გაიღე გული თბილისისათვის! #დღემანქანისგარეშე #22სექტემბერი

მითხარით, ბოლოს როდის ნახეთ თბილისის ქუჩაში ხელიხელ ჩაკიდებული, მშვიდად მოსეირნე მოხუცი წყვილი? როდის გაისეირნეთ ქალაქში გაზაფხულის სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად ან შემოდგომის ფოთლების შესათვალიერებლად? როდის გაუშვით ბავშვები ეზოში ისე, რომ არ შეგშინებიათ გარშემო უწესრიგოდ მოსიარულე მანქანების? მე პირადად ძალიან დიდი ხანია ასეთი რამ აღარ მინახავს და არც განმიცდია.

თბილისი თანდათან მკვლელ ქალაქად იქცა, სადაც სუნთქვა და გადაადგილება სიცოცხლისთვის სახიფათოა. ჰაერის დაბინძურებისა და ქაოტური საავტომობილო მოძრაობის გამო თბილისი აპოკალიფსის შემდგომ ქალაქს დაემსგავსა, რომელშიც აღარავინ სეირნობს. ჩვენ მხოლოდ იმას ვცდილობთ, რომ მას უკანასკნელი სასიცოცხლო ენერგია წავართვათ და შემდეგ დავივიწყოთ მანამ, სანამ ფულისა და ძალაუფლების განახლებული სურვილი არ დაგვძლევს. ხმაური, მახინჯი მშენებლობები, ქაოტური საგზაო მოძრაობა, დანაგვიანებული ქუჩები თუ გაუმართავი ინფრასტრუქტურა მხოლოდ ეკონომიკური ჩამორჩენის და უფულობის შედეგი არაა. ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ დიდი ხანია ეს ქალაქი აღარ გვიყვარს. Facebook-ზე შექმნილ ჯგუფს სწორედ ამიტომ სახელად ტერენტი გრანელის ლექსის სათაური „გული თბილისისათვის“  შევურჩიეთ. ამით გვინდოდა გვეთქვა, რომ გულისა და სიყვარულის გარეშე ქალაქში სასიკეთოდ ვერაფერს შევცვლით.

ჩვენი პირველი ინიციატივა გახლავთ #დღემანქანისგარეშე.  მოგიწოდებთ, ერთი დღით მაინც დატოვოთ მანქანები სახლებში და იაროთ ფეხით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

თბილისში უმანქანო მსოფლიო დღის აღნიშვნით რამდენიმე მიზნის მიღწევა გვსურს:

  • მეტმა ადამიანმა გაიგოს ამ დღის არსებობის შესახებ და მეტად დაფიქრდნენ ქალაქის დღევანდელ მდგომარეობაზე;
  • ხელი შევუწყოთ დისკუსიის წამოწყებას ქალაქის მოწყობის და მისი განვითარების შესახებ;
  • ვაჩვენოთ ადამიანებს, თუ როგორი კარგია ქალაქი ხმაურის, გამონაბოლქვის და საცობების გარეშე.

მიხარია, რომ ამ ინიციატივას მხარი უკვე დაუჭირეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, რამდენიმე პოლიტიკოსმა და, რაც მთავარია თბილისელებმა. დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს აღარავის გაუკვირდება ამ დღის აღნიშვნა და ჩვენც სწორედ ეს გვსურდა – შეგვექმნა საზოგადოებრივი განწყობა მეტის მოთხოვნისთვის და პოლიტიკური ტენდენცია მეტის გასაკეთებლად. იმის იმედიც მინდა მქონდეს, რომ მომავალ წელს ქალაქის ხელმძღვანელობა 22 სექტემბერს გაქანებულ მატარებელს კი აღარ დაედევნება, არამედ თავად გახდება მისი ლოკომოტივი.

ის ცვლილებები, რაც თბილისს სჭირდება, სამ რამეს ეფუძნება: პოლიტიკური გამბედაობა, ქალაქის მომავლის ხედვა და სიყვარული. მსგავსი დღეების ორგანიზება და აღნიშვნა კი ცვლილებებისთვის პოლიტიკურ ნებას ქმნის და საჭირო ნაბიჯების გადასადგმელად გვამხნევებს. ქალაქის განვითარების სწორი პოლიტიკის წარმართვა მოქალაქეთა თანამშრომლობის გარეშე არ გამოვა. და ბოლოს, ვერაფერს შეძლებ, თუკი ქალაქი არ გიყვარს.

მინდა ყველას მოგიწოდოთ, რომ 22 სექტემბერს შემოგვიერთდეთ. თუკი საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას ან ფეხით სიარულისას კიდევ უფრო გაბრაზდით და შეშფოთდით ქაოსის, ხმაურისა და გამონაბოლქვის გამო, ეს ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტ ადამიანს გაუჩნდა სურვილი უკეთეს ქალაქში იცხოვროს.

მოდით, ქალაქისა და მოქალაქის ხელახალი დაახლოებისკენ მიმავალი პირველი და მარტივი ნაბიჯი ჩვენ, თბილისელებმა გადავდგათ და 22 სექტემბერს დავტოვოთ მანქანები სახლში. ასე მოვიქცეთ.

 

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s