სოფლის მეურნეობა “გასაოცარი ეკონომიკის” საქართველოში

რა წარმოადგენს საქართველოს იდენტობის, ტრადიციის და ზოგადად, ქართველი ერის საფუძველს? რა და ქართული სოფელი. სოფელი, რომელმაც შემოგვინახა მამა-პაპისეული ნივთები, სახლები, გემოები, სუნები და მოგონებები; სოფელი, სადაც ჩვენი ისტორიულ  მეხსიერება და ტრადიციებია დაცული და სოფელი, რომელსაც შეუძლია გაჭირვებისას ქალაქებიც კი გადაარჩინოს, როგორც ეს 90-იანებში გააკეთა.

ძლიერი სოფლის მეურნეობის გარეშე შეუძლებელია ძლიერი სოფლების არსებობა. თუ არ იქნება ძლიერი სოფლები, მაშინ რაღა იქნება საქართველო? ის, რომ ზოგიერთი საბოლოოდ კორპუსის ბეტონის კონტეინერებში შესახლდება, ზოგი კი სულაც წავა აქედან.

მოდით ვნახოთ, რა მდგომარეობაშია ჩვენი სოფლის მეურნეობა:

საქსტატის 2022 წლის მონაცემებით, საქართველოში დასაქმებულთა რაოდენობა 1,551,000 ადამიანს შეადგენს. მათი უმეტესობა – 229,200 ადამიანი, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობაში მუშაობს. მაგრამ ამის მიუხედავად, სოფლის მეურნეობა ძალიან მცირე დოვლათს ქმნის. ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ჩვენი ეკონომიკის მაჩვენებლებია: სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში ისედაც ძალიან მცირე იყო, მაგრამ თუკი ის 2010 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 9,6% შეადგენდა, 2022 წელს ის საერთოდ, 7% მდე დაეცა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში შრომის პროდუქტიულობა იკლებს და ახლა იმაზე უფრო დაბალია, ვიდრე კოვიდ პანდემიამდე იყო. სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიის (2021-2027) დოკუმენტის მიხედვით კი, ეკონომიკის სხვა დარგებთან შედარებით, შრომის პროდუქტიულობა სოფლის მეურნეობაში ყველაზე დაბალია და საშუალოდ, სულ რაღაც 4,000 ლარს შეადგენს წელიწადში. ასევე, ძალიან დაბალია სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა ხელფასი – საქსტატის ბოლო მონაცემებით, ის 2022 წელს სულ რაღაც 1061 ლარს შეადგენდა.

სოფელი და სოფლის მეურნეობა უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ეკონომიკა და ციფრები. ამიტომაც უფრო მეტი მოფრთხილება და განვითარება სჭირდება მას. ამის მიუხედავად, რუსეთი ქვეყანა, რომელიც საქართველოს 20% ოკუპირებული აქვს, მთავარი სასოფლო სამეურნეო პარტნიორია საქართველოსთვის. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის ეკონომიკის პოლიტიკის დოკუმენტის მიხედვით რუსეთზე ჩვენი ექსპორტის 33% ხოლო იმპორტის 28% მოდის, მაშინ როდესაც ევროკავშირთან ჩვენი ექსპორტი 14% ხოლო იმპორტი 22%-ია.

უვარგისმა მმართველობამ გააქრო ის ცოდნაცა და უნარებიც, რაც მაღალ შრომის პროდუქტიულობას და შესაბამისად შეძლებული, მდიდარი სოფლის მეურნეების ფენის ჩამოყალიბებას სჭირდება. ამის გამოც არის, რომ ასეულობით ათასობით ქართველი ემიგრაციაში აღმოჩნდა.

ეს იმის გამო ხდება, რომ ხელისუფლებას ადამიანების ბედი კი არა, საკუთარი გამდიდრება აინტერესებს. ის ანგარიშვალდებული ჩვენთან კი არა, ვიღაცასთან არის და, რაც მთავარია, რეალური პრობლემების მოგვარება კი არა, რაღაც სულელური საფრთხობელებით უნდა შეგვაშინოს და ამით შეინარჩუნოს ხელისუფლება, რადგანაც პრობლემების მოგვარების არც სურვილი და არც მით უმეტეს, უნარი, მას არ გააჩნია.

Leave a comment