ეგვიპტის ძველი და ახალი გაკვეთილები


1. პოლიტიკის ტრანსფორმაციისთვის მშვიდობიანი იძულება არა ნაკლებ ეფექტიანი ფორმაა ვიდრე ძალადობა.

ძალადობა კვლავ დარჩება პოლიტიკის ინსტრუმენტად მომავალში. ზოგჯერ შეუძლებელი გახდება მშვიდობიანი ცვლილება და საჭირო იქნება ძალის გამოყენება. მაგრამ ხშირად ძალისმიერი პოლიტიკა, განსაკუთრებით საშინაო ამბებში, მსგავს რეაქციას ბადებს და ბრძოლის მეთოდს პოლიტიკის მიზნად აქცევს. მეორეს მხრივ, დაწყებული სერბული „ოტპორიდან,“ ეგვიპტური „კიფაია–თი“ (კმარა) დამთავრებული, პროტესტის მშვიდობიანი ფორმა პირდაპირი გაგებით „ანიარაღებს“ სახელმწიფოს რეპრესიულ აპარატს. როდესაც არ არსებობს ძალადობის მიზეზი, ძალადობას არ აქვს გამართლება. შესაბამისად, მას მეტი წინააღმდეგობა ხვდება. შედეგად, რეპრესიული აპარატი მეტად სუსტდება, ხშირად კი სულაც მისი მთავარი ინსტრუმენტის – ფიზიკური ძალის გარეშე რჩება. ეს ის შემთხვევაა, როდესაც სუსტი უფრო ძლიერია. ამ ფილოსოფიისა და პრაქტიკის საფუძვლები აღმოსავლეთშია: ჯერ კიდევ ლაო ძისა თუ სუნ–ცის ნაწერებში, რომლებიც შემდგომ მაოს რევოლუციურ დოქტრინაში ისევე განსხეულდა, როგორც მშვიდობიანი წინააღმდეგობის განდისეულ თუ უფრო თანამედროვე დასავლურ ქმედებებში. დასავლეთი ხომ ასეთია: აღმოსავლურ სიბრძნესა და ინოვაციას ყოველთვის გარდაქმნის ეფექტურ ორგანიზაციად და სამოქმედო გეგმად. აქედანაც შემდგომი გაკვეთილი:

2. სტრატეგიული დაგეგმვა გადამწყვეტია (მით უმეტეს, თუკი შედარებით სუსტი ხარ)

აქციის მონაწილეთა ინტერვიუებიდან, მათი ბლოგებიდან კარგად ჩანს თუ რამდენად ორგანიზებულად იგეგმებოდა ყოველივე: დაწყებული ელემენტარული საკითხებით: რჩევები რომ მომიტინგეებმა თან იქონიონ რძე – ცრემლსადენი გაზის ეფექტის წინააღმდეგ; პოლიციასთან შეტაკებისას დაზიანებულნი გადადიან უკანა ფლანგზე – ჯანმრთელები მოდიან წინ (ფალანგის პრინციპი – რომაელთა ეს უნიკალური სამხედრო ინოვაცია); ორგანიზატორები ამოწმებენ მომიტინგეებს რათა არ დაუშვან იარაღის შეტანა; სამედიცინო ბრიგადები კონფლიქტში არ ერევიან და სხვა… დამთავრებული „დიდი სტრატეგიით,“ რომელიც მოწინააღმდეგის ძალაუფლების ცენტრებზე (პოლიცია, არმია) ზემოქმედებას, მოკავშირეებთან სინქრონიზაციას თუ სამოქალაქო წინააღმდეგობის მსოფლიო გამოცდილების ადაპტირებას ითვალისწინებს. მთავარი (და ტრივიალური, მაგრამ ხშირად დაუფასებელი) გაკვეთილი: სწორი სტრატეგიული დაგეგმვა საშუალებას გვაძლევს ჩვენი სიძლიერე მოწინააღმდეგის სისუსტეს დავუპირისპიროთ.

3. არმია დემოკრატიული ინსტიტუტია

ჯარის კომპოზიცია ყოველთვის უფრო დემოკრატიულია, ვიდრე სპეცსამსახურების. ამასთან, მისი სოციალური მრავალფეროვნებისა და შერჩევის დემოკრატიული პრინციპის (გაწვევა ან მოხალისეობა) გამო, არმიაში უფრო რთულია სელექცია და ინფორმაციის კონტროლი ვიდრე სპეცსამსახურებში. შეიარაღებული ძალები ყოველთვის უფრო ახლოს დგანან საზოგადოებასთან, ვიდრე მეტად ინსულირებული სპეცრაზმები, სადაც აგიტაციასა და პროპაგანდას მეტი თავისუფლება გააჩნია. თურქეთის შემდგომ (სადაც შეიარაღებული ძალები სეკულარიზმის დამცველია) ეგვიპტე (სადაც არმიამ ფაქტიურად აიძულა მუბარაქი წასვლაზე და შექმნა დემოკრატიის განვითარების შანსი) უკვე მეორე დიდი ისლამური სახელმწიფოა, სადაც ჯარი დემოკრატიის ფასილიტატორის როლს თამაშობს. აქედან შემდეგი, შესაძლოა ასევე ერთი შეხედვით პარადოქსული დასკვნაც გამოვიტანოთ:

4. საზოგადოებრივი კონსენსუსი ავტოკრატიასაც სჭირდება.

მიუხედავად ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტის სიმდიდრისა, მისი წარსული დამსახურებისა (იგი ეგვიპტის საჰაერო ძალებიდან გამოსული ადამიანია, სადაც ღირსეულად მსახურობდა ისრაელთან ომის დროს 1973–ში) და მის მიერ პოლიციის სრული კონტროლისა, მისი ბედი საბოლოოდ „დემოკრატიულად“ გადაწყდა: როდესაც საზოგადოებრივ–პოლიტიკური ცხოვრების აქტიური მონაწილეები ერთსულოვნად მოქმედებენ, მათ ძლიერი, ეფექტური, დაუნდობელი და მდიდარი ორგანიზაციის დამარცხებაც შეუძლიათ. ავტორიტარიზმს, დიქტატურასაც კი სჭირდება ერთგვარი საზოგადოებრივი კონსენსუსი. ამ კონსენსუსის გახანგრძლივება შესაძლებელია მედიით მანიპულაციითა და ინფორმაციის „სპინით;“ აგიტაციითა და დაშინებით, მაგრამ შენარჩუნება შეუძლებელი. გლობალიზაცია და მისი მოტორები კი (საზღვრების გამჭვირვალობა, მეტი მობილობა და მეტი ინფორმაცია) ამ ვადას მუდმივად და უფრო და უფრო სწრაფად ამცირებენ.

5. კეთილდღეობა და განათლება დემოკრატიის პირობაა

იქ, სადაც არსებობს გარკვეული რაოდენობის დოვლათი და განათლება, ადამიანებს ხელი მიუწვდებათ ელემენტარულ ტექნოლოგიებზე (მობილური ტელეფონი, ინტერნეტი) და იციან რა ხდება მსოფლიოში, დიქტატურის შენარჩუნება მეტად ძვირდება; სადაც ფიქრობენ რომ ნებისმიერ წუთში შესაძლოა დედამიწაზე სიცოცხლე რომელიღაც მოულოდნელად აღმოჩენილმა ასტეროიდმა წამიერად მოსპოს, პოლიტიკისთვის არავის სცალია. მეორე და გადამწყვეტ ტალღას (ისევე როგორც პირველის ორგანიზებას) გუგლის ერთ–ერთი ეგვიპტელი მენეჯერი უდგა სათავეში. მომიტინგეებს დიდი მხარდაჭერა ასევე ამ დროისათვის აგორებულმა გაფიცვების ტალღამაც მისცა. ღატაკ ქვეყანაში საზოგადოებას აკლია ბაზარსა და ბიზნესზე ზეგავლენის ერთ–ერთი მთავარი ინსტრუმენტი – გაფიცვა. საკმარისი განათლება და საკმარისი ფული (ზოგიერთი თეორია ამის რაოდენობასაც გვთავაზობს) საკმარისია დამოკრატიული ცვლილებისათვის.

6. ინტერნეტი დემოკრატიზაციის შემოქმედია

ინტერნეტის შეზღუდვა არაა გამოსავალი, იგი მის ინიციატორს წაგება–წაგების მდგომარეობაში აყენებს. არც კონტროლია ადვილი: კონტროლი და მონიტორინგი ინტერნეტ სივრცეში მხოლოდ მაშინ არის ეფექტური, როდესაც მაკონტროლებელმა იცის, თუ ვინ, სად, როდის და როგორ უნდა გააკონტროლოს. ეს კი ძალიან რთული ამოცანაა. შეზღუდვაზე უკეთესი გამოსავალი მისი კონტრ–გამოყენებაა. ინტერნეტის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ეგვიპტეში ჯინ შარპის წიგნის: „დიქტატურიდან დემოკრატიამდე: გათავისუფლების კონცეფცია“ რომელიც წარმოადგენს მშვიდობიანი რევოლუციების ერთ–ერთ საუკეთესო ანალიზსა და – გზამკვლევს გავრცელება, ისევე როგორც სერბული წინააღმდეგობის გამოცდილების გაზიარება. ინტერნეტი არის არა მარტო თეორიული, არამედ პრაქტიკული პოლიტიკური ცოდნის გავრცელების უმნიშვნელოვანესი (და იაფი) ინსტრუმენტი.

7. დიდმა ქვეყნებმა ხშირად ძალიან ცოტა იციან

დიდ ქვეყნებს ბევრი საქმეები აქვთ და როგორც ჩანს ხშირად ყველაფერზე იციან – ცოტა. შეერთებულ შტატებს, რომელიც მასიურ დახმარებას უწევს ეგვიპტეს, საიდანაც წელიწადში ერთ მილიარდ დოლარზე მეტი სამხედრო სფეროს ხმარდება, გაუჭირდა დროულად დაედგინა თუ რა ხდება ეგვიპტეში (აღარაფერს ვამბობ პროგნოზირებაზე, რაც დიპლომატიის უპირველესი ამოცანაა). მეტიც, “The New York Times-ის“ ინფორმაციით, ტუნისის რევოლუციის შემდგომ პირველ შეხვედრებზე, ობამას ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველებმა (ისევე როგორც ისრაელის დაზვერვამ) მუბარაქის გადადგომის შანსი 20% – ზე მცირედ შეაფასეს. სტატისტიკას ისევ პოლიტიკურმა ალღომ აჯობა – ობამა ამტკიცებდა, რომ ეს არის ტენდენციის დასაწყისი. წარმოუდგენელია, თუმცა ფაქტია რომ შეერთებულმა შტატებმა, ეგვიპტის სახელმწიფო მმართველობაში ასეთი მასშტაბის მონაწილეობის ფონზე ასე ცოტა იცოდა.

8. პოლიტიკა ეგოისტურია, საერთაშორისო განსაკუთრებით

როგორც კი ათწლეულების განმავლობაში ამერიკის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი მოკავშირის, ჰოსნი მუბარაქის პერსპექტივა დამძიმდა, დამძიმდა შეერთებული შტატების წნეხიც მისი წასვლისათვის. მათი განცხადებები დაიწყო სტაბილურობის შენარჩუნებისაკენ მოწოდებით და გადაიზარდა ცვლილების მოთხოვნაში, რომელიც უნდა დაწყებულიყო „ახლა.“ გაკვეთილი ტრივიალურია და მუდმივი: პოლიტიკას მართავს ეროვნული ინტერესი, უფრო კი ამ ინტერესის სუბიექტური გაგება მოცემული პოლიტიკური ელიტის მიერ.

9. არაფერია ცხადი

დემოკრატიული რევოლუცია არ ნიშნავს დემოკრატიულ მომავალს. ასეთი მაგალითი ირანია. იქ სადაც რევოლუცია ასევე გაჟღენთილია ეკონომიკური სიდუხჭირის დიდი ელემენტით, დიდია შანსი რომ ეკონომიკურად უფრო ეფექტური ავტოკრატია ჩაანაცვლებს ეკონომიკურად არაეფექტურს. ამიტომაც, იმის მიუხედავად რომ ეგვიპტის რევოლუცია მართლაც მსოფლიო მნიშვნელობისაა, დემოკრატიის შეუქცევად გამარჯვებაზე თავის დადება ჯერ ადრეა. ამას კი ჩემს ბოლო დაკვირვებასთან მივყავართ:

10. ისტორიის დასასრული

ბევრი დაიწერა „ცივილიზაციათა ჯახის“ შესახებ (ჰანტინგტონი და მისი მიმდევრები), რომ არსებობს კულტურები, სადაც დემოკრატია არ გამოდის – „კულტურა არის ბედისწერა“ (ლი კუან იუ); და რომ დემოკრატია რელიგიის მტერია (რადიკალი ისლამისტების მთელი თაობა – ალ ვაჰაბიდან ბინ ლადენამდე). სინამდვილეში კი ისლამმა შესაძლოა დემოკრატიის კატალიზატორის როლიც იკისროს, ვინაიდან იგი ბევრად უფრო მედეგია ტრადიციული ნაციონალიზმის მიმართ ვიდრე სხვა რელიგიები. მისთვის მთავარი გამაერთიანებელი პრინციპი რელიგია და კლანია და არა პოლიტიკური საზღვრები. პან–ისლამური დემოკრატიული მოძრაობა შემდგარი ფაქტი თუ არა, რეალური პერსპექტივა მაინც არის. ასე რომ, ეგვიპტისა და ტუნისის რევოლუციები ახალი რეგიონული ეპიდემიაც შეიძლება აღმოჩნდეს. ეგვიპტეში, ისევე როგორც მთლიანად ახლო აღმოსავლეთში, ჯერ არაფერია ცხადი, მაგრამ ფუკუიამას გადაკითხვა კიდევ უფრო საინტერესო გახდა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s