კარლ ფონ კლაუსევიცის “ომის შესახებ.”

რამდენი წიგნი უნდა წაიკითხო ისე, რომ თავად არ მოგინდეს წიგნის დაწერაო, – ერთმა კარგმა მასწავლებელმა თქვა. მართლაც ძალიან მინდა წიგნის დაწერა, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერც დრო მოვნახე ამის საცდელად და ვერც რესურსები. სამაგიეროდ, წიგნების შესახებ შემიძლია ვწერო, მით უმეტეს, ამაში არც ჩემი ამჟამინდელი საქმიანობა მზღუდავს. ამიტომაც, გადავწყვიტე პერიოდულად მიმოვიხილო ის წიგნები და ხანდახან ის მნიშვნელოვანი, საინტერესო სამეცნიერო პუბლიკაციები, რასაც ჩემი პროფესიული საქმიანობისას ვიყენებ.

ჩემი საქმიანობა ზოგადად პოლიტიკის ანალიზი და პოლიტიკის რჩევაა; უფრო კონკრეტულად – უსაფრთხოების პოლიტიკის კვლევა, სპეციფიურად კი სტრატეგიული კვლევები, ანუ შეიარაღებული ძალებისა და პოლიტიკის ურთიერთმიმართება, შეიარაღებული ძალების სამსახური პოლიტიკის საქმეში. სწორედ ამ თემებს შეეხება ის ლიტერატურა, რომლის განხილვასაც პერიოდულად ვაპირებ.

წიგნების მიმოხილვის სერიას, რომელსაც ახლა ვიწყებ, რამოდენიმე მიზანი აქვს: პოპულარიზაცია გავუწიო პროფესიული ლიტერატურის კითხვას დაინტერესებულ საზოგადოებაში და დავეხმარო მას ამ დიდ და ვრცელ სამყაროში უკეთესად ორიენტაციაში. თანამედროვე პერიოდის ერთ-ერთი თავისებურება ხომ ისიც არის, რომ დღეს ინფორმაციის ნაკლებობა კი არა, მისი სიჭარბეა. გლობალიზაციამ, საზღვრების შედარებით გახსნამ და კომუნიკაციის გაადვილებამ ჩვენთვის უამრავი მასალა გახადა ხელმისაწვდომი. როგორც უილიამ არქინმა ერთხელ თქვა, ჩვენ „უპატრონო ბიბლიოთეკების“ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც უამრავი რამაა ხელმისაწვდომი, მაგრამ ხშირად არ ვიცით, რა სად მდებარეობს. მეორე მიზანი იმ სტუდენტების მხარდაჭერაა, რომლებსაც კითხვა არ ეზარებათ და რჩევა სჭირდებათ. მესამე მიზანი კი ზოგადად წიგნების მიმოხილვის თემის პოპულარიზაციაა, შესაძლოა – პროფესიული ლიტერატურის თარგმანისაც.

ყველა მიმოხილვა სუბიექტურია და ყოვლისმომცველი ვერ იქნება. ამა თუ იმ ნაშრომის მიმოხილვაც, რასაც დავწერ, ალბათ მხოლოდ იმ საკითხებს ასახავს, რამაც ჩემი ყურადღება მიიქცია, მეხსიერებაში ჩამრჩა, და მივიჩნევ, რომ მოცემულ გარემოში ჩემი წარმოსახვითი მკითხველისთვის მნიშვნელოვანია.

ჩემი პირველი მიმოხილვა კლაუსევიცის „ომის შესახებ“ იქნება.

”ომის შესახებ” ისეთი წიგნია, რომელზეც ბევრს საუბრობენ და იშვიათად კითხულობენ. მისი ლეიტმოტივი და ზოგიერთისათვის ყველაზე წინააღმდეგობრივი მოსაზრება იმაში მდგომარეობს, რომ „ომი პოლიტიკის გაგრძელებაა სხვა საშუალებებით… არა იზოლირებული აქტი, არამედ მისი ნამდვილი ინსტრუმენტი“. თუკი მართლაც ასეა, მაშინ ომი ისეთივე და იმდენადვე ლეგიტიმური მოქმედებაა, როგორც და რამდენადაც თავად პოლიტიკაა ლეგიტიმური. მეტიც, პოლიტიკა განსაზღვრავს ომის ფორმასა და შინაარსს. როგორიცაა პოლიტიკა, ისეთია ომი. იგი არ იწყება იქ, სადაც პოლიტიკა და დიპლომატია მთავრდება; პირიქით, კლაუსევიცის მტკიცებით, იგი მხოლოდ და მხოლოდ ერთი არჩევანია პოლიტიკურ არჩევანთა გამაში და, ამასთანავე, არავითარ შემთხვევაში უკანასკნელი – არსებობს არჩევანები, რომლებიც ომზე უარესია. ამ არგუმენტის კარგი ნიმუშია დებატები იმის თაობაზე, უმჯობესი იქნებოდა თუ არა ჰიტლერის წინააღმდეგ პრევენციული ომი. მართალია, ასეთ ომში მისი წამომწყები ყოველთვის რისკავს, რომ „მილიტარისტისა“ და „აგრესორის“ სტატუსს დაიმსახურებს, მაგრამ, ამ შემთხვევაში, „თავშეკავება“ მსოფლიოს 60, 000. 000 დაღუპულ ადამიანად და ტოტალური ბირთვული ომის საფრთხედ დაუჯდა.

მას შემდეგ, რაც ადამ სმიტმა „სახელმწიფოთა სიმდიდრე“ დაწერა, გაჩნდა იმედი, რომ ადამიანები კონფლიქტებს პრაგმატულად მოაგვარებდნენ; რომ გამოჩნდა გზა, რომელიც დისპუტების სამხედრო მეთოდით გადაწყვეტას კომერციულით შეცვლიდა. თუმცაღა, ეს მოლოდინი მცდარი აღმოჩნდა. ადამიანები მზად არიან, დაღვარონ სისხლი ერთი შეხედვით ისეთ არაპრაგმატული მიზნებისათვის როგორიცაა ღირსება, პატივი, ეროვნული სიამაყე და სხვა. სწორედ ამიტომ, კლაუსევიცი ომის საზოგადო მიზეზად სწორედ ადამიანთა და სახელმწიფოთა ბუნებრივ (და ლოგიკურ) „არარაციონალიზმს“ და შეზღუდულ ცოდნასა და ინფორმაციას მიიჩნევს. ამასთან, იგი ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს საზოგადოებების თუ ლიდერების განწყობებს. „ომები იწყება არა მტრული ემოციების, არამედ მტრული ინტერესების გამო“, – წერს იგი.

ბრძოლა და შეტაკება კომერციული ტრანზაქციის მსგავსია. „ომის მიზანია, ვაიძულოთ მოწინააღმდეგე, დაჰყვეს ჩვენ ნებას“, – ომის პროცესი რესურსების ხარჯვა და რესურსების მოპოვებაა, ვიდრე რომელიმე მხარე არ მივა იმ მდგომარეობამდე, როდესაც მისი ხარჯი გადააჭარბებს სარგებელს/პოლიტიკურ ამოცანას. სწორედ ეს თემაა ამ წიგნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი სამხედრო და პოლიტიკურ აზრში. შეკითხვა: „რამდენს გავიღებთ მოცემული პოლიტიკური მიზნისათვის“ საგულისხმოა ნებისმიერი საზოგადოებისათვის, ნებისმიერ დროს. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც პოლიტიკის გადასაწყვეტია. აქედანაა კლაუსევიცის მოწოდება პოლიტიკის სამხედრო საქმეზე დომინირებისათვის. პოლიტიკის კონტროლი ომზე არის პოლიტიკის დილემა და პოლიტიკოსის ამოცანა.

ომს საკუთარი ლოგიკა აქვს. პოლიტიკისა და ომის ლოგიკის შეთავსება ხშირად რთული საქმეა. ომის მიზეზები არარაციონალურია, მაგრამ არც სტრატეგიაა სრულად რაციონალური. დაწერილი მაქსიმებისა თუ დოქტრინების მოყვარულთა იმედგასაცრუებლად, „ომის შესახებ“ სტრატეგიასა და სამხედრო პოლიტიკას არა ჭადრაკის, არამედ ბანქოს თამაშს უფრო ადარებს. სამხედრო პოლიტიკა და სტრატეგია რისკით მანიპულირებაა, და არა მწყობრი მოქმედებათა სისტემა. ჩვენ არა მარტო ის არ ვიცით, თუ რა რესურსი აქვს ჩვენ მოწინააღმდეგეს, არამედ არც ის, თუ რა რესურსი გვაქვს თავად ჩვენ, რადგანაც მხოლოდ ჩვენ ხელთ არსებულ ბანქოს ქაღალდებს ვხედავთ და არ ვიცით, რამდენად სასარგებლოა იგი მეტოქის რესურსებთან შედარებით. ამიტომაც, „გაჭრის თუ არა ჩვენი კოზირი“ დიდწილად შესაძლებლობასა და ალბათობაზეა დამოკიდებული, რასაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ – შესაძლებლობის გამოყენება მხედართმთავრის შანსია. ამასთანავე, საზოგადოებები არ არიან თანასწორნი ომისა და პოლიტიკის საქმეში. „შემოქმედებით უნარი“ და „თავისუფალი სული“ ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებებია სამხედრო ლიდერისთვის. შესაბამისად, მხოლოდ მაღალგანვითარებულ საზოგადოებებს შეუძლიათ ჰყავდეთ სამხედრო გენიოსები (ნაპოლეონი), მაშინ როდესაც ბარბაროსებს შეუძლიათ ჰყავდეთ მხოლოდ მამაცი მეომრები (სპარტაკი).

“ომს მართავს ზიზღი და ძალადობა (ადამიანები ბრძოლის ველზე), შანსი და შესაძლებლობა (სამხედრო ხელმძღვანელობა), და სუბორდინაცია (პოლიტიკა), რაც ომის „პარადოქსულ სამებაში“ ერთიანდება. სწორედ აღნიშნული განაპირობებს, ერთი მხრივ, ომის სირთულეს და, მეორე მხრივ, ომში წარმატებას”, _ წერს კლაუსევიცი. რთულია ერთი მიზნისაკენ შეწყობილად იარონ დაღლილმა და გაბრაზებულმა მებრძოლებმა, გაურკვევლობაში მოქმედმა მხედართმთავარმა და დედაქალაქში დაბინავებულმა დიპლომატებმა. სწორედ ეს არის ომის სირთულე, სადაც აუცილებელია ომის პოლიტიკური კონტროლი, მაგრამ პოლიტიკაც იძულებულია, მხარი აუბას ომისგან ფორმირებულ ახალ გარემოს.

ამ წიგნის მნიშვნელოვანი დანატოვარია ომების კლასიფიკაცია, სადაც კლაუსევიცი რამდენიმე საინტერესო განსაზღვრებას გვთავაზობს. უპირველეს ყოვლისა, ესაა „აბსოლუტური“ და „შეზღუდული“ ომები. სწორედ იძულებასა და განადგურებას შორის არის ის მნიშვნელოვანი განსხვავებები, რასაც „ომის შესახებ“ ზედმიწევნით კარგად აღწერს. „შეზღუდული ომი,“ „აბსოლუტური ომისაგან” განსხვავებით, მიზნად არ ისახავს მოწინააღმდეგის, როგორც პოლიტიკური სუბიექტის განადგურებას, მის წაშლას პოლიტიკური რუკიდან. შეზღუდული ომის ამოცანა მოწინააღმდეგის იძულებაა, და არა მისი განადგურება. “თუმცაღა, ომის ბუნების ნაწილი ესკალაციაა”, – წერს კლაუსევიცი. და ვინაიდან მცირე ომს, შესაძლოა, დიდი ომი მოჰყვეს, აბსოლუტური, ნამდვილი, ომისათვის მზადყოფნა არის სახელმწიფოს აუცილებელი წინდახედულობა, მისი მოვალეობა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ომი ძალების სრული მობილიზაციით უნდა წარმოებდეს. ესაა მოსაზრება, რომელსაც ზოგიერთი სპეციალისტი სახიფათოდ მიიჩნევს.

სკეპტიკურია კლაუსევიცი სტრატეგიის ტრადიცული გაგების მიმართაც. კარგი სტრატეგიის დაწერა ადვილია, რადგან მისი ძირითადი ელემენტები ყველასათვის ნაცნობია. მთავარი სირთულე კარგი იდეების კარგად რეალიზაციაა. “ომში ყველაფერი მარტივია, – ამბობს იგი, – მაგრამ ყველაზე მარტივი გადაწყვეტილებების განხორციელებაც კი უკიდურეს სირთულეებთანაა დაკავშირებული – სწორედ ამიტომ, ჩვენ გვჭირდება მტკიცე და არა აუცილებლად დიადი გონების ხელმძღვანელები“. შესაბამისად, გადამწყვეტი მნიშვნელობა ომში მორალურ და ადამიანურ ფაქტორებს, სამხედრო ლიდერების მზადყოფნას ენიჭება.

განსხვავებით გავრცელებული მოსაზრებისა, რომ ომებს იწყებენ და ამთავრებენ პოლიტიკოსები, მაგრამ მართავენ სამხედროები, კლაუსევიცი ომში ყველა დონეზე პოლიტიკის პრიმატზე საუბრობს. „ომში ყველაფერი პოლიტიკურია,“ მცირე გადაწყვეტილებებს, რომელთაც შეიძლება სამხედროებისთვის მხოლოდ და მხოლოდ ტაქტიკური მნიშვნელობა აქვთ, შესაძლოა, სინამდვილეში დიდი პოლიტიკური წონა ჰქონდეთ (გერმანიის თავდასხმა ნეიტრალურ ბელგიაზე გერმანელ სამხედროთათვის ოპერაციული გადაეწყვეტილება იყო, ამერიკელი და ბრიტანელი პოლიტიკოსებისათვის კი ომში ჩართვის მთავარი პოლიტიკური მიზეზი).

ყველაფერს თავისი სასრული აქვს. ასეა ომიც, რომელიც აუცილებლად უნდა დასრულდეს რომელიმე მხარის გამარჯვებით. მაგრამ მნიშვნელოვანია ლიდერებმა იცოდნენ, თუ სად „მოიპოვება“ წარმატება – აქაც, პოლიტიკური გარემო განსაზღვრავს „გამარჯვების მდებარეობას.“ სამი რამ განაპირობებს გამარჯვებას: მოწინააღმდეგის ძალების განადგურება, ტერიტორიის ოკუპირება და წინააღმდეგობის ნების გატეხვა. ეს უკანასკნელი ამ მხრივ უმთავრესია – შედარებით ადვილია ახალი არმიის შეკრება, პარტიზანული ომის გაგრძელება და ახალი მოკავშირეების შეძენა, მაგრამ ბევრად რთულია გატეხილი მორალის აღდგენა. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, თუ რა იწვევს ამ უკანასკნელს, სად არის მოწინააღმდეგის „მიზიდულობის ცენტრი.“ ასეთი სახელმწიფოთა წინააღმდეგ ომში დედაქალაქის ოკუპაციაა, ალიანსის შემთხვევაში მათი ინტერესთა ერთობლიობა, აჯანყებებში კი – ლიდერები. სწორედ აქ გამოდის წინა პლანზე “Vom Kriege-ს“ ის უმნიშვნელოვანესი პოსტულატი, რომ ომი არა „განყენებული აქტია“ არამედ „ნამდვილი პოლიტიკური ინსტრუმენტი.“ შესაბამისად, სტრატეგია ომშიც კი შეუძლებელია იყოს მხოლოდ სამხედრო. არსებობს პოლიტიკური ამოცანები, რომელთა გადაჭრაც შეუძლებელია მხოლოდ სამხედრო ძალით.

ზოგადად, „ომის შესახებ“ რთული და შრომატევადი საკითხავია. მის კრიტიკოსებს ბევრი საინტერესო არგუმენტი აქვთ. მაგრამ ამ წიგნში ის თემებია განხილული, რის გარშემოც ტრიალებს თანამედროვე სამხედრო აზრი და დებატები სამხედრო პოლიტიკაზე. “შეიძლება თუ არა კლაუსევიცის წაკითხვა დაგვეხმაროს ერაყში“?სტატიებს მსგავსი სათაურებით მრავლად შეხვდებით დასავლურ პრესასა და სამხედრო ალმანახებში. “შეუძლებელია, ისტორიამ აგვიხსნას თეორია, რადგანაც მრავალნაირი ისტორია არსებობს, თეორიამ უნდა აგვიხსნას ისტორია”, – ამტკიცებდა კლაუსევიცი. ამ მხრივ, მისი სოციალური თეორია ომის ბუნების თაობაზე აუცილებელი საკითხავია როგორც უსაფრთხოების სტუდენტებისათვის, ასევე იმ საჯარო მოხელეებისთვის, რომელნიც ქვეყნის სამხედრო პოლიტიკის ფორმირებაში მონაწილეობენ.

 

მიმოხილვა პირველად დაიწერა სპეციალურად ჟურნალ “ლიბერალისთვის.”

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s