როგორ მოვაგვაროთ დიდი პრობლემები

ცოტა ხნის წინ ბათუმიდან თბილისამდე მომიწია მანქანით მგზავრობამ. გზაში სამი ტრაგედიის შემსწრე გავხდი: ვნახე მიკროავტობუსის მიერ გატანილი კაცი შუა გზაზე; დაჭმუჭნულ ქაღალდის ბურთს მიმსგავსებული ავტომანაქანა რიკოთის გზაზე. ბოლოს, თბილისის შემოსასვლელში ლამის შუაზე გადამტვრეული მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, რომელსაც უგონო მდგომარეობაში მყოფს მიაქანებდნენ სასწრაფო მანქანაში. სახლში მისვლისას ბედნიერი ვიყავი, რომ ჯანმრთელი დავბრუნდი ოჯახში. ვისაც საქართველოს გზებზე სიარული უწევს, ალბათ ყოველთვის ბედნიერია რომ საღ-სალამათმა ჩააღწია დანიშნულების ადგილას, მერე სახლშიც დაბრუნდა. საქართველოს გზებზე არ არსებობს მოგზაურობა, რომელშიც ერთხელ მაინც სახიფათო სიტუაცია არ შეგხვდება და არ გაიხარებ რომ გადარჩი. ეს არის ფათერაკებით სავსე თავგადასავალი, რომლის გამოვლაც გინდა თუ არ გინდა რეგულარულად, ყოველ წელს, ზაფხულში მაინც გიწევს.

გზებსა თუ გვირაბებში მოსეირნე თუ მწოლიარე (!) ძროხებსა და სხვადასხვა სახის შინაურ ცხოველებს, მაღალი სიჩქარით მოარულ მძღოლებს, მათ უკან მიდევნებულ პატრულს “დაუჩქარე, დაუჩქარეს” შეძახილებით (“შეანელე” შეძახილის ლოგიკა კიდევ მესმის, მაგრამ “დაუჩქარე” მართლაც დაუჯერებელი მოფიქრებაა), გზებზე ათი, თხუთმეტ საათიანი განუწყვეტელი მგზავრობით დაქანცული ავტობუსის თუ მიკრო ავტობუსის მძღოლებს, სისწრაფის პიკზე მოჯირითე მექორწილეებს, გაუნათებელ ტრასებსა და გაუმართავ, საშიშ მანქანებს ყოველ წელიწადს მრავალი ჩვენი თანამოქალაქის ძვირფასი სიცოცხლე მიაქვს. არის თუ არა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გაფრთხილება პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხი? რა თქმა უნდა! მოგისმენიათ დებატები პოლიტიკოსებს შორის იმაზე, თუ როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემები? რა თქმა უნდა არა. რაზე მოგვისმენია ბევრი პოლიტიკური დისკუსია? პრემიერი უნდა წავიდეს სამიტზე თუ პრეზიდენტი.

საქართველოში უამრავს ადამიანს კლავენ ქუჩაში თუ სახლში. მედია ყურადღებით უყურებს ამ ამბებს და ფართოდ აშუქებს. ოპოზიცია ამას ხელისუფლების უმოქმედობას აბრალებს, ხელისუფლება კრიმინალის აღწერის ახალი, გამჭვირვალე მეთოდოლოგიით ამაყობს და ჟურნალისტებს კრიმინალის მიმართ გაზრდილ ყურადღებას უწონებს. შედეგი? ის, რომ საერთოდ არ არის დიალოგი იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ასეთი დანაშაულების თავიდან აცილება: სასჯელის გამკაცრებით? ცივი იარაღის გაყიდვის ეფექტური აკრძალვით? ორივეთი ერთად? არც ერთი, არც მეორე და არც მესამე. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, თუ სად უნდა იდგეს ველოსიპედის ძეგლი.

თბილისში აუტანელი ხმაურია. ავტომანქანების განუწყვეტელი და უსარგებლო სიგნალები ამ ქალაქში ცხოვრებასა და დასვენებას შეუძლებელს ხდის. მოგისმენიათ ხმაურის შემცირების ღონისძიებებზე დისკუსია? რა თქმა უნდა არა. მე გეტყვის რას ვუსმენთ: დისკუსიას იმაზე, რატომ ავიწროვებენ ვიღაც ჩინოვნიკს, რომელიღაც ქალაქში, იმიტომ ხომ არა რომ იგი “სხვა კაცის” გუნდში “მოიაზრება?”

ჩვენს თავმომწონე ქალაქებში ადამიანებს ძაღლების და სხვა ცხოველების ექსკრემენტებით სავსე ქუჩებში სიარული უწევთ. ცენტრალური გამზირებიც კი სავსეა შინაური ცხოველებისა თუ ადამიანთა ფეკალიებით.  მშენებარე კორპუსების ნახევრად შიშველი, ყოველგვარ სამუშაო სპეც-ტანსაცმელს მოკლებული მუშები მოქალაქეთა სავალ ნაწილზე ამზადებენ სამშენებლო მასალებს, თლიან ქვებს და სახეში აყრიან ადამიანებს მის მტვერს და საკუთარ თავსაც იავადებენ. გინახავთ ერთმანეთთან მოკამათე აზრის ლიდერები იმ საკითხზე, თუ როგორ შეიძლება ხელი შეუწყო სამშენებლო სექტორის ზრდას და თან დაიცვა სისუფთავე და უსაფრთხოება? მე არა. მოგისმენიათ დისკუსიები ყოფილი პრეზიდენტის პალტოს თაობაზე? რა თქმა უნდა.

საქართველოს ქალაქები დაიპყრეს მანქანებზე ამხედრებულმა “ქართველმა ვაჟკაცებმა,” რომელთა დიდი სათამაშოები ბავშვების, მოხუცების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების, უბრალოდ ფეხით სიარულის მსურველთა სივრცეს სრულიად აქრობენ. თბილისის ტროტუარებზე შეუძლებელია ადამიანმა ნორმალურად გაიაროს. მოგისმენიათ მსჯელობა იმაზე, თუ როგორ გავხადოთ ეს ქალაქი ყველასთვის კომფორტული? არა. რაზე კამათობს დღეს ჩვენი პოლიკური კლასი? გადაშალეთ გაზეთები, ეწვიეთ ნებისმიერ ახალი ამბების საიტს და წაიკითხეთ.

ისეთი მნიშვნელოვანი თემები, რომლებიც ადამიანებს აინტერესებთ და აწუხებთ პოლიტიკურ დღის წესრიგში საერთოდ ვერ ხვდება. ჩვენი დებატები შიდა პოლიტიკურ საკითხებზე კრიმინალური ქრონიკაა და მეტი არაფერი: ვინ და როდის დაიბარა პროკურატურამ, რაზე და ვის წინააღმდეგ მიმდინარეობს გამოძიება. ვერაფერს იზამ, ესაა ჩვენი დღევანდელობის დღის წესრიგი. ჩვენც რაღა დაგვრჩენია, ტელევიზორს მიჩერებულები ნერვულად განვიხილავთ ამ თემებს.

სინამდვილეში კი თითქოს მარტივი საქმეები უნდა გავაკეთოთ: ავკრძალოთ ქუჩაში ცხოველთა მოსაქმება, გავწმინდოთ საავტომობილო გზები ძროხებისგან, ავკრძალოთ ქალაქებში საავტომობილო სიგნალები და ტროტუარებზე პარკირება. არც ერთი მათგანი ადვილი გასაკეთებელი არაა და რისკებსაც შეიცავს. მაგრამ ამის გაკეთება უფრო სწრაფად შეცვლის ჩვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ (და მათ შორის პოლიტიკოსების რეიტინგებს) ვიდრე იმაზე კამათი თუ რა ვუყოთ ხიდს. ხიდს არაფერი არ უნდა ვუყოთ, ხიდზე უნდა გავიაროთ. ქართულმა პოლიტიკამ ისეთ საკითხებზე უნდა დაიწყოს კამათი, რაც ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებას უკავშირდება. “ტეხავს” ძროხებზე კამათი პოლიტიკოსებს შორის? “ტეხავს.” და რა არ “ტეხავს?” ის, რომ დეპუტატები ხმის მიცემის აპარატებში ასანთის ღერებს ჭედავენ ხმებით მანიპულაციისთვის.

გაგეცინებათ, რა დროს გზებზე, ხმაურზე და ძაღლებზე ლაპარაკიაო, მაგრამ ეს ყველაფერი ადამიანების ცხოვრებასა და სიცოცხლეს უკავშირდება. და თუკი ასეთი პრობლემების მოგვარება არ დავიწყეთ და ვერ შევძელით სათითაოდ, თანმიმდევრულად, წყნარად, შრომით, მონდომებით და ჭკუით, არაფერი გამოგვივა, არასდროს. და ბოლოს მხოლოდ ღმერთის იმედი დაგვრჩება, ამ ქვეყანაზე კი ისევ ქურდები გაგვირჩევენ საქმეებს. ხოდა ამიტომ მგონია, რომ აი ასეთი ნიშნების არსებობა ქვეყანაში უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბევრი ის დისკუსია რასაც ვუყურებთ და ვისმენთ.Owners-Clean-Up-Sign-K-7128

ჩვენი პოლიტიკის პრობლემა არ არის მარტო თანამედროვე და პოზიტიური პოლიტიკური ხედვის დეფიციტი ან პოლიტიკური კულტურის ნაკლებობა. არც საქართველოს კონსტიტუციაა დიდი პრობლემა. მე თუ მკითხავთ, ჩვენ შეერთებულ შტატებზე უკეთესი კონსტიტუცია გვაქვს, ჩვენთან ის მაინც არ წერია, რომ ერთი ბატალიონის აღჭურვისთვის საჭირო იარაღის ქონა შენი უფლებაა. ქართული პოლიტიკის მთავარი პრობლემა მის რესურსებში კი არა, უფრო მის ინსტინქტებშია: იგი გატაცებულია “ზე-თემებით,” “სისტემებით” და შეპყრობილია როგორც ძალაუფლებით, ისე მისი დაკარგვის პანიკური შიშით. ამასობაში, მან გვერდზე დატოვა მთავარი: ადამიანი და მისი ყოველდღიურობა ჩვენს ქვეყანაში.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s