ჩემს შესახებ/ab. me

ვარ რუსოს ქმარი და ელენეს და მატასის მამა. ასევე, გამოუსწორებელი მეძაღლე.

მიყვარს სპორტი (ყურება ნაკლებად), მთაში სიარული, წიგნების კითხვა, ჩემი საქმე და დილით ადრე გაღვიძება.

მჯერა: რომ საქართველო უნდა იყოს ლიბერალური, თავისუფალი, მდიდარი და ძლიერი; რომ სიღარიბე, რაც ჩვენს ქვეყანაშია არის არა ბედისწერა, არამედ ცუდი პოლიტიკის შედეგი; რომ ჩვენი ხალხი იმსახურებს უფრო დაცულ და მეტად ბედნიერ ცხოვრებას. და რომ ამ ყველაფრის გამოსწორება შეგვიძლია, თუკი გვეყოლება მეტი მოქალაქე და არა მხოლოდ მოსახლე. სწორედ ეს არის ჩემი საქმის დიდი ნაწილი.

კარგა ხნის წინ დავიბადე თბილისში, უზნაძის (მაშინდელ კამოს) ქუჩაზე. სკოლაში ვისწავლე იქვე, პირველი რკინიგზის (ახლა ცინცაძის სახელობის 150) სკოლაში. შემდეგ ვსწავლობდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობებს. მაგისტრატურაში სწავლა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ედმუნდ მასკის პროგრამის დახმარებით გავაგრძელე. ჯონს ჰოპკინისის პოლ ნიცეს სახელობის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლაში კონცენტრაცია სტრატეგიულ კვლევებზე მქონდა.

სხვა და სხვა დროს ვმუშაობდი ეუთოში, ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოში,” სამოქალაქო რეესტრის რეფორმის დახმარების საერთაშორისო პროექტსა და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. 2009 წლიდან მოყოლებული ვმუშაობ აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრში . ჩვენი ცენტრი დემოკრატიული პოლიტიკური ცვლილებებისთვის მუშაობს და ძირითადად პოლიტიკური პარტიებისა და დემოკრატიული მოძრაობების განვითარების, პოლიტიკური განათლებისა და პოლიტიკური დიალოგის პროგრამებს ვახორციელებთ.

საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, თავდაცვა, განათლება, თანასწორობა, ქალების უფლებები, დემოკრატიზაცია, პოლიტიკა და პოლიტიკური პარტიები. ეს ის საკითხებია, რომლებზე მუშაობაც მაინტერესებს და ამ საიტზეც სწორედ ამ თემებზე ვწერ ჩემს პირად მოსაზრებებს, შთაბეჭდილებებსა და პოზიციებს.