Gaudeamus Igitur

„დაკარგული შესაძლებლობების უნივერსიტეტთა მსოფლიო რეიტინგი“ რომ არსებობდეს, ჩვენ აუცილებლად მოვხვდებოდით ზემოთ, სულ ზემოთ. განა ცოტაა ერთი საუკუნე? კიდევ ბევრი შესაძლებლობას დავკარგავდით, მაგრამ ნუ ვიქნებით იდეალისტები, ხელსაც ხომ გვიშლიდნენ და ყოველთვის ყველაფერი ისე არ გამოდის, როგორც შეგვიძლია.

გილოცავთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს!

გილოცავთ, მიამიტო და კეთილო, ენთუზიაზმზე მომუშავე ლექტორებო, უნივერსიტეტის დამლაგებლებო და დარაჯებო! თქვენს გარეშე ეს უნივერსიტეტი დაიშლებოდა, მაგრამ ზედმეტად შეუმჩნეველი და ნუ გვიწყენთ, უმნიშვნელონი ბრძანდებით იმისთვის, რომ დარბაზის პირველ რიგში მოხვდეთ, პატრიარქის გვერდით.

გილოცავთ, თვინიერო სტუდენტობა. რაც მეტს მოითმენთ, მით უკეთესია თქვენთვის, განა სხვა რა არჩევანი გაქვთ? საიდუმლოდ გეტყვით, თუ რა არის ჩვენი ძლიერების წყარო: კარგად იცოდეთ, რომ ვერაფერს ისწავლით და შესაბამისად, ვერც ვერაფერს შეძლებთ. ვერ გვაჯობებთ და შემოგვიერთდებით. თქვენი უცოდინრობა ჩვენი ძალაუფლების საფუძველია. ძალა კი ერთობაშია.

გილოცავთ სტუდენტო გოგოებო, ხომ გიხარიათ, რომ ჩვენი ქვეყანა პროგრესს დაუფიქრებლად არ მისდევს? რომ გვაქვს სტიპენდიები მხოლოდ ბიჭებისთვის და რომ ქართული #MeToo არ არსებობს? ჯვარი აქაურობას! დროულად გადავიხადეთ პარაკლისი დღეს!

გილოცავთ დემოკრატიის გადარჩენას. იმაზე ხომ მაინც ვთანხმდებით, რომ განათლების საერთო გეგმაზეც კი ვერ შევთანხმდებით? როგორც ევროპელები გვასწავლიდნენ, ზუსტად ისე ვართ: „განსხვავებულნი, მაგრამ ერთიანნი.“ დიახ, ბრმები კი არა, ბრძენნი უნდა ვიყოთ: რაც კარგია, ის უნდა ვისწავლოთ, რაც არა კი, იმის მოკვეთაში მარჯანიშვილზე შეკრებილი ნაციის სიწმინდის ჯვაროსანთა რაზმი დაგვეხმარება. ჩვენთან არს ღმერთი!

თსუ-ს პანთეონში შეყენებული ჯიპებიდან გილოცავთ სრულიად საქართველოს!

Gaudeamus Igitur! გილოცავთ იმიტომ, რომ შეიძლება უარესიც ყოფილიყო.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s