ვინ იცის, რას ნიშნავს Yankee?

წყარო: ტელეკომპანია დია

9 მაისს გორში ბევრი წითელი დროშა ფრიალებდა. თავი არ უნდა მოვიტყუოთ, თითქოს ეს მოხუცი, წარმავალი თაობის მცირე ნაწილის უწყინარი მსვლელობა იყო. გორის გამოსვლა რომ მხოლოდ მოხუცი ომის ვეტერნების მობილიზებული არ იყო, მისი ორგანიზების ხარისხითაც ჩანდა. ვინც ამაში არ მეთანხმებით, მაჩვენეთ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, რომელმაც იცის რას ნიშნავს „Yankee.“

ეს წითელი მსვლელობა და ბოლო დროს გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევები ერთი და იმავეზე მიგვითითებს. კვლევებში ჩანს პოლიტიკური აპათია და მზარდი სკეპტიციზმი პოლიტიკური პროცესების და დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ (მაგალითად ნდობის დაბალი ხარისხი საქართველოს პარლამენტის მიმართ, NDI, 2015 აპრილი). 9 მაისის მსვლელობა, მისდამი მხარდაჭერა და დემოკრატების დუმილი ამ მზარდი სკეპტიციზმის გამოვლინებაა. იმისათვის, რომ ქვეყანას დაუბრუნდეს ოპტიმიზმი და შესუსტდეს ანტი-დემოკრატიული ძალების ხმა, საჭიროა განვითარების ახალი დინამიკა და ოპტიმიზმის დაბრუნება პოლიტიკაში. ქვეყანას ახალი სოციალური კონტრაქტი სჭირდება.

თანამედროვე მსოფლიოში განვითარებას სამი ქვაკუთხედი აქვს: განათლების მაღალი ხარისხი, მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურა და კანონის უზენაესობა და უსაფრთხოება. იმისთვის, რომ სწრაფ პროგრესს მივაღწიოთ, აუცილებელი იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებები და მკვეთრი, მიზანმიმართული რეფორმების გატარება ამ სამივე სფეროში.

სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ იზრუნოს განათლების ხარისხის სწრაფად ამაღლებაზე. როგორც ერთ-ერთ წინა ბლოგში ვწერდი, საქართველოს არათუ არ შეუძლია 72 უმაღლესი სასწავლებელი ჰქონდეს. არამედ მას, ჩემი აზრით, საშუალო მსოფლიო სტანდარტის 72 პროფესორიც კი არ ჰყავს. რომ ჰყავდეს კიდეც, ეს მხოლოდ ერთი კარგი უნივერსიტეტისთვის თუ იქნებოდა საკმარისი. სწავლების ხარისხის ამაღლების განხორციელებას მნიშვნელოვანი დანახარჯები დასჭირდება და პოლიტიკურად არაპოპულარული ნაბიჯი იქნება, რადგან ისინი, ვინც ახალ მოთხოვნებს ვერ უპასუხებენ უსაქმოდ დარჩებიან.

ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება მხოლოდ გზებისა და ხიდების შეკეთებას არ გულისხმობს. ეს ნიშნავს საქმის კეთების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას – იმისთვის რომ განვითარების შანსი შევინარჩუნოთ, კერძო და საჯარო სექტორში უმაღლესი კლასის ადამიანური რესურსები და ტექნიკური ინფრასტრუქტურა გვჭირდება. პატარა ქვეყნები და ბაზრები მხოლოდ მაშინ არის მიმზიდველი, როდესაც ის გაცილებით მაღალი დონისაა, ვიდრე დიდი ბაზარი.

კანონის უზენაესობისა და უსაფრთხოების მხრივ რთული პრობლემებია. ერთი მხრივ, ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს თავდაცვის უნარიანობა, მეტი ფული ჩადოს თავდაცვით შეიარაღებაში და განამტკიცოს თავდაცვითი ურთიერთობები მოკავშირეებთან. მეორე მხრივ, ქვეყანას სჭირდება შიდა საფრთხეებთან გამკლავება, ოღონდ ისე, რომ არ შეარყიოს კანონის უზენაესობის პრინციპი. საქართველოში მომძლავრებულ ანტი-დასავლურ და შესაბამისად, ანტი-დემოკრატიულ პროპაგანდასთან გამკლავებას მეტი დემოკრატიული ძალისხმევა სჭირდება.

მნიშვნელოვანი რეფორმები ნიშნავს მტკივნეული და რთული გადაწყვეტილებების მიღებას და მათ ეფექტურ და სწრაფ განხორციელებას. ამისათვის საჭიროა მტკიცე პოლიტიკური ნება და კომპეტენტური მთავრობა, რომელსაც საერთო ხედვა გააჩნია ამ საკითხების გარშემო და თავის მოქმედებებში განმტკიცებულია ფართო პოლიტიკური მხარდაჭერით. როდესაც მთავრობა განსაზღვრავს პრიორიტეტებს, მას უწევს იმ მდგომარეობასთან ადაპტაცია, რომ რაღაც ეტაპზე იქნებიან „წაგებულები“ და „მოგებულები.“ სხვა სიტყვებით, მადლიერი და უკმაყოფილო ამომრჩევლები, რადგანაც ფული ისეთ საქმეებზე უნდა დაიხარჯოს, რომელიც დღეს არ მოიტანს შედეგს, ყველას ვერ გაახარებს და ბევრს გააბრაზებს.

და აი, მივედით იმ რეიტინგებთან, რაზეც ამ ბოლო დროს ბევრს საუბრობენ. ამ კვლევების მიხედვით, ვერც ერთი პარტია (და წინასაარჩევნო კოალიცია) ვერ აგროვებს სათანადო მხარდაჭერას მთავრობის დასაკომპლექტებლად. რა თქმა უნდა, ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს მომავალ არჩევნებამდე, ხოლო წინასაარჩევნო კამპანია პარტიებს უკეთ პოზიცირების შესაძლებლობას მისცემს. მაგრამ მთავარი პრობლემა, რაც ასეთი სცენარის რეალურად განხორციელებისას იქმნება არის ის, რომ ასეთ პირობებში შეუძლებელი იქნება პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა და სწორი, მაგრამ მტკივნეული არჩევანების გაკეთება. პირობითად ისეთებისა, როგორებიც იქნებოდა პედაგოგთა და უნივერსიტეტთა გადამზადება და მათი მკაცრი აკრედიტაცია უფასო წიგნების დარიგების ნაცვლად; ახალი საფრენი ბილიკებისა და სწრაფი სარკინიგზო კავშირების მშენებლობა სასოფლო-სამეურნეო სუბსიდიების მაგივრად; ქართული ჯარის უკეთ აღჭურვა ყველაზე მდიდარი მოქალაქეების მეტად დაბეგვრის ხაჯზე.

ის მყიფე კოალიციები კი, რომლებიც ამ მოცემულებით ჩამოყალიბდება 2016 წლის პარლამენტში, იძულებულნი იქნებიან მაქსიმალურად აირიდონ თავიდან მსგავსი გადაწყვეტილებებით გამოწვეული გართულებები, რადგანაც მათ მნიშვნელოვანი უკმაყოფილება მოჰყვება. შესაბამისად, მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რომელთა ამოცანა მეტწილად სამთავრობო კოალიციების პოლიტიკური სიცოცხლის გახანგრძლივებაა და არა მნიშვნელოვანი პროგრესის ინიცირება. მსგავსი გადაწყვეტილებები თითქოს არავის გაანაწყენებს, მაგრამ რეალური საქმე გაუკეთებელი დარჩება. შედეგად, იმძლავრებს სტაგნაცია, იმატებს კვალიფიციური მუშახელის და პერსპექტიული ახალგაზრდების ემიგრაცია და ის დიდი პოლიტიკური სკეპტიციზმი, რასაც კვლევებში ვხედავთ, მოიტანს კიდევ უფრო დიდ იმედგაცრუებას დემოკრატიული წესრიგის მიმართ ვიდრე დღეს. ამ ყველაფრის შედეგად საზოგადოებრივი აზრი მომწიფდება რუსულ ორბიტაზე ინტეგრაციისთვის, რაც რეალურად ქვეყნის ცივილური განვითარების პერსპექტივისა და სახელმწიფოებრიობის რეალური დაკარგვის ტოლფასი გახდება.

გამოსავალი ამ რთული მდგომარეობიდან დემოკრატიული საზოგადოებრივი ძალების კონსოლიდაცია, დემოკრატიული პოლიტიკური პარტიების მიერ საკუთარი ხედვებისა და მიდგომების პრინციპულად (და სწრაფად) გადაფასება, ხოლო მთავრობის მხრიდან პრინციპულად ახლებური პოლიტიკის შეთავაზებაა.ნებისმიერ სამთავრობო პროგრამასა თუ სამომავლო კოალიციაში აუცილებელი იქნება განვითარებაზე ორიენტირებული დღის წესრიგის არსებობა, კოალიციური შეთანხმება დემოკრატიულ პარტიებს შორის, რომელიც იქნება პრო-დემოკრატიული, ბრიუსელზე და არა მოსკოვზე ორიენტირებული და მიმართული ეკონომიკური პროგრესის მისაღწევად, თუნდაც არაპოპულარული რეფორმების ფასად. არ ვიცი რამდენად რეალურია ამის მიღწევა და შენარჩუნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში წარსულის რევანში გარდაუვალია. წარსული კი არც ისე შორსაა და იმაზე მეტი მძევალი ჰყავს, ვიდრე ყველას გვეგონა.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s