პუტინიზმი საქართველოში

პუტინიზმი საქართველოში ძლიერია, ძალიან ძლიერი და პოპულარული. საქართველოს ძალიან გაუჭირდება იყოს ნამდვილად თავისუფალი და განვითარებული მანამ, სანამ პუტინის იდეებით მოსაუბრეები მასიურ აღტაცებასა და პატივისცემას დაიმსახურებენ, მათი აზრები კი ერის წინსვლისა და გადარჩენის გზად გამოჩნდება.

ალბათ მართებული იქნება პუტინიზმის განმარტება იმით დავიწყოთ, რა არ არის იგი. პუტინიზმი არ არის მხოლოდ საგარეო ომები იმიტომ, რომ ომებს ყველა სახელმწიფო ეწევა, როცა მათ ეს სჭირდებათ, როცა შეუძლიათ ან უბრალოდ, როცა სხვა გამოსავალი არ აქვთ. პუტინიზმი, ასევე, არ არის მხოლოდ კორუფცია, ნაციონალიზმი ან ავტოკრატია, რადგან ეს სამიც ასევე ხშირად გვხვდება სხვა ქვეყნებში. ომები, ნაციონალიზმი, კორუფცია და ავტოკრატია – მხოლოდ იმ უნიკალური, სპეციფიკური და იდეოლოგიური საფუძვლის დანამატია, რასაც დღეს პუტინიზმს უწოდებენ და რაც ანტი-თავისუფლების თანამედროვე იდეოლოგიას წარმოადგენს. თავისუფლების სიძულვილი და მის წინააღმდეგ იდეური და ფიზიკური მტრობა არის პუტინის იდეოლოგიისა და მას-მარკეტინგის ნაზავი, რომელიც დღევანდელ რუსეთში გაუნათლებლობით, კრიტიკული აზროვნების დათრგუნვით, პროპაგანდითა და შიშით იკვებება. პუტინიზმი რადიკალური, ნაციონალური პატრიოტიზმის მოტივებით მოქმედებს და იმ იდეას ეყრდნობა, რომ გარშემო ყველა რუსეთის მტერია (განსაკუთრებით დასავლეთი); რომ მსოფლიო ქაოსშია და რომ ერთადერთი გამოსავალი პოლიტიკური თუ მორალური კონტროლი და წესრიგია.

პუტინის თანამედროვე იდეოლოგიის თანახმად, რუსეთს ყველა მხრიდან და ყველა დონეზე მტრები შემორტყმიან, რომლებიც მისი ძლიერების დამხობასა და მის გადაგვარებას ისახავენ მიზნად. რუსეთის მტერია ისლამი, დასავლეთი, ამერიკა, ნატო, საქართველო, უკრაინა, ბალტიისპირეთის ქვეყნები. ქვეყნის შიგნით რუსეთის მტრებია უმცირესობები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო ორგანიზაციები, ისლამი და ლიბერალური-დემოკრატია. რას აკეთებენ ეს ჯგუფები და ეს სახელმწიფოები ოფიციალური პროპაგანდის მიხედვით? ისინი თავისუფალ სიტყვასა და ადამიანის უფლებების იდეებს ამოფარებულნი, ხელს უწყობენ რუსული სულის გარყვნას, ეხმარებიან სახიფათო პოლიტიკურ და არასამთავრობო დაჯგუფებებს და ამით მოქმედებენ რუსული ძლიერების დასამხობად. ამიტომაც, პუტინის იდეოლოგიის მიხედვით, თავისუფლების დოზირება და კონტროლი აუცილებელი პასუხისმგებლობაა და მან, ვისაც ებოძა უნარი ხედავდეს მწვერვალიდან, უკეთ იცის, რა დოზის თავისუფლებაა კარგი და საჭირო ერისათვის.

სწორედ ამიტომ, იმ კეთილშობილმა და ყოვლისმცოდნე მმართველებმა და ერის შვილებმა, იმ ნამდვილმა რუსმა პატრიოტებმა (aka ყოფილმა კაგებეშნიკებმა), რომლებიც კარგად ჭვრეტენ დასავლური იმპერიალიზმის ვერაგი იდეოლოგიური საფარის მიღმა რეალობას, უნდა გადადგან გადამწყვეტი ნაბიჯები: დახოცონ ჩეჩნები, დაიპყრონ საქართველო, დაიცვან თავი უკრაინელი ფაშისტებისგან, „დაიბრუნონ“ ყირიმი, გაყარონ საერთაშორისო ორგანიზაციები, გააკონტროლონ არასამთავრობოები, დაიჭირონ და სცემონ ჰომოსექსუალებს, დააპატიმრონ ოპოზიციის აქტივისტები, დახურონ მავნებლური ტელევიზიები და დაუშვან მხოლოდ ის მართალი სიტყვა, რომელიც რუს ხალხს გადაარჩენს. განა ვინმეს სიამოვნებს ამის კეთება? არა, მაგრამ განსაკუთრებულ დროს, განსაკუთრებული ზომებია საჭირო.

პუტინიზმის იდეის საფუძველი, მისი არსებობის გარანტი კი ისაა, რომ ამგვარი „განსაკუთრებული დრო“ არასოდეს მთავრდება, განსაცდელის შეგრძნება დროსა და სივრცეშია გაყინული რუსეთის თავზე. პუტინის რუსეთი დაუსრულებელი სასპენსია, მუდამ საფრთხისა და მორიგი იმპერიალისტური შემოტევის მოლოდინში გარინდული. ის სულ უფსკრულის პირას კიდია და გადაჩეხვისგან მხოლოდ პუტინის ძლიერ და მტკიცე ხელს შეუჩერებია… ასე რომ სანამ არის განსაკუთრებული დროება, მანამ არის პუტინი. ამოცანა ისაა, როგორ გახანგრძლივდეს ეს განსაკუთრებული დრო.

ამისათვის საჭიროა რამდენიმე პირობა, რომელიც უნდა არსებობდეს ან თუ არ არსებობს უნდა შეიქმნას. პირველი – ეს არის სიღარიბე, მეორე გაუნათლებლობა, ხოლო მესამე – დაბნეულობა. არც პირველი და არც მეორე რუსეთს არ აკლია, ხოლო მესამე ადვილდება თუკი მედია შენს ხელშია. როგორ მუშაობს დღევანდელი რუსული მედია? იგი სამ პრინციპს ეყრდნობა: პირველი ეს არის აბსოლუტურად ალოგიკური, სიურრეალისტური, შეთქმულების თეორიებით გაჯერებული რეალობის შექმნა, რომლის შედეგადაც მაყურებელი საერთოდ უძლურია გაარკვიოს, რა არის მართალი და რა სიცრუე, მას შეიძლება დიდად არ სჯერა ახალი ამბების გამოშვებების, მაგრამ აპათიაში მყოფს, საერთოდ არც აღარაფრის სჯერა. აპათია კი დიდწილად ანეიტრალებს ინტერნეტისა და ალტერნატიული საინფორმაციო საშუალებების ეფექტს.

მეორე გართობაა – პოლიტიკური ქაოსითა და უტოპიურ-პოლიტიკურ სცენარებზე გაუთავებელი მსჯელობით დაღლილი მაყურებელი რუსული ჭრელი გასართობი გადაცემებით, ჯერ კიდევ საბჭოთა ესტრადის ვარსკვლავებითა და შიშველი ქალებით, ეშვება და ისვენებს. და აი, აქ შემოდის მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, უფრო სწორად ვინმე: თავად ვლადიმერ პუტინი. პუტინი არის წესრიგის ერთადერთი წყარო, პატრიოტი, ამ მსოფლიო არეულობასა და ქაოსში მოქმედი თავდაჯერებული და მკაცრი ხელი. კაცი („მუჟ როსიი“), რომელმაც იცის გზა. მაგრამ იგი, ასევე, არის შოუც და გართობაც, იგი წელზევით შიშველი ვეფხვებზე მონადირეა, მიზანში ზუსტად მსროლელი ლიდერი და ყოფილი საიდუმლო აგენტი, რომელმაც იცის დასავლეთის ვერაგული მოქმედების დახლართული გზები; ის არის ძიუდოს ჩემპიონი, რომელიც აღმოსავლური ორთაბრძოლის გონებამახვილურ ილეთებს პოლიტიკურ ტაქტიკად თარგმნის და ყოველ ორთაბრძოლას იპონით უგებს ვერაგ იმპერიალისტებს.

მაშ ასე, სახეზე გვაქვს ცბიერი დასავლეთი, რომელიც საუბრობს თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებზე და ანგრევს რუსეთის ძლიერებას, რადგან აავადებს დიდ რუს ხალხს დემოკრატიის, ლიბერალიზმის, უმცირესობათა უფლებების, კანონის უზენაესობის პრინციპებით, თავს ულაყებს მას ათასგვარი პოლიტიკური შეთქმულებითა და მასონური მაქინაციებით. და ვის მეშვეობით აკეთებს ამას დასავლეთი? არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო დონორების, თავისუფალი მედიის მეშვეობით. და რა საჭიროა ყოველივე, თუკი ეს ჩვენს დასასრულს ნიშნავს? სულაც არაა საჭირო! ჩვენ უნდა შევქმნათ ჩვენი, ეროვნული ახალი იდეა, არა დასავლური, არა აღმოსავლური, არამედ რაღაც სხვა. და ეს სხვა იდეა ჩვენს წინაშეა, ცოცხალია და ძლიერი – ეს იდეა არის თვითონ ვლადიმერ პუტინი, რომელიც არის ძალაც, გართობაც, იმედიც და ფულის წყაროც. მის გარეშე უფსკრულის პირას მისულ რუსებს ვერავინ დაიჭერს, ხოლო თუკი იგი წაბორძიკდა, მას ქართველები, სომხები, აზერბაიჯანლები, მუსლიმები, უკრაინელები, ჰომოსექსუალები, ესტონელები, ლიტველები, ლატვიელები, ებრაელები, მასონები და ვინ მოთვლის კიდევ ვინ, ნატოსა და ამერიკის ფარული წაქეზებით უკან მიეპარებიან, ხელს ჰკრავენ და სამუდამოდ გადაჩეხენ უფსკრულში.

ამიტომაც ასეთი საფრთხეები, დღესვე და საბოლოოდ უნდა ამოიძირკვოს: დასავლეთის აგენტები (ასე უწოდებს კანონი დღევანდელ რუსეთში უცხოური დაფინანსებით მოქმედ არასამთავრობოებს) უნდა გაკონტროლდნენ; ოპოზიცია უნდა დადგეს „პატრიოტულ“ რელსებზე ან იყოს ციხეში; ჰომოსექსუალები უნდა ისხდნენ სახლში ან ასევე ციხეში, რათა არ დააავადონ ტრადიციული რუსული ოჯახები და ახალგაზრდობა (ახლახან სექსუალურ უმცირესობებს მანქანის მართვის უფლებაც ჩამოერთვათ); ხალხმა უნდა უყუროს სწორ ამბებს და შესაბამისად დასავლეთის ნაყიდი და უნიჭო ჟურნალისტები არ გვჭირდება (ანა პოლიტკოვსკაია მახსენდება), პარლამენტში ზედმეტი დისკუსიები დროის და ფულის წყალში ყრაა; ელჩები, რომლებიც ჩვენი წინააღმდეგები არიან უნდა გაიკიცხონ და თუ საჭიროა დაისაჯონ კიდეც (მახსენდება, როგორ სცემეს ჰოლანდიელ დიპლომატს მოსკოვში ცოტა ხნის წინ); საქართველოს ამბიციები უნდა მოითოკოს (2008); სომხეთში ჩვენს სამხედროებს ისიც კი უნდა შეეძლოთ, რომ სახლებშიც კი შეუსეირნონ იქ მცხოვრებლებს არყის დასალევად (მკვლელობა გიუმრიში, 2015); უკრაინის გარეშე დასავლეთი საბოლოოდ გაგვანადგურებს და ასე შემდეგ, დაუსრულებლად… რუსი ხალხი ხომ ყველაფერს აიტანს!

ამ ულტრა-ნაციონალისტურ, ექსტრემისტულ იდეებზე დგას თანამედროვე რუსეთი დღეს. მაგრამ მე რატომ ვწერ ამაზე ახლა? იმიტომ, რომ თუკი მოაცილებთ ჩემს ზემოთ აღწერილ იდეებსა და დამოკიდებულებებს მხოლოდ ორ სიტყვას „რუსეთი“ და „პუტინი,“ მიიღებთ ძალიან პოპულარულ იდეებს დღევანდელ საქართველოში. ერის სიყვარულისა და მის გადარჩენის ბაირაღით მოსაუბრე ხალხი, ვინც ქადაგებს არასამთავრობოების შეზღუდვაზე, უმცირესობების წინააღმდეგ, დასავლეთის მავნებლობაზე, ჟურნალისტების მოტანილ ზიანზე, „კონტროლის“ აუცილებლობაზე, ერის გადაგვარების გაუგონარ საფრთხეებზე, ძალაუფლების შტოების (ანუ დემოკრატიის) უსარგებლობაზე და რომლებიც ამ ყველაფრით ნიჰილიზმს, შიშს, უიმედობას, აპათიას და ზიზღს თესავენ, არაფრით განსხვავდებიან პუტინიზმის იდეოლოგებისგან. ისინი ამზადებენ და მოუთმენლად ელიან მომენტს, როდესაც ჩვენ ბოლომდე შეგვეშინდება, როდესაც ბოლომდე დავიღლებით, როდესაც ყველაფერი მოგვბეზრდება, როდესაც საბოლოოდ ჩამოვუშვებთ ხელებს, რათა მერე მოვიდნენ, როგორც ნამდვილი ერის შვილები, და გვიჩვენონ გადარჩენის “ერთადერთი” და “უკანასკნელი” გზა. ეს ხალხი რუს სპინ დოქტორებზე უარესია, რადგანაც კიდევ ერთი ქვეყანა, კიდევ ერთი საზოგადოება უნდათ დააყენონ ნამდვილი დაკნინების გზაზე – კიდევ ერთხელ. საქართველოც, ისევე როგორც დიდი რუსეთი, ხომ ყველაფერს აიტანს.

და სანამ ჩვენ ასეთი აზრებს ვისმენთ და ვკითხულობთ, მსოფლიოს უკეთესი ნაწილი ისტორიული სელმა-მონტგომერის მარშის 50-ე წლისთავს აღნიშნავს. ამ დღეს ამერიკის მოსახლეობამ მარტინ ლუთერ კინგის ლიდერობით ისტორიული მარში გაიარა, რათა შავკანიანებისთვის საარჩევნო ხმა მოეთხოვა და ხმამაღლა ეთქვა, რომ განსხვავებები ამერიკის ხიფათი კი არა, მშვიდობისა და ძლიერების საფუძველია. ეს იყო 50 წლის წინ ამერიკაში, ჩვენგან ძალიან, ძალიან შორს.

2 thoughts on “პუტინიზმი საქართველოში

  1. ეთიკური წესრიგი და მორალური დისციპლინა ორთოდოქსულ დოგმებისა და მართლმადიდებლურ ჩარჩოებში.
    ლიბერალური დემოკრატიისა და დასავლეთის კონსპირაცია-შეთქმულება რუსეთის გასანადგურებლად და ზემოთაღნიშნული კონსერვატორული და ტრადიციული ეთიკისა და მორალის გასარყვნელად.
    სახელმწიფო და საზოგადოება პიროვნებაზე უფრო მნიშვნელოვანია და მისი უფლებებისა და თავისუფლების შეზღუდვა აუცილებელია უფრო დიდი სიკეთისათვის და ფართე საზოგადოებრივი კეთლდღეობისათვის.
    წესრიგი და კონტროლი ყველგან, ყველაფერში და ყოველთვის. ტოტალური წესრიგი, კონტროლი და დისციპლინა.
    ეს რამოდენიმე Obsessive-Compulsive Disorder-ზე (OCD) მიუთითებს და საქართველოს მოსახლეობის უმეტესსაც ჭირს😦.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s