ხალხის წინააღმდეგ

პოლიტიკის შესახებ საუბრებში ხშირად გაიგებთ, რომ პოლიტიკოსებმა ხალხის მოთხოვნებსა და სურვილებს უნდა უპასუხონ. ესაა დღევანდელობის მოწოდება, რასაც პოლიტიკის ექსპერტები, სხვადასხვა კომენტატორები და მედიაც  მუდმივად შეახსენებენ პოლიტიკოსებს. ეს მოსაზრება აქსიომად მიიჩნევა, რომლის ჭეშმარიტებაში ეჭვი ცოტას თუ ეპარება. მართლაც, პოლიტიკოსს უნდა ესმოდეს საზოგადოების, რათა მათი პრობლემები გადაჭრას. მაგრამ გადაჭარბებული დამოკიდებულება „ხალხის მოთხოვნებსა“ ან “უმრავლესობის ნებაზე“  პოლიტიკას რეიტინგებისა და სტერეოტიპების მონად ხდის, რაც საზიანოა.

იმის თქმა, რომ  პოლიტიკოსმა ხალხის მოთხოვნა ყოველთვის უნდა შეასრულოს, იგივეა, რომ პოლიტიკა საბაზრო ეკონომიკის პრინციპებით ვაწარმოოთ, სადაც მიწოდება პასუხობს მოთხოვნას. ეს კი სინამდვილეში სხვა არაფერი იქნება, თუ არა პოლიტიკური კონფორმიზმი. მართალია, პოლიტიკოსმა უნდა უპასუხოს იმ საჭიროებებს, რომელიც ქვეყნის წინაშეა და ეს დემოკრატიის ნორმალური პროცესია, ხოლო უმრავლესობის ნება, საზოგადოების თანამონაწილეობა და მის მიერ პოლიტიკოსთა კონტროლი დემოკრატიული პოლიტიკის აუცილებლობაა. თუმცა მე იმის თქმა მინდა, რომ ეს საქმის მხოლოდ ნაწილია. გარდა საზოგადოებრივი აზრის მოსმენისა, პოლიტიკამ უნდა გახსნას ახალი გზები, ახალი თვალსაწიერიდან გადახედოს გარემოს და მნიშვნელოვანი საკითხები, თემები და პრობლემები გახადოს განხილვის საგანი და მოქმედების საფუძველი. რაც მთავარია, თუ საჭირო გახდა, პოლიტიკოსს უმრავლესობის წინააღმდეგ გამოსვლის რესურსი უნდა ჰქონდეს.

თანამედროვე პოლიტიკური შეჯიბრის ერთ-ერთი გამორჩეული თვისება რეიტინგებისა და პოლიტტექნოლოგიების შეჯიბრია. ყველა სოლიდური პოლიტიკური ორგანიზაცია საკუთარი კვლევითა და კონსულტანტებითაა შეიარაღებული. ასეთი კვლევები და ტექნოლოგიები პოლიტიკის ნაწილია და მნიშვნელოვანია პოლიტიკისა და პარტიების ორგანიზაციული განვითარებისთვის, მაგრამ ახალი იდეები პოლიტიკური თვალსაწიერის გაფართოებით და გარემოს ახლებური გააზრებით იბადება. შეხედეთ ტელევიზორს, რომლის ჟურნალისტებიცა და სტუმრებიც ერთგვაროვანი  სიუჟეტებით, ფრაზებითა და სიტყვებით გვესაუბრებიან რაც არ უნდა არაბუნებრივი ან უადგილო იყოს ეს. პოლიტიკურ ტექნოლოგიებზე ზედმეტმა დამოკიდებულებამ პოლიტიკური რეფორმაციის ნაცვლად პოლიტიკური კონფორმიზმი მოიტანა. „მესიჯის კონტროლი“ გახდა მანტრა და შეზღუდა პოლიტიკური აზროვნებისა და გამოხატვის თავისუფლება.

ამ ყველაფრით არ მინდა ისეთი შთაბეჭდილება შევქმნა, თითქოს არ ვიცოდე, რამდენად რთულია რეალურ პოლიტიკურ გარემოში მუშაობა, სადაც მუდმივი შიდა ორგანიზაციული კომპრომისების, გადარჩენისათვის ბრძოლისა და საზოგადოებრივ აზრზე მუშაობის დროს თითქმის აღარ რჩება თავისუფალი სივრცე ახალი წამოწყებებისათვის. მაგრამ პოლიტიკოსს კომერსანტისგან ის განასხვავებს, რომ მისთვის მთავარი პოლიტიკური მისიაა და არა ის, თუ რა იყიდება დღეს.

საზოგადოებრივ აზრზე ზედმეტმა დამოკიდებულებამ შესაძლოა პოლიტიკოსები გააკოტროს, სხვაგვარად მოქცევამ კი პირიქით, შთამბეჭდავი წარმატებები მოუტანოს. პოლიტიკის მიზანი ისევეა საყოველთაო აზრის წინააღმდეგ წასვლა, როგორც მასზე რეაგირება. საზოგადოებრივ აზრი, ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილი ან სულაც მისი უმრავლესობა, ხშირად შესაძლოა შავ-ბნელი იდეების მორჩილი გახდეს, რომელთაც მათ რომელიმე გამოცდილი პოპულისტი ხმამაღლა უქადაგებს ფერადი ტელევიზორიდან. “ხალხის მოთხოვნები” ხშირად შეიძლება დაუნდობელი, შეუწყარებელი, რასისტული ან სულელური იყოს და სულაც არაა აუცილებელი პოლიტიკოსები ყოველთვის დამორჩილდენ ამ აზრებს – მათ ისინი უნდა შეცვალონ და ამგვარად უკეთესი გზით წაიყვანონ საზოგადოებაც და საკუთარი კარიერაც. „ხალხის ნება“  ხშირად ეუფემიზმია, რომელიც ბრიყვული და საშიში აზრების პოლიტიკაში გატარებას დემოკრატიისა და სამართლიანობის ზეიმად წარმოგვიდგენს.

სინამდვილეში კი კარგი გაკვეთილები ბევრია. აი, უინსტონ ჩერჩილი წლების განმავლობაში, მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე უმრავლესობის აზრის საწინააღმდეგოდ ბრიტანეთის მილიტარიზაციის და გერმანიის შეჩერების მოთხოვნით გამოდიოდა. წლების მერე, მესამე რაიხის მიერ ევროპის დაჩაგვრამ იგი ხელისუფლებაშიც მოიყვანა და ისტორიული შესაძლებლობაც მისცა ბრიტანეთთან ერთად მსოფლიოს უკეთესი ნაწილი ბრწყინვალე გამარჯვებებისკენ წაეყვანა. უმრავლესობის აზრი ძალიან ადვილად შეიძლება შეიცვალოს სხვაგან მომხდარი შემთხვევების ან სულაც უმცირესობის მიზანდასახული მოქმედების შედეგად. ყველა ვნახეთ, რა უცებ შეიცვალა წარმოდგენები და დამოკიდებულები პატიმრების წამებისა და დამცირების ვიდეოს გავრცელების შემდეგ; ისიც გავიხსენოთ, რამხელა ბიძგი მისცა არაბულ გაზაფხულს ერთი ტუნისელი მევაჭრის მიერ თავის დაწვამ და მივხვდებით, რამდენად სწრაფად შეიძლება შეიცვალოს ის გარემო, რომელიც პოლიტიკურ დამოკიდებულებებს განაპირობებს ახლა. ასეთი ცვლილებები კონფორმისტ პოლიტიკოსებს, რომელთაც სჯერათ, რომ სულ ის უნდა აკეთონ, რაც მათი აზრით უმრავლესობას სურს, სულელურ მდგომარეობაში ხშირად ჩააყენებს, მანამდე უმცირესობაში მყოფებს კი ამ უმრავლესობის საყვარელ მმართველებად აქცევს.

პოლიტიკოსთა წარმატება დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ახლებურად დაინახავენ პრობლემებს და რამდენად ღირებულ და თანმიმდევრულ მსოფლმხედველობას შესთავაზებენ საზოგადოებას. პოლიტიკური კონფორმიზმი ცალკეული პოლიტიკოსებისათვის სიმშვიდის, ხოლო პარტიებისათვის რეიტინგის მომტანია, მაგრამ ეს მათ დამანგრეველი ქარებით ემუქრება, რომლებიც მოულოდნელად მოდიან. არის საკითხები, რაც პოლიტიკოსების გადასაწყვეტია და არა მასების. მასებს შეუძლიათ ისინი ამ გადაწყვეტილებების გამო არჩევნებზე განსაჯონ, მაგრამ ეს პოლიტიკოსთა ბედია და ამას თავს ვერ აარიდებენ.

პოლიტიკოსებს ხშირად არ ყოფნით ძალა წინ აღუდგენ უმრავლესობას. ამით ისინი საკუთარ ფუნქციას კარგავენ და მასების ცვალებადი განწყობების ტალღაზე მოტივტივე ნაფოტები ხდებიან ნაცვლად იალქნიანი გემებისა, რომელთაც გზა უნდა გვიჩვენონ. ჩვენ კი იმდენად გავერთეთ რეიტინგების კითხვითა და პოლიტიკური ტექნოლოგიების კირკიტით, რომ პოლიტიკურ ფასეულობებზე ფიქრი შევწყვიტეთ და  გვგონია, რომ პოლიტიკური იდეოლოგიები და ღირებულებები, თანამედროვე პოლიტიკური მარკეტინგის ეპოქაში, მხოლოდ და მხოლოდ ტაქტიკური სვლებია, რომლებიც საერთაშორისო თუ ადგილობრივი კონტექსტის მიხედვით შეირჩევა. ეს ყველაფერი სინამდვილეში დიდი სისულელეა, მორალი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რეიტინგი.

პოლიტიკოსებმა პოლიტიკურ ტაქტიკაზე ფიქრი სტრატეგიის ხარჯზე დაიწყეს. ამ დამოკიდებულების შეცვლის აუცილებელი წინაპირობა პოლიტიკაში იდეალიზმის დაბრუნებაა. იდეალისტი ადამიანების ერთობა, რომელთაც პოლიტიკური ღირებულებები და არა ლიდერის „არჩევადობა“ ან „საბაზრო უპირატესობები“ აერთიანებთ, შესაძლოა, არამოდური სამოსით სიარულსაც კი გავდეს, მაგრამ დამერწმუნეთ, ეს მხოლოდ დროებითი იქნება. სამაგიეროდ, მერე ბევრი მოიხდენს შლაპასა და სიგარას ისე როგორც, ვინსტონის დროს…

One thought on “ხალხის წინააღმდეგ

  1. საკმაოდ ძველი პოსტია თუმცა მაინც ერთ რამეში არ დაგეთანხმებით. შთაბეჭდილება დამრჩა რომ მასების დემონიზაციას ახდენთ თითქოს ინფორმირებული ელექტორატი საერთოდ არ არსებობდეს და ნებისმიერ საკითხზე ხალხის მოთხოვნა shortsighted იყოს. ანუ გამოდის რომ შეუძლებელია პოლიტიკურ რეფორმაციას ბიძგი ინფორმირებულმა ელექტორატმა მისცეს, რაღაც ახალის მოთხოვნით? გამოდის, რომ პოლიტიკოსი ხალხის განათლებით უფრო უნდა იყოს დაკავებული ვიდრე კონკრეტული პოლიტიკური ამოცნაების გადაჭრით. მეორეს მხრივ პარტიისთვის ასეთი მიდგომა შეიძლება დამღუპველი თუ არა მინიმუმ წამგებიანი აღმოჩნდეს. თუნდაც საქართველოს რესპუბლიკური პარტიის მაგალითი, რომ ავიღოთ, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში ვერც იდეების რეალიზაციას ახდენდა, სწორედ იმის გამო რომ პოპულისტურ გათვლებზე მაღლა იდგა და არც იმის რესურსი გააჩნდა რომ ამომრჩეველის პოლიტიკური კულტურა “ამოექაჩა”. ეს ხდებოდა ნაც.მოძრაობის მოსვლამდე და შემდეგაც. ნაციონალების მიერ წარმოებულ შიდა პოლიტიკაზე კამათი ნამდვილად შეიძლება თუმცა ამ ძალამ ავად თუ კარგად სხვა პოლიტიკურ ძალებზე უკეთ მოახერხა საკუთარი “მსოფლმხედველობის” და პოპულიზმის შეხამება, მაშინ როცა რესპუბლიკელებმა მთავრობაში მოსვლა მხოლოდ სხვისი, კერძოდ ბიძინა ივანიშვილის, იმიჯის ხარჯზე მოახერხეს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s