიდებულება და მენტალიტეტი. ეს კიდევ მრავალჯერ მოხდება სამწუხაროდ, მანამ სანამ ხალხს (ქალებსაც და კაცებსაც) არ გაუჩნდებათ ნდობა სამართალდამცავი ორგანოების მიმართ. მაშინ, როდესაც კანონის აღსრულება აღარ იქნება დამოკიდებული მთავრობის ცვლილებებზე და საპარლამენტო არჩევნებზე, როცა სასამართლო გადაწყვეტილება მისაღები იქნება ყველასთვის და ავტორიტეტული, შეიძლება ჩვენმა ჩამორჩენილმა აზროვნებამ პატარა ნაბიჯები გადადგას მომავლისკენ. მანამდე კი მოგვიწევს პოსტების წერა და სოციალურ ქსელებში აღშფოთების ამარა ყოფნა.

  3. სტატიაში “ოჯახის გაუქმება” მწერალი, ფილოსოფოსი და რედაქტორი ლარი ანდერსონო წერს რომ ამერიკა მიემართება პოტენციალური კატასტროფის უაღრესად სახიფათო გზით რასაც წარმოადგენს ოჯახის გაუქმება. ციტატა:
    America is headed down an extremely dangerous path to a potential catastrophe that is rarely discussed. It is the eradication of the family.

    ლარი ანდერსონი ადანაშაულებს ობამას ადმინისტრაციას ამ პროცესებითვის ხელშეწყობაში კერძოდ ასობით მილიარდი დოლარის ხარჯვაში ქალთა დასაქმებაში მაშინ როცა კაცების უმუშავრობა ბევრგან 50 და 70%-ს აჭარბებს. ამ პოლიტიკის შედეგად კაცი კარგავს თავის წამყვან ფუნქციას ოჯახში როგორც მარჩენალი და დამცველი და შორდება მას.

    სტატიაში მოყვანილია მარქსის, ენგელსის და ტროცკის ციტატები რომლის თანახმადაც ოჯახის გაუქმება არის მარქსიზმის ძირითადი პრიორიტეტი. ციტატა:
    The top priority of Marxism was the abolition of the family; Marx laid down the strategy for its destruction. His thesis was simple: Eliminate capital — exterminate the family.

    სტატია “ოჯახის გაუქმება” ამერიკელ მოაზროვნეში.
    http://www.americanthinker.com/2010/04/the_abolition_of_the_family.html

  4. სანამ არ შეიცვლება მენტალიტეტი (ამის შეცვლას კი განათლების სისტემის ძირფესვიანი შეცვლა სჭირდება), რომ კაცობა მხოლოდ და მხოლოდ მამრობითი სასქესო ორგანოს ქონაა, არაფერი არ შეიცვლება.

  5. გულუბრყვილობა და მიამიტობაა “ეს აღარ მოხდება” მანამ, სანამ ქართველი ბიჭი საკუთარ დედას აგინებს და ქართველი გოგონა გაკვეთილზე ჯდომისას ვითომ შეყვარებულს ემესიჯება, სანამ ბიჭს ღიპიანი მამიკოს ფულების იმედი აქვს და გოგონას წითელი მერსედესი და ღილაკებზე აწყობილი ცხოვრებაზე ფანტაზიორობა და რეალობა ერთმანეთში ერევა, სანამ მშობლების, როგორც მეწველი ძროხის, მიმართ “მომე”-ს უგვანო ჩვევა არ მოიშლება და, ბოლოსდაბოლოს, მანამ, სანამ არ დავფიქრდებით და უშიშრად არ გავცემთ საკუთარ თავს პასუხს კითხვაზე: ” ვინ ვარ(თ) მე (ჩვენ), ოღონდ მართლა ვინ ვარ(თ)”!

Leave a comment