“კონსოლიდაციის ტესტი” საქართველოსთვის

საქართველოში პირველად მოხდა ხელისუფლების ცვლილება კონსტიტუციურ, დემოკრატიულ გარემოში და ეს მოვლენა საქართველოს დემოკრატიული პოლიტიკური ტრადიციის შექმნის საქმეში მნიშვნელოვანი მიღწევა გახდება – თუკი მას სწორად შევაფასებთ და გამოვიყენებთ.

ძალიან კარგია, რომ გამარჯვებული კოალიცია პოლიტიკური შურისძიებას თავიდანვე უარყოფს. ის, რომ ნაციონალური მოძრაობა და საქართველოს პრეზიდენტი მზად აღმოჩნდნენ ოპოზიციაში სამუშაოდ, ასევე მნიშვნელოვანი მოვლენაა. ტრადიციულად, არჩევნებში დამარცხება ყოველთვის ბევრ რისკებთან იყო დაკავშირებული და დღემდე არც ერთი მმართველი პარტია გადარჩენია არჩევნების წაგებას. თუკი ნაციონალური მოძრაობა შეძლებს და გააგრძელებს პოლიტიკაში მონაწილეობას, ხოლო უმრავლესობა პოლიტიკურ რეპრესიებს არ მიჰყოფს ხელს, ეს შეცვლის თამაშის ძველ წესს, როდესაც გამარჯვებული ყველაფერს იღებდა, ხოლო დამარცხებული ვერაფერს.

რამდენიმე რამ არ უნდა დავივიწყოთ:

ოპოზიციური კოალიციის გამარჯვება საქართველოში მხოლოდ იმიტომ გახდა შესაძლებელი, რომ ყველასათვის მოულოდნელად, პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა. მაგრამ ასეთი შემთხვევა ის გამონაკლისია, რაც გვიჩვენებს, რომ იმ უზარმაზარი სოციალური და ფინანსური კაპიტალის გარეშე, რაც პირადად ბიძინა ივანიშვილს გააჩნია, საქართველოს არსებულ პოლიტიკურ სისტემაში ოპოზიციის გამარჯვება ბევრად უფრო რთული იქნებოდა, იქნებ შეუძლებელიც კი, მანამდე არსებულ ვითარებაში. ამიტომ, უნდა ვიცოდეთ, რომ პოლიტიკურ სისტემას მნიშვნელოვანი ცვლილებები სჭირდება და ჩვენი საზოგადოების დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ინსტინქტების დახვეწა ჯერ კიდევ ბევრ მუშაობას მოითხოვს. ასეთი გამონაკლისები ყოველთვის ვერ იარსებებს და ჩვენმა პოლიტიკურმა სისტემამ უნდა მოახერხოს დიდი მოულოდნელობების გარეშე მოახდინოს მმართველი პარტიების ცვლა.

საქართველოს არასტაბილური პოლიტიკური ლანდშაფტი და პარტიების სიღარიბე მათ გახსნილობასა და გამჭვირვალობას ხელს არ უწყობდა. შიდა-პარტიული დემოკრატია ერთის მხრივ მნიშვნელოვანია პარტიების განვითარებისა და თვითგანახლებისთვის, ხოლო მეორეს მხრივ თვითონ ქვეყნის დემოკრატიზაციისთვის. ამის მისაღწევად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმე ისაა, რომ პოლიტიკური პარტიები (მმართველიცა და ოპოზიციურიც) უფრო მეტად გახდნენ დამოკიდებულნი მცირე  შემოწირულობებსა და მსხვილ საჯარო დაფინანსებაზე, ვიდრე დიდ კერძო დონორებზე. ამისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნება გადასადგმელი, უფრო მეტად კი,  საჭირო იქნება პოლიტიკური ნება, თავშეკავება და პოლიტიკური მოწიფულობა. საჯარო დაფინანსების წილის გაზრდა თავად პარტიების დემოკრატიზაციას შეუწყობს ხელს, რადგანაც ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა უფრო მაღალია საჯარო ფინანსების, ვიდრე კერძო საჩუქრების მიმართ. დემოკრატების გარეშე კი დემოკრატიას ვერ ავაშენებთ.

დემოკრატიის საფუძველი ბიუროკრატიაცაა და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ამ რესურსების შენარჩუნებაა. საქართველოში გატარებულმა სახელმწიფო ადმინისტრაციის რეფორმამ კარგი კადრების მთელი წყება შექმნა. ამ კადრებს შენარჩუნება სჭირდებათ. მეტიც, ახალ უმრავლესობას გაუჭირდება საჯარო სამსახურის ხელახალი დაკომპლექტება და წესით, მისი პრაგმატული მიზანი უნდა იყოს, მაქსიმალურად შეინარჩუნოს ის გამოცდილება, რაც უკვე არსებობს საჯარო სექტორში. ამასთან, პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც უნდა გადაიდგას, ეს საჯარო სამსახურის დეპოლიტიზაციაა.

ძალზედ მნიშვნელოვანია თვითონ ყოფილი მმართველი პარტიის ბედი. საქართველოს ისტორიაში ოპოზიცია მხოლოდ რევოლუციით მოდიოდა ხელისუფლებაში და კომუნისტების დამარცხების შემდეგ პირველად მოხდა, რომ იგი ამას არჩევნებით ახერხებს. ასევე, ისტორიულად, მმართველი პარტიები სახელმწიფოს ნაწილი ხდებოდნენ და საარჩევნო წარუმატებლობის შემდეგ არსებობას წყვეტდნენ. ქვეყნისათვის უკეთესი იქნება, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ, როგორც პოლიტიკასა და მმართველობაში გამოცდილმა ორგანიზაციამ გააგრძელოს პოლიტიკური სიცოცხლე. ამისათვის, მნიშვნელოვანია პოლიტიკური ანგარიშსწორებისგან თავის შეკავება, რაც მძიმე წინაასარჩევნო პერიოდის გამო რთული, მაგრამ აუცილებელი იქნება.

პოლიტიკური კონკურენციის უკეთესი პირობების შექმნით, პარტიების მეტი დემოკრატიზაციით, პოლიტიკური უმცირესობის უფლებების აღიარებითა და დაცვით, საჯარო სექტორში არსებული კომპეტენციების შენარჩუნებით და მისი დეპოლიტიზებით, ქვეყანა მართლაც შეძლებს გავიდეს განვითარებს იმ ეტაპზე, როდესაც პოლიტიკური ძალების როტაცია მოულოდნელობის შედეგი კი არა კანონზომიერება იქნება. ასეთი განვითარება არა მხოლოდ ჩვენი საერთო, არამედ ახალი მმართველი ძალის რაციონალური ინტერესიცაა, რადგანაც ამით იგი თავისი სამომავლო სიცოცხლისუნარიანობის საფუძველებსაც განამტკიცებს. ყველა ამ საქმეში, საქართველოს პოლიტიკური ძალები და მისი მთავრობა გულუხვ დახმარებას მიიღებენ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და მათ ეს გულწრფელად და ეფექტურად უნდა გამოიყენონ.

ქვეყანა კონსოლიდირებულ დემოკრატიად მაშინ ითვლება თუკი იქ ორჯერ ზედიზედ ხდება ხელისუფლების დემოკრატიული, კონსტიტუციური ცვლილება. პირველ ოქტომბერს საქართველომ მისი ახალგაზრდა, ჯერ კიდევ სუსტი დემოკრატიის განმტკიცებისკენ შთამბეჭდავი ნაბიჯი გადადგა.

One thought on ““კონსოლიდაციის ტესტი” საქართველოსთვის

  1. სხვათა შორის, დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარებისა და დახვეწაზე კარგი გავლენა ექნება საზოგადოებაში არსებულ მიუკერძოებელ (დღეს რომ შუაშისტებს ეძახიან) ელემენტებს. ყველა ნორმალურ საზოგადოებაში (ძირითადად დასავლურებს ვგულისხმობ) სწორედ რომ ასეთი ხალხია იმის გარანტი, რომ არ მოხდება გაყალბება, დაისჯება დამნაშავე და ა.შ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s