The Good, The Bad and The Ugly

პოლიტიკას ყველა სახელმწიფო საკუთარი ინტერესების პრიზმით უყურებს, ყველას საკუთარი პოლიტიკა ამოძრავებს. შეერთებული შტატები, ევროპული ქვეყნები, ჩინეთი თუ რუსეთი, ცდილობენ საკუთარი ინტერესები, იქნება ეს გეოპოლიტიკური თუ ეკონომიკური დაიცვან და როგორც კი შესაძლებლობა მიეცემათ განავრცონ. ამ მხრივ მათ შორის განსხვავება არ არის. ჩინეთსა და რუსეთს, შეერთებულ შტატებსა თუ ევროპელებს საკუთარი ეროვნული ინტერესები მეტად ამოძრავებთ, ვიდრე ქართული, უკრაინული, ეგვიპტური, ლიბიური ან სირიული.

მაგრამ ერთის მხრივ, შეერთებულ შტატებსა და ევროპელებს და მეორეს მხრივ, ჩინეთსა და რუსეთს შორის არის დიდი და საგულისხმო განსხვავება. გაეროს უშიშროების საბჭოს თითქმის ყოველი რეზოლუციის პროექტს, რომელიც მთავრობებს მოუწოდებს ადამიანის უფლებების პატივისცემისკენ, გმობს თავისუფლებების ხელყოფას და ქმნის რაიმე სამოქმედო მექანიზმს ამის წინააღმდეგ, როგორც წესი, რუსეთი და ჩინეთი ეწინააღმდეგებიან. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნების მუდმივი ინტერესები მსგავსია: გავლენის გაძლიერება, ეკონომიკური და სამხედრო ძლიერება და სხვა, დემოკრატიული რეჟიმების ინტერესი თავისუფლებასა და დემოკრატიაში რეალიზდება, ხოლო ავტოკრატიული რეჟიმებისა პირიქით – ხალხის ჩაგვრასა და მათთვის ტყუილების მოყოლაში. მაგალითისთვის, პუტინი ჩეჩნეთის ლიდერის, რამზად კადიროვის მთავარი სპონსორია, სამაგიეროდ საპარლამენტო არჩევნებზე „ედინაია როსიამ“ ჩეჩენი ხალხის ნდობისა და სიყვარულის ნიშნად ხმების თითქმის 100% მიიღო. ჩინეთი ჩრდილო კორეის მმართველ რეჟიმს მფარველობს, ქვეყანას, სადაც „დიადი ლიდერის“ გარდაცვალების შემდეგ ხალხს იმის გამო სჯიდნენ, რომ ისინი არასათანადოდ გლოვობდნენ. შეერთებულმა შტატებმა, ნახა რა, რომ მათმა ტრადიციულმა და ერთგულმა მოკავშირემ, ჰოსნი მუბარაქმა გადააბიჯა დასაშვებ საზღვრებს, დიდი რისკი გასწია და ეგვიპტელი მომიტინგეების მხარეს დადგა. საფრანგეთი, რომელიც დიდ სარგებელს ნახულობდა ლიბიაში, ინიციატორი იყო კადაფის წინააღმდეგ NATO-ს ოპერაციისა.

დემოკრატიული ქვეყნების ძლიერება მათთვისაც უკეთესია, ვის ხარჯზეც ეს ძლიერება ვრცელდება. მაშინ როდესაც დიქტატურების დომინანტობა დეგრადაციის წინაპირობაა, დემოკრატიული ქვეყნების გავლენის სფეროში ყოფნა ამ ქვეყნების განვითარებაზეც პოზიტიურად აისახება. ამიტომაც არის ასე თვალშისაცემი განსხვავება იმ ქვეყნების დღევანდელ მდგომარეობას შორის, რომლებიც ლიბერალური იმპერიების დომინიონები იყვნენ (მაგალითად ინდოეთი, ავსტრალია ან ახალი ზელანდია) იმ ქვეყნებთან შედარებით, რომლებიც ავტოკრატულმა იმპერიებმა დაიმონა.

თავისუფლების პრიმატისადმი რუსეთისა და ჩინეთის ასეთ წინააღმდეგობას მნიშვნელოვანი შიდა მიზეზები აქვს. ორივე ქვეყანას ამოძრავებს მუდმივი, შინაგანი შიში იმისა, რომ მსგავსი პოლიტიკა მათ მიმართაც შეიძლება გამოიყენონ. თვითონ ამ რეჟიმებმა, მიუხედავად მათი ერთის შეხედვით ძლიერი პოზიციებისა, უკეთ იციან თუ რაოდენ მყიფეა მათი ძლიერება, სწორედ ამიტომაც, ისინი ცდილობენ არ შექმნან პრეცენდენტები და ძირშივე აღკვეთონ „სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევა.“ რუსები განსაკუთრებით მტკიცედ დადგებიან ასეთ პოზიციებზე, პუტინს ხომ ახლა არჩევნები აქვს, ვინ იცის, იქნებ ერთ მშვენიერ დღეს (მშვენიერი იმ შემთხვევაში, თუ ისტორიის მომავლის მხარეს დგახარ), მასაც მოუწოდოს საერთაშორისო თანამეგობრობამ ადამიანთა თავისუფლებების პატივისცემა? მეტიც, გადადგომა? ამიტომაც თადარიგი ახლავე უნდა იქნას დაჭერილი, ხოდა ვიტალი ჩურკინმაც, რუსეთის ელჩმა გაეროში, სირიასთან დაკავშირებული რეზოლუციის განხილვისას 31 იანვარს განაცხადა: „ჩვენ გვჯერა, რომ მძაფრი შიდა პოლიტიკური კრიზისის დროს, საერთაშორისო საზოგადოების როლი არ უნდა იყოს კონფლიქტის გამწვავება და ეკონომიკური ან სამხედრო სანქციებით ჩარევა.” ცნობისათვის, გაეროს მონაცემებით სირიაში დღემდე 5,000 ადამიანი დაიღუპა. მართლაც, ერის მამებმა თავად უკეთ იციან, როდის შეიძლება შვილები მარტო გაუშვან სკოლაში.

პოლიტიკა ვესტერნივით არის: ცუდები ბევრნი არიან. დემოკრატიული პოლიტიკა ხშირად უშნო და უსიამოვნოა, მაგრამ ერთადერთი კარგი არჩევანია მსოფლიოში, სადაც შეიძლება ლიდერები ფანატიკურად უყვარდეთ, ხოლო ერები ერთმანეთის განადგურებაზე კვლავ ოცნებობდნენ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s