არჩევანი მე, არადანი თქვენ.

რატომ არის საჭირო წინასაარჩევნო პროგრამები? უცნაური შეკითხვაა, არა? თუმცა ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ რამდენიმე დღის წინ www.prezidenti.ge-ს 2018 წლის გამოცემის წარდგენისას სწორედ ამაზე ვისაუბრე, რადგანაც, როგორც ჩანს, ეს არც ისე ნათელია მთელი რიგი პოლიტიკოსებისათვის.

პროექტებს www.prezidenti.ge და www.partiebi.ge 2012 წლიდან ვახორციელებთ და ამ საიტებზე ამომრჩეველს ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტიისა და კანდიდატის პროგრამების წაკითხვა და მათი პოზიციების ერთმანეთთან შედარება შეუძლია.

წინასაარჩევნო პროგრამები არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არჩევნებში და ეს გასაგებიცაა. უაღრესად მნიშვნელოვანია ის, თუ ვის ვაძლევთ არჩევნებზე ხმას. კანდიდატების პიროვნული თვისებები და მათი წარსული საქმიანობა განსაზღვრავს, თუ რას შეიძლება ველოდოთ მათგან მომავალში და როგორ მოიქცევიან ისინი რთულ ვითარებებში. მაგრამ იმასთან ერთად, თუ ვის ვაძლევთ ხმას, არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, თუ რას ვაძლევთ ხმას: ანუ რა გეგმით მოდის ესა თუ ის კანდიდატი ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის საყოველთაოდ არჩეულ პოსტზე და რას მოუტანს ეს ამ ქვეყანას. შეუძლებელია სახელმწიფოს კარგი მართვა გეგმის, ხედვისა და ფასეულობების გარეშე, ეს ყველაფერი კი სწორედ წინასაარჩევნო პროგრამაში იყრის ხოლმე თავს.

იმ გემის მართვა, რომელსაც სახელმწიფო ჰქვია, არ შეიძლება ისეთ კაპიტანს ჩავაბაროთ, რომელმაც არ იცის, თუ საით უნდა წაიყვანოს ხომალდი.

გარდა ამისა, წინასაარჩევნო პროგრამების შინაარსი და მათ მიმართ დამოკიდებულება კარგად ასახავს  საზოგადოებისა და თავად პოლიტიკოსების პოლიტიკურ კულტურასაც. ამ თვალსაზრისითაც, ის თუ რა, როგორ და საერთოდ წერია თუ არა რაიმე წინასაარჩევნო პროგრამაში, ძალიან მნიშვნელოვანია. წინასაარჩევნო პროგრამები იმის ინდიკატორიც არის, თუ რა საკითხებია დამკვიდრებული პოლიტიკურ დღის წესრიგში და რა შეიცვალა დროთა განმავლობაში. სხვათა შორის, www.partiebi.ge  და www.prezidenti.ge ამისთვისაც სასარგებლო შესაძლებლობაა. ეს საიტები ქვეყნის პოლიტიკური განვითარების ისტორიის ერთგვარი მოკლე ვერსიებიც არის.

როგორც ვთქვი, წინასაარჩევნო პროგრამები საზოგადოების პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელიც არის, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ეს ცალკეული კანდიდატების პოლიტიკურ კულტურას ასახავს და იმას გვიჩვენებს, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ მათ ამომრჩევლისადმი. მოკლედ რომ ვთქვა, გააზრებული და რაციონალური პროგრამები იმის მაჩვენებელია, რომ კანდიდატი ამომრჩეველს პატივს სცემს და მას იმის ღირსად თვლის, რომ ნათლად აუხსნას, თუ რას გეგმავს და რა ხედვები აქვს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. საარჩევნო პროგრამის არარსებობა სხვა დანარჩენთან ერთად იმაზეც მეტყველებს, რომ ამა თუ იმ კანდიდატს ძალზედ დაბალი წარმოდგენა აქვს საზოგადოებაზე და მიიჩნევს, რომ მას არ აქვს რაციონალური და კრიტიკული გააზრების უნარი და არც იმის ინტერესი ან უნარი, კარგად გაიგოს პოლიტიკური გეგმის შინაარსი.

www.prezidenti.ge-ს წარდგენისთვის წინასაარჩევნო პროგრამები გრიგოლ ვაშაძის, დავით უსუფაშვილის, ზურაბ ჯაფარიძის, შალვა ნათელაშვილის და დავით ბაქრაძისგან მივიღეთ. სალომე ზურაბიშვილის, ისევე როგორც სხვა კანდიდატების პროგრამები კი არ მიგვიღია, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მათ უმრავლესობას ასეთი პროგრამები უბრალოდ არ გააჩნიათ.

ამიტომ რამდენიმე სიტყვა იმაზეც უნდა ითქვას, თუ რას  ნიშნავს, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრეც კი, რომელიმე პოლიტიკოსს ასეთი პროგრამა გამოქვეყნებულიც კი არ აქვს.

ჩემი აზრით, შეურაცხყოფაა მოუწოდებდე მოქალაქეებს ხმა მოგცენ, მაგრამ არ განმარტავდე საჯაროდ, ნათლად და დროულად, თუ რა ხედვა გაქვს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, როგორებიცაა ადამიანის უფლებები, სიღარიბე, ოკუპაცია, ეკოლოგია, განათლება; ასეთი ქცევა ჩემთვის დაახლოებით ამგვარად ითარგმნება:

„ჩემო მიამიტო, პოლიტიკურად ჩამორჩენილო და სწორედ ამიტომ ძვირფასო და საყვარელო ამომრჩევლებო! მე რაიმე კონკრეტულ პროგრამაზე სერიოზულად არასოდეს მიფიქრია და პრინციპში დიდად არც მაინტერესებს. მაგრამ ვიცი, რომ არც თქვენ გაინტერესებთ ეს საკითხები და ამიტომაც გელაპარაკებით ასე ან უფრო სწორად საერთოდ არ გესაუბრებით პოლიტიკის ენაზე. ეს ენა ესმის ევროპელ, განათლებულ ამომრჩეველს, მაგრამ თქვენ სინამდვილეში ამ ენის არა გაგეგებათ რა. მე თქვენ უძველეს ევროპელებს დაგიძახებთ, მაგრამ მოგეპყრობით, როგორც ბარბაროსებს. სწორედ ამიტომ, პროგრამაზე კი არა, შიშზე და მტრობაზე მოგიყვებით ზღაპრებს, რადგან ეს უფრო მოგეწონებათ, ვიდრე იმაზე ბევრი ფიქრი, თუ როგორი ეკონომიკური პოლიტიკა ან განათლების რეფორმა სჭირდება ამ ქვეყანას. მე თქვენ იმაზე გესაუბრებით, თუ როგორი კარგი ვარ მე და როგორი ცუდები არიან ისინი. ზუსტად ვიცი, რომ მეტს არც მომთხოვთ. მეტსაც გეტყვით, მე ისიც ვიცი, თუ როგორ მთავრდება ეს ფილმი, თქვენ რომ არჩევნებს ეძახით. სინამდვილეში არჩევანი უკვე გაკეთებულია და თქვენ მხოლოდ არადანის ნარჩენები გერგებათ.“

პოლიტიკური კულტურის განვითარებამ ჩვენ აუცილებლად უნდა მიგვიყვანოს იმ ვითარებამდე, როდესაც ასე ფიქრსა და მოქმედებას ვერც ერთი პოლიტიკოსი ვეღარ გაბედავს. საბოლოო ჯამში, სწორედ ამ საქმეს ემსახურება ეს საიტიც და მთლიანად ჩვენი ორგანიზაციაც და სწორედ ამიტომ მჯერა იმის, რაზეც ჩემს გუნდთან ერთად ვმუშაობ ამდენი წლის განმავლობაში.

ასე რომ, მოითხოვეთ და წაიკითხეთ პოლიტიკური პროგრამები და შემდეგ თქვენსავე არჩეულ ლიდერებს მათ შესრულებაზე პასუხი აგებინეთ. ეს არის ერთი სწორი ნაბიჯი ისეთი საქართველოს შენებისკენ, რომლის ზღაპრულ სილამაზესაც თითქმის ყველა კანდიდატი ერთნაირად ლამაზად გვიხატავს, მაგრამ ზოგმა მეტი იცის ამის მიღწევის გზებზე, ზოგმა ნაკლები, ხოლო ზოგიერთმა კი საერთოდ არაფერი.

გახსოვდეთ, სინამდვილეში არჩევანი მხოლოდ თქვენზეა!

Leave a comment