“ისლამური სახელმწიფოს” დემოკრატიის გაკვეთილები

როდესაც ვინმე მორიგი მგზნებარე პატრიოტი მინარეთს ჩამოხსნის ან მუსლიმთა საცხოვრებლის წინ ღორის თავს დაკიდებს, სახელმწიფომ ეფექტურად და ყველასათვის გასაგებად უნდა უპასუხოს. ქვეყანამ უნდა დაადასტუროს, რომ არ არსებობს უმრავლესობის უფლება უმცირესობაზე, არამედ არსებობს მხოლოდ ადამიანის უფლებები, რომელთა გარანტი სახელმწიფოა. ის რომ, მრავალრიცხოვანი უმრავლესობის ნების მიუხედავად, სახელმწიფომ ერთი შეხედვით უმნიშვნელო უმცირესობის ინტერესებიც უნდა დაიცვას, კარგი მმართველობის საფუძველია. პასუხი კი, ჩვენში მრავალჯერ დასმულ შეკითხვაზე, თუ რატომ უნდა გაითვალისწინოს უმცირესობის აზრი უმრავლესობამ “ისლამური სახელმწიფოს” წარმოშობასა და

"ამერიკის ხმის" ფოტო
“ამერიკის ხმის” ფოტო

მის გარშემო არსებულ დღევანდელ ვითარებაშიც შეიძლება ვიპოვოთ. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც შეგვიძლია სხვებისგან ვისწავლოთ.

დასაწყისისთვის, რამდენიმე ფაქტი თავად „ისლამური სახელმწიფოს“ შესახებ, რაც პრობლემის მასშტაბურობას გვიჩვენებს:

ძალაუფლება და რესურსები

დღეისათვის “ისლამური სახელმწიფო” სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე დაახლოებით საქართველოს ზომის ტერიტორიას აკონტროლებს, რომლის შემადგენლობაშიც რვა მილიონამდე ადამიანი შედის. ანუ, წარმოვიდგინოთ საქართველოს დღევანდელი ტერიტორია დაახლოებით გაორმაგებული მოსახლეობით. „ისლამური სახელმწიფოს“ განკარგულებაში თითქმის საქართველოს არმიის ოდენობის – დაახლოებით 31,000 მებრძოლია. ნიშანდობლივია, რომ აქედან დაახლოებით 15,000 მებრძოლი სხვა სახელმწიფოებიდანაა ჩასული, რაც ამ მოძრაობის და მისი იდეოლოგიის საერთაშორისო გავლენაზე მეტყველებს. წარმატებული სამხედრო ოპერაციების შედეგად ამ ორგანიზაციის ხელში დიდი რაოდენობით ეფექტური სამხედრო შეიარაღება აღმოჩნდა. “ისლამური სახელმწიფო” გამოირჩევა დაუნდობელი ტაქტიკით, რომელსაც ალ – ქაიდაც კი (!) ზედმეტად აგრესიულად მიიჩნევს და ამის გამო გაემიჯნა კიდეც მას.

ფული და პოლიტიკა

„ისლამური სახელმწიფო“ ეკონომიკურადაც ძლიერია, იგი აკონტროლებს ნავთობის საბადოებს და ყიდის მას შავ ბაზარზე. ნავთობის არალეგალური ვაჭრობით, დაპყრობითი ბრძოლებით, ტყვეთა გაყიდვით, ძარცვით, ადგილობრივ ბიზნესზე დაწესებული რეგულარული შემოსავლის 15-20% გადასახადით) ეს ორგანიზაცია ყოველდღიურად 2 მილიონ დოლარამდე შემოსავალს ნახულობს. ჯამურად, ამერიკის დაზვერვის მონაცემებით, მის განკარგულებაშია 2 მილიარდი დოლარის ფული და ქონება, რაც მას თანამედროვე ისტორიაში ყველაზე მდიდარ არასახელმწიფოებრივ შეიარაღებულ დაჯგუფებად აქცევს.

იდეები და კომუნიკაცია

„ისლამური სახელმწიფო,“ რელიგიურ შეუწყნარებლობაზე დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც ძალაუფლების, წესრიგის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური პრობლემების ფონზე ამოიზარდა. მისი აზრით, სიკვდილს იმსახურებს ყველა, ვინც “ჭეშმარიტებას” არ ემსახურება. ეს ეხება ყველას განურჩევლად ასაკისა, სქესისა და მათ შორის რელიგიური კუთვნილებისა – მუსლიმებიც კი, ვინც არ იზიარებენ მათ შეხედულებებს ისევე იმსახურებენ სიკვდილს, როგორც ყველა დანარჩენი. ამ რადიკალურ იდეებს დიდი „გასავალი“ აქვს ეკონომიკურად დაუძლურებულ თუ იმედგაცრუებულ, შურისძიების წყურვილით მოტივირებულ თუ მკვლელობისა და ძალადობის მანიაკალური სურვილით შეპყრობილ, პოლიტიკური თუ მორალური დეკადენსით თავმობეზრებულ ადამიანებს შორის, რომელთაგან ზოგი უსაფრთხოებას, ზოგი “სამართალს,” ზოგი შურისძიებას, ზოგი სისხლს, ზოგი კი ფულსა და ძალაუფლებას ეძებს. იდეები კი (ყველანაირი) ჩვენს დროში ადვილად ვრცელდება: „ისლამური სახელმწიფო“ გამოირჩევა ეფექტური კომუნიკაციის მეთოდებით და აქტიურად იყენებს სოციალურ მედიასა და ინტერნეტს: Facebook, Twitter, SoundCloud მისი რჩეული ინსტრუმენტებია.

რა დასკვნები შეიძლება გამოვიტანოთ ჩვენ (და სხვებმაც) იქიდან რაც ხდება ერაყსა და სირიაში? მე სამ გაკვეთილს გამოვარჩევდი, რომელიც მნიშვნელოვნად მიმაჩნია:

„ისლამური სახელმწიფო“ წარმოშვა ერთის მხრივ ერაყში არსებულმა პოლიტიკურმა დაქსაქსულობამ და სუნიტებისა თუ სხვა ჯგუფების მარგინალიზაციამ ერაყულ პოლიტიკასა და მთავრობაში. ეკონომიკურმა სიდუხჭირემ და უსაფრთხოების ვაკუუმმა კი ხელსაყრელი პირობები შექმნა რადიკალიზმის გაძლიერებისთვის. ბაშარ ალ ასადის მმართველობის წინააღმდეგ აჯანყებამ, რომელშიც „ისლამური სახელმწიფოც“ ჩაერთო, მას დამატებითი მომხრეების მოპოვების, ტერიტორიაზე კონტროლის განვრცობის, სამხედრო გამოცდილების ზრდის და იარაღის დაგროვების დიდი შესაძლებლობები მისცა. საბოლოო ჯამში, ასადის ავტორიტარიზმმა და ერაყის წარუმატებლობამ კარგი მმართველობის შექმნაში, შექმნა ძლიერი პირობები ახალი, რელიგიური ექსტრემისტული ანკლავისთვის. პირველი გაკვეთილი ჩვენთვის “ისლამური სახელმწიფოსგან” არის ის, რომ მმართველობისა და უსაფრთხოების ვაკუუმი შეუვსებელი არ რჩება. ყოველთვის გამორჩება “ისლამური” თუ რომელიმე სხვა ორგანიზაცია, რომელიც გაურკვევლობას, უსამართლობასა და ანარქიას ეფექტურად გამოიყენებს. დემოკრატია და კარგი მმართველობა გადამწყვეტია ნორმალური ქვეყნის შექმნაში. ამ საქმეში შეცდომები კი ინტერნეტის, გაზრდილი კომუნიკაციების რესურსებისა და მობილობის ეპოქაში უფრო ძვირი ჯდება ვიდრე ოდესმე.

ბაშარ ალ-ასადი არაფრად აგდებდა სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს, ერაყის მთავრობამ კი წლების განმავლობაში ვერ მოახერხა სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინტერესების ინტეგრაცია საერთო პოლიტიკურ სისტემაში. რაღაც დროს თითქოს ამის საჭიროება არც იყო, რადგანაც ასადის თუ ერაყის მთავრობაც თავს ძლიერ პოზიციაში გრძნობდა და სრულიად არ საჭიროებდა ვინმეს აზრის გათვალისწინებას, მით უმეტეს, სუნიტების, რადგანაც გადაწყვეტილებების განსახორციელებლად საჭირო ხმებიც ჰქონდათ და ძალაც. ახლა ერთიც და მეორეც კარგავს ძალაუფლებას, უამრავი უდანაშაულო ადამიანი იღუპება, ხოლო მსოფლიო ახალი და ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი რადიკალური ორგანიზაციის წინაშე დგას. უმცირესობებთან დაკავშირებით, საქართველოშიც ბევრი დისკუსიაა. ფაქტია, რომ რელიგიური თუ ეროვნული უმცირესობები არასათანადოდ არიან წარმოდგენილნი ქვეყნის საკანონმდებლო თუ პოლიტიკურ სისტემაში. უნდა ვიცოდეთ, რომ მნიშვნელოვანი მარტო ის კი არ არის, რომ დაიცვა უმცირესობების უფლებები ან არ დაარღვიო ისინი, არამედ ასევე რომ მნიშვნელოვანია მმართველობასა და პოლიტიკაში მხედველობაში მიიღო მათი ინტერესები, მაშინაც კი, როდესაც ამის ტექნიკური ან პოლიტიკური საჭიროება არ არსებობს. ერაყისა და სირიის მეორე გაკვეთილიც ისაა, რომ უმცირესობები ქვეყნის მართვასა და პოლიტიკის შექმნაში მაშინაც უნდა მონაწილეობდნენ, როდესაც შენ დიდი პოლიტიკური მხარდაჭერა გაქვს და ამის „საჭიროებას“ ვერ ხედავ.

„ზე-ღირებულებებსა“ თუ „ზე-მიზნებს“ ყველა ცივილიზაციასა და ნებისმიერ რელიგიაში შეუძლიათ საშიშ მდგომარეობამდე მიგვიყვანონ, თუკი ისინი ხელსაყრელ ნიადაგს იპოვიან გაუნათლებლობაში, განსხვავებულობის მიუღებლობაში, რელიგიურ შეუწყნარებლობასა თუ ეკონომიკურ სტაგნაციაში. საქართველო არასოდეს ყოფილა მონო-რელიგიური ან მონო-ეთნიკური ქვეყანა. სულაც პირიქით, ძლიერების წყაროს იგი ყოველთვის პოულობდა მრავალფეროვნებაში, კულტურათა შერწყმასა და თანაარსებობაში. ლიბერალური პოლიტიკა უმცირესობებთან მიმართებაში ყოველთვის ჩვენი ქვეყნის ძლიერების ფუნდამენტი და გარდაუვალი აუცილებლობა იყო. და ჩვენი გაკვეთილები თუ აღარ გვახსოვს, მაშინ ესეც მესამე გაკვეთილი სირია-ერაყიდან: როდესაც უმცირესობის ჩაგვრას და საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ცხოვრებიდან გარიყვას ახდენს უმრავლესობა, ეს უმცირესობა ჯერ მარგინალიზდება, შემდეგ კი რადიკალიზდება.

“ისლამური სახელმწიფო” დიდი და მკაფიო მაგალითია იმისა, თუ რა შეიძლება ამ გაკვეთილების უგულებელყოფას მოჰყვეს. კარგი მმართველობა მხოლოდ მაშინ არსებობს, როდესაც უმცირესობის აზრი გათვალისწინებულია იმის მიუხედავად თუ რამდენად ძლიერია უმრავლესობა. უმცირესობების არსებული მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში მიუღებელია, ხოლო საზოგადოების ფართო ფენებში გავრცელებული დისკრიმინაციული დამოკიდებულებები საშიში. ჩვენი სიმტკიცე მრავალეროვნულ, მრავალკულუტურულ და მრავალფეროვან საქართველოშია. ეს საქართველოს ისტორიული გზაა და მის წინააღმდეგ სიარული საკუთარი ისტორიის საუკეთესო ნაწილის წინააღმდეგობაა, რაც კარგს არაფერს მოუტანს არავის. ისინი, ვინც საწინააღმდეგოში გვარწმუნებენ, ცალკეული ინსტიტუტების კერძო ინტერესებით ხელმძღვანელობენ და არა სახელმწიფო ამოცანებით. საქართველოს პრობლემებს დრამატიზება არ სჭირდება – ისინი საკმაოდ ნათელია. არც ჩვენს სისუსტეებს სჭირდება “ისლამური სახელმწიფოს” 31 ათასიანი, ორ მილიარდიანი ბიუჯეტის, ბრძოლებში გამოცდილი არმიის შემოტევა. ამ ქვეყნის არევასა და დაშლას ბევრად ნაკლებიც ეყოფა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s