სიზმრები არაფერს გვავალდებულებს

საქართველოში რეგულარულად, სისტემატურად კლავენ ადამიანები საკუთარი ოჯახის წევრებს – რეგულარულად. ცოლებს, დედებს, შვილებს – ჩემი დაკვირვებით, ძირითადად კაცები ქალებს. ეს ის ტრაგიკული პრობლემაა, რისი გააზრება არც კი დაგვიწყია, თავი რომ დავანებოთ იმაზე მსჯელობას, თუ როგორ უნდა მოვუაროთ ამ საკითხს. ყველა ის მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, რომელიც ადამიანთა სოციალური ყოფის მოსაწესრიგებლად და გასაუმჯობესებლად არსებობს, სულ სხვა რამეებითაა გართული – ერთმანეთთან networking-ით და მტკივნეული პრობლემებისგან დაშორებული პოლიტიკური დღის წესრიგის განხილვით. ჩვენ კი გავიგებთ „ახალ ამბავს,“’ თავს გავაქნევთ და დავივიწყებთ. უფრო მეტად იმაზე ლაპარაკი გვირჩევნია, თუ იმ ცუდ „დასავლეთში“ რა საშინელებები ხდება და ამასობაში, არავინ ზრუნავს იმაზე, რაც ჩვენს ქალაქებში და სოფლებში ტრიალებს (იმავე დასავლეთისგან განსხვავებით, სადაც ეს პრობლემა საყოველთაო დისკუსიის საგანია, მათ შორის, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე და ძირითად პოლიტიკურ პარტიებს შორის).

ასეთი „ოჯახური მკვლელობები“ საქართველოს ყოფის განუყოფელი ნაწილი გახდა, ჩვენი სოციალური სისტემის იმდენად ბუნებრივი ნაწილი, რომ მასზე ორგანიზებულ რეაგირებაზე ფიქრსაც კი ვერ ვახერხებთ და უბრალოდ შევეგუეთ რომ ასეა, რომ საღამოს საინფორმაციო გამოშვებაში „მორიგ“ ასეთ ამბავს გავიგებთ და დიდად აღარ გაგვიკვირდება – ეს მოულოდნელი აღარ არის, ეს „ნორმალურია“ – რას იზამ, ყველაფერი ხდება. სინამდვილეში ეს ის მნიშვნელოვანი თემაა, რაზეც პოლიტიკოსები უნდა მსჯელობდნენ და მათთან ერთად ჩვენ და ასევე ის რელიგიური ინსტიტუტები, რომლებიც ლამის იმასაც გვეუბნებიან, როგორი საარჩევნო სისტემა უნდა გვქონდეს. ჩვენ ზედმეტად გავერთეთ პოლიტიკისა და რელიგიის შოუ ბიზნესით და საერთოდ აღარ ვამჩნევთ ნამდვილ, რეალურ და ტრაგიკულ პრობლემებს ჩვენს გარშემო. ოჯახური ძალადობის თემა პოსტმოდერნული დასავლეთიდან „იმპროტირებულ,“ ერთეული „მართული“ არასამთავრობო ორგანიზაციების ინტერესის თემად წარმოჩინდა და ამ ვითარებაში ვერც შევამჩნიეთ, თუ როგორ გახდა თანამედროვე რელიგიური თუ პოლიტიკური იდეები ადამიანისგან დაცლილი და შესაბამისად, ანტიჰუმანური.

ჩვენ ყველამ ვიცით ეს ცუდი ამბები და ის, რაც ჩვენს გარშემო ხდება, მაგრამ ვამჯობინებთ, ფართოდ დავხუჭოთ თვალები და სიზმრებით ვიცხოვროთ. სიზმრები არაფერს გვავალდებულებს და ამიტომაც, ვარჩიეთ რეალობა სიზმრად ვაქციოთ, ჩვენი გამოწვევები – ჩვენსავე კომფორტად, ადამიანების ტრაგედიები კი სატელევიზიო ახალ ამბებად, რომელთაც ადრენალინი  მოაქვთ. ჩვენ თავი დავანებეთ იმაზე ფიქრს, თუ როგორ გავხდეთ უკეთესი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s