„შემხვდი გამთენიისას“

იცით, ხშირად ასე ვფიქრობ:

რომ არ ღირს სიცოცხლე იმ ქვეყანაში გავატარო, სადაც ფაშისტები ერთ დაძახებაზე ათასობით კაცს კრებენ; არ არის საჭირო კარგი მოლოდინები გქონდეს იქ, სადაც ეკლესია ჟურნალისტებს წყევლის; რატომ უნდა ვიცხოვრო იქ, სადაც მოქალაქეები სტალინისა და ბერიას ქუჩებზე ამაყად დააბიჯებენ და ფიქრობენ, როგორ გაანადგურონ მათგან განსხვავებული ადამიანები; რატომ ვიწვალო იქ, სადაც „ასავალ-დასავალი“ ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი გაზეთია ან სადაც მიიჩნევენ, რომ გრძნობები ცენზურით უნდა დავიცვათ; რა აზრი აქვს იქ მუშაობას, სადაც სახელმწიფო სამსახურში პრემიას პრემიაზე ინიშნავენ, მაგრამ ელემენტარული აზრის გამოთქმაც კი უჭირთ; რატომ ვიცხოვრო ისეთ ქვეყანაში, სადაც ვერც წესიერ განათლებას მიიღებ და ვერც ნორმალურ სამედიცინო მომსახურებას;

რა ძალა მადგას ვიცხოვრო იმ ქვეყანაში, სადაც ხალხს ჯერ კიდევ იმით ახარებენ, რომ შუქი, გაზი და წყალი ექნებათ.

ჩვენს ქალაქებში ტოქსიკური ჰაერია, რომელიც ყოველდღე ამოკლებს ჩემი სიცოცხლის ხანგრძლივობას. ქუჩები სავსეა ცხოველების განავლით და ქართველი ბიჭების ნერწყვით, თბილისში ვეღარ სეირნობენ ადამიანები, კაფეებში არ დადიან ხანდაზმული წყვილები, ქუჩებში ცხოველებს მანქანით ჭყლეტენ და ახალგაზრდებს კოცნის, ჩაცმისა და ვარცხნილობის გამო სცემენ.

რა მინდა აქ, სადაც ეს ყველაფერი ყოველდღიურობის შეუცვლელი თანმდევია და ცხოვრებას შეუძლებლობის განცდას ანიჭებს.

ვიცი მარტო არ ვარ, ვინც ასე ფიქრობს, მაგრამ მაინც მაქვს ოპტიმიზმის საფუძველი და მინდა 26 მაისისთვის თქვენც გაგიზიაროთ.

1918 წლიდან დღემდე საქართველომ ხუთი ომი და სამოცდაათწლიანი საბჭოთა სახელმწიფო ტერორი გამოიარა. მისი მოაზროვნე კლასი მიზანმიმართულად ამოწყვიტეს და გაანადგურეს.

და მიუხედავად ამისა:

  • საქართველოს ჰყავს მაგარი ახალგაზრდები. მართალია, დედისერთა ფაშისტებიცა და ინფორმაციის ნაკადების გავრცელების შენაერთთა სპასპეტებიც გვყავს, მაგრამ მათ არაფრის შექმნა არ შეუძლიათ. ამიტომ, გაუმარჯოს სწორედ ისეთ ახალგაზრდებს სწავლა რომ უყვართ; როცა საქმეს სჭირდება, ზოოპარკსაც დაალაგებენ; თუ რამეა, მინისტრს ბოდიშსაც მოახდევინებენ და თუ საქმე საქმეზე მიდგა, მთავრობასაც შეცვლიან.
  • საქართველოს ყველა სამზარეულოში დღეს ადამიანის უფლებებზე საუბრობენ. ზოგი ირონიით, ზოგი ბრაზით, ზოგი შიშით, ზოგიც სერიოზულად, მაგრამ მაინც, დღეს ყველა ამაზე საუბრობს. უმრავლესობა ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი კონსპირაცია და „მართული ორგანიზაციების“ შეთქმულებაა. მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი ისაა, რომ „დაეტიონ თავის სახლებში“ პოზიციის ადამიანებიც კი, ამ დებატების შემდეგ, თუნდაც ღამით, საკუთარ საბნებში გახვეულები ფიქრობენ: „რას ვიზამდი ჩემი შვილის შემთხვევაში? ნუთუ აღარ მეყვარება, ნუთუ მართლა ისე მოვიქცევი, როგორც ახლა ვამბობ? ნუთუ მართლა ვეტყვი, რომ სახლიდან თავი არ გაყოს და ბედნიერ ცხოვრებაზე ფიქრიც კი არ გაბედოს?“ რაც დრო გავა უფრო და უფრო მეტი ადამიანი დაფიქრდება ამაზე. ის, რომ ადამიანის უფლებების თემა საყოველთაო განსჯის საგანი გახდა, ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა.
  • საქართველო არ არის რუსეთი და არასოდეს ყოფილა ირანი. რუსეთი გავლენიანი და დიდი სახელმწიფოა, რომელსაც შეუძლია უგულებელყოს (დროებით მაინც) ყველა დანარჩენი. დღეს ბევრი ამბობს: „განა ახლოს არ ვართ გავხდეთ ირანი, სადაც რელიგიური ფუნდამენტალისტები წყვეტენ რა შეგვიძლია და რა არა?“ მესმის ამ რიტორიკის, მაგრამ საქართველო არასოდეს ყოფილა ირანი და ძალიან ნაკლებია იმის შანსი, რომ ოდესმე ასეთი გახდეს. საქართველო არც რუსეთია – უხეში ძალით აქ ხალხს ვერ შეაშინებ, სულაც პირიქით. ამასთან, ჩვენი ქვეყანა (საბედნიეროდ) ევროპული სახელმწიფოების მხარდაჭერაზეა დამოკიდებული და ეს ერთადერთი ეკონომიკური და პოლიტიკური სივრცე სადაც იგი მიღებულია, არის დემოკრატიული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რადიკალურ უკუსვლას სიტყვის თავისუფლების და ადამიანის უფლებების მხრივ ძალიან მაღალი, მიუღებელი ფასი ექნება ნებისმიერი მთავრობისთვის.
  • საქართველოს ყველაზე კონსერვატიულ ინსტიტუტებშიც იქნება ცვლილებები. ავიღოთ საქართველოს საპატრიარქო. იქაც არსებობენ ადამიანები, რომლებიც მეტად გახსნილნი არიან თანასწორობის, თავისუფლებისა და დემოკრატიის იდეებისთვის. ისინი საუბრობენ ევროპასთან დაახლოებაზე, სიყვარულზე, შემწყნარებლობასა და თანასწორობაზე. ეს იმის მაჩვენებელია, რომ არსებობს ხალხი, ვინც მართლაც ქრისტიანულად ფიქრობს იმ საკითხებზე, რომლებიც ჩვენც გვაფიქრებს და ეკლესიის პრობლემებსაც კარგად ხედავს. ეს თვითრეფლექსია უფრო დიდია, ვიდრე ჩვენ ვხედავთ.
  • ლიბერალური უმცირესობა უფრო ძლიერია, ვიდრე გვგონია. დემოკრატია ლიბერალური ფასეულობების გარეშე, შესაძლოა ადვილად გადაიზარდოს ტირანიაში. თუმცა ჩვენ გვყავს რეგიონში ყველაზე ძლიერი სამოქალაქო სექტორი; ყველაფრის მიუხედავად, ყველაზე დემოკრატიული, გამოცდილი და ძლიერი პარტიები და მზარდი პროდემოკრატიული, ლიბერალური მოძრაობები; მედია, საზოგადო აქტივისტები, ლიტერატორები, მწერლები, ლექტორები და ცალკეული პოლიტიკოსები. ამ ხალხს ბევრი რამ შეუძლია.

ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა ხშირად დაუძლეველ  წყვდიადად გვეჩვენება, რომელსაც ვერაფერი გაანათებს. გვგონია, რომ სულ ასე იქნება, მაგრამ ეს ასე არ არის. ახლა ყველა პრობლემა ერთად მოგროვდა და ერთიანობაში გამოჩნდა: ნაციზმის ქართული ინტერპრეტაციის პაროდიული ჯგუფები, სტრესული წლები ადამიანის (უმცირესობების) უფლებების დაცვისთვის, საზიზღარი ჰაერი, ხმაური და მტვერი, კორუფცია, ღარიბი და გაუცხოებული მოქალაქეები, დანგრეული სოფლები, იმედდაკარგული მოხუცები და ბავშვები, რომლებსაც სათამაშო ეზოები მამებმა წაართვეს. უყურებ ამ ყველაფერს ერთად და გგონია, რომ ეს არასოდეს დამთავრდება. მაგრამ ეს უფრო მალე დასრულდება, ვიდრე წარმოგვიდგენია, თუნდაც იმ ხუთი მიზეზის გამო, რაც ზემოთ ჩამოვთვალე.

ბობ დილანს აქვს ერთი სიმღერა – „შემხვდი გამთენიისას“, სადაც ის ასეთ რამეს მღერის: „მზის ამოსვლამდე ღამე ყველაზე ბნელია.“  შეიძლება, ახლა წყვდიადია, მაგრამ თუ ასეა, მაშინ ძალიან მალე გათენდება.

გილოცავთ დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს და გაუმარჯოს თავისუფლებას!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s