წიგნის მიმოხილვა: “პენკოვსკის დღიურები”

 გამომცემლობა Collins, 1965 (პირველი გამოცემა)

როგორ მუშაობს დაზვერვა და შპიონაჟი? როგორ ხდება აგენტების გადაბირება, რატომ შეიძლება ადამიანმა გადაწყვიტოს მეორე ქვეყნის მხარეს გადასვლა? რა მოტივები შეიძლება ჰქონდეს ასეთ ქცევას და როგორ ხორციელდება ურთიერთობები აგენტებსა და მათ დამქირავებლებს შორის? რა მეთოდები არსებობს ინფორმაციის გაცვლის, ფულის გადაცემისათვის? თუკი უსაფრთხოების და უფრო კონკრეტულად დაზვერვისა და შპიონაჟის ნაცრისფერი სამყარო გაინტერესებთ, მაშინ პენკოვსკის დღიურები ნამდვილად კარგი საკითხავია. მით უფრო, თუკი საბჭოთა/რუსული და ზოგადად დაზვერვისა და შპიონაჟის თემებით ხართ დაინტერესებული.

ორიოდე სიტყვა ოლეგ პენკოვსკიზე. იგი რუსეთის სამხედრო დაზვერვის ერთ–ერთი მაღალი თანამდებობის პირი იყო. უფრო მაღალი, ვიდრე მისი ფორმალური სტატუსი: სამეცნიერო კვლევითი კომიტეტის თანამშრომელი. იგი GRU-ს ხელმძღვანელის, ივან სეროვის (სტალინის სიკვდილის შემდეგ ბერიას წინააღმდეგ შეთქმულების ერთ–ერთი ორგანიზატორი, უნგრეთის აჯანყების ერთ–ერთი მთავარი ჩამხშობი, რომელსაც ბრიტანულმა მედიამ „ივანე მრისხანე“ შეარქვა) და მარშალ სერგეი ვარენცოვის პირადი მეგობარიც იყო, მათი წვეულებებისა და არაფორმალური შეკრებების ხშირი სტუმარი. ასეთი მაღალი წრის კავშირებით უზრუნლყოფილი პენკოვსკი წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში რეგულარულად ამარაგებდა შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთს მგრძნობიარე ინფორმაციით საბჭოთა შეიარაღებისა თუ გეგმების, სსრკ კომპარტიისა და სამხედრო–პოლიტიკური ელიტის წევრების შესახებ ინფორმაციით. მისმა მონაცემებმა ძალზედ დიდი როლი ითამაშა კარიბის კრიზისის დროს – სწორედ პენკოვსკის მიერ მიწოდებული ინფორმაცია დაეხმარა შეერთებულ შტატებს სარაკეტო დანადგარების ამოცნობაში ჰაერიდან გადაღებულ ფოტოსურათებზე.

ზოგადად, შპიონაჟში სამ ძირითად მოტივს გამოყოფენ, რის გამოც ადამიანები „მეორე მხარეს“ გადადიან. პირველი ეს არის იდეოლოგია: „მე მომწონს მეორე მხარე და ვებრძვი უსამართლობას ჩემთან, ამიტომაც მეორე მხარეს გადასვლა ღალატი კი არა პატრიოტიზმია“ – დაახლოებით ასე ჟღერს პირველი მოტივი. მეორე ეს არის შანტაჟი, როდესაც ერთ მხარეს შეუძლია მეორეზე არსებული ზეგავლენის ინსტუმენტების ამოქმედება (დისკრედიტაცია და სხვა) და ამით იგი ინფორმაციის გამოძალვას ან მოქმედება/უმოქმედობის იძულებას ახდენს; მესამე ეს სიხარბე ან მატერიალური გაჭირვებაა: ფული და მატერიალური სიკეთეები. რა თქმა უნდა არც ერთი მათგანი მეორეს არ გამორიცხავს, თუმცაღა ცალკე აღებული შანტაჟი  და ფული  შედარებით მოკლევადიანი გავლენებია, რადგანაც მეტი ფულის გადახდა სხვებსაც შეუძლიათ და შანტაჟი და მუქარა „ცუდია:“ აფუჭებს პირად ურთიერთობებს და აგენტსა და მენეჯერს შორის და ამცირებს ნდობას. იდეალურ ვითარებად აგენტის მართვისათვის ითვლება ის, როდესაც პოტენციურ „კლიენტს“ – როგორც ამას დაზვერვის სამყაროში უწოდებენ მოსწონხარ, სარგებლობს შენით და დამოკიდებულია შენზე – ამას უკვე „კონტროლირებადი აგენტი“ ქვია.

პენკოვსკი განსაკუთრებული იყო. მან თავისი ნებით გადაწყვიტა დახმარებოდა ამერიკელებს კომუნიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და რამოდენიმეჯერ მიმართა მათ, თუმცა მათ თავიდან იგი არ მიიჩნიეს სერიოზულ „მონაგარად.“ შესაბამისად, მან მხოლოდ ბრიტანული დაზვერვის კონტაქტის, გრევილ უეინის ყურადღების მიპყრობით მოახერხა ამერიკელებზე გასვლა. მას არ ეშინოდა ამერიკელების და არ აუღია მათგან ფული, მხოლოდ ერთხელ რამოდენიმე ათასი მანეთი დოლარი ისესხა და შემდეგ… დააბრუნა. ოლეგ პენკოვსკი 1962 წელს გამოამზეურეს და დომინანტი ვერსიით სიკვდილით დასაჯეს, თუმცა სხვა (ნაკლებად სარწმუნო) ვერსიებით მისი საბჭოთა აგენტებზე გადაცვლა მოხდა. ნაკლებად სარწმუნო იმიტომ, რომ ადამიანი, რომელსაც უსაფრთხოების მაღალი დონის ინფორმაციაზე და რაც უფრო მნიშვნელოვანია ცოდნაზე მიუწვდება ხელი, ძალზედ საშიშია სიცოცხლისა და თავისუფლებისთვის: ის იცნობს სისტემას.

ამიტომაც, პენკოვსკის ისტორია საინტერესოა მკითხველისთვის დღესაც კი, ვინაიდან იგი ძალზედ ბევრს ყვება საბჭოთა დაზვერვის მუშაობის პრინციპებზე და დაზვერვის მართვის კულტურაზე. ამ სფეროს შედარებით ნაკლებად მცოდნეთათვის საინტერესო იქნება დღიურების ის ნაწილი (განსაკუთრებით „პრიხოდკოს ლექცია“), სადაც ისეთი ელემენტარული, ანბანური საკითხები განიხილება, როგორებიცაა შეხვედრების მომზადება და კომუნიკაცია, თუნდაც საქმე სრულიად უმნიშვნელო საკითხს ეხებოდეს; ინფორმაციის გაცვლა, ძირითადი, ელემენტარული უსაფრთხოების ნორმების დაცვა ამ დროს; ინფორმაციის მოპოვება და შენახვა და სხვა. ყოველივე ეს მოკლე ტრენინგის ნაწილია რაც, როგორც წესი, აგენტის „რეკრუტირებიდან“ უახლოეს ხანებში ხორციელდება: უსაფრთხოების ტრენინგი პირველი სავალდებულო ნაბიჯია მენეჯერსა და აგენტს შორის ურთიერთობებისა. ეს ასე ვთქვათ action ნაწილია პენკოვსკის ცხოვრებისა.

პოლიტიკითა და უსაფრთხოების მენეჯმენტით სერიოზულად დაინტერესებულ ხალხს კი უთუოდ დააინტერესებს პენკოვსკის მონათხრობი სსსრკ დაზვერვის ორგანიზაციაზე, ხალხის შერჩევაზე, მისი შეღწევის მასშტაბებზე თითქმის ყველა სამთავრობო თუ სამოქალაქო სტრუქტურაში (ინტურისტის სასტუმროების ქსელის თითქმის ყველა დამლაგებლის (!) ჩათვლით). გარდა საბჭოთა მხარისა, პენკოვსკის ჩანაწერები ცივი ომის დროინდელ ამერიკულ დაზვერვაზეც (და კონტრდაზვერვაზე) საკმაოდ საინტერესოდ ყვება. რაც ჩემთვის პირადად ყველაზე საინტერესოა, დღიურები ძალიან ბევრს გვეუბნება თვითონ იმ ტიპის ადამიანებზე, რომელნიც დიდი რისკის ფასად ერთვებიან ასეთ საქმეებში. ამასთან, ისინი შესაძლოა სულაც არ იყვნენ ის ადამიანები, ვინც ჩვენ გვგონია: ერთ–ერთი სოლიდური ალტერნატიული ვერსიით პენკოვსკი ორმაგი აგენტი იყო და სიკვდილთ დასჯის ნაცვლად ჩუმი, მაგრამ მნიშვნელოვანი დაწინაურებაც მიიღო მოსკოვში. ასეა თუ ისე, პენკოვსკის ფსიქოპორტრეტი იძლევა იმ ადამიანების აღწერას, რომლებიც სახიფათო თამაშებში ნებით და უფრო ღრმა მოტივაციით ერთვება, ვიდრე შეშინებული ან ფულს, მანქანებსა თუ კაზინოებს დახარბებული ადამიანია. მისი გამოაშკარავების შემდეგ, სამსახური დაკარგა ერთმა საბჭოთა კავშირის მარშალმა, საბჭოთა სამხედრო დაზვერვის უფროსს ჯერ სამსახური შეაცვლევინეს, შემდეგ კი გაკიცხეს და დააქვეითეს; საგარეო დაზვერვის სამასამდე ოფიცერი სასწრაფოდ მოსკოვში დააბრუნეს – იმდენად დიდი იყო ის ზიანი, რაც მან საბჭოთა საგარეო დაზვერვას მიაყენა.

და ბოლოს, შეიძლება ყველაზე საინტერესო: როგორც წიგნის სათაურიც ამბობს, პენკოვსკი  დღიურებს წერდა (საკუთარი რისკის ხარჯზე). აი რას წერს ის წიგნის თავში, რომელსაც „სისტემა რომელშიც ვცხოვრობ“ ქვია: „მე თვითონ ვარ ამ ტყუილის ნაწილი; ბოლოს და ბოლოს, მე ხომ ერთ–ერთი პრივილეგირებული ვიყავი… მაშინაც ვგრძნობდი და ახლაც ასე ვგრძნობ, რომ საკუთარი არსებობა რაღაცით უნდა გავამართლო, მხოლოდ ეს თუ მომცემს შინაგან სიმშვიდეს… მე მძულს ჩემი თავი, ვინაიდან ამ სისტემის ნაწილი ვარ და ტყუილით ვცხოვრობ. იდეალები, რომლებსაც ჩვენი მამები და ძმები ეწირებოდნენ ბლეფი და ტყუილი აღმოჩნდა.“ დაზვერვის ამბებში ფული და შიში მნიშვნელოვანია, მაგრამ ამბიცია და იდეა უმთავრესია. ამ ბიზნესში არავინ ენდობა ხალხს, ვისაც იაფად ყიდულობენ და ადვილად აშინებენ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s