- რუსეთის პრეზიდენტი რომ შენს პრეზიდენტს ეტყვის: კოსოვოზე პასუხს საქართველო მიიღებს, მაგრამ ეგ შენი პრობლემა არ არისო (?), ესე იგი ომი მზადდება.
- სამაჩაბლოსა და აფხაზეთში რომ რუსულ პასპორტებს დაარიგებ, რკინიგზას რომ განაახლებ, ახალ შეიარაღებას რომ შეიტან და უსაფრთხოების დოქტრინაში რუსების მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაცვას ჩაწერ, ომი მზადდება.
- რუსი დიპლომატები რომ ევროპელებს ეუბნებიან დროზე მოინახულონ საქართველო, თორემ მერე გვიან იქნება, ომი მზადდება.
- მთებში ფრენის გამოცდილების მქონე მფრინავებს რომ აგროვებ, ომი მზადდება.
- ყველა ქართულ სამშვიდობო ინივიატივას რომ დაბლოკავ, ომისთვის მზადებაა.
- 40.000 რუსი სამხედროს საქართველოში რამდენიმე დღეში შემოყვანა ფიზიკურად შეუძლებელია, თუკი ომისთვის არ ხარ მზად.
- მეორე სახელმწიფოს მთავარ მომლაპარაკებელს „საბურავი რომ დაეშვება“ და სამშვიდობო შეხვედრაზე „ვერ მოვა“, ომი უნდა.
- 50-მდე რუსი ჟურნალისტი ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ცხინვალის ერთი და იმავე სასტუმროში შემთხვევით ვერ აღმოჩნდება, თუკი ომის დაწყება გადაწყვეტილი არ გაქვს.
- სამხედრო წვრთნის მონაწილეებს რომ ბროშურებს ურიგებ, სათაურით „მეომარო: იცნობდე შესაძლო მტერს!“, სადაც ქართული არმიის აღწერაა, ომს იწყებ.
- სხვა ქვეყნის თვითმფრინავი რომ შემოფრინდება შენს საზღვრებში და ბომბს გესვრის, ომის დაწყებაა.
- ქალაქის ტერიტორიიდან მოსახლეობის ორგანიზებულ გაყვანას ევაკუაცია ჰქვია და ხშირად ომისათვის მზადებას უძღვის წინ. როცა ცხინვალში ევაკუაცია ცხადდება, ომიც იწყება.
- სამშვიდობოების პოზიციიდან კონფლიქტის ზონაში აკრძალული იარაღით რომ გესვრიან, ომის დაწყებაა.
- სხვა ქვეყნის ტერიტორიიდან შეიარაღებული სამხედროები რომ შემოდიან, ომის დაწყებაა.
- ომის დაწყებას მობილიზება სჭირდება: ქართული შეიარაღებული ჯარების ხუთი ბრიგადიდან I ბრიგადა ერაყში იყო; II ბრიგადა, ერაყიდან ახალ დაბრუნებული – სენაკში, III და IV ბრიგადები ერაყისთვის წვრთნაზე ქუთაისში, V ბრიგადა კი ძირითადად საწვრთნელი ბრიგადა იყო. რუსული არმია კი, რომელმაც სწორედ მაშინ დაასრულა საბრძოლო წვრთნები, როკის გვირაბთან იდგა.
- ომის დაწყებას შესაბამისი წვრთნა და აღჭურვა სჭირდება, ქართული შეიარაღებული ძალების მომზადება არ იყო გათვლილი ტერიტორიულ ოპერაციებზე; რუსული ძალები კი ჩრდილო კავკასიაში სწორედაც რომ მეზობელ სახელმწიფოში შეჭრის ოპერაციისთვის ვარჯიშობდნენ და შესაბამისი ტექნიკაც იქვე ჰქონდათ.
- ომს (სამხედრო კონფლიქტს) აქვს თავისი განმარტება. ეს ყველგან წერია – წიგნებში, რომლებიც ბიბლიოთეკებშია და ვიკიპედიაშიც კი, რომელიც ინტერნეტშია! საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ომი საუკუნეების წინ კი არა, 2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო.
- 08-08-08 მარკეტინგულად კარგად ჩანს, მაგრამ სიმართლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მარკეტინგი: ომი 7 აგვისტოს დაიწყო, რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილების მასიური შემოჭრით საქართველოში.
- ძალიან სუსტი ქვეყანა ძალიან ძლიერის წინააღმდეგ ომს მხოლოდ მაშინ მიმართავს, როცა თავს ესხმიან და ომი ის ბოლო არჩევანია, რომელიც სასიცოცხლო დროის მოსაგებად სჭირდება.
- საკუთარ ქვეყანაში უცხო ქვეყნის უკანონოდ შემოსული არმიის წინააღმდეგ ომს ვერ დაიწყებ, თავი უნდა დაიცვა.
- 1-ში რომ გესვრიან, 2-ში რომ გესვრიან, 3-ში რომ გესვრიან, 4-ში რომ გესვრიან, 5-ში რომ გესვრიან, 6-ში რომ გესვრიან და 7-ში შენც რომ ესვრი, ეს ომის დაწყება კი არა, სამართლიანი თავდაცვაა.
- დაბოლოს, შენ როგორ მოიქცეოდი 2008 წლის აგვისტოში?