IVSTITIA. REGNORVM. FVNDAMENTVM.

სტატიის სათაურში მოტანილი სიტყვები (ქართულად: სამართლიანობა სამეფოთა საფუძველია) ჰაბსბურგთა იმპერიის ყოფილ დედაქალაქში ყველაზე თვალსაჩინო ადგილას – სამეფო სასახლის კარიბჭეზე წერია. როგორც ჩანს, იმპერიასაც სჭირდება სამართალი და სამართლიანობა, რათა შეინარჩუნოს დომინანტური მდგომარეობა, ძლიერება და მოქალაქეთა ლოიალობა. REGNORVM ანუ მეფობა (სახელმწიფოებრიობა) შეუძლებელია სახელმწიფო, იმპერიული თუ საზოგადოებრივი ინსტიტუციების გამართული ფუნქციონირების გარეშე. აღნიშნულის ეფექტურობა კი სწორედ მათი სამართლიანი მოქმედებით არის განპირობებული. ყოველ შემთხვევაში, ასე სჯეროდათ ჰაბსბურგებს – ჩემი აზრით.

საქართველოში მიმდინარე ბოლოდროინდელი დებატები დეკლარაციულ დონეზე მაინც ადამიანის პოლიტიკური თუ უზენაესი უფლებებისა და თავისუფლებების, მოქალაქეთა და ხელისუფლების პასუხისმგებლობისა და ვალდებულებების შესახებ იყო. პოლიტიკური დებატები და ანალიტიკოსთა მოკლე კომენტარები აუცილებელი და საჭიროა. თუმცაღა არანაკლებ, თუ არა უფრო მნიშვნელოვანია არსებული პრობლემების საფუძვლების ძიება, ჩვენი და სხვათა ისტორიის ანალიზი, მოვლენათა კანონზომიერებისა დანახვა და სწორი ორიენტირების აღება, რათა მომავალი უკეთესი იყოს ვიდრე გასული კვირის დებატები მედიასა თუ ქუჩაში. ამიტომ, ვფიქრობ საჭიროა კიდევ ერთხელ გავიაზროთ თუ რა განაპირობებს ისეთი პოლიტიკური ინსტიტუტების შექმნას, რომელნიც ადამიანთა თავისუფლების გარანტად გვევლინებიან და ხელს უწყობენ მათ საკუთარი საზოგადოებრივი თუ კერძო ინტერესების განხორციელებაში. ამ შემთხვევაში პოლიტიკურ პარტიებსა და პოლიტიკურ სისტემაზე ვსაუბრობთ, რისთვისაც უპირველეს ყოვლისა იმ ქვეყნების ისტორიული გამოცდილებაა საინტერესო, რომელთაც აღნიშნული გზა უკვე გაიარეს და ფუკიამას სიტყვების პერიფრაზი რომ გამოვიყენოთ, ”ისტორიის დასასრულის” მატარებელში ჩასხდნენ.

”ბურჟუაზიის გარეშე არ არსებობს დემოკრატია” (ბარინგტონ მური-უმცროსი)

ფარიდ ზაქარია ესეიში ”ადამიანის თავისუფლების მოკლე ისტორია” ადამიანის ცენტრალური ხელისუფლების ზედმეტი კონტროლისაგან გათავისუფლების პროცესის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპად კონსტანტინე დიდის მიერ დედაქალაქის რომიდან კონსტანტინოპოლში გადატანას (324 ჩვ.წ.აღ) ასახელებს. კონსტანტინე დიდმა მთელი რომის მოსახლეობა და ინფრასტრუქტურა კონსტანტინოპოლში გადანააცვლა. მან თან წაიყოლა ყველა და ყველაფერი გარდა ერთი ადამიანისა – ეს იყო რომის პაპი. აღნიშნული მოვლენა იყო პირველი პრინციპული ნაბიჯი სახელმწიფო და საეკლესიო კომპეტენციების რეალური გაყოფისა ევროპაში, რომელმაც სათავე დაუდო საერო და სასულიერო სამყაროს, ისევე როგორც სასულიერო სამყაროს შიგნით (მარტინ ლუთერი და სხვა რეფორმატორები) შემდგომ კონკურენციას და ხშირად, დაპირისპირებას ევროპაში. დაპირისპირებისა და კონკურენციის საუკუნოვანმა გამოცდილებამ კი ალტერნატიული აზრის პატივისცემისა და კრიტიკული აზროვნების ტრადიციის დამკვიდრებას და შესაბამისი პოლიტიკური კულტურისა და ინსტიტუტების შექმნას შეუწყო ხელი.

რომის დაცემის შემდგომ, ევროპა განვითარების ერთ-ერთი მთავარ ეტაპზე გადავიდა, სადაც ხელისუფლება ძირითადად დეცენტრალიზებული იყო ადგილობრივი მმართველების ხელში, გერმანული ტომები არასაკმარის სიძლიერეს ფლობდნენ იმისათვის, რათა ცენტრალიზებული ხელისუფლება შეექმნათ ევროპაში, ხოლო ეკლესია დიდი მონდომებით იბრძოდა ძალაუფლების გასამყარებლად. განსხვავებით გაშლილი ველებითა და სტეპებით მდიდარი რუსეთისა თუ აზიისაგან, ევროპაში რთული იყო ცენტრალიზებული ხელისუფლების ფორმირება. ამ და სხვა იდეოლოგიური თუ პოლიტიკური საფუძვლების გამო, სწორედ შუა საუკუნეების ევროპაში დაიწყო დეცენტრალიზებული მმართველობის კულტურის ჩამოყალიბება. ვინაიდან ნომინალური მმართველები ვერ ახერხებდნენ სრული კონტროლის დამყარებას, ისინი საჭიროებდნენ ადგილობრივი კლანების, ფეოდალებისა თუ სხვადასხვა ტიპის მმართველების მხარდაჭერას ძვირადღირებული კამპანიებისათვის, იქნებოდა ეს მშენებლობა, ომი თუ ორივე ერთად. შესაბამისად, ევროპაში თანდათანობით ჩამოყალიბდა ავტონომიის, დამოუკიდებელი მეწარმეობის, კულტურული და ეთნიკური ტოლერანტობის, აზრის თავისუფლებისა და კონკურენციის წინაპირობები. ამავე პერიოდში იწყებს ფორმირებას კანონის უზენაესობის პრინციპი მისი თანამედროვე გაგებით. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ აღნიშნულის ფორმირება იწყება არა ზემოდან ქვემოთ – მონარქისა თუ იმპერატორის კეთილი ნების გამოვლინებით ან როგორც მათი ძალაუფლების რეალიზაცია, არამედ ქვემოდან ზემოთ – ქვეშემრდომის შესაძლებლობით არ დაეშვა ზემდგომის არასასურველი მონაწილეობა ადგილობრივ საქმეებში. აღნიშნული ისტორიული კონტექსტიდან გამომდინარე, ტერმინი ”კანონის უზენაესობა” ფაქტიურად ასახავს ცენტრალური ხელისუფალის უუნარობას ზედმეტად ჩაერიოს ადგილობრივი ხელისუფალის საქმეებში. Magna Carta (1215) სწორედ ადგილობრივი ბარონების გამარჯვება იყო ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში. ერთ-ერთ უმთავრეს ფაქტორს, რომელმაც ბარონთა გამარჯვება განაპირობა მათი კერძო ეკონომიკური შესაძლებლობები წარმოადგენდა. ამ მხრივ, კანონის უზენაესობის ერთ-ერთ უპირველეს, თუ არა უმთავრეს საფუძვლად სწორედ ეკონომიკური ძლიერება გვევლინება.

აღნიშნული ვითარება რადიკალურად იცვლება შუა საუკუნეების დასასრულს, როდესაც სამხედრო რევოლუცია, მონარქიების გაძლიერება და ნაციონალიზმის აღზევება ახალ პირობებს ქმნის ევროპაში. მიუხედავად ამისა, ავტოკრატიული მონარქიების ფორმირება დროებითი და პრინციპში ხანმოკლე გადახვევაა დეცენტრალიზებული და თავისუფალი ევროპის საერთო ბუნებიდან. საფრანგეთის ბურჟუაზიულ რევოლუციას (მიუხედავად მისი იმპერიალისტური ინსტინქტებისა რესპუბლიკის ადრეულ პერიოდში) და დიდი ბრიტანეთის ეკონომიკურ ტრანსფორმაციას ევროპაში ახალი რეალობა შემოაქვს სადაც ახალი, გამდიდრებული ბურჟუაზიისა და ინგლისელი ჯენტლმენების სახით ახალი და გავლენიანი პოლიტიკური ფენა – საშუალო კლასი იქმნება, რომელიც მისაბაძი ხდება როგორც მოსახლეობის დაბალი, ისევე მაღალი ფენებისათვის. ამ ცვლილებებს ახალი კულტურა შემოაქვს. ეს არის თავისუფალი მესაკუთრის კულტურა, რომელსაც ხელი მიუწვდება მნიშვნელოვან ეკონომიკურ რესურსებზე, ამის შედეგად მონაწილეობს ძალაუფლების გადანაწილებაში (ინგლისის პარლამენტი ამის საუკეთესო ნიმუშია – The House of Commons) და ხდება სოციალური ცხოვრების მთავარი მამოძრავებელი ძალა. ამის მაგალითია ინგლისის მეფის, ჯეიმს I-ის პასუხი მოქალაქის თხოვნაზე მისი შვილი ჯენტლმენთა კლასში ჩაერიცხა: ”შეუძლებელია იგი ჯენტლმენად ვაქციო, აი ლორდად კი ნამდვილად შემიძლია ვაკურთხო.”

ვესტფალიის ზავი საბოლოოდ აყალიბებს ევროპის პრინციპულ მომავალს, სადაც სახელმწიფო არის მთავარი და სუვერენული მოთამაშე საერთაშორისო სისტემაში, ხოლო ევროპული დემოკრატიის ფორმირების წამყვანი ძალა კი კაპიტალიზმი ხდება. მიუხედავად მეოცე საუკუნის კატაკლიზმებისა, ევროპის განვითარების პრინციპული გზა არ შეცვლილა და იგი დარჩა თავისუფალი ადამიანის სამყარო, რომელსაც შესწევდა ცენტრის ზედმეტი ძალაუფლების ალაგმვა. ისტორიულად, ადამიანის თავისუფლების ინსტიტუციონალიზაცია, ზაქარიას თქმით, წინ უძღოდა დემოკრატიული სისტემის ინსტიტუციონალიზაციას ევროპაში. ადამიანი პირველად ევროპაში გახდა მთავარი შემოქმედი პირი სახელმწიფოებრივი ცხოვრებისა.

საბოლოო ჯამში, სწორედ კაპიტალიზმი და კაპიტალისტი გახდა ევროპისა და შეერთებული შტატების, ისევე როგორც მოგვიანებით სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ზოგიერთი სახელმწიფოს განვითარების მთავარი მოტორი. სახელმწიფოებმა, რომელთაც ჯერ პოლიტიკური ლიბერალიზაცია ამჯობინეს (თუნდაც ”კარგი სახის” შენარჩუნების მიზნით) და შემდგომისათვის გადადეს ეკონომიკური რეფორმები, საბოლოო ჯამში ჩამორჩენილი ეკონომიკისა და დიქტატურის რიგებში აღმოჩნდნენ. სახელმწიფოები კი რომელთაც ჯერ საკუთარი მმართველობითი სტრუქტურები და ეკონომიკა გააუმჯობესეს, როგორც წესი დადგნენ ლიბერალიზაციის შეუქცევად გზაზე. მრავალი მეცნიერის დაკვირვებით, ეკონომიკის ლიბერალიზაცია ბადებს ახალ პოლიტიკურ სუბიექტებს. ეს ახალი მოქმედი პირები შემდგომ თანდათანობით მოიპოვებენ პოლიტიკურ ძლიერებას, ხოლო საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს მათ მიერ აწყობილი და დაცული პოლიტიკური ინსტიტუტების – პოლიტიკური პარტიების საშუალებით ახორციელებენ, ახორციელებენ, ვინაიდან მათ ამის შესაძლებლობა გააჩნიათ. სხვა სიტყვებით, ისტორია გვიჩვენებს, რომ სახელმწიფოს განვითარების საუკეთესო გზაა პირველ რიგში ეკონომიკური დოვლათის შექმნა, რომელსაც შემდეგ, როგორც წესი მოაქვს ლიბერალური დემოკრატია და არა პირიქით. მატერიალური კეთილდღეობა ბადებს ლიბერალური დემოკრატიის მოთხოვნილებას და ამასთანავე, ქმნის მისი დაცვის საუკეთესო შესაძლებლობებს. აღნიშნულის საუკეთესო მაგალითები საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და შეერთებული შტატებია. ჩვენთვის კარგად ნაცნობი ნეგატიური მაგალითი კი დემოკრატიული კონსტიტუციით აღჭურვილი და დამოუკიდებლობის პირველ წლებში რუსეთისათვის ”ეკონომიკური ემბარგოს” დამწესებელი საქართველოს უახლესი წარსულია.

ჩვენი გაკვეთილი

და მაინც, რა კავშირი აქვს ამ ისტორიულ მიმოხილვას გასულ კვირას ჩვენთან დაწყებულ პოლიტიკურ დაპირისპირებასთან? უპირველეს ყოვლისა ამ მოვლენებმა აჩვენა, რომ საზოგადოება ჯერ კიდევ მოკლებულია როგორც ხელისუფლებაზე ეფექტური ზეგავლენის მოხდენის ბერკეტებს – გამართული პოლიტიკური პარტიების სახით, ასევე ამ ბერკეტების ჩამოყალიბების საშუალებებს. მეორეს მხრივ ბუნებრივია, რომ სახელმწიფო მმართველობის სისტემა მნიშვნელოვან გაუმჯობესებას საჭიროებს. ბოლოდროინდელი პოლიტიკური დაძაბულობა კი ამ პრობლემების პირდაპირი შედეგი იყო. საქართველოს ეკონომიკას ჯერ კიდევ სჭირდება დამატებითი დინამიზმი ახალი მოთამაშეების მოსაზიდად და ნამდვილად კონკურენტული გარემოს შესაქმნელად, არა მხოლოდ მეწარმეების სახით, არამედ უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკური აქტორების ჩამოყალიბების თვალსაზრისით, კერძოდ კი ძლიერი საშუალო ფენის შესაქმნელად, რომელიც ისევე როგორც ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში იქნება ლიბერალური ღირებულებების მთავარი დამცველი. მხოლოდ შეძლებულ ადამიანს შეუძლია ეკამათოს და პოლიტიკური მეთოდებით დაუპირისპირდეს ხელისუფლებას, თუკი იგი მისთვის არასასურველ პოლიტიკას მიმართავს. მშიერი და უუფლებო ადამიანები კი ძირითადად რევოლუციებს აწყობენ.

კაპიტალისტური კულტურისა და ეთიკის დანერგვა არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ მნიშვნელოვანი ღირებულებითი, პოლიტიკური და ეროვნული მნიშვნელობის მქონეა, რომელიც სტრატეგიული და ეროვნული მნიშვნელობის პოლიტიკად მესახება, არა მხოლოდ ეკონომიკური მიზეზების გამო არამედ მენტალური თვალსაზრისითაც. ამ პოლიტიკის შენარჩუნება, ვფიქრობ ხელისუფლების პირველი რიგის ამოცანაა. მხოლოდ ეკონომიკური საშუალებების მოპოვებით არის შესაძლებელი კანონის უზენაესობის დამკვიდრება საზოგადოებაში.

რეფორმების პროცესი რთული და მტკივნეულია. ადგილობრივი მეწარმე მტკივნეულად აღიქვამს იმპორტირებული პროდუქციის კონკურენტულ ფასს, სამწუხაროდ გარკვეული ხნის მანძილზე ყველა ვერ შეძლებს ჰილტონის დარბაზებში ისადილოს და ბუნებრივია ამ პროცესში მოსახლეობის გარკვეული ნაწილი აღმოჩნდება წაგებული. მიუხედავად ამისა, ასეთი მტკივნეული რეფორმების გარეშე შეუძლებელი იქნება ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის, იდეოლოგიასა და სხვადასხვა ფენების ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკური პარტიების ფორმირება, რომელნიც ლეგიტიმური დემოკრატიული პროცესის მამოძრავებელი ძალა იქნებიან. სხვა შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს ერთი პიროვნების გარშემო არსებული პარტიებით ”საზრდოობა.” ასეთ პირობებში კი ამ ადამიანთა მიერ სამართალდარღვევა თუ პოლიტიკური შეცდომა პარტიას არსებობად უჯდება, ეს კი სხვა არაფერია, თუ არა მოქალაქეთათვის პოლიტიკური ინტერესების რეალიზაციის მთავარი საშუალების უარყოფა. ”პრივატიზაცია, პრივატიზაცია, პრივატიზაცია!” ურჩევდა სოციალიზმიდან დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკისაკენ გარდამავალ გზაზე მყოფ ქვეყნებს მილტონ ფრიდმენი, რომელიც თანამედროვე ეკონომიკური აზრის (ჩიკაგოს სკოლა) ერთ-ერთი ფუძემდებელია. ეკონომიკური ზრდის მიღწევა, კერძო კაპიტალის შემოდინება და დაგროვება იმ გზის ფუნდამენტია, რომელიც კანონის უზენაესობის დამკვიდრების გზაზე უნდა გავიაროთ.

ის, რომ ამ წერილში კაპიტალიზმის მნიშვნელობაზე გავამახვილე ყურადღება არ ნიშნავს, რომ კანონის დაცვა, ჩინოვნიკთა თუ პოლიტიკოსთა კეთილსინდისიერება, ეროვნული და დემოკრატიული იდეალები ან თუნდაც პატრიოტიზმი მეორეხარისხოვანი ფაქტორებია. მაგრამ ეკონომიკური შესაძლებლობის, კერძო საკუთრებისა და კერძო კაპიტალის გაჩენა აუცილებელია ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ფორმირებისათვის. რეფორმების შედეგად დაგროვილი უკმაყოფილება ხშირად პოლიტიკურ პროტესტშიც გადაიზრება, მაგრამ საბოლოო ჯამში იგი პოლიტიკურ პროცესად იქცევა. სწორედ აქ არის ხელისუფლების როლი: დაიცვას კანონი და არ დაუშვას ანარქია; აქვეა ოპოზიციის შესაძლებლობაც: ცალკეულ მოქალაქეთა უკმაყოფილება პოლიტიკურ სამოქმედო გეგმად ”გადათარგმნოს” და აქვეა მთლიანად ჩვენი, სამოქალაქო საზოგადოების ვალდებულება ანგარიში მოვთხოვოთ როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას და ვაიძულოთ ორივე მხარე უერთგულოს ისეთ მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ ორიენტირებს, როგორებიცაა ლიბერალური ღირებულებები, კაპიტალიზმი და ე.წ. ”დასავლური ორიენტაცია,” რომელსაც უფრო ლიბერალურ-დემოკრატიულ ორიენტაციას ვუწოდებდი.

ჩვენი სახელმწიფოს განვითარება ლიბერალური დემოკრატიის ჩამოყალიბების ისტორიულ კანონზომიერებას მიჰყვება და ეს ნამდვილად დადებითი, თუმცაღა რთული და მტკივნეული პროცესია. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჩვენ არ ვართ გამონაკლისი და თუკი ჩვენს საზოგადოებას ეყოფა მოთმინება, თუკი ჩვენ შევძლებთ ჩვენი საკუთარი და მსოფლიოს ლიბერალურ-დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილების ათვისებას, მაშინ შევძლებთ მართებულ პოლიტიკურ ტენდენციებს ჩავუყაროთ საფუძველი. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ავირიდებთ თავიდან ვითარებას, როდესაც პოლიტიკური ორგანიზაციების დიდი ნაწილი სერიოზული სახით კამათობს იმის თაობაზე თუ რა უმჯობესია, გაფუჭებული საქმის გამოსწორება თუ ის, რომ საქმე საერთოდ არ გაფუჭდეს; ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრობა უფრო წაგვადგება კონფლიქტების დარეგულირებაში თუ პირიქით; კემპინსკის სასტუმრო უფრო სასურველია ეკონომიკის განვითარებისათვის თუ სადღაც სარდაფში სალარო აპარატის გარეშე მომუშავე სასადილო.

იმით დავასრულოთ, რითაც დავიწყეთ. კანონიერება სახელმწიფოსა და მმართველობის ეფექტურობის საფუძველია. ათენისა და რომის ძლიერების, მათი კანონების განხორციელების გარანტს კი თავისუფალი მიწათმოქმედნი თუ მევაჭრენი წარმოადგენდნენ. რომის იმპერიაში თავისუფალი ვაჭრობა და თავისუფალი გადაადგილება ერთ-ერთ უმთავრეს და გარანტირებულ უფლებას წარმოადგენდა. დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა თუ შეერთებული შტატების კანონის უზენაესობისა და ეფექტურობის გარანტი ეკონომიკურად ძლიერი და შესაბამისად, პოლიტიკურად თავისუფალი მოქალაქეა. კანონის უზენაესობის წყარო ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები და შედეგად ის პოლიტიკური მოთხოვნებია, რომელთა ზურგს უკან ნამდვილი მესაკუთრე და კაპიტალისტი, საშუალო კლასის წარმომადგენელი – ჯენტლმენი დგას, რა თქმა უნდა კაპიტალისა და კაპიტალისტის რელიგიური თუ ეროვნული კუთვნილების მიუხედავად.

ლევან ცუცქირიძე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s