„ლი ქუან იუ: დიდოსტატის მოსაზრებები ჩინეთზე, ამერიკასა და მსოფლიოზე“

მიყვარს წიგნების მონიშვნა, გახაზვა, გაფერადება და მოკლედ ათასნაირი ჩანიშვნები, განსაკუთრებით, როდესაც პროფესიულ ლიტერატურას ვკითხულობ ელექტindexრონულ საკითხავებში. ამ კრებულის (Lee Kuan Yew: The Grand Master’s Insights on China, the United States, and the World. Belfer Center Studies in International Security. Kindle Edition; The MIT Press (February 1, 2013) კითხვა კი დავიწყე მცირე მონაკვეთების მონიშვნით, მაგრამ სწრაფადვე მივხვდი რომ პრაქტიკულად მთელი წიგნის აჭრელება დამჭირდებოდა. ეს იმიტომ, რომ ამ მცირე მოცულობის წიგნში ძალიან კარგადაა თავმოყრილი ქუან იუს შეხედულებები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა ჩინეთის ზრდა და მისი გავლენა მსოფლიო პოლიტიკაზე; ამერიკისა და ევროპის მომავალი; ისლამური ფუნდამენტალიზმის, ინდოეთისა და აზიის სამომავლო პერსპექტივები; დემოკრატიისა და გლობალიზაციის გავლენა ქვეყნებსა და კულტურებზე, სახელმწიფო მმართველობისა და ეკონომიკური განვითარების საფუძვლები, პოლიტიკის სტრატეგიის ქუან იუსეული ხედვა და მისი პრინციპები. მოკლედ, დიდად გადახაზულ-გადმოხაზული წიგნი დავხურე გუშინ საღამოს.

წიგნი არის კრებული ქუან იუს მიერ სხვადასხვა დროს წარმოთქმული სიტყვების და ინტერვიუებისა. აქამდე მის შესახებ დაწერილი ტომ პლეიტის წიგნი წავიკითხე, რომელიც ზედმეტად იყო გაჯერებული ქუან – იუს დიდებით და ნაკლებად იძლეოდა თავად თანამედროვე სინგაპურის ამ შთამბეჭდავი ლიდერის შეხედულებების გაცნობის შესაძლებლობას. ეს კრებული კი ძალიან კარგადაა შედგენილი და სათანადო სისრულით გადმოსცემს ქუან იუს მოსაზრებებს ისეთ (საქართველოსთვის) ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა სწრაფი განვითარების წინაპირობები, მცირე ქვეყნები გლობალიზაციის ეპოქაში და სახელმწიფო მმართველობის ის პრინციპები, რომელსაც ქუან-იუ იყენებდა მაშინ, როდესაც სინგაპური ღარიბი საპორტო ქალაქიდან ერთ-ერთ უმდიდრეს მეგაპოლისად აქცია.

როგორ შეიძლება, ძალიან მოკლედ შევაჯამოთ ის ზოგიერთი მოსაზრება, რაც ამ საკითხებზე ქუან იუს გააჩნია?

ჩინეთი: ჩინეთის აღზევება და მისი ზრდა აუცილებლად გამოიწვევს მეტოქეობას ძალაუფლების სხვა მსოფლიო ცენტრებთან (შეერთებული შტატები, ევროკავშირი), მაგრამ აუცილებელი და გარდაუვალი სულაც არ არის, ეს მეტოქეობა კონფლიქტში გადაიზარდოს. ჩინეთის 1,3 მილიარდიანი ბაზარი მნიშვნელოვანია ყველასათვის, ხოლო მისი ეკონომიკური წარმატება ჩინეთის ლიბერალურ-ეკონომიკურ სავაჭრო სისტემაში მონაწილეობას უკავშირდება. ჩინეთი შესაბამისად, დაინტერესებულია ამ რეჟიმის შენარჩუნებით და ამერიკასთან პარტნიორობით. ამიტომ, ჩინეთის ინტერესების გათვალისწინებით, მისი კულტურული თავისებურებების სერიოზულად მიღების, ადამიანის უფლებებზე ნაკლები კამათით შესაძლებელი იქნება მისი ინტეგრაცია და შესაბამისად არა ჩინეთის აგრესიული ზრდა, არამედ მისი მონაწილეობა მსოფლიო პოლიტიკაში, როგორც მსოფლიოს პასუხისმგებელი მოქალაქისა. მსოფლიო ეკონომიკის უდიდესი ზრდა იქნება აზიაში და წყნარი ოკეანის აუზში. ყველგან და აქაც, ძალთა ბალანსის პოლიტიკა მნიშვნელოვანია და ასეთად დარჩება. ამიტომ შეერთებული შტატების ყოფნა აზიაში ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს შეუწყობს ჩინეთის შესაძლო აგრესიის შეკავებას და კონფლიქტის პრევენციას. ჩინეთის მთავარი პრობლემა კი მისი რთულად სასწავლი ენაა და დამოკიდებულება, რომ ყველაფერი რაც კარგია, უკვე ითქვა ადრე. ეს ყველაფერი ართულებს ინოვაციას და ჩინეთთან ინტეგრაციას, განსხვავებით ანგლო-საქსონური კულტურისა და ინგლისური ენის, როგორც მეცნიერებისა და ინოვაციის ენის დომინანტობასთან.

ლი ქუან იუ შეერთებული შტატების დიდი ფანია, მიუხედავად იმისა, რომ მკაცრად აკრიტიკებს მის სოციალურ უსამართლობებს (დიდი ნაპრალი შემოსავლებში, ნარკოტიკები, ინდივიდის თავისუფლების პრიმატი ჯგუფის ინტერესებზე) და მის მცდელობას ლიბერალური – დემოკრატია სხვა კულტურებშიც გაავრცელოს. მაგრამ, მისი შეხედულებით შეერთებული შტატები არის უნიკალური კულტურა, რომელმაც არაერთხელ დაადასტურა, რომ აქვს უნარი გამოვიდეს პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისებიდან და კვლავ გახდეს მსოფლიო ლიდერი. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთმა შესაძლოა გადაასწროს კიდევ შეერთებულ შტატებს, როგორც მსოფლიოს უდიდესმა ეკონომიკამ, იგი მაინც ვერ მოახერხებს დიდი ხნის განმავლობაში მეტოქეობას ინოვაციის, სამხედრო შესაძლებლობების, განათლების ხარისხის, სამეცნიერო – ტექნოლოგიური პროგრესის მხრივ. ამიტომაც შეერთებული შტატები კვლავ იქნება მსოფლიოს უდიდესი ძალა. ინოვაციურობა, ემიგრაციის მიღება, მრავალ-კულტურულობა, წარუმატებლობის განხილვა, როგორც არა საბოლოო დამარცხების, არამედ დროებითი დაბრკოლებისა ამერიკული კულტურის ის მახასიათებლებია, რაც მის ძლიერებას განაპირობებენ. ქუან იუს აზრით, ამერიკა გამორჩეული სუპერ-სახელმწიფოა, რომელმაც განსხვავებით ყველა სხვა ისტორიული დომინანტისგან, ცივი ომის შემდეგ შექმნა ისეთი უნიკალური ლიბერალური საერთაშორისო სისტემა, რომელმაც სხვა რეგიონებსა და სახელმწიფოებსაც მისცა განვითარების მანამდე არნახული შესაძლებლობები.

რუსეთის მთავარი გამოწვევა ისეთი სისტემის შექმნაა, რომელიც ხალხს შემოქმედებისა და აქტივიზმის მოტივს მისცემს და ისეთი ეკონომიკის მშენებლობაა, რომელიც ნავთობის ფასებზე არ იქნება ძლიერ დამოკიდებული. მაგრამ ეს უმთავრესი ამოცანები ჯერ კიდევ გადაუწყვეტელია. რუსეთის პერსპექტივები არ იცვლება და ის ისეთივე პესიმისტურია, როგორც საბჭოთა კავშირის დანგრევისას, ალბათ კიდევ უფრო მეტადაც, ვინაიდან რუსეთის სისტემა არ შეცვლილა. რუსები კი ამასობაში უბრალოდ კვდებიან ალკოჰოლიზმის, პესიმიზმის, სიღარიბის და უიმედობის გამო (სხვათა შორის ამაზე არის ძალიან კარგი სტატია: მაშა გესენის „მომაკვდავი რუსეთი“).

ლი ქუან იუს მოსაზრებები არა ნაკლებ საინტერესოა გლობალიზაციის, დემოკრატიისა და ეკონომიკური ზრდის საკითხებში. რადგანაც მის ხელში სინგაპური მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ქვეყანად გადაიქცა, რომელიც დღეს პირველი კლასის განათლების სისტემით, ინფრასტრუქტურით, ჯანდაცვით, საბანკო თუ საფინანსო სექტორით, უდიდესი პორტით, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის ავიახაზებითა და აეროპორტით გამოირჩევა. მოკლედ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დანგრეული ქვეყანა დღეს მსოფლიოს უმდიდრესი ქალაქია. ქუან იუს პრინციპები, რომლებიც საინტერესოდ მომეჩვენა (თუმცა ყველას ჩამოთვლას არ ვაპირებ) აქ ძალიან მოკლედ ასე შეიძლება შევაჯამოთ:

  1. გლობალიზაციას ვერაფერი შეაჩერებს. იგი არის ერთადერთი სამართლიანი სისტემა, სადაც შესაძლებელია განვითარება და რომელსაც შეუძლია მშვიდობის მოტანა.
  2. განათლება, განსაკუთრებით მუდმივი განათლება (life-long learning) არის აუცილებელი წინაპირობა ეკონომიკური კეთილდღეობის და პოლიტიკური სტაბილურობისთვის („ნახევრად-განათლებული ამომრჩეველი გაუნათლებელ ამომრჩეველზე უარესია“). ინოვაციისა და შემოქმედების კულტურის დამკვირდება, რაც აუცილებლობაა ცოდნის თანამედროვე ეკონომიკაში, აუცილებელია სკოლებიდან და ოჯახებიდან დაიწყოს. თუკი მრავალ მილიონიანი შეერთებული შტატები ხედავს ამის აუცილებლობას, ეს მით უმეტეს აუცილებელია მცირერიცხოვანი (3 მილიონი) სინგაპურისთვის.
  3. სრულიად თავისუფალი ბაზარი დაუშვებელია და სახელმწიფო ეფექტურად უნდა ჩაერიოს სადაც და როდესაც საჭიროა. გლობალური ეკონომიკური კრიზისი ზედმეტად ლიბერალური საფინანსო სისტემის შედეგია.
  4. ზედმეტად თეორიული და იდეოლოგიზებული მიდგომები, იქნება ეს სოციალისტური თუ ლიბერალური, საზიანოა. მთავრობის ამოცანაა საქმის კეთება და არა იდეოლოგიებსა და თეორიებზე ფიქრია. მისი ამოცანაა მაქსიმალურად შესაძლებელი სიკეთის შექმნა მაქსიმალურად მეტი ხალხისთვის, მეთოდებისა და თეორიების მიუხედავად (მესამე მსოფლიოს წარუმატებლობების საფუძველი მათი ლიდერების მცდარი გადაწყვეტილებებია სამოციან და ოთხმოციან წლებში, როდესაც ისინი ზედმეტად იდეოლოგიზებულ პოლიტიკას ანხორციელებდნენ: სოციალიზმი და მთავრობის დიდი როლი).
  5. ეკონომიკური ზრდა იქნება ისეთ ქვეყნებსა და ქალაქებში, რომლებიც წარმოადგენენ ვაჭრობის, ადამიანების, კაპიტალისა და კულტურების გადაკვეთას და რომელთაც შეუძლიათ იყვნენ მრავალეროვნულნი და მრავალკულტურული. ისინი ვინც „შეიკეტებიან“ წააგებენ, ისინი ვინც „გაიხსნებიან“ მოგებულნი დარჩებიან და განვითარდებიან.
  6. განვითარებისთვის აუცილებელია სვლა ურბანიზაციისა და ინდუსტრიალიზაციისკენ.
  7. პოლიტიკაში, ერთი ადამიანი ერთი ხმა „მმართველობის ყველაზე რთული ფორმაა.“ ლიბერალური დემოკრატია შესაძლოა მისაღებია დასავლეთისთვის, მაგრამ არა სხვებისთვის. ჩინეთი რომ წასულიყო ლიბერალური დემოკრატიისკენ იგი დაიშლებოდა, მთელი შესაძლო შედეგებით დანარჩენი მსოფლიოსთვის.
  8. კარგი მმართველობა არაპოპულარულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. პოლიტიკოსები, რომლებიც მხოლოდ დემოკრატიულ უმრავლესობასა და საარჩევნო ურნას უყურებენ, ვერაფერს მიაღწევენ.
  9. კანონის უზენაესობა მთავარია, მაგრამ რიგ შემთხვევებში კანონი ვერ ამყარებს წესრიგს. ამიტომ საჭიროა რომ პირიქით, წესრიგმა შექმნას კანონი. განვითარებულ ქვეყნებში იღებ კანონს, რომელიც შემდეგ ქმნის წესრიგს. მაგრამ პოსტ-კოლონიურ, განვითარებად ქვეყნებში უპირველეს ყოვლისა, ჯერ წესრიგი უნდა დამყარდეს, რათა შემდეგ კანონმა იმოქმედოს.
  10. სახელმწიფო ლიდერებისთვის აუცილებელია რამოდენიმე თვისების ქონა. პირველი ეს ანალიზის უნარია: ძირითადი ფაქტების დანახვა და მთავარი პრინციპების ამოცნობა; მეორე ეს რეალიზმის განცდაა: რა არის შესაძლებელი და რა არა; მაგრამ ეს არასაკმარისია, შეიძლება იყო რეალისტი და ამასთანავე წარუმატებელი პლებეი. ამიტომაც, უნდა შეგეძლოს რეალობაზე ამაღლებაც და თქმა: ეს შესაძლებელია! ანუ წარმოსახვის, შემოქმედების უნარი.

ლი ქუან იუ, როგორც სახელმწიფო მმართველობის ოსტატი, საგულისხმო წასაკითხია მათთვის, ვისაც განვითარების და სიღარიბის დაძლევის საკითხები აინტერესებს, განსაკუთრებით კი მცირე, განვითარებადი ქვეყნებისთვის, რომლებიც დიდი მეზობლებით არიან გარშემორტყმულნი და დამოკიდებულნი არიან იმ მსოფლიო პროცესებზე, რომლებზეც მათი ზეგავლენის უნარი უკიდურესად შეზღუდულია. შესაბამისად, ეს წიგნი ძალზედ საინტერესოა საქართველოს კონტესტში წასაკითხადაც.

ერთ-ერთი მთავარი ღირებულება რაც ამ (და სხვა მსგავს პუბლიკაციებს) აქვთ არის ის, რომ გვიჩვენებენ გზას და მეთოდებს იმისა, თუ როგორ შეიძლება განვითარდე და ეს სწრაფად გააკეთო. ჩვენში არის „მე თუ არა, ჩემი შვილები მოესწრებიან“ დამოკიდებულება. ეს თაობიდან თაობაზე გადადის და ხდება თავის მართლების, პასუხისმგებლობის არიდების შესაძლებლობა გადაწყვეტილების მიმღებებისთვის, რომლებიც საკუთარ უუნარობას საგარეო გამოწვევებს, ოპონენტებს, მტრებს თუ გლობალურ კლიმატურ ცვლილებებს აბრალებენ. შედეგად, დღეს ჩვენ ისევ ვსაუბრობთ რომ ქალაქში შუქი ქრება, რომ სოფლებში გზები არ არის და როგორ უნდა გავყიდოთ კარტოფილი.

მთავარი მუხტი, რაც შეიძლება ამ ტექსტებიდან მიიღო, ისაა რომ დაინახო, თუ როგორ შეიძლება ერთი თაობის ხელში ღარიბი, ჩამორჩენილი ქვეყნიდან განვითარებული და მდიდარი ქვეყანა გახდე. ეს გაკეთდა ავტორიტარულ სინგაპურში, ეს მოხდა დემოკრატიულ სამხრეთ კორეაში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ განადგურებულ ევროპაში; იაპონიაში, რომელსაც ორი ბირთვული ბომბი დაეცა, მაგრამ დღეს მსოფლიოს მესამე ეკონომიკაა. საქართველოსაც შეუძლია თუკი მოინდომებს. არ არის საჭირო ხელი ჩავიქნიოთ ჩვენს თაობაზე და ვთქვათ რომ ჩვენ არა, მაგრამ ჩვენს შვილებს მაინც მოესწრებათ კარგი ქვეყანა. ეს იგივეა, რომ ჩვენ არ გამოგვივიდა, ჩავფლავდით და ჩვენი გაუკეთებელი საქმეები, ჩვენი ვალები და მოუგვარებელი პრობლემები ჩვენს შვილებს დავუტოვოთ. ასევე არ არის საჭირო ისტორიული გამოცდილების დაგროვებისთვის ცდა მაშინ, როდესაც არსებობს მსოფლიო გამოცდილება, რომელიც შეიძლება წიგნების კითხვით და სხვების მაგალითების შესწავლით გაიგო. დრო ძალიან აჩქარდა და ის ძალიან ცოტაა.

განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა ფაქტორების კომბინაცია, რომელთაც სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა წონა და გავლენა აქვს, მაგრამ ყოველი მათგანი მნიშვნელოვანია. გადამწყვეტია თუ როგორი ლიდერები გყავს, სურს თუ არა საზოგადოებას პროგრესი, მზად არის თუ არა შენი კულტურა სხვა კულტურებთან ურთიერთობისთვის და შენი საზოგადოება კი შრომისთვის. „ნებისმიერი საზოგადოების წარმატებული ტრანსფორმაციისთვის სამი რამ არის აუცილებელი. პირველი, ეს მიზანდასახული ხელმძღვანელობაა. მეორე, ეფექტური მმართველობა და მესამე: სოციალური დისციპლინა.“ ეს მოკლე ციტატა, ვფიქრობ სასარგებლო მინიშნება და კარგი აზრია მეტი ფიქრის და მსჯელობის დასაწყებად.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s