მე 9 აპრილის პოლიტიკური თაობიდან ვარ და ამიტომ, ოცდაათი წლის წინ ვერაფრით დავიჯერებდი, რომ გავიდოდა დრო და გვეყოლებოდა პრეზიდენტი, რომელიც იტყოდა, რომ რუსეთთან ომი ჩვენ დავიწყეთ – მძინარე ქალაქის დაბომბვით; რომ ჩვენს პარლამენტში ისხდებოდა ხალხი, რომელიც ერთ დროს ქართული ჯარის წინააღმდეგ იარაღით ხელში გამოდიოდა; რომ გვეყოლებოდა პოლიტიკოსები, რომლებიც 9 მაისის აღლუმზე მოსკოვში ივლიდნენ; რომ ადამიანები, რომლებიც სიტყვასიტყვით გაიმეორებდნენ რუსულ პროპაგანდას საქართველოში, ერის კაცებად ჩაითვლებოდნენ. მაშინ ძალიან მიამიტურად და ჯიუტად მჯეროდა, რომ ჩვენს თავისუფლებას (რომელიც მაშინ ალბათ კარგად არც მესმოდა, რას ნიშნავდა), ვეღარაფერი დაუდგებოდა წინ.
დღეს აღარც ისეთი მიამიტი და არც იმდენად ჯიუტი ვარ და ამიტომ ვფიქრობ, რომ 9 აპრილის იდეალებს ძალიან დავშორდით. მაშინდელი თავისუფლების იდეა უპირველესად საბჭოთა კავშირიდან გათავისუფლება იყო, მაგრამ ამასთანავე, მას თან ახლდა ძლიერი რწმენა, რომ თავისუფლება და ღირსება განუყოფელი იყო. მაგრამ 9 აპრილის შემდგომმა სოლიდარობამ, რაც იმ დღეებში ყველას ელექტროდივით გვივლიდა, სულ მალე ადგილი დაუთმო გაუტანლობას, უსიყვარულობას და ძარცვას და ეს ყველაფერი დღემდე გრძელდება. დღეს ჩვენ რეალურად არც თავისუფალ და არც მთლად ღირსეულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. 9 აპრილიდან ამდენი წლის შემდეგ, საქართველო თავისუფალი კი არა, ჩრდილოვანი ავტოკრატიის ქვეყანაა, რომლის პარლამენტში ჯერ კიდევ ვერ გაურკვევიათ წითელი ფერის ღილაკს უნდა დააჭირონ ხელი თუ მწვანეს; ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ გვაქვს სტალინის და ბერიას ქუჩები და დღე ისე არ გავა, ათასი სახიფათო სისულელე არ თქვან ადამიანებმა, რომლებიც ქვეყანას მართავენ, რომელიც სინამდვილეში, დიდი ხანია, საერთოდ აღარ იმართება. უკიდურესი სიღარიბე, უთანასწორობა, კორუფცია, ცინიზმი და უიმედობა ჩვენი ყოველდღიურობის ჩვეულებრივი ნაწილი გახდა. ის ახალგაზრდები ამისთვის არ დაღუპულან, ისინი სულ სხვანაირ საქართველოზე ოცნებობდნენ, მაგრამ რადგან არაფერია მუდმივი, არც ჩვენი სახელმწიფოს დეგრადაციაა შეუჩერებელი.
დღეს, გასული წლების გახსენებისას, იმაზეც დავფიქრდი, თუ რა არის ის, რისი გაკეთებაც ჯერ კიდევ შემიძლია და რაც ჩემი თაობის ერთგვარ ვალდებულებადაც მიმაჩნია. ამას 9 აპრილის ჩემს პირად პოლიტიკურ მანიფესტს დავარქმევდი:
ქვეყანამ თავისუფლების იდეისა და საკუთარი შესაძლებლობების ისევ უნდა ირწმუნოს. საქართველოს შეუძლია გახდეს თავისუფალი და მდიდარი სახელმწიფო, სადაც ადამიანები თავს ბედნიერად და უსაფრთხოდ იგრძნობენ. უნდა გავაცნობიეროთ, რომ სიღარიბე და ჩამორჩენილობა ჩვენი ბედისწერა კი არა, ცუდი მმართველობის შედეგია. ამის გამოსასწორებლად კი საჭიროა არა პოლიტიკიდან ან ქვეყნიდან გაქცევა, არამედ ყოველდღიური, რთული, დამღლელი და ხშირად იმედგაცრუებებით სავსე, მაგრამ გადამწყვეტი ბრძოლა ნიჭიერი პატრიოტების ქვეყნის სათავეში მოსასვლელად. მიმაჩნია, რომ ადამიანები, რომლებიც შეგნებულად ეწინააღმდეგებიან თავისუფლების იდეას საქართველოში, მის კოლექტიურ მეხსიერებაში უნდა დარჩნენ, როგორც ისტორიული აბერაცია, პოლიტიკური ვირუსი, რომელიც შეგვეყარა, მაგრამ დაგვიტოვა ძლიერი იმუნიტეტი და ის ვეღარასოდეს განმეორდება. მე, რომელიც ამ ქვეყნის მოქალაქე მაშინ კი არ გავხდი, როდესაც პირველი პასპორტი ავიღე, არამედ სწორედ 1989 წლის 9 აპრილს, თავს ამ მნიშვნელოვანი მისიის ნაწილად დღემდე მივიჩნევ.