როგორ გადავარჩინოთ ლარი (და დემოკრატია)

მე ვიცი ჯადოსნური სიტყვა, რომელიც შეაჩერებს ლარის დაცემას და მოგვცემს სწრაფ ეკონომიკურ ზრდას – ეს სიტყვა არის ამბიცია.

ორი რამ უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე ვფიქრობთ: ის, რომ საქართველოს არ აქვს მსოფლიო ეკონომიკაზე გავლენა და რომ გლობალიზაცია დიდ შესაძლებლობებს გვთავაზობს.

ისევე როგორც პოლიტიკაში, ეკონომიკაშიც მოქმედებს შემდეგი პრინციპი: „რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს.” მაგალითისთვის: შეერთებულ შტატებს, ჩინეთსა და ევროკავშირს, როგორც მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკებს შეუძლიათ დააწესონ სხვადასხვაგვარი საბაჟო, სატარიფო, მარეგულირებელი, საქმის წარმოების თუ სხვა ტიპის ბარიერები, მაგრამ მათი მასშტაბები იმდენად დიდ მოგებას ჰპირდება ინვესტორებს, რომ ისინი მუდამ მზად იქნებიან გაიღონ ხარჯები ამ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. საქართველო კი, რომელიც მსოფლიო ეკონომიკის უმნიშვნელო ფაქტორია, მსგავსი პოლიტიკით მხოლოდ იზარალებს. final_jpg

ზედმეტი შეზღუდვები საკუთრებაზე, მუშახელისა და ინვესტორების მიგრაციასა თუ ბიზნესის კეთების შესაძლებლობებზე მხოლოდ იმას გამოიწვევს, რომ კაპიტალი უბრალოდ წავა სხვაგან, რადგანაც საქართველოს ბაზარი უმნიშვნელოა. ერთადერთი სწორი გზა განავითარო ქვეყნის ეკონომიკა ისაა, რომ ქვეყანაში ინვესტირება და ბიზნესის კეთება (დაწყებული საზღვრის გადაკვეთით, დამთავრებული კანონის უზენაესობით) იყოს უფრო ადვილი და კომფორტული ვიდრე სხვაგან, ხოლო პოლიტიკური კლიმატი ინვესტორების მიმართ კეთილგანწყობილი..

გლობალიზაცია გამოიხატება საზღვრების „გამჭვირვალობაში,“ კაპიტალისა და ადამიანთა გადაადგილების ბარიერების მოშლაში, ბიზნესის, ცოდნისა და ინოვაციის ინტერნაციონალიზაციაში. გლობალიზაციას უკავშირდება ისეთი სწრაფი და შთამბეჭდავი ეკონომიკური წარმატებები, როგორებიცაა სამხრეთ კორეა (დამანგრეველი კორეის ომის შემდეგ), იაპონია (მეორე მსოფლიო ომში პრაქტიკულად სრული განადგურების შემდეგ), სინგაპური (ბრიტანეთისა და იაპონიის დომინანტობის, ომის შემდეგ), ინდოეთი (დეკოლონიზაციისა და მისი ორად გაყოფის შემდეგ) და ასევე, თანამედროვე ლათინური ამერიკის ქვეყნები, მაგალითად ჩილე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ევროკავშირი და მათ შორის გერმანია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ყველა ამ ქვეყნის განვითარების განმაპირობებელი საერთაშორისო ფაქტორი იყო გლობალიზაცია, შიდა წინაპირობა კი კარგი მმართველობა.

რამ განაპირობა ამდენად განსხვავებული კულტურების, გეოგრაფიისა და ეკონომიკური ფაქტორების მქონე ქვეყნების მძიმე ვითარებიდან სწრაფი გამოსვლა და შთამბეჭდავი ეკონომიკური ზრდა?  უპირველეს ყოვლისა, ამ ქვეყნებმა გააძლიერეს საკუთარი სკოლები და უნივერსიტეტები და რამდენიმე წელიწადში განათლებული და კონკურენტუნარიანი ადამიანური რესურსი შექმნეს. ამასთან, ეს ინგლისურის, როგორც ინოვაციის, მეცნიერებისა და გლობალიზაციის საერთაშორისო ენის მასობრივი ათვისების საფუძველზე ხდებოდა.

ამ სახელმწიფოებმა დახარჯეს ბევრი ფული ინფრასტრუქტურის განვითარებაში და მსოფლიო კაპიტალს პირველი კლასის აეროპორტები, ავტობანები, მატარებლები და ავიახაზები დაახვედრეს – ესეც სულ რამდენიმე წელიწადში; მათ გაუძლეს გლობალიზებულ ეკონომიკაში მოხვედრის პირველ მნიშვნელოვან პოლიტიკურ დარტყმებს და კიდევ უფრო მეტად გაიხსნენ, ნაცვლად იმისა, რომ შეკეტილიყვნენ სხვადასხვა ტიპის ბარიერების მიღმა და ამით გადაერჩინათ ამა თუ იმ მთავრობის დროებითი პოპულარობა. მხოლოდ ამ ეტაპის გავლის შემდეგ მოახერხეს მათ ცოდნასა და ინოვაციაზე დაფუძნებული მოწინავე ეკონომიკების შექმნა. გლობალიზაცია ნებისმიერ ქვეყანას აძლევს ასეთი შთამბეჭდავი წარმატების მიღწევის შესაძლებლობას. დღეს კაპიტალის შექმნა კი უფრო ადვილია ვიდრე ოდესმე, მაღალია მისი მოძრაობის ტემპი და ადვილია ცოდნისა და ინფორმაციის მიღება.

მსოფლიოს ისტორიაში რთულია მოვიძიოთ მცირე სახელმწიფო, რომელსაც მაღალი განვითარებისთვის უმაღლესი კლასის განათლების, პირველი ხარისხის ინფრასტრუქტურის და სათანადო დე-რეგულაციის გარეშე მიეღწიოს. ქვეყნები, რომელთა ბაზარიც არ არის მსოფლიო მნიშვნელობის უნდა იყვნენ მუდმივი რეფორმატორები, სადაც ბიზნესის, მეწარმეობისა და ინოვაციისთვის მუდმივად ახალი და საინტერესო შესაძლებლობებია. ბევრი ქვეყანა, მაგალითად თანამედროვე ჩილე, არა მხოლოდ ცდილობს ინვესტორების მოზიდვას, არამედ მათ „საცდელ პერიოდში“ უფასო ოფისებს და სახელმწიფო დაფინანსებასაც კი აძლევს. მსგავსი „ბიზნეს აქსელერატორები“ ეფუძნება უმაღლესი კლასის ინფრასტრუქტურას, რომელიც ტრანზაქციების ხარჯებს ამცირებს, განათლებულ მუშახელს, რომელსაც ადვილად შეუძლია მობილობა საქმიანობის სხვადასხვა სფეროებს შორის, პოლიტიკურ სტაბილურობას და ბიზნესის კეთების მიმზიდველ პირობებს. სწორედ ასეთი რეფორმების შედეგად გახდა შესაძლებელი, რომ ის თაობები, რომლებმაც სწორი რეფორმები ჯერ კიდევ ცივი ომის დროს დაიწყეს, საპენსიო ასაკს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მაღალი განვითარების ქვეყნებში შეხვდნენ.

სწორედ ასეთია ის გზა, რომელიც საქართველომ უნდა გაიაროს იმისთვის, რომ მიაღწიოს განვითარებას სწრაფად, ვინაიდან მაღალი ეკონომიკური ზრდის გარეშე ჩვენი ქვეყანა უბრალოდ გაჩერდება და კიდევ უფრო ჩამორჩება დანარჩენ მსოფლიოს. მოსალოდნელი 2% ეკონომიკური ზრდა ჩვენთვის ბევრს არ ნიშნავს, რადგანაც მაღალი განვითარების ტემპების გარეშე ვერც სამუშაო ადგილები შეიქნება და ვერც სიღარიბე დაიძლევა. სუსტი ეკონომიკური დინამიზმის საქართველო კი მუდმივად იქნება ჩაფლული სოციალურ და პოლიტიკურ კრიზისებში და ნამდვილი პრობლემების გადაჭრის ნაცვლად იმაზე ინერვიულებს, ხომ არ წაგვართმევს მრავალჟამიერის სიმღერის უფლებას რომელიღაც მასონური ორდენი.

არსებული ეკონომიკური მდგომარეობა და კრიზისი, რაც ლარის გარშემო ვითარდება, რადიკალ-პოპულისტურ პოლიტიკურ ჯგუფებს აძლევს ხელს, პირდაპირ აზარალებს საქართველოს დემოკრატიულ პოლიტიკურ პარტიებს და მათ საარჩევნო შანსებს 2016 წლისთვის. საგარეო პოლიტიკურ კონტექსტში ეს ნიშნავს პრო-რუსული ძალების გაძლიერებას და ქვეყნის დასავლური ვექტორის დასუსტებას. ამ ფონზე, ეკონომიკური სირთულეების ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობაზე გადაბრალების დროც შორს არ არის. სწორი ეკონომიკური და ყოვლისმომცველი განვითარების პოლიტიკის ჩამოყალიბების და მისი დაუყოვნებლივ განხორციელების გარეშე არა მხოლოდ ლარის გადაცვლის კურსი, არამედ მთლიანად ჩვენი ქვეყნის მომავალია სერიოზული საფრთხის წინაშე.

რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ იმისთვის, რომ დაძლიოს ეკონომიკური ჩამორჩენა, შეინარჩუნოს დემოკრატია და გააგრძელოს თანამედროვე ცივილიზაციის და პროგრესის ცენტრის – დასავლეთისკენ სვლა? საჭიროა მართებული, მაგრამ მტკივნეული პოლიტიკური გადაწყვეტილები, რომლებიც ქვეყანას სწორ გზაზე დააყენებს, მაგრამ მის მიმღებებს შესაძლოა არჩევნებში დამარცხებად დაუჯდეთ.

იმისათვის, რომ ეკონომიკა აღმავლობისკენ წავიდეს ჩვენი ზოგადი მიზანი უნდა გახდეს შევქმნათ დინამიური, ადვილად სამუშაო და კაპიტალისთვის კეთილგანწყობილი სტაბილური ბაზარი, სადაც მსოფლიო დონის ადამიანური რესურსები იქნება ხელმისაწვდომი.

სწრაფად არის დასაწყები განათლების მნიშვნელოვანი რეფორმის ახალი ეტაპი ქვეყანაში, რომელიც მიზნად დაისახავს სწავლების ხარისხის რადიკალურ გაუმჯობესებას ქვეყანაში. ჩვენ მიზნად უნდა დავისახოთ, რომ საქართველოში უახლოეს 5 წელიწადში იყოს ერთი უნივერსიტეტი მაინც, რომელიც მაგალითად Times Higher Education-ის საუკეთესო უნივერსიტეტების სიაში მოხვდება; სულ რამდენიმე წელიწადში ყველა საშუალო სკოლის დამთავრებულმა სრულყოფილად უნდა ისაუბროს ინგლისურად. ამ და მსგავსი მიღწევებისთვის საჭიროა არა მარგინალური „ნოვაციები,“ არამედ პრინციპული და მტკივნეული ცვლილებები: მასწავლებელთა მაღალი სტანდარტით სერტიფიცირება, პროგრამული აკრედიტაციების მისაღებად საჭირო მოთხოვნების მნიშვნელოვანი გამკაცრება და უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდების სტანდარტების აწევა (შესაბამისად ჩარიცხულთა რიცხვის შემცირება). ეს ნაბიჯები გამოიწვევს „პროფესორთა“ რიცხვის შემცირებას, უნივერსიტეტების უდიდესი ნაწილის ბიზნესიდან გასვლას, მასწავლებელთა და მშობელთა საგრძნობი ნაწილის პროტესტს. შესაბამისად, სახეზე იქნება პოლიტიკური უკმაყოფილების ზრდა საზოგადოების მნიშვნელოვან ჯგუფებში. მაგრამ უნდა შევთანხმდეთ, რომ თუ საქართველოს სურს ჰქონდეს მაღალი კლასის განათლების სისტემა, მას ვერ ექნება 72 უმაღლესი სასწავლებელი. მეტსაც ვიტყვი, საქართველოს დღეს საშუალო მსოფლიო დონის 72 პროფესორიც კი არ ჰყავს.

ამ ბლოგს ახლა საქართველოს საუკეთესო მატარებლის პირველი კლასის ვაგონში ვწერ, რომლის ტუალეტში არ არის საპონი და ხელსახოცი, მისი ელექტრონული რუქა გვიჩვენებს, რომ სადგური, რომელშიც გავჩერდით ხაშურია, არადა სინამდვილეში გორში ვართ. ეს მატარებელი ბათუმიდან თბილისში ჩასვლას 5 საათზე მეტს ანდომებს. თბილისის აეროპორტი ისეთი უნიკალური Burger King-ის რესტორნით გამოირჩევა, სადაც შეგიძლიათ სიგარეტი მოწიოთ. ამ ქვეყნის მთავარი საგზაო არტერიის ავტობანი ჯერ კიდევ არაა დასრულებული და მის უდიდეს ნაწილს ღამის განათება საერთოდ არ გააჩნია. ჩვენ მიზანი უნდა გახდეს რომ თბილისი-სენაკი-ლესელიძე ავტობანი ორ წელიწადში დასრულდეს და იყოს სრულად კეთილმოწყობილი, ხოლო მომდევნო ხუთ წელიწადში დამატებითი დიდი გზა აშენდეს. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, რომ მომავალ წელს თბილისიდან ბათუმში მატარებელი უმაღლესი კლასის კომფორტით სამ საათში ჩავიდეს; უნდა ვთქვათ, რომ საქართველო ორ წელიწადში ააშენებს აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო აეროპორტს.

მესამე და მნიშვნელოვანი საქმე ეს არის ინვესტორებისთვის კიდევ უფრო უკეთესი გარემოს შექმნა. პოლიტიკოსების განცხადებები რომ უცხოელები ქართველებს კლავენ საქართველოს კი არ იცავს, არამედ აღარიბებს. შეზღუდვები მიწის საკუთრებაზე, პრობლემები ქვეყანაში ხანგრძლივ ცხოვრებასთან და ვიზის მიღებასთან დაკავშირებით კაპიტალის შემოდინებას ხელს არ უწყობს. ჩვენ არ ვართ ჩინეთის ბაზარი რომ ეს ყველაფერი ინვესტორს დიდ გარჯად უღირდეს. ჩვენ რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელო ეკონომიკა ვართ, რომლის გვერდითაც ისეთი დინამიური ქვეყანაა, როგორიც თურქეთია. ჩვენი ამოცანა უნდა გახდეს საქართველოში საუკეთესო ბიზნეს კლიმატი იყოს ინვესტიციებისთვის და მას რეგიონის საუკეთესო მომსახურების ინფრასტრუქტურა ჰქონდეს საქმის კეთებისთვის. საქართველოს უნდა შექმნას განათლებული ადამიანური რესურსი, რომელსაც შეუძლია თანამედროვე ბიზნესის მოთხოვნებს უპასუხოს. აი ეს არის ის ამბიცია, რომელზეც ვსაუბრობ და რომლის გარეშეც შეუძლებელია განვითარების ნამდვილი საფუძვლების შექმნა.

ეს მხოლოდ დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ ამ ამოცანების შესრულების შემდეგ მოვახერხებთ საფუძველი ჩავუყაროთ თანამედროვე თაობის ცოდნის ეკონომიკას, რომელიც მეწარმეობას (entrepreneurship), თანამშრომლობას, ტექნოლოგიურ ინოვაციებსა და იდეების თავისუფალ გაცვლას ეფუძნება. რაც ჩამოვთვალე, ყველაფერი შესაძლებელია: საქართველოში წერა-კითხვის ცოდნა უნივერსალურია, საშუალო ფენის მნიშვნელოვანი ნაწილი ინგლისურად საუბრობს, ქვეყანას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, რაც მას მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ეკონომიკაში სრულფასოვანი მონაწილეობის შესაძლებლობებს აძლევს. რაც მთავარია, ჩვენ ვიცით რომ ეს ყველაფერი ისეთმა ქვეყნებმაც შეძლეს, რომელთაც ჩვენზე ბევრად უარესი სასტარტო პირობები ჰქონდათ. ჩვენც გამოგვივა, თუკი საქმეზე ვიფიქრებთ და გაბედულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მივიღებთ.

მე პოლიტიკაშიც ვემხრობი მოგზაურობის დაუწერელ პრინციპს: „დატოვე ყოველი ბანაკი იმაზე უკეთეს მდგომარეობაში, ვიდრე ის დაგხვდა.“ ზემოთ ჩამოთვლილი ნაბიჯების განხორციელებას სჭირდება არა ის ამბიცია, რომ მოიპოვო ხელისუფლება და შეინარჩუნო იგი, არამედ დიდი პოლიტიკური ამბიცია –  უკეთესობისკენ შეცვალო შენი ქვეყანა სწორი, მაგრამ პოლიტიკურად სარისკო ნაბიჯების გადადგმით, თუნდაც პოპულარობის დაკარგვის ფასად. ძალაუფლების დაკარგვა ნებისმიერი მთავრობისთვის გარდაუვალია. მაგრამ ის კი არ არის მთავარი წააგებ თუ არა არჩევნებს, არამედ ის, თუ რატომ და როგორ წააგებ: იმიტომ რომ რაიმე მნიშვნელოვანი შექმენი, თუ იმის გამო რომ ძალიან ბევრი ითათბირე, მაგრამ ვერაფერი გააკეთე.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s