საქართველო 2025 – Birth of the Cool

1957 წელს მაილს დევისმა საშიში ნაბიჯი გადადგა. რადგანაც ვერ შეეწყო ჩარლი პარკერსა და დიზი გილესპის – ჯაზის ამ ორი დიდი მესაყვირის აგრესიულ მუსიკას, ცალკე გავიდა და ჩაწერა სრულიად ახალი და თავხედური ალბომი – Birth of the Cool. ეს ალბომი ქულ ჯაზის საფუძველი და ჯაზის ახალი ენა გახდა.

გასულ კვირას, NIMD-ის დემოკრატიის განათლების პროგრამით დაფინანსებული დემოკრატიის სკოლების ბანაკი – საქართველო 2025 – დასრულდა. ჩვენი დემოკრატიის სკოლები ამჟამად 4 ქალაქში – თელავში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში მუშაობს და დემოკრატიული პოლიტიკით დაინტერესებულ ადამიანებს ამ საკითხებში განათლებასა და ტრენინგს სLogo_Back (2)თავაზობს. ანაკლიაში ამ სკოლების 50 კურსდამთავრებული შევკრიბეთ და ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეები იმაზე მსჯელობდნენ, თუ როგორი უნდა იყოს საქართველო 2025 წელს.

ასეთი მსჯელობა ახალი ამბავი არაა მსოფლიოში. მრავალი ქვეყანა თუ გაერთიანება ქმნის ასეთ ხედვებს (აი, მაგალითად – ლონდონი 2020 ან ევროკომისიის ჰორიზონტი 2020), რათა მოახერხოს და “გადააბიჯოს” მიმდინარე პოლიტიკურ დებატებს, ყოველდღიური პოლიტიკური საკითხების წვრილმანებს და დაინახოს, თუ სინამდვილეში რა არის გასაკეთებელი იმისათვის, რომ ადამიანების ცხოვრება გახდეს უკეთესი. ამ დროს, პოლიტიკოსები, მეცნიერები, სტრატეგიული დაგეგმვის სპეციალისტები ფიქრობენ, თუ როგორი უნდა იყოს ცხოვრება მათთვის და მათი შვილებისთვის სულ რამოდენიმე წელიწადში. ეს არის მსჯელობა იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ, რა პროექტები უნდა განვახორციელოთ და რა რეფორმები გვჭირდება ამისათვის.

პოლიტიკის კეთების ორი გზა არსებობს: ერთი ეს არის წარსულზე ფიქრი და “იქიდან მსჯელობა.” წარსულზე ფიქრი ადვილია, რადგანაც იქ ნაცადი ამბები ტრიალებს. იცი რა უნდა თქვა და რა უნდა გააკეთო, ბევრჯერ გინახავს და მოგისმენია. მოკლედ, უფრო უსაფრთხოა. წარსულზე დაყრდნობა კარგია, რადგან გამოცდილებას გაძლევს, მაგრამ წარსულით მოქმედება საშიშია, იმიტომ რომ ეს ერთი და იგივე ადგილის ტკეპნაა. ეს კი საქართველოსთვის ჩამორჩენილობაში ცხოვრების გაგრძელებას ნიშნავს. მეტიც, ასეთ დროს ყველაზე დიდი რისკი ისაა, რომ პროპაგანდამ, პოლიტიკურმა კომუნიკაციებმა, “დიდმა” პოლიტიკურმა დებატებმა და “ზე-საკითხებმა” ისე გაგიტაცოს, რომ ვეღარც შეამჩნიო რომ შენი მოსწავლეები ერთ-ერთ ბოლო ადგილზე არიან განათლების მნიშვნელოვანი მაჩვენებლებით,  შენი დედაქალაქის ჰაერი ძალიან დაბინძურებულია და რომ შენი მსჯელობა თერგდალეულების ნაწერზე მეტად უწიგნური ექსტრემისტების ნათქვამს უტრიალებს.

პოლიტიკის კეთების მეორე გზა წინ გახედვა და ისეთი კითხვების დასმაა, რომელიც მნიშვნელოვანია ცხოვრებისთვის. მაგალითად, როგორი იქნება ჩემი ქალაქი 12-13 წლის შემდეგ? მექნება თუ აDSC_0100რა უკეთესი ჰაერით სუნთქვის შესაძლებლობა? შემეძლება თუ არა შვილიშვილები უკეთეს საბავშვო ბაღში წავიყვანო? გაიზრდება თუ არა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ქვეყანაში? როგორ განვითარდება ბინათმშენებლობა? როგორ მოეწყობა სოფლები ჩემს ქვეყანაში? საპენსიო და ჯანდაცვის სისტემა? რას და როგორ ასწავლიან სკოლებში? უნივერსიტეტებში? ამ კითხვებზე პასუხი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც მხოლოდ ასეთ დროს ახერხებ მიმდინარე ავანტიურების გვერდზე მოტოვებას და რეალური, პოზიტიური პოლიტიკის შექმნას. ამ საკითხებზე მსჯელობისთვის შევკრიბეთ საქართველოს არასამთავრობო, მედია და პოლიტიკური სექტორების წარმომადგენლები ანაკლიაში.

ერთის მხრივ, რეგიონების ყველაზე აქტიური, ინფორმირებული და განათლებული ხალხი მსჯელობდა მომავალზე. ეს იყო ნათელი ფერების დისკუსია, პოზიტიური პოლიტიკური მსჯელობა. მეორეს მხრივ, ეს იყო მნიშვნელოვანი მოვლენა, იმიტომ რომ  გამოჩნდა, თუ რამდენად საჭიროა ასეთი დისკუსია მაღალ, პოლიტიკურ დონეზე; თუ რამდენად ვიწროა ხშირად მიმდინარე დებატების სივრცე და რამდენი უფრო მნიშვნელოვანი საკითხი რჩება პოლიტიკური განხილვის გარეშე. გარდა ამისა, ამ დისკუსიამ იმის იმპულსი გააჩინა, რომ საზოგადოებამ მეტი საგნობრივი მსჯელობა მოითხოვოს პოლიტიკოსებისგან და რაც მთავარია, თავად იმოქმედოს. საქართველოს ბევრი მეგობარი ჰყავს, მაგრამ იგი საკუთარმა განათლებულმა პოლიტიკურმა კლასმა უნდა გამოატაროს იმ გზაზე, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მისი გასავლელია.

მომავალზე ფიქრის დადებით მხარე ისიცაა, რომ როდესაც მას წარმოიდგენ, გაიაზრებ და ქაღალდზე გადაიტან, მიხვდები სად ხარ დღეს სინამდვილეში. ეს კი უკვე კარგი დასაწყისია. როდესაც ბანაკის მონაწილეები 2025-ში კარგ არჩევნებს, ძლიერ პროფესიულ სასწავლებლებს, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობას, თვითმმართველობის განხორციელების მეტ შესაძლებლობას თუ უკეთეს ეკონომიკურ თანამშრომლობას გეგმავდნენ, ვხედავდით თუ რამდენად ბევრი საქმეა ქვეყანაში გასაკეთებელი. იმისათვის, რომ ეს საქმეები გააკეთო, უნდა გაიაზრო, თუ მართლაც რამდენად რთული ამოცანების წინაშე დგახარ. საქართველოს კონტექსტუალიზაცია მსოფლიო კონტექსტში, მისი დღევანდელი მდგომარეობის და სამომავლო შესაძლებლობების რეალისტურად დანახვა ამ საზაფხულო ბანაკის ამოცანა იყო.

მომავლის ხედვების შემუშავება მხოლოდ ინტელექტუალური საქმიანობა არაა, ეს პოლიტიკური მოქმედებაცაა. როდესაც დემოკრატიის სკოლების რამოდენიმე ჯგუფი პროექტ “საქართველო 2025-ზე” მუშაობდა, მერე კი ამას კარგი ორატორული გამოსვლებით გვიყვებოდა, ჩნდებოდა ახალი პოლიტიკური ჰორიზონტი და იქმნებოდა ახალი პოლიტიკური გემოვნება.

“საქართველო 2025” ბანაკმაც ისე დაუკრა 2013-ში, როგორ მაილსმა 1957-ში: სრულიად ახლებურად გააზრებული მუსიკა, სხვა ტემპით და სხვა ტონალობით; მათაც, ისევე როგორც ჯაზში, ერთი თემა – ქვეყნის უახლესი მომავალი, სხვადასხვაგვარად გაიაზრეს, ინდივიდუალურად გადაამუშავეს და მერე თითოეულმა ცალ-ცალკე, განსხვავებულად დაამღერეს. ბოლოს კი ყველა მონაწილემ ახალი, ერთობლივი, ძალიან cool ალბომი ჩაწერა, რომელიც მალე მეტად მოსმენადი გახდება.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s