ადამ სმიტი და ქართული პოლიტიკა

ბიზნესში ცნობილია, რომ აუქციონების წინ დაინტერესებულ მხარეებს ერთმანეთთან კომუნიკაცია ეკრძალებათ რათა შეიზღუდოს კონსპირაციის შესაძლებლობა. ასეთი აკრძალვის სრული რეალიზაცია შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებელია კარტელური შეთანხმებებისათვის მძიმე ფასის დადება. ბარიერები და შეზღუდვები ამცირებს საზოგადოებისათვის საზიანო ფინანსურ გარიგებებს და ზრდის რისკებს ამ შეთანხმების მონაწილეთათვის. კარტელური გარიგება პოლიტიკაშიც შესაძლებელია. ჩვენი უახლესი ისტორია სავსეა ასეთი შეთანხმებებით. ადამ სმიტი წერდა: „ერთი და იმავე სავაჭრო-სამრეწველო დარგის ადამიანები იშვიათად შეიკრიბებიან ერთად, გასართობად და დროს გასატარებლადაც კი, უიმისოდ, რომ მათი ბაასი არ დამთავრდეს შეთქმულებით საზოგადოების წინააღმდეგ ანუ რაიმე გეგმით ფასების ასაწევად..“[1] ჩვენმა საზოგადოებამ არ უნდა გადაიხადოს  იმაზე მეტი პოლიტიკაში ვიდრე იგი რეალურად ღირს.

არჩევნები არ არის მხოლოდ პოლიტიკური პარტიების საქმე. ამ ბოლო დროს საარჩევნო გარემოზე დისკუსია ახალ ფაზაში შედის, სადაც ძალზედ მნიშვნელოვანია იმ რისკის შემცირება, რომ ამ პროცესიდან საზოგადოებრივი ორგანიზაციები „ამოვარდნენ.“ კონსულტაციები პარტიებს შორის შორის კარგია, მაგრამ სამოქალაქო და საერთაშორისო საზოგადოების მონაწილეობა (თუნდაც მხოლოდ დამკვირვებლად) მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს პროცესის ხარისხზე. არჩევნებზე მოლაპარაკებები განსხვავდება სხვა მოლაპარაკებებისაგან იმით, რომ მასში „ინვესტიციის ჩამდები“ და შესაბამისად „აქციათა მფლობელები“ მარტო პარტიები არ არიან. სამოქალაქო საზოგადოება ასევეა „აქციონერი.“ მართალია, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი არასამთავრობო ორგანიზაციები მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ წევრებსა თუ მომხრეებს წარმოადგენენ და არა საზოგადოების უმრავლესობას, მაგრამ განა ასეთივე მდგომარეობაში არ არიან პოლიტიკური პარტიებიც? ამიტომაც იმ სივრცეში, სადაც ახალი საარჩევნო გარემო უნდა შეიქმნას სამოქალაქო სექტორს თავისი ადგილი ეკუთვნის.

პოლიტიკოსთა შორის მოლაპარაკებები კარგია, თუმცაღა ზოგი გარიგება სარისკოა. ნებისმიერი ახალი შეთანხმება ფართო საზოგადოებრივ კონსენსუსს საჭიროებს, რისთვისაც მხოლოდ ინტერ–პარტიული კონსენსუსი არასაკმარისია.. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ისევ ნაცნობი სიუჟეტი ვიხილოთ: ერთი გამარჯვებული ჯგუფი და ყველა დანარჩენი, რომელსაც პირობა არ შეუსრულეს და არჩევნები „მოპარეს.“

ამიტომ, საზოგადოება უფრო მომთხოვნი უნდა გახდეს პოლიტიკური პარტიების მიმართ, ეს უკანასკნელნი უფრო გამჭვირვალენი, ყველას ერთად კი არ უნდა შეგვეშინდეს გაბედული გადაწყვეტილებების. დისკუსია დემოკრატიისთვის ვერ იქნება იზოლირებული. ღია და გამჭვირვალე მსჯელობებს თავისი დაბრკოლებები და უხერხულობები ახლავს, მაგრამ ეს უსაფრთხოების ღვედს მაგონებს, რომელიც ოდნავ მოუხერხებელია, მაგრამ სამაგიეროდ უსაფრთხოა. ასეა არჩევნებზეც. როგორც ამერიკელები ამბობენ: better safe than sorry…


[1] ადამ სმიტი: „გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ.“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1938. გვერდი 101. ფილიპე გოგიჩაიშვილის თარგმანი

One thought on “ადამ სმიტი და ქართული პოლიტიკა

  1. ეჰ, საზოგადოება უფრო მომთხოვნი კი უნდა გახდეს, თანაც ბევრი რამის თუ ვინმეს მიმართ, მაგრამ ამისათვის ეს საზოგადოება უნდა იყოს შეგნებული, აზრზე მოსული

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s