ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, სასულიერო და საერო ძალაუფლების მქონე პირთა მცირე, მაგრამ მდიდარი და გავლენიანი ჯგუფის მიზანმიმართული მცდელობაა, გააუქმოს დემოკრატია უმრავლესობის სახელით. გასულ კვირაში ჟურნალისტებზე ძალადობა არა ამ ამოცანის დამაგვირგვინებელი, არამედ შუალედური ეტაპი იყო და თუკი შესაძლებლობა ექნებათ, ისინი უარესსაც იზამენ. ეს იმიტომ, რომ მათ, განსაკუთრებით კი ორგანიზატორებს, არ ამოძრავებთ პოზიტიური ამოცანები – მთავარი და ერთადერთი მიზანი ფულის და ძალაუფლების შენარჩუნებაა უვადოდ. გასული დღეების შემდეგ კი მათ ფიზიკურ თავისუფლებასაც შეექმნა პოტენციური რისკი, რადგან ბევრი მათგანი, სავარაუდოდ, დანაშაულის მონაწილეც გახდა. სწორედ ამიტომ, ისინი შეეცდებიან საკუთარი ძალაუფლება ბოლომდე უზრუნველყონ. ამ გზაზე მათთვის უკვე ყველა მეთოდი მისაღებია.
ამ თავგასულ ძალადობას საზოგადოებამ მშვიდობიანი, მაგრამ ორგანიზებული პასუხი უნდა დაუპირისპიროს, რაც რეალური და შესაძლებელია. სინამდვილეში, რაციონალურად მოძალადე და ორგანიზებული დამნაშავეების რაოდენობა რეალურად ბევრად უფრო მცირეა, ვიდრე ეს დღეს ჩანს და ის არათუ ასახავს, არამედ პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის ნამდვილ ინტერესებს. ამის მიუხედავად, ისინი გავლენითა და დაუსჯელობით სარგებლობენ, რაც მომდინარეობს იმ იმედიდან, რომ მათი მეგობრები და წამქეზებლები – საპატრიარქოს თუ ხელისუფლების წრეებიდან – მუდამ მათ გვერდით იქნებიან. უწყვეტად მიაწვდიან იმ დაცვას, რესურსებსა და ინფორმაციას, რაც მათ საქმიანობასაც ასაზრდოებს და როგორც ჩანს, კერძო შემოსავალსაც. თუმცა ის, რომ დღეს ასე ხდება, სულაც არ არის იმის გარანტია, რომ ხვალაც იმგვარად გაგრძელდება. დღეს თუ ისინი ვიღაცისთვის დიდ კრედიტს წარმოადგენენ, მალე, შესაძლოა, სწრაფად მოსაშორებელ ბალასტად გადაიქცნენ. მათ მომავალ ბედზე აღარავინ იდარდებს, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც დღეს მათ პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. სწორედ ამიტომ, მათ სურთ ახლა და საბოლოოდ განიმტკიცონ ძალაუფლება და თუ ეს მალე არ გამოუვათ, დროთა განმავლობაში უფრო მეტი გაურკვევლობისა და რისკის ზონაში აღმოჩნდებიან. ეს ის უპირატესობაა, რაც დემოკრატიულმა სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა გამოიყენოს.

შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ უფრო ადრე, ვიდრე გვიან, ეს ძალადობა დამარცხდება. ამის საფუძველს ისიც მაძლევს, რომ თავად ამ ძალადობის მთავარი განმაპირობებლი მათი იდეების ბრძოლაში მარცხია: მუშტებზე მაშინ იყურები, როდესაც შენი არგუმენტების ბანკი ბოლომდე გაბანკროტდება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომავალი ეტაპები უხიფათო იქნება, რომ ეს ძალები ავტომატურად დამარცხდებიან ან რომ ჩვენს გასაკეთებელს ვიღაც სხვა – ევროკავშირი ან აშშ იკისრებს. ასე ვერ იქნება, საქართველოს დემოკრატიის და შესაბამისად, საქართველოს მომავლის საქმე ჩვენ, მისმა მოქალაქეებმა უნდა გადავწყვიტოთ და მთავარი რისკები და ძალისხმევაც ჩვენი გასაწევია.
წარმატებისათვის საჭიროა, რომ საზოგადოების პროტესტი ძალადობის, შეუწყნარებლობის და ყოველივე იმ მავნებლობის წინაშე, რასაც ჩვენ ბოლო დროს ვხედავთ, გასცდეს სპონტანური მიტინგებისა და დემონსტრაციების ეტაპს და ბევრად უფრო ორგანიზებული და მიზანმიმართული ფორმა, უფრო სწორად – მრავალფეროვნება მიიღოს. მიჭირს გავიხსენო რომელიმე პროდემოკრატიული სამოქალაქო მოძრაობა, რომელმაც გრძელვადიანი გეგმის გარეშე რამეს მიაღწია. რა თქმა უნდა, ყოველთვის შეიძლება განვითარდეს ისეთი მოვლენები, რომელიც შეცვლის პოლიტიკურ ვითარებას, მაგრამ ისინი ჩვენს კონტროლს მიღმაა და შესაბამისად, სამოქალაქო საზოგადოება ვერ და არ უნდა იყოს ამის იმედზე. ამიტომაც საჭიროა ნათელი და მასშტაბური დემოკრატიული სამოქმედო გეგმის შექმნა, რომელზეც ყველა მთავარი დემოკრატიული ჯგუფი შეთანხმდება.
ეს რთული საქმეა, მაგრამ არა შეუძლებელი, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც დემოკრატიული პოლიტიკური ცენტრი აშკარა ძალადობისა და შევიწროების ფონზე სასიცოცხლო საფრთხის ქვეშ დგას. ასეთ, არაძალადობრივ, პროდემოკრატიულ სამოქალაქო გეგმასა და მოძრაობას ნათელ ამოცანებთან ერთად, ცხადი გეგმაც უნდა ჰქონდეს. სწორედ ეს არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ქვეყანაში დემოკრატიული ცენტრი შენარჩუნდეს, გადარჩეს და საბოლოო ჯამში გაიმარჯვოს.
ამ საქმეს მხოლოდ ლიბერალები ვერ შესძლებენ, რადგან, მიუხედავად მათი გავლენისა და საპროტესტო ბრძოლაში გამოცდილებისა, ისინი ცოტანი არიან. მათ გარეშე ცვლილებები ვერ მოხდება, მაგრამ მარტო მათაც არ შეუძლიათ გარდატეხის მომენტის შექმნა. კარგი ამბავი ისაა, რომ სინამდვილეში მხოლოდ ლიბერალებს არ გვაღელვებს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და ადამიანების ბედი საქართველოში. საზოგადოება არ არის გახლეჩილი ორ ნაწილად, სადაც ერთ მხარეს ლიბერალთა ვიწრო წრე, ხოლო მეორე მხარეს ორთოდოქსი ქართველი ტრადიციონალისტები არიან. ჩვენი ქვეყანა ძალიან მრავალფეროვანია და ლიბერალებმაც, ვინც ყველაზე კარგად ვსაუბრობთ მრავალფეროვნებაზე ეს ჩვენს ქმედებებში უნდა ავსახოთ. ჩვენ უნდა დავიწყოთ ხიდების შენება სხვა ჯგუფებთან, რომლებიც ასევე ცდილობენ, მათი ხმა მეტმა გაიგოს. სამწუხაროდ, დღეს ისევ ის დროა, როდესაც გამყოფი ხაზები პოლიტიკურ რწმენასა და დემოკრატიული პოლიტიკის განსხვავებულ ნიუანსებზე კი არ გადის, არამედ იმაზე, თუ სად გვსურს ცხოვრება – თავისუფალ, დემოკრატიულ საზოგადოებაში თუ კვაზი-ავტორიტარულ, ჩამორჩენილ, შეუმდგარ და ღარიბ ქვეყანაში.
პოლიტიკა და სამოქალაქო აქტივიზმი იდეების სამყაროა. თუკი ჩვენ ასე, ორ ნაწილად დავინახავთ ამ სამყაროს, მოქმედებაც შესაბამისი გვექნება და შედეგიც. მაგრამ თუკი ჩვენ დავინახავთ და რაც მთავარია, სხვებსაც დავანახებთ, რომ საქართველოს საზოგადოებას სინამდვილეში უფრო მეტი რამ აერთიანებს, ვიდრე ჰყოფს, მაშინ უფრო ძლიერი დემოკრატიული კოალიციის ფორმირებას მოვახერხებთ. საქართველოს აქტიური მოსახლეობის დიდ ნაწილს არ მოსწონს ძალადობა ქუჩებში, წინააღმდეგია კორუფციისა ხელისუფლებაში, ეკლესიასა თუ პოლიტიკაში და სურს, უფრო ნათელ და იმედიან ქვეყანაში იცხოვროს. იქ, სადაც მის უფლებებს პატივს სცემენ და კანონი პარტიულ თუ კრიმინალურ ბოსებს კი არა, საზოგადოებას და ადამიანებს ემსახურება. ეს ძალიან ძლიერი ჯაჭვია, რაც ლიბერალსაც და კონსერვატორსაც აერთიანებს.
დღეს ის ეტაპია, როდესაც უმრავლესობამ უნდა გაიაზროს, რომ სინამდვილეში იგი მრავალ ცალკეულთა ჯამია, ბევრი უმცირესობის ჯგუფისაგან შედგება და შესაბამისადაც უნდა მოიქცეს, რათა ხვალ სხვები ან სულაც თავად არ გახდეს გათავხედებული ბრბოს მორიგი სამიზნე. ის, რომ სხვა ჯგუფები აქტიურად არ გამოდიან გასაპროტესტებლად და არ არიან დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის ნაწილი, იმის გამოა, რომ მათთან სათანადოდ არც არავის უსაუბრია. ამ შემაკავშირებელი ჯაჭვის რგოლების აღმოსაჩენად, აუცილებელია დიალოგი როგორც ლიბერალურ ძალებს შიგნით, ისე ლიბერალებსა და კონსერვატორებს, ქალაქსა და სოფლად მაცხოვრებლებს, მატერიალურად მეტად უზრუნველყოფილებსა და უფრო შეჭირვებულებს და ბევრ მრავალ სხვა ჯგუფს შორის.
მთავარი შეცდომა, რასაც ჩვენ ხშირად ვუშვებდით იმაშია, რომ გვეგონა, თითქოს ჩვენ ერთმანეთს ვერ გავუგებდით, მაგრამ დღეს სხვა ვითარებაა. რთულად გასაგები, კომპლექსური საკითხები თითქმის აღარ დარჩა, რადგანაც ბოლო დღეების ტრაგიკულმა მოვლენებმა ძალიან მკაფიო ხაზი გაავლო საზოგადოებაში და ამ ახალმა გამყოფმა ხაზმა ეს საზოგადოება კი არ დააქუცმაცა, როგორც ეს ალბათ ბევრს სურდა, არამედ პირიქით, ხაზს იქით მოძალადეთა და მათ გულშემატკივართა მცირე ჯგუფი დატოვა, ხოლო სამომავლო არჩევანის მონახაზები უკიდურესად გაამარტივა: ან ვიცხოვრებთ თანამედროვე, ცივილურ ქვეყანაში ან სასულიერო და პოლიტიკური ელიტის ობსკურანტული ნაწილის დიქტატის ქვეშ გავაგრძელებთ არსებობას. ქვეყნის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს პირველი ურჩევნია მეორეს, თუნდაც ის ამას ხმამაღლა ვერ ამბობს, ჯერ-ჯერობით მაინც.
მხოლოდ ასეთი, ფართო დიალოგის შედეგად მოხერხდება იმ „დიდი კოალიციის“ შექმნა, რაც პროდემოკრატიულ ცვლილებებს რეალურად სჭირდება და რის გარეშეც იგი შეუძლებელია. ამ დიალოგში თავისი როლი აქვთ პოლიტიკურ პარტიებს, მედიასა და სამოქალაქო ჯგუფებს, მაგრამ მათი ჩამონათვალი უნდა გასცდეს ტრადიციული მოთამაშეების სიას. რეალური სამოქალაქო კოალიცია ლოკალური თემების დონიდან უნდა ამოიზარდოს და თბილისში, ქვეყნის პოლიტიკურ ცენტრში კონცენტრირდეს უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე: როგორც საპარლამენტო და პოლიტიკური არხებით, ისე სამოქალაქო, საპროტესტო თუ დიპლომატიური ურთიერთობებით.
დემოკრატიული საერთაშორისო თანამეგობრობა სწორედ ამ ადამიანთა დემოკრატიული, ინკლუზიური კოალიციის იდეალებს გაიზიარებს და მათთან იპოვის საერთო ენას. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ბოლო განცხადები იმას უჩვენებს, რომ მათი მხარდაჭერის რკალი დემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოებისკენ არის. დიდი კოალიცია, რომელსაც კარგ იდეებთან ერთად კარგი გეგმები და საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს, ძლიერი კომბინაცია იქნება თავისუფლებისთვის სამომავლო ბრძოლებში, რომელიც კვლავ იქნება და თან მალე.
საქართველოში დემოკრატიულ ძალებს ჯერ კიდევ ბევრი შეუძლიათ, მაგრამ პოლიტიკურ ბრძოლებში, განსაკუთრებით კი ჩვენი არასრული, დაზიანებული დემოკრატიის პირობებში, გაიმარჯვებს არა მხოლოდ ის, ვინც იდეებისა და არგუმენტების ბრძოლას მოიგებს, არამედ ის, ვინც ამ ბრძოლასთან ერთად უკეთ ორგანიზებასაც შეძლებს და ფართო, მართლაც რეალურად დემოკრატიულ კოალიციას შექმნის. ამ ბრძოლაში მოძალადე დამნაშავეების მცირე ჯგუფის გარდა არავინ დამარცხდება და სწორედ ეს არის ის, რაც საქართველოს სჭირდება: მოიგოს ყველამ. თუ ამას მოვახერხებთ არა მხოლოდ „დემოკრატიის გაუქმებას“ ავიცილებთ თავიდან, რისი საფრთხის წინაშეც ახლა მართლაც ვდგავართ, არამედ ანტივირუსითაც გავწმენდთ მას და სისტემასაც გადატვირთავთ.