„ჩემი საყვარელი მწერალია ილია ჭავჭავაძე“

პოლიტიკა რაციონალური არჩევანების, ხშირად არც თუ ისე კარგ არჩევანებს შორის მიღებული გადაწყვეტილებების საქმეა. პოლიტიკის ამბების ანალიზი უფრო ძნელია, ვიდრე ძალაუფლებაზე კამათი. პოლიტიკურ მსჯელობას გადამოწმება, მაგალითები, სტატისტიკა და შედარებები სჭირდება. ამის გაკეთება კი მაშინაა შესაძლებელი, უფრო სწორად საჭირო, თუკი იცი რა გინდა გააკეთო. რაციონალურ პოლიტიკას ჩვენში ფეხმოკიდებული წინააღმდეგობრივი აზროვნება და ირაციონალობის პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზე ბატონობა ხშირად უშლის ხელს. ქვემოთ აზრობრივი წინააღმდეგობების, ნამდვილი აპოლიტიკური მსჯელობის რამოდენიმე მაგალითი:

„ძველი თბილისი“ ბევრს მოსწონს. ხშირად აქებენ მაშინდელ კულტურას, ურთიერთობებსა და ურთიერთპატივისცემას. ქალაქურ გადმოცემებში ქარავნების მიმოსვლა, ქალაქის ცენტრში გაჩაღებული ვაჭრობა მეტწილად პოზიტიურადაა დანახული. ჩვენთან ამაყობენ იმით, რომ საქართველოზე ოდესღაც დიდი სავაჭრო გზები იკვეთებოდა. ამასთან, ხშირად იმავე ხალხისაგან, ვინც ამ მშვენიერ გადმოცემებს გიყვებათ, მოისმენთ ქსენოფობიურ და ნაციონალისტურ აზრებს, წუხილს, რომ მომსახურების ინდუსტრია დამამცირებელია ჩვენთვის და ასე შემდეგ. სინამდვილეში კი ამ სანატრელ „ძველ დროს“ აქ ჩამოდიოდნენ უცხოელები, ნაციონალიზმს გასავალი არ ჰქონდა, მრავალი ენა და ჩვეულება ერთანეთში ირეოდა და შესაბამისად, მომსახურებაც განვითარებული იქნებოდა. ერთის მხრივ, სანატრელი „ძველი თბილისი“ თუ „საქართველო ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე“ და მეორეს მხრივ, უცხოელები, ვაჭრობა თუ მომსახურება ერთმანეთის გარეშე არ გამოდის. მაგრამ ბევრი მაინც ჯიუტად ამაყობს ძველით და თან უარყოფს ამ ძველის საფუძველს თანამედროვეობაში.

მნიშვნელოვანი უკმაყოფილება გამოითქმის იმაზე, რომ ჩვენს მიწებზე უცხოელები სახლდებიან და მუშაობას იწყებენ. ეს საკითხი მნიშვნელოვანია და უნდა განვიხილოთ. მაგალითად, შეგვიძლია დავთვალოთ  რამდენია ქვეყანაში დასამუშავებლად სასარგებლო მიწა და რა დაუჯდება სახელმწიფოს სავარგულების მისივე რესურსებით დამუშავება. პოლიტიკური შეკითხვები იმაშია, თუ როგორ უნდა გავიზარდოთ ისე, რომ ამის ფული გვქონდეს,  ვინ უნდა გადაიხადოს ეს ფული, რამდენი დაუჭერდა მხარს სხვა დანახარჯების ვთქვათ, განათლების ან ტრანსპორტის სუბსიდიების პროპორციულ შემცირებას და ზოგადად, სამართლიანი და ეფექტურია თუ არა მიგრაციის რეგულირება. სამწუხაროდ, ეს შეკითხვები დისკუსიებში არ ისმის.

სამაგიეროდ, საქართველოში ჩინელების უფრო „ეშინიათ“ ვიდრე რუსების. არ ვფიქრობ რომ რომელიმე ერის უნდა „გვეშინოდეს“ და ვიცი რომ მიგრაცია საყურადღებო თემაა, მაგრამ უფრო მეტი მესმის იმაზე, რომ ჩინელები და ინდოელები მიწას გვართმევენ, ვიდრე იმაზე ფიქრი, რომ რუსეთის სახელმწიფომ უკვე წაგვართვა მიწაც და ხალხიც. პარადოქსულად, იმ ქვეყნის პოლიტიკა, რომელიც ჩვენი ტერიტორიის დიდი ნაწილის ოკუპანტია უფრო ნაკლებად განიხილება ვიდრე რამოდენიმე, თუნდაც ათასი ჩინელი თუ ინდოელი, რომელიც ჩამოდის იმისათვის, რომ იშრომოს.

საქართველოს ქალაქ გორში, თვითმმართველობის შენობა სტალინის გამზირის 16 ნომერში მდებარეობს ხოლო ქვეყანაში მისი რამოდენიმე ძეგლიც კი დგას. ამასთან, ილია ჭავჭავაძე, ვაჟა ფშაველა, იაკობ გოგებაშვილი, ნიკო ნიკოლაძე და XIX – XX საუკუნის მიჯნაზე მოღვაწე მრავალი სხვა დიდებული ადამიანი ჩვენს საყვარელ მწერლებად და სასახელო საზოგადო მოღვაწეებად მიიჩნევიან.  საზოგადო მოღვაწეები, რომლებიც თავს ილია ჭავჭავაძის და იაკობ გოგებაშვილის მიმდევრებს უწოდებენ, გეტყვიან რომ ქალის ადგილი სახლშია, უცხოური კაპიტალი საშიშია, სტალინი დიდი კაცი იყო, უცხოელები აქედან უნდა გავყაროთ და ქვეყანა სჯულის კანონით ვმართოთ… შეუძლებელია გიყვარდეს ილია და ვაჟა-ფშაველას ტრადიციებზე აღზრდილი იყო, თუკი ფიქრობ, რომ ისეთ ქვეყანაში იცხოვრებდი, რომელსაც სტალინის მაგვარი კაცი მართავს. ასეთი წინააღმდეგობა მხოლოდ იქ შეიძლება ხდებოდეს, სადაც არ არსებობს თანხმობა იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ქვეყანა: ისეთი, სადაც უმცირესობასაც იცავენ, თუ ისეთი, სადაც ხალხის ხოცვას სტატისტიკა ჰქვია.

ილია და ვაჟა, იაკობ  გოგებაშვილი და ნიკო  ნიკოლაძე და იმ ეპოქის მრავალი მართლაც საამაყო საქართველოს შვილები ჩვენს ქვეყანაში დაიბადნენ,  მაგრამ ქართული საზოგადოების დიდ ნაწილს მათი იდეალები არ მიუღია, საკუთარი ცხოვრების წესად არ დაუნერგავს. ილიასა და ვაჟას ნამდვილი მიმდევრები საქართველოში დიდ უმცირესობაში არიან.

ძალაუფლების ამბების გარკვევები მანამ გაგრძელდება, სანამ ჩვენ ძალაუფლებისა და პოლიტიკის კავშირთან ერთად მათ განსხვავებასაც არ დავინახავთ და პოლიტიკის გარჩევას არ დავიწყებთ. მეტიც, თუკი იგივეს არ მოვთხოვთ იმათ, ვისაც ამაში იმ ფულს ვუხდით,  რომელსაც ჩვენს შვილებსაც მშვენივრად მოვახმარდით. ჩვენ პოლიტიკაზე კრიტიკული მსჯელობა უფრო გვჭირდება ვიდრე იმაზე გაცხარება, რომ მიწებს გვართმევენ. მიგრაცია, კულტურა, განათლება, მიწის საკუთრება, ინვესტიციები და ასე შემდეგ, ემოციურთან ერთად რაციონალური, პოლიტიკური თემებია, სადაც ერთი ალტერნატივა მეორეს გამორიცხავს, ხოლო დანახარჯები და შედეგები დათვლადი და გაზომვადია. დღევანდელი საზოგადოებრივ – პოლიტიკური დღის წესრიგის სათავეში სწორედ ამ რაციონალური და თანმიმდევრული მსჯელობის  საზოგადო ცხოვრების წესად შექმნა უნდა იყოს. 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s