რატომ ვარ კვოტების წინააღმდეგი

ამჟამად ცხარე დისკუსია მიმდინარეობს პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობის ზრდის საკითხებზე. ორგანიზაცია, რომელშიც ვმუშაობ ხელს უწყობს ქალთა მონაწილეობის ზრდას პოლიტიკაში, იქნება ეს ეროვნულ, ადგილობრივ თუ პოლიტიკური პარტიების დონეზე. კვოტებთან დაკავშირებით, ჩვენ ოფიციალური პოზიცია არ გვაქვს. მე პირადად, მხარს ვუჭერ თანასწორობის კვოტებს პარლამენტში, თვითმმართველობებსა თუ თავად პარტიებში და წინააღმდეგი ვარ იმ კვოტების, რომლებიც აქვთ კაცებს. აი ამის სამი მაგალითი:

საქართველოში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ხელფასი დაახლოებით 50%-ით დაბალია, ვიდრე კაცების. ერთ-ერთი ბოლო კვლევით (IBR) ქალების მხოლოდ 12.8%-ია მენეჯერულ პოზიციებზე ბიზნესში. მემკვიდრეობა, ტრადიციულად ბიჭებს ერგებათ ხოლმე, რადგანაც ქალები ქმრებს უნდა დარჩეთ და სწორედ ისინი მოაგვარებენ მათსავე საკითხებს. ეს პრობლემა ყველგან დგას, მაგრამ განსაკუთრებით მწვავედ ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, რაც ჩვენი მოქალაქეების საკმაოდ დიდი რაოდენობაა. ასეთი ტრადიცია კაცებს ხელოვნურ ეკონომიკურ უპირატესობას უქმნის, აძლევს რა მათ უპირატეს კვოტას ეკონომიკურ კეთილდღეობასა და ფინანსურ უზრუნველყოფაზე. აი რატომ ვარ ამ კვოტის წინააღმდეგი.

საქართველოში, მხოლოდ 2011-2012 წლებში მეშვიდე-მეცხრე კლასებში სწავლა 7 367-მა გოგონამ შეწყვიტა. დიდწილად, ამის მიზეზი ნაადრევი ქორწინებებია. საქართველოს აღმოსავლეთ ევროპაში მოზარდთა ორსულობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. ასე, ნაადრევად დაოჯახებულ გოგოებს, თუკი ძალიან არ გაუმართლათ ქმრებში, სამუდამოდ აქვთ დაკარგული ცოდნის, პროფესიული უნარებისა და განვითარების შესაძლებლობა. კაცებს შესაბამისად, აქვთ ხელოვნური უპირატესობა მეტი განათლების მისაღებად, პროფესიული ზრდისთვის და საქმიანი კავშირების შექმნა-განვითარებისთვის. მათ აქვთ კვოტა პროფესიულ წარმატებაზე და მე ამ კვოტის წინააღმდეგი ვარ.

გასულ წელს NIMD-მა „თანასწორობისა და დემოკრატიის“ ფორუმი გამართა, სადაც თიკო ცომაიას ძალიან საინტერესო და ამასთან, ტრაგიკული მონაცემებით სავსე გამოსვლა ჰქონდა შერჩევითი აბორტების თემაზე. მისი ანალიზის მიხედვით, საქართველოში სქესთა შორის ნაპრალი ბუნებრივზე გაცილებით დიდია, რაც სელექციური აბორტებით აიხსნება – როდესაც გოგოებს იმის გამო იცილებენ, რომ ისინი გოგოები არიან. გამოდის რომ, კაცებს ჯერ კიდევ დაბადებამდე აქვთ ხელოვნური კვოტა, კვოტა ყველაზე ძვირფასსა და უზენაესზე – კვოტა სიცოცხლეზე. აი რატომ ვარ, ყველაზე მეტად, ამ კვოტის წინააღმდეგი.

ამიტომაც, არ ვუჭერ მხარს არსებულ კვოტებს, რომელიც აქვთ კაცებს და არ ვემხრობი იმ უთანასწორობას, რომელიც გაგრძელდება და გაძლიერდება, თუკი არ დავაბალანსებთ იმ უსამართლო უპირატესობას რასაც ეს კვოტები კაცებს ანიჭებს. ამ უღიარებელი კვოტების შედეგია ქალების წინაშე აღმართული, ბევრისთვის (მათ შორის ქალებისთვისაც) ჯერ კიდევ შეუმჩნეველი ბარიერები და კაცების დაუმსახურებელი უპირატესობები ბიზნესსა თუ პოლიტიკაში. ამიტომაც არის საჭირო გენდერული კვოტები პარლამენტსა და პოლიტიკაში, რომ დააბალანსოს და ნაწილობრივ გამოასწოროს ის უთანასწორო მდგომარეობა, რომელიც იქმნება კაცებისთვის ტრადიციად ქცეული კვოტების მოქმედების შედეგად. ეს კვოტები იმდენად გამჯდარია ჩვეულებრივ ყოფაში, რომ მათ ხშირად ვეღარც კი ვხედავთ და ბევრს ეროვნული იდენტობის განუყოფელ ნაწილადაც წარმოუდგენია.

ირონია იმაშია, რომ ჩემი დაკვირვებით, ქალ პოლიტიკოსთა უმრავლესობა, რომელთაც თავად გამოუცდიათ ის სირთულეები, რაც პოლიტიკაში ქალის მონაწილეობას ახლავს, მხარს უჭერს ასეთ ზომებს მაშინ, როდესაც კაცები ამას ქალის ინტერესების დაცვის ლოზუნგით ეწინააღმდეგებიან და ამბობენ რომ ხელოვნური მეთოდები ქალთა ღირსებას ამცირებს. კიდევ არა უშავს, ეს რომ უხეირო ხუმრობა იყოს, მაგრამ სამწუხაროდ ასე არაა. კარგი იქნებოდა, რომ ისინი, ვინც ასეთი არგუმენტებით ეწინააღმდეგებიან კვოტებს ქალებისთვის, კაცებისთვის მიკუთვნებულ კვოტებსაც ხედავდნენ და იმ პრობლემებსაც, რომელთაც ეს კვოტები წარმოშობს.

ყველაზე გავრცელებული (და ყველაზე სუსტი) არგუმენტი გენდერული კვოტების წინააღმდეგ ისაა, რომ ხელოვნური ზომები დამამცირებელი და თავისთავად ცუდია. ასე ხომ თვით სახელმწიფოც უნდა „გავაუქმოთ,“ რადგანაც მისი არსი სწორედაც ადამიანთა ბუნებრივი ქცევის ხელოვნური მეთოდებით შეზღუდვა და გააკონტროლებაა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რაც ხდება, როდესაც ეს ხელოვნურობა იკლებს და ბუნებრივობა კი იმატებს.

სქესთა შორის თანაფარდობის დაცვის მოთხოვნა აიძულებს პოლიტიკურ პარტიებს მეტი იმუშაონ იმ უამრავი სტერეოტიპის, მავნე ტრადიციისა თუ პრაქტიკის მოსაშლელად, რომელთაგან სამიც ზემოთ მოვნიშნე. თანასწორობის უზრუნველმყოფი კვოტები მათ უბიძგებს გადაჭრან ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა მაგალითად თანასწორი ხელმისაწვდომობა განათლებასა და პროფესიულ შესაძლებლობებზე, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და ნაადრევი ქორწინებების აღმოფხვრა. ამიტომაც ეს საკითხი უნდა განვიხილოთ არა მხოლოდ გენდერული, არამედ ფართო სოციალურ-ეკონომიკური პერსპექტივითაც. თანასწორობის კვოტები ეფექტური მექანიზმია, აიძულო პოლიტიკური ორგანიზაციები იმ პრობლემებს შეეჭიდონ, რომლებიც საზოგადოებას აწუხებს და უპირველეს ყოვლისა მათი გადასაჭრელია. ისინი ასევე მიმართულია იმ სირთულეების და არასაჭირო, ზედმეტი ხარჯების კომპენსაციისთვის, რაც ქალებს პოლიტიკაში ხვდებათ, კაცებს კი არა.

სამართლიანი პოლიტიკური მონაწილეობის მიღწევის ორი მთავარი გზაა: აღარ უნდა არსებობდეს ის ხელოვნური უპირატესობები (იგივე კვოტები), რომლითაც კაცები სარგებლობენ (მათ შორის ისინი, რომლებზეც ზემოთ ვსაუბრობთ) და ქალებს უნდა მივცეთ მეტი შანსები, რათა შევამციროთ უთანასწორობა. პირველი ჯობია, მაგრამ მეტად რთულია და შედეგები ძალიან გვიან მოდის. გაეროს მიხედვით, არსებული ტემპებით და განსაკუთრებული ზომების გარეშე მსოფლიო გენდერული თანასწორობის ზონას მხოლოდ 40 წელიწადში მიუახლოვდება. თანასწორობის კვოტები დროებითი ზომებია, სწრაფად მოქმედებს, უფრო პრაქტიკულია და მეტად შესაძლებელია მათი სწრაფი განხორციელება. ამ უკანასკნელის გამოყენება საშუალებას გვაძლევს უფრო სწრაფად მივიდეთ კაცებსა და ქალებს შორის უთანასწორობის ჯერ მნიშვნელოვან შემცირებამდე, შემდეგ კი აღმოფხვრამდე. ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანას განვითარება ძალიან ეჩქარება და 40 წელი ძალიან ბევრია.

ასე რომ, მოდით კვოტებზე დისკუსიისას დავინახოთ ის კვოტებიც, რომლებიც კაცებს პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს და არ შევეგუოთ უსამართლობას. მაშინ გასაგები იქნება პოლიტიკური მოქმედების რომელი გზა უნდა ავირჩიოთ, მით უმეტეს, თუკი პოლიტიკა მართლაც შესაძლებლის ხელოვნებაა და არა უტოპიური მსჯელობა ბუნებრივი ევოლუციით პოლიტიკური საკითხების გადაჭრაზე.

One thought on “რატომ ვარ კვოტების წინააღმდეგი

  1. გმადლობთ! ყოველთვის მჯეროდა რომ მოაზროვნე კაცები მხარს გვიჭერენ ფემინისტებს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s