„სავარძლის ეკონომისტი: ეკონომიკა და ყოველდღიური ცხოვრება”

სტივენ ლანდსბურგი

Free Press (1995) – Paperback – 241 pages – ISBN 0029177766

ეკონომიკა ძალიან საინტერესო მეცნიერებაა, რომელიც ადვილია მოსაწყენად ასწავლო და ბევრ მასწავლებელს ეს ძალიან კარგად გამოსდის. აი სტივენ ლანდსბურგს კი შეუძლია ამ მშრალი გრაფიკებით სავსე მეცნიერებაში სწრაფად და პირდაპირ თავით ჩააყუდოს მსმენელი. მისი წიგნი: „სავარძლის ეკონომისტი: ეკონომიკა და ყოველდღიური ცხოვრება“ პირველივე გვერდებიდანვე ახდენს მკითხველის პროვოცირებას იმდაგვარად, რომ მოგინდება ან მეტი წაიკითხო ამ საკითხებზე, ან გადაწყვეტ რომ პოლიტიკა საინტერესო საქმეა და ან თავიდან გადაიკითხავ მენქიუს, კრუგმანსა თუ ობსტფელდს (თუკი ბოლო ორი ვარიანტი ერთად მოხდება ბევრად უმჯობესია).

ეკონომიკა ცხოვრების მეცნიერებაა, რომელიც ადამიანის ქცევას ხსნის – ეს მთავარი თემა კი ძალიან ხშირად იკარგება საუნივერსიტეტო ლიტერატურაში, მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ წიგნში, რომელიც ეკონომიკას ეძღვნება ეს საკითხი შესავალში მაინც ვრცლად არის ხოლმე განხილული. რაც ძალიან კარგი აქვს ლანდსბურგს ეს არის უნარი, არ მოცილდეს მთავარ თემას და მთავარ ვარაუდს: „ადამიანი რეაგირებს მოტივაციებზე“ და ამ თემის გარშემო ატრიალოს ეკონომიკური თეორია და მისი ინტერპრეტაციები.

წიგნი ისეთი აქტუალური თემით იხსნება (ისევ და ისევ: „ადამიანი რეაგირებს მოტივებზე“), რომ ცოტა ადრე რომ დამეწერა მისი მიმოხილვა ალბათ მრავალ ქართველ მძღოლსა თუ კანონშემოქმედს ახალი (უცნაური) არგუმენტები მიეცემოდა: მისი პირველი თავი იმას განიხილავს, თუ რამდენად საშიშია ავტომობილის უსაფრთხოების ღვედები ადამიანის სიცოცხლისთვის (პასუხი: ზოგიერთი ავტორიტეტული გამოკვლევის თანახმად, უკეთესი უსაფრთხოება ნიშნავს უფრო სახიფათო მოძრაობას ავტომობილით – რადგანაც მძღოლი უფრო დაცულია, იგი უფრო სახიფათოდ მოძრაობს. შესაბამისად, იზრდება ფატალური შემთხვევები ქვეით მოსიარულეებში).

ასეთი, ყოველდღიური თემებით არის სავსე ეს პატარა წიგნი, რომელიც თავებად, მოკლე და საინტერესო მოთხრობებად ანაწილებს ეკონომიკის ძირითად საკითხებს. აი მაგალითად: რატომ არის „კარგი“ სიკვდილით დასჯა? რატომ არის „ცუდი“ თუკი თქვენ მონდომებით ცდილობთ რაც შეიძლება ნაკლები გვერდი დაბეჭდოთ და ამით დაიცვათ გარემო? რა დადებითი შედეგი მოაქვს იმას, რომ არსებობენ მწეველები? რატომ არის სულ ერთი ბიუჯეტი დეფიციტურია თუ არა? როგორ შეიძლება ხორბალის თავთავმა ავტომობილები მოისხას? რითი გავს ამერიკის ორპარტიული პოლიტიკური სისტემა ბიზნეს კარტელს?

გარდა იმისა, რომ ასეთი, ყოველდღიური თემებით ლანდსბურგი ახდენს ინტერესის გაღვივებას, იგი ასევე კარგ, მარტივ მეთოდს ჯერ გვიჩვენებს წიგნის პირველ თავებში, ხოლო მერე უკვე ანალიტიკურ ჩვევაში ნერგავს. ერთ–ერთი მთავარი კითხვა რომელიც ისმის ნებისმიერი თემის განხილვისას არის ის, „თუ ვინ ხეირობს“ ამა თუ იმ ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად. ჩვენთანაც ხომ ხშირად ისმის მოწოდებები ადგილობრივი მეწარმეების დასაცავად? თუმცაღა რა თქმა უნდა არავინ ამბობს იმას, თუ რა დააშავეს ადგილობრივმა იმპროტიორებმა ან ადგილობრივმა მომხმარებლებმა. სახელმწიფო ეკონომიკური პოლიტიკის ანალიზი, უფრო სწორად ანალიზისათვის საჭირო კითხვების ჩამოყალიბება და მათით გავარჯიშება ამ წიგნის ერთ–ერთი მთავარი საკითხია. მაგალითად, კარგია თუ არა ინფლაცია დასაქმებისათვის და უნდა მოახდინოს თუ არა მთავრობამ ინფლაციით მანიპულირება უმუშევრობის შესამცირებლად? რა უარყოფითი შედეგი შეიძლება მოიტანოს სუფთა ჰაერმა ჩვენს ქალაქებში?

მესამე საინტერესო საკითხი, რაც წიგნში კარგად იკვეთება ეს საჯარო პოლიტიკისა და მორალის საკითხია, რაც ძალზედ ხშირად ხდება პოლიტიკის მსჯელობის საგანი და რის შედეგადაც პოლიტიკის მთავარი იდეა ეფექტიანობა, ყველას ავიწყდება (ან ივიწყებს) ხოლმე. როგორ გავიგოთ რომელი პოლიტიკა ჯობია: რომელიც ახალგაზრდებს ეხმარება და ხანდაზმულებს აზარალებს თუ პირიქით? რითია ცუდი დაბალი საპროცენტო განაკვეთები საბანკო სესხებზე? ვინაიდან არ არსებობს „უფასო ლანჩი,“ პოლიტიკის რეალური კითხვა ხშირად იმაში მდგომარეობს თუ ვისი ჯიბიდან უნდა ამოვიღოთ ფული და ვის ჯიბეში ჩავდოთ. ეკონომისტებისათვის ამ კითხვებზე პასუხები შედარებით ნათელია, სხვა პროფესიის მიმდევართათვის კი ხშირად ეკონომიკური და ღირებულება–ეფექტიანობის ანალიზი გზას პოლიტიკას, ლობიზმსა და სტერეოტიპებს უთმობს. ეკონომიკა საჭირო მეცნიერებაა ისეთი პრობლემების გადასაწყვეტად, რომელთა პოლიტიკურ, მორალურ თუ ეთიკურ მხარეზე მრავალი მოსაზრებაა, ხოლო მისი საჭიროებისა თუ შედეგიანობის შესახებ შეთანხმება რთულია. ასეთ შემთხვევაში ეს მეცნიერება საკმაოდ წონად არგუმენტს გვთავაზობს: ყველა გადაწყვეტილება უნდა შეფასდეს მისი ეკონომიკური ღირებულება–ეფექტიანობით, ვინაიდან არ არსებობს, სხვა, უფრო უკეთესი და უფრო უნივერსალური საზომი.

თუკი თქვენ ეკონომიკას ასწავლით, ამ წიგნის თავები პირველი ლექციების საკითხავ მასალად ნამდვილად გამოგადგებათ. თუ ჟურნალისტი ხართ და მსგავს თემებზე წერთ, ან ხშირად გიწევთ ამ თემებზე მსჯელობა და დისკუსია ასევე ნამდვილად იხეირებთ. ან თუნდაც, თუკი უბრალოდ ცნობისმოყვარე ადამიანი ხართ და გაინტერესებთ პასუხები საინტერესო შეკითხვებზე ეს წიგნი კარგი ზომა–წონისაა, როგორც მოცულობით, ასევე შინაარსით: არც ძალიან რთულია და არც ძალიან დიდი. რაღაც გაგებით ეს წიგნი ცნობილი Freakonomics-ის წინამორბედად შეიძლება მივიჩნიოთ.

ბოლოს კი, აი ჩემი ყველაზე საინტერესო შეკითხვა ამ წიგნიდან: „რატომ აქვთ დიდი კორპორაციების ხელმძღვანელებს ასე მცირე ხელფასი?“ ამბობენ, ეკონომისტებს გული არ აქვთო, ხოდა როგორც ჩანს, ირონია საკმარისი აქვთ.

მიმოხილვა დაიწერა ჟურნალ “ლიბერალისთვის”

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s