ვინ დაიწყო ომი?

წაგებული ბრძოლები

საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა დაახლოებით 435,000 ადამიანი ცხოვრობს. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურად აქტიური მოქალაქეების რაოდენობა ორ მილიონზე ოდნავ მეტია. აქედან კი 305,000 ადამიანი დაუსაქმებელია. საზოგადოებრივი აზრის კვლევებით მოსახლეობის დიდი უმრავლესობა – 67% თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს (NDI, 2014).

საკმარისია ერთხელ გაისეირნოთ დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში რომ სრულად შეიგრძნობთ ჩვენი ჰაერის ხარისხს. მაგრამ მაინც, ვნახოთ რას ამბობენ კვლევები: “დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს იმაზე, რომ რეგისტრირებული ისეთ ავადმყოფობათა რიცხვი, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს დაბინძურებულ ჰაერთან – ფილტვისა და ხორხის კიბო, სასუნთქი გზებისა და სისხლძარღვოვანი დაავადებები, საქართველოში, განსაკუთრებით კი მის დედაქალაქში, სულ უფრო იზრდება.” (ლიბერალი, 2014). მსოფლიო ბანკის ბოლო (2012) მონაცემებით, საქართველოში ყველაზე მაღალი სიკვდილიანობაა ევროპის, ცენტრალური აზიისა და მის მეზობელ სახელმწიფოებთან შედარებით.

მსოფლიოში რეგულარულად რამდენიმე მნიშვნელოვანი კვლევა ტარდება, რომლებიც განათლების ხარისხს აფასებენ. მათ შორის ორ ძალზედ მნიშვნელოვან კვლევაში: TIMSS და PIRLS საქართველოც მონაწილეობს. პირველი მეოთხე და მერვე კლასელების უნარებს ზომავს მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში, მეორე კი მოზარდების მიერ წაკითხულის გააზრების უნარებს აფასებს. საქართველომ ორივე ამ კვლევაში 2011 წელს მიიღო მონაწილეობა. PIRLS-ის ანგარიშში ვკითხულობთ: “ქართველ ბავშვებს PIRLS ის საერთაშორისო სკალირებულ საშუალოზე დაბალი მიღწევები აქვთ, მათი წიგნიერების საშუალო მაჩვენებელი 488-ია რაც სტატისტიკურად მნიშვნელოვნად ჩამორჩება PIRLS­-ის საშუალო მაჩვენებელს (500). მონაწილე 45 ქვეყანას შორის, საქართველო PIRLS-ში 33 – ადგილზეა.რაც შეეხება TIMSS კვლევას საქართველოს შედეგები (4 და 8 კლასელები) არა ნაკლებ შემაშფოთებელია: მეოთხე კლასელთა მიღწევებით საქართველო მონაწილე 50 ქვეყანას შორის 36-ე ადგილზეა, ხოლო მერვე კლასელთა შორის მონაწილე 42 ქვეყანას შორის 35-ეზე.

საქართველოს ბევრი უნივერსიტეტი უნივერსიტეტების ბევრ მნიშვნელოვან რეიტინგში საერთოდ ვერ ხვდება. შედარებით ნაკლებად ავტორიტეტულ კვლევებშიც კი, სადაც საქართველოც ხვდება, მაგალითად webometrics-ის რეიტინგში, რომელიც ვებ-პუბლიკაციების მოცულობას, თვალსაჩინოებას და ზეგავლენას აფასებს, ჩვენს ქვეყანას ძალიან ცუდი მაჩვენებლები აქვს. ამ რეიტინგში ილიას უნივერსიტეტი ლიდერობს და 2013 წლის მონაცემებით 1604 ადგილზეა.

ისე, როგორც ყოველთვის

რამდენიმე დღის წინ ტელევიზორი ჩავრთე, სადაც ერთ-ერთი მთავარი არხის წამყვან პოლიტიკურ თოქ – შოუზე ცნობილი ხალხი იმაზე კამათობდა თუ ვინ დაიწყო ომი 2008 წელს. ბოლო დღეებია ვკამათობთ იმაზე, ავკრძალოთ თუ არა სექსუალური უმცირესობის ჩაგვრა და გაჩერდება თუ არა ეკონომიკა იმის გამო, რომ დისკრიმინაცია აიკრძალება.

ქართული მას მედიის ფურცლებიდან და ტელეეკრანებიდან ისმის მუდმივი დისკუსია ასეთ თემებზე. მაგრამ ვთქვათ და დაამტკიცა ვინმემ, რომ ომი საქართველომ დაიწყო, ამით უკეთესი გახდება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ცხოვრება? ეს სასარგებლო დისკუსიაა ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის? ანდა მართლაც სერიოზულად უნდა მოვუსმინოთ ხალხს, რომელიც ამბობს რომ ეკონომიკა გაჩერდება, თუკი ხალხის დაჩაგვრა აიკრძალება? მათთვის ეს კომფორტის ზონაა, რადგან ამ თემებზე საუბარი შესაძლებლობაა ისეთ რეალურ პოლიტიკურ საკითხებზე დისკუსია აირიდო თავიდან, რომლებზე კარგი პასუხებიც არ გაქვს. ჩვენი მას-მედიის დიდი ნაწილი კი თავის მხრივ, ბრმა აღტაცებით მისდევს დარბაისლურად მოსაუბრე დილეტანტი აზრის ლიდერების შექმნილ ისეთ თემებს, რომელთაც საუკეთესო შემთხვევაში პრაქტიკული და პოზიტიური რეალიზაცია არასოდეს უწერია. შედეგად, საზოგადოებრივი დისკუსია გაჯერებულია თემებით, რომელთაც ადამიანი და მისი ყოველდღიურობა არ აინტერესებთ.

სინამდვილეში ჩვენ თითქმის არასოდეს ვკამათობთ იმაზე, თუ როგორ მოვახერხოთ რომ ჩვენმა შვილებმა უკეთეს, უფრო უსაფრთხო და ნათელ საბავშვო ბაღებში იარონ; როგორ შევქმნათ ეკონომიკის განვითარების ისეთი პირობები, რომ ამდენი ადამიანი სიღარიბიდან ამოვიყვანოთ; როგორ შევუქმნათ ქართველ პროფესორებსა და სტუდენტებს თანამედროვე, მაღალი კლასის სასწავლო და კვლევითი პირობები; როგორ ვისუნთქოთ უფრო უკეთესი ჰაერი და როგორ გადავარჩინოთ ათასობით ჩვენი თანამემამულე უდროოდ სიკვდილს გარემოს დაბინძურების გამო; როგორ შევქმნათ ისეთი ჰოსპიტალები, სადაც სწორი დიაგნოზები გაკეთდება და ჩვენს მოქალაქეებს ჯანმრთელობის პრობლემის გამო სახლ-კარის გაყიდვა და სხვა ქვეყანაში მკურნალობა არ დასჭირდებათ; როგორ შევქმნათ ისეთი საზოგადოება, სადაც ამდენი უპატრონო, მათხოვარი და მართლაც რომ ნამდვილად ღირსება შელახული პატარა ბავშვი აღარ ივლის ჩვენს ქუჩებში. გვიყვარს ჩვენი ხალხი? რა თქმა უნდა! რას ვაკეთებთ მათთვის? ვაგრძელებთ ისე, როგორც ყოველთვის: ვკამათობთ თუ ვინ დაიწყო ომი 2008 წელს.

დრო, როდესაც მსჯელობაში, დისკუსიაში, გნებავთ ცხარე კამათში ეს, რეალური თემები უნდა შემოსულიყო იყო გუშინ. მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. დროა ისტორიას ჩავაბაროთ 2008 წლის საქართველო და 2025 წლის საქართველოსთვის დავიწყოთ მოქმედება. დრო სწრაფად გარბის და ვიცი არავის გვსურს, სულ რამდენიმე წელიწადში ისევ მტვრიან, ღარიბ და ჩამორჩენილ ქვეყანაში კვლავ იმაზე ვფიქრობდეთ, ვინ დაიწყო ომი და რა საშინელება დაემართება ეკონომიკას თუკი ადამიანების ჩაგვრას ავკრძალავთ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s