რა შეუძლია პუტინს?

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა საქართველოსთვის ძირითადი საგარეო პოლიტიკური მიღწევა იქნება, რომელიც მის განვითარებაზე მნიშვნელოვან პოზიტიურ გავლენას მოახდენს. მართალია, საქართველო უკრაინის მსგავსად არაა დამოკიდებული რუსულ ეკონომიკაზე, მაგრამ არსებობს ზეწოლის სხვა შესაძლებლობები, რომლთა გამოყენებაც შეიძლება იმ იმედით, რომ საქართველომ უარი თქვას ევროკავშირთან ასოცირებაზე. აი რამოდენიმე რამ რაც შესაძლებელია:

1. რუსეთის პატრიარქი საქართველოში. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია რუსული „რბილი ძალის“ ძალიან მნიშვნელოვანი განზომილებაა. რუსეთის პატრიარქი, სავსებით შესაძლებელია უახლოეს მომავალში ესტუმროს საქართველოს და ჩამოგვიტანოს ერთმორწმუნეობის, საქართველოსადმი დიდი სიყვარულისა და „ჩვენი საერთო პრობლემების“ გადაწყვეტისთვის გულმხურვალე ზრუნვის გზავნილი.  პრაქტიკული თვალსაზრისით, ეს შეიძლება გულისხმობდეს მაღალი დონის შეხვედრებს, აფხაზეთში არსებული ქართული საეკლესიო ნაგებობების ერთობლივად მონახულების შეთავაზებას და ამ თუ სხვა მსგავსი სიმბოლური აქტებით საერთო საზოგადოებრივ თუ შიდა საეკლესიო პოზიციებზე ზეგავლენას. ამ ყველაფრის პოლიტიკური მიზანი ის იქნება, რომ შედეგად, ჩვენმა ეკლესიამ მოითხოვოს ამ ხელშეკრულების ხელმოწერის გადადება, მეტი მსჯელობა მასზე ან სულაც, ღია წინააღმდეგობა გამოხატოს ევროკავშირთან ხელშეკრულების მიმართ.

2. ქართველები რუსეთში. რუსეთში რამოდენიმე ასეულობით ათასი საქართველოს მოქალაქე და საქართველოდან წასული ადამიანი ცხოვრობს და მუშაობს. მათი შევიწროვება, მათი ეკონომიკური საქმიანობისთვის ხელშეშლა, სავიზო რეჟიმის კვლავ გამკაცრება, რუსეთიდან ქართველების გამოდევნის მუქარა ან რეალური გამოდევნის დაწყება საქართველოსთვის სერიოზული საკითხი იქნება. ეს ადამიანები იქ მუშაობენ და საქართველოში თავისი შემოსავლის ნაწილსაც აგზავნიან. გარდა ჰუმანიტარული და პოლიტიკური პრობლემისა, ასეთი ზეწოლა ეკონომიკურად მნიშვნელოვანი და საგრძნობი იქნება.

საუკუპაციო ხაზის მიერ ორად გაყოფილი სოფელი შიდა ქართლში
საუკუპაციო ხაზის მიერ ორად გაყოფილი სოფელი შიდა ქართლში

3.    რუსები საქართველოში. რუსეთის საოკუპაციო ჯარები საქართველოში დგანან, მათ შორის, იმ მთავარ სატრანსპორტო გზებთან ახლოს, რომლებზეც პრაქტიკულად დამოკიდებულია საქართველოს ეკონომიკური მთლიანობა და საერთაშორისო ვაჭრობა. ამ სავაჭრო-ეკონომიკური არტერიების პარალიზება (მცირე, მაგრამ რეგულარული ექსცესებით დაწყებული, ოკუპაციის ზოლის მათთან ახლოს გადმოტანით დამთავრებული), გამოიწვევს ეკონომიკური აქტივობის მკვეთრ დაცემას და სერიოზულ პოლიტიკურ და უსაფრთხოების დილემას შეუქმნის მთავრობას.

4.    ლიდერების შეხვედრა: ახალი მთავრობის მიწვევა მოლაპარაკებებზე იქნება რუსეთის შესაძლებლობა უშუალო ზეგავლენა მოახდინოს გადაწყვეტილების მიმღებებზე. ასეთ შეხვედრაზე, რა თქმა უნდა არ იქნება განხილული დეოკუპაციის ან დევნილთა დაბრუნების საკითხები. ოფიციალურად, ეს ურთიერთობების ნორმალიზების, ეკონომიკური თანამშრომლობის ან ჰუმანიტარულ საკითხებს დაეთმობა. სომხეთისა და უკრაინის ლიდერების პუტინთან ბოლოდროინდელი შეხვედრების გამოცდილებით თუ ვიმსჯელებთ, ადგილი ექნება პირდაპირ ზეწოლას და ის გამოწვევებიც ნათლად იქნება განმარტებული, რომელთა წინაშეც დაგვაყენებს რუსეთი იმ შემთხვევაში, თუკი ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერას გადავწყვეტთ. ალბათ იმაზეც იქნება ლაპარაკი, თუ რას მივიღებთ ასოცირებაზე უარის თქმით.

5. ევროპის დემონიზაცია. ერთ-ერთი კარგი საშუალება საზოგადოებრივ აზრზე და პოლიტიკოსთა განწყობაზე ზემოქმედებისა ევროპის „დემონიზაციაა.“ თუკი ევროპაში თინეიჯერებს „სექსის გაკვეთილებს“ უნიშნავენ, თუკი მასთან ასოცირების მერე ქართველები მასიურად დავიწყებთ ერთსქესიანთა ქორწინებების გამართვას, მაშინ ეს საშიშია. საქართველოში არიან ჯგუფები, რომლებიც ასე ფიქრობენ და უარს არ იტყვიან ამ „ბოროტების“ წინააღმდეგ საბრძოლველად ფულისა და სხვა დახმარების მიღებაში.

6. ეროვნული და რელიგიური შუღლი: საქართველო მრავალეროვნული სახელმწიფოა და ამ მრავალეროვნულობას რისკებიც თან ახლავს, თუკი საზოგადოების დიდი ნაწილი უმცირესობების მიმართ მტრულადაა განწყობილი. ბოლო დროს მომხდარი შეუწყნარებლობის შემთხვევები უმცირესობების გაუცხოებას ხელს უწყობს. ეს გაუცხოება კი ხელს უხსნის მესამე მხარეებს მეტად ჩაერიონ შიდა საქმეებში. ძალიან ცდება ის ხალხი, ვინც ფიქრობს, რომ მუსულმანებისთვის ლოცვის დაშლით პატრიოტულ საქმეს აკეთებს.

7.  ქართული პროდუქცია რუსეთში: რუსებმა სავაჭრო რეჟიმი შეამსუბუქეს, რასაც მათ ქვეყანასთან გაზრდილი ვაჭრობა მოჰყვა. ამას ასევე შეიძლება მოჰყვეს ევროპაში ექსპორტის ინტერესის შესუსტება: თუკი იაფად ნაწარმოები პროდუქცია შეიძლება გაყიდო რუსეთში, რატომ უნდა დაიხარჯო ევროპის ბაზრისთვის მეტად? ბევრად მეტი ქართული პროდუქციის ყიდვის პირობა და პირიქით – რუსულ ბაზარზე მეტად დამოკიდებული ბიზნესის ხელახალი შევიწროვება და იქიდან მისი გამოდევნის დაწყება საქართველოზე ზეწოლის მნიშვნელოვანი მეთოდი იქნება.

8.  ევროპის ფასი: თუკი გავითვალისწინებთ ევროპული იდეის პოზიტიური კომუნიკაციის შესამჩნევ სისუსტეს დღემდე (მათ შორის თავად ევროკავშირის მიერ, რაზეც მას მხოლოდ ამ ბოლო დროს აეხილა თვალი), შეიძლება განმტკიცდეს მოსაზრება, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციით მოგებული მხოლოდ უცხოელი ბიზნესმენები დარჩებიან, ხოლო ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება კიდევ უფრო მძიმე გახდება. შესაბამისად, საქართველო ეკონომიკურად წააგებს და ამიტომაც, ის ფასი, რაც საქართველომ ევროპასთან დაახლოებისთვის უნდა გადაიხადოს, ძალიან მაღალია.

 9. ნეიტრალური იდეები: საქართველოში არსებული ვითარების გათვალისწინებით, შესაძლოა საქართველოს საბაჟო კავშირში „გადაქაჩვის“ სწრაფ მცდელობას არც ჰქონდეს პრაქტიკული აზრი.  მაგრამ იდეა, რომ საქართველო არ უნდა იყოს „დაპირისპირების პოლიგონი“ და რომ ქართველები არც „ამერიკის და არც რუსეთის სამსახურში არ უნდა იყვნენ“ – როგორც ეს პოპულარულ ენაზე ითქმება ხოლმე, გაზიარებულია ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და საზოგადოების სხვადასხვა ფენებში. საქართველოს ნეიტრალიტეტის იდეის პოპულარიზაცია მიმზიდველი შესაძლებლობაა. ასეთი პროპაგანდის ხელშეწყობა ერთ-ერთი საშუალებაა საქართველო ევროპასთან პარტნიორულ ურთიერთობებს ჩამოაშოროს.

10. ძლიერი კომბინაცია საჭირო დროს: სულაც არ არის აუცილებელი, მხოლოდ რომელიმე ცალკეული მეთოდი იქნეს გამოყენებული. მათი კომბინაცია უფრო ეფექტური და შესაბამისად, რეალურია. წარმოვიდგინოთ, ერთდოულად წარმოებული ქართველების შევიწროება რუსეთში, სერიოზული დაძაბულობა ოკუპაციის ხაზებთან და ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის შესაბამისად დაცემა. ამასთანავე, აქტიური პროპაგანდა იმ საშიში შედეგებისა, რაც გარდაუვალია ევროკავშირთან ასოცირების შემთხვევაში. ამ ფონზე კი რუსეთის პრეზიდენტისა და პატრიარქის დამაჯერებელი პირობები, რომ ყველა პრობლემა მოგვარებადია ერთმორწმუნე ძმებს შორის და რომ ამ ძმობის დასტურად საქართველო მნიშვნელოვან და „უპირობო“ ინვესტიციას მიიღებს ეკონომიკური განვითარებისთვის.

მოკლედ, საჭიროა ვიმსჯელოთ, მომზადებული გვაქვს თუ არა საშინაო დავალება მნიშვნელოვანი გამოცდებისთვის.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s