8 ოქტომბრის გაკვეთილები პოლიტიკოსებისთვის და ჩვენთვის.

8 ოქტომბრის არჩევნებმა ქართული დემოკრატია კიდევ უფრო განავითარა. ტრადიციული პარტიების დამარცხებამ და არა ლიბერალური ჯგუფების გაძლიერებამ ცხარე დისკუსია გამოიწვია. ზოგმა ეს პოლიტიკური აპათიის, ზოგმა ანტიდემოკრატიული ტენდენციის გაძლიერებით, ზოგიერთმა კი ფულის პოლიტიკაზე გამარჯვებით ახსნა. ვფიქრობ, პოლიტიკურ პარტიებთან და ამომრჩევლებთან ერთად მნიშვნელოვანი დასკვნები ჩვენც, დემოკრატიული განვითარების და პარტიების მხარდაჭერის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა გამოვიტანეთ.

  1. პოპულარობა არ ნიშნავს საარჩევნო ხმებს. პოპულარობა მნიშვნელოვანი, მაგრამ არა გადამწყვეტი ფაქტორია საარჩევნო შეჯიბრში. დავით უსუფაშვილის და ირაკლი ალასანიას წარუმატებელი არჩევნები ამის ნათელი დადასტურებაა. შეიძლება მუდმივად ჩანდე ტელეეკრანზე და გეკავოს მნიშვნელოვანი თანამდებობა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პოპულარობა უპირობოდ საარჩევნო ხმებად გარდაიქმნება. გაცილებით ადვილია „პოპულარობის ხაფანგში“ გაება და იფიქრო, რომ პოპულარობა გამარჯვებას მოგიტანს, ვიდრე გააცნობიერო, რომ ჟურნალისტებსა და მედიას ამომრჩევლისაგან განსხვავებული ინტერესები და მოტივები ამოძრავებთ.
  1. ორგანიზაციული ძლიერება გადამწყვეტია. არჩევნებზე გადამწყვეტ როლს პარტიების ორგანიზაციული შესაძლებლობები და პარტიის ფასეულობების მიმართ მისი წევრების და მხარდამჭერების ერთგულება ასრულებს. ამისათვის საჭიროა რეალური ინვესტიცია პარტიის მართვაში, შიდა დემოკრატიის განვითარებაში, კომუნიკაციის ახალი ფორმებისა და კულტურის დანერგვაში, გადაწყვეტილებების მიღების გამჭვირვალობის ზრდასა და პროგრამული შესაძლებლობების გაუმჯობესებაში. ეს ყველაფერი ორგანიზაციებს „სპორტულ“ ფორმაში ამყოფებს, ერთგული და მიტმასნილი წევრებისა და მხარდამჭერების ფილტრაციას უწყობს ხელს და ჯანმრთელ პარტიულ ორგანიზმს აყალიბებს. ყველაფერი ერთად კი მათ საარჩევნო მარათონის დასკვნითი ეტაპის მაღალი სიჩქარით გარბენაში ეხმარება.
  1. საერთაშორისო მოკავშირეების რჩევები არ არის ფორმალიზმი და რეალურად სასარგებლოა. წლების განმავლობაში პოლიტიკური პარტიების განვითარებაზე მომუშავე არაერთი ორგანიზაცია პოლიტიკურ პარტიებს სწორედ ზემოთ ხსენებული შესაძლებლობების განვითარებაში ეხმარება. ხშირად კი, პარტიების მიერ ისეთ პროგრამებში მონაწილეობა, რომლებიც გენდერული თანასწორობის, შიდა დემოკრატიის, გამჭვირვალობის, პროგრამული კომპენტენციების ზრდისკენაა მიმართული, ერთგვარი „პროტოკოლური ეთიკის“ ნაწილი უფრო იყო, ვიდრე რეალური და ეფექტიანი შრომა. მრავალი პოლიტიკური პარტიისთვის ხშირად ის უფრო მნიშვნელოვანი იყო, თუ რომელ კურორტზე გაიმართებოდა ესა თუ ის შეხვედრა, ვიდრე ის, თუ რა იქნებოდა მისი შინაარსი ან რამდენი პოტენციური ამომრჩეველისთვის მოახერხებდნენ ხელის ჩამორთმევას. ამ სინამდვილეს დონორებმაც უნდა გავუსწოროთ თვალი და როგორც დემოკრატიულმა პარტიებმა, ისე მათმა მხარდამჭერმა ინსტიტუტებმა აუცილებლად უნდა გადავხედოთ და შეცვალოთ მოქმედების მეთოდები და თანამშრომლობის პირობები.
  1. სამოქალაქო საზოგადოება დიდი და მრავალფეროვანია. უფრო სწორად, სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო სექტორი უფრო დიდი და მრავალფეროვანია, ვიდრე ეს ხშირად წარმოგვიდგენია; იმაზე კომპლექსურია, ვიდრე მხოლოდ დონორთა კომფორტის ზონაში მოქმედი პარტნიორები, რომლებიც პროგრამულ ენაზეც ადვილად საუბრობენ და ანგარიშებსაც კარგად წერენ. როდესაც ანტიდემოკრატიული ჯგუფების გაძლიერებაზე ვდარდობთ, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ისინი იმ გარემოსა და ვაკუუმში ამოიზარდნენ, რომელში მუშაობაც ბევრს უხერხულობას უქმნიდა. არსებობენ ჯგუფები, რომლებიც უნდობლობით უყურებენ თანამედროვე ლიბერალურ დემოკრატიას. ბუნებრივი სირთულეების მიუხედავად, საჭიროა მათი მეტად ჩართვა თანამშრომლობის პროგრამებში და არა მათი გამიჯვნა.
  1. და ბოლოს: არჩევნები არ არის სპრინტი, არჩევნები მარათონია. ბევრმა პარტიამ წინასაარჩევნო მზადება არჩევნების თარიღთან საკმაოდ ახლოს დაიწყო. ეს ბევრმა მიზეზმა განაპირობა და ახლა მათზე საუბარი მნიშვნელობას მოკლებულია. იმის იმედი, რომ არჩევნების შემდეგ ცნობილი პარტიული ლიდერები მოახერხებდნენ ამომრჩევლების იერიშით აღებას, არ გამართლდა. ბარიერი მხოლოდ იმ პარტიებმა გადალახეს, რომლებიც უფრო მჭიდროდ და რეგულარულად მუშაობდნენ ამომრჩევლებთან. ამიტომაც პარტიებმა, რომელთაც სურვილი აქვთ შემდეგი მარათონი ბოლომდე ირბინონ, დღეიდანვე უნდა დაიწყონ ახალ საწვრთნელ პროგრამაზე მუშაობა და ეს ახალ მწვრთნელებთან ერთად უნდა გააკეთონ.

ამიტომაც, რაც უნდა მტკივნეული იყოს, მართებულია, რომ პოლიტიკას ტოვებენ ის ლიდერები, რომლებმაც გარბენი ბოლომდე ვერ მიიყვანეს. მათი წასვლის გარეშე განახლება ვერ მოხდება. განახლების გარეშე კი ქართული პოლიტიკა იმედგაცრუების პოლიგონად დარჩება, რომლის აფეთქებაც ერთ გარდაუვალ დღეს ყველა დემოკრატს: ლიბერალს, ლეიბორისტს, სოციალ-დემოკრატს, ქრისტიან-დემოკრატს თუ კონსერვატორს ერთნაირად დაგვანგრევს.

 

 

 

 

One thought on “8 ოქტომბრის გაკვეთილები პოლიტიკოსებისთვის და ჩვენთვის.

  1. Good one, my man!

    2016-10-19 22:20 GMT+04:00 Levan Tsutskiridze ლევან ცუცქირიძე :

    > Levan Tsutskiridze ლევან ცუცქირიძე posted: “8 ოქტომბრის არჩევნებმა ქართული
    > დემოკრატია კიდევ უფრო განავითარა. ტრადიციული პარტიების დამარცხებამ და ახალი
    > ჯგუფების გაძლიერებამ ცხარე დისკუსია გამოიწვია. ზოგმა ეს პოლიტიკური აპათიის,
    > ზოგმა ანტიდემოკრატიული ტენდენციის გაძლიერებით, ზოგიერთმა კი ფულის პოლიტი”
    >

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s