ჩვენი საერთო სულიერი და მორალური მინიმუმი

ჰაველის ამ გამოსვლის თარგმნა ყველაზე მეტად მისი ბოლო წინადადების გამო მინდოდა და ახლა კარგი დროა ამისთვის. ახალი წელი მოდის და ალბათ კარგი იქნება ვიფიქროთ, თუ მართლაც რა არის ჩვენი საზოგადოების “საერთო სულიერი და მორალური მინიმუმი.” სად ვართ დღეს და საით მივდივართ. და თუ ვნახავთ, რომ ძალიან, ძალიან ბევრი რამე გვაქვს გასაკეთებელი იმისთვის რომ ეს მინიმუმი უფრო მაღალი იყოს, იქნებ დავიწყოთ კიდეც ისე მოქმედება, ამ საერთო მინიმუმის ამაღლება რომ ექნება მიზნად. მოკლედ საახალწლო ბლოგია ეს და იყოს ასე ოპტიმისტურად და იდეალისტურად.

მრავალ ახალ წელს! ლევანი

ვაცლავ ჰაველი, კონფერენცია „ფორუმი 2000-ის“ გამხსნელი სიტყვა. 1997 წლის 4 სექტემბერი.

კაცობრიობა დღეს კარგად აცნობიერებს დაგროვილი საფრთხეების მრავალფეროვან სპექტრს… ჩვენი ეპოქის პარადოქსია ის, რომ თანამედროვე კაცობრიობა ხედავს ამ საფრთხეებს, მაგრამ თითქმის არაფერს აკეთებს მათ წინააღმდეგ ან თავიდან ასარიდებლად…. მეჩვენება, რომ ახლა ნაკლებად მნიშვნელოვანია ხელახალი მინიშნება მოსალოდნელ საფრთხეებზე, თუკი მსოფლიო ცივილიზაცია მიმართულებას არ შეიცვლის. ჩემი აზრით, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია უმოქმედობის მიზეზების შესწავლა – რატომ არაფერს აკეთებს კაცობრიობა იმ საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, რომელთა შესახებაც ამდენი იცის, ან რატომ აძლევს იგი საკუთარ თავს უფლებას მიჰყვეს დინებას და ცვლილებებისთვის არ გამოიყენოს დაგროვილი ცოდნა ან მომავლის შესაძლებლობები. როგორც ჩანს, ჩვენს ცივილიზაციაზე ზემოქმედება საერთოდ შეუძლებელია.

უსამართლობა იქნება იმ პროექტების უგულებელყოფა, რომელთა მიზანი ამგვარი საფრთხეების თავიდან აცილება ან მისი შემცირებაა. არც ასეთი პროექტების მნიშვნელოვანი მიღწევების უარყოფა იქნებოდა გონივრული. თუმცა, ყველა ამ ტიპის მცდელობას ერთი რამ ახასიათებს – ისინი საერთოდ არ ეხებიან განვითარების იმ ძირითად ტენდენციებს, საიდანაც ეს საფრთხეები წარმოიშვება. ისინი მხოლოდ მათი შედეგების რეგულირებას ცდილობენ – ტექნიკური ან ადმინისტრაციული ინსტრუმენტებით…. მე ღრმად მწამს, რომ ერთადერთი გამოსავალი მნიშვნელოვანი ცვლილებებია ადამიანის ცნობიერებასა და სამყაროსადმი დამოკიდებულებაში, სულიერების აღქმაში, საკუთარი თავის შეცნობასა და ყოფიერების მთლიან წესრიგში მისი ადგილის განსაზღვრაში…

როდესაც ვხვდები ღრმა ცივილიზაციურ პრობლემას მსოფლიოს ნებისმიერ მხარეში – იქნება ეს ტყეების ჩეხვა, ეთნიკური თუ რელიგიური შეუწყნარებლობა, ან ისეთი კულტურული ლანდშაფტის დაუნდობელი განადგურება, რომლის შექმნას საუკუნეები დასჭირდა – მაშინ გამომწვევ მიზეზთა გრძელი სიის ბოლოს ყოველთვის ერთსა და იმავეს ვხვდები. ეს სამყაროს მიმართ ანგარიშვლადებულების არარსებობა და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაა… მრავალი წელია ვფიქრობ თანამედროვე ცივილიზაციის ძირითად პარადოქსებზე, ამ ბოლო დროს კი შესაძლებლობა მომეცა სხვადასხვა ქვეყნებისა და კონტინენტების მაგალითზე ამ პარადოქსების განსხვავებული ასპექტები გამეცნობიერებინა… როგორც ირკვევა, რაც უფრო მჭიდროდაა ერთმანეთთან გადახლართული ცივილიზაციები, კულტურული და რელიგიური ჯგუფები ერთიანი გლობალური კავშირებით, მით უფრო მეტად ცდილობენ ისინი შეეწინააღმდეგონ ამ ერთობას საკუთარი სუვერენიტეტის, იდენტურობის, სპეციფიკურობის ან სხვა განმასხვავებელი ნიშნების ხაზგასმით… ჩემი ბოლო და შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა ისაა, ამ შავ-ბნელი სიტუაციიდან გამოსავალი საერთო წყაროების, პრინციპების, რწმენის, მისწრაფებების და იმპერატივების მიზანმიმართული ძებნა ხომ არ არის. ვფიქრობ, მხოლოდ ერთიანობის მიღწევის შემდეგ გახდება შესაძლებელი ადამიანთა თანაცხოვრებისა და მისწრაფებების თანამედროვე მიღწევებით გამდიდრება; პლანეტის, რომელზე ცხოვრებაც ჩვენი ბედისწერაა, გამრავალფეროვნება და შევსება იმ განწყობით, რომელსაც, თქვენის ნებართვით, საერთო სულიერი და მორალური მინიმუმი მინდა ვუწოდო.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s