პოლიტიკა საქართველოს ირგვლივ

სანამ ქვეყანაში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის სახლს კვერცხებს უშენენ, საერთაშორისო გარემო კიდევ უფრო რთული და არახელსაყრელი ხდება. არსებულ პრობლემებთან ერთად (ეკონომიკური სირთულეები ევროპაში, რუსული ავტორიტარიზმის გავლენის გაძლიერება რეგიონში, ომი და ტერორიზმი ახლო აღმოსავლეთში, მომავალი ადგილობრივი არჩევნები უკრაინაში) ლტოლვილთა უპრეცედენტო მიგრაცია ევროპისკენ საქართველოსთვის კიდევ უფრო მძიმე საერთაშორისო გარემოს ქმნის.

დევნილთა მიმართ ევროკავშირის მასიურ დახმარებას სრულად აუფერულებს ევროკავშირის რამდენიმე წევრი სახელმწიფოს (განსაკუთრებით უნგრეთის) ქცევა. ტელევიზია ნაკლებად უჩვენებს ევროპის მუშაობას სირიელი ლტოლვილების მხარდასაჭერად და იშვიათად საუბრობს იმაზე, რომ ევროკავშირი ყველაზე მეტ – 3,9 მილიარდი ევროს მოცულობის ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს რეგიონს. ახალი ამბები უნგრეთის პოლიციის მიერ ლტოლვილების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზის გამოყენების შესახებ უფრო ადვილად ვრცელდება. ეს ყველაფერი ევროპული ფასეულობების დემონიზაციით დაკავებულ ხალხს, მთავრობებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს კომუნიკაციურ უპირატესობას ანიჭებს. Russia Today-სა და მის უმცროს ამხანაგებს საქართველოში ახალი მასალა დაუგროვდათ ანტი-დასავლური სპინისთვის. რა შედეგები შეიძლება ქონდეს ამ გაუარესებულ პოლიტიკურ, უსაფრთხოების და საინფორმაციო გარემოს?

სირიის კონფლიქტი უდიდესი ჰუმანიტარული კრიზისია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. რეგისტრირებულ ლტოლვილთა რაოდენობა 4 მილიონს აღემატება. ეს საქართველოს მოსახლეობაზე მეტია, რომელიც ახალ თავშესაფარს ეძებს. ასეთი ვითარება შეუძლებელია არ აისახოს იმაზე, თუ რას შეძლებს ევროკავშირი სხვა რეგიონებში და როგორ ფორმირდება მისი საგარეო პოლიტიკური სტრატეგია. ყოველივე ამას ნეგატიური გავლენა ექნება ჩვენი მცირე რეგიონის ვითარებაზე, მათ შორის შესაძლოა საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის პროცესზეც, რომელიც ასე მნიშვნელოვანია მისი განვითარებისთვის.

იმის მიუხედავად, რომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საქმე (პროგრესის შეფასება) ევროკომისიის და ტექნოკრატების ხელშია, დასკვნები საქართველოს პროგრესზე, ისევე როგორც საბოლოო გადაწყვეტილება, პოლიტიკური იქნება და შესაძლოა ადვილად მოექცეს იმ ახალი რეალობის გავლენის ქვეშ, რასაც ლტოლვილთა კრიზისი ქმნის. ეს გადაწყვეტილება არ იქნება ავტომატურად პოზიტიური, რადგან საბოლოო სიტყვა იმ პოლიტიკოსებმა უნდა თქვან, რომლებიც არსებულ გარემოზე, ამომრჩევლის სურვილებსა და მის განწყობებზე რეაგირებენ. სავიზო ლიბერალიზაციისთვის საჭიროა ევროკომისიის საკანონმდებლო რეკომენდაცია, რომლის საფუძველზე ევროპარლამენტმა და ევროპის საბჭომ ერთობლივად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება საბჭოს 574/1999 რეგულაციაში შესაბამისი ცვლილების შესატანად. ადვილი არაა სავიზო რეჟიმი გაამარტივო სიღარიბისა და უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლების ქვეყანასთან იმ ფონზე, როდესაც 2015 წლის აგვისტოს მონაცემებით, ევროკავშირში თავშესაფარს 428,000 სირიელზე მეტი ითხოვს. გარდა ამ საკითხისა, არსებობს რისკი, რომ უფრო ნაკლები რესურსები (არა მხოლოდ ფინანსური) იქნება ხელმისაწვდომი, რადგანაც სხვა, უფრო დიდი და სასწრაფო პრობლემები ჩნდება. ლტოლვილთა მხარდაჭერა და ახლო აღმოსავლეთი, ისევე როგორც უკრაინა პრიორიტეტული იქნება. ჯერ კიდევ ბევრი შრომა მოგვიწევს იმისთვის, რომ განახლებულ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკაში პრიორიტეტული ადგილი დავიკავოთ უკრაინასა და მოლდოვასთან, ანუ სხვა ასოცირებულ ქვეყნებთან ერთად.

თუკი არსებული არასახარბიელო საერთაშორისო გარემო შენარჩუნდა, რისი ალბათობაც მაღალია, ხოლო 2015 წელს უვიზო რეჟიმის მოპოვების გეგმა ჩავარდა, რეაქციონერ-რადიკალური პოლიტიკური ძალები მორალურ უპირატესობას მიიღებენ 2016 წლის არჩევნებისთვის და მეტად დამაჯერებლად ისაუბრებენ დასავლეთის მიერ საქართველოს „მიტოვებაზე.“ არ მინდა ალარმისტი ვიყო, მაგრამ უმჯობესია მეტი და სწორი შრომით თავი დავიზღვიოთ – ამისთვის ცოტა დრო და სივრცე ჯერ კიდევ რჩება.

რისკების არსებობა მათ აუცილებელ და სრულ მატერიალიზაციას არ ნიშნავს, თუმცა არც შესაძლებლობები განხორციელდება თავისით. საქართველოს დევნილთა კრიზისის ფონზეც შეუძლია მომგებიანი ნაბიჯების გადადგმა და მის შემსუბუქებაში სიმბოლური, თუმცა ძალზედ ღირებული წვლილის შეტანა. მაგალითად, რამდენიმე ათეული ოჯახის განსახლება მნიშვნელოვანი დიპლომატიური (და ჰუმანური) ნაბიჯი იქნებოდა, რაც გაამყარებდა ქვეყნის დიპლომატიურ პოზიციებს. კიდევ უფრო პოლიტიკურად რომ ვთქვათ, მოგვცემდა შანსს კრიზისი ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ.

ამ ფონზე ჩვენ პროაქტიური და მაღალპროფესიონალური დიპლომატია გვჭირდება ევროპულ ქვეყნებსა და ბრიუსელში, ისევე როგორც ვაშინგტონში. ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს საგარეო სამინისტროს და მის საელჩოებს. იმ პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებიც ევროპულ ოჯახებში არიან გაწევრიანებული ბევრად მეტი უნდა გააკეთონ ევროპასთან პოზიტიური პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნასა და განვითარებაში, ვიდრე ისინი ახლა აკეთებენ. ორმხრივი კავშირების გაძლიერება ევროპულ პარტიებთან, უკეთ გაცნობიერება იმის, თუ რა განწყობებია ამა თუ იმ პოლიტიკურ ჯგუფებში სხვადასხვა ქვეყნებში, მათთან მუდმივი და ეფექტური კომუნიკაცია მაღალ დონეზე, ევროპარლამენტსა და სხვა ევროპულ ინსტიტუტებში საქართველოს თემის პოზიტიური აქტუალიზაცია, იმ შიდა-პოლიტიკური დაძაბულობის მოხსნა, რამაც შესაძლოა საერთაშორისო ურთიერთობებში პრობლემები შექმნას, არის ის მნიშვნელოვანი ამოცანები, რაზეც საქართველოს პოლიტიკოსებმა უფრო აქტიურად უნდა იმუშაონ.

ზოგი ქვეყანა უკეთ ხედავს არსებულ რთულ პრობლემებს საგარეო პოლიტიკაში, ზოგი ნაკლებად. ამის კარგი მაგალითი ამ ქვეყნების ევროპარლამენტთან კავშირებია. უკრაინის პრეზიდენტის ერთ-ერთი მრჩეველი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მოქმედი თავმჯდომარე გერმანელი პოლიტიკოსი ელმარ ბროკია. საქართველო (და ბელორუსი) კი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ის გამონაკლისია სახელმწიფოა, რომელსაც ევროპარლამენტში მეგობართა ჯგუფიც კი არ ჰყავს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s