საქართველოს არჩევანი

26 მაისს საქართველომ მთავარი ეროვნული დღესასწაული აღნიშნა. დამოუკიდებლობიდან დღემდე ქვეყანამ მრავალი სირთულე და წინააღმდეგობა გამოიარა. დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ტვირთი რთული სატარებელია ახალგაზრდა, გამოუცდელი სახელმწიფოსათვის. საინტერესოა გადავხედოთ განვითარების იმ ტრაექტორიას, რაც დღეს საქართველოს აქვს მით უმეტეს, რომ აგვისტოს ომის შემდგომ განსაკუთრებით იმძლავრა პოლიტიკის ანალიზის მოთხოვნამ და საჭიროებამ.

ომის შემდგომ პოლიტიკის კომენტატორების, საზოგადოებისა და პოლიტიკოსების ნაწილში ისმის მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ საქართველომ უნდა გაატაროს ”ბალანსირებული პოლიტიკა,” რომელიც როგორღაც დააბალანსებდა დასავლეთისა და რუსეთის ინტერესებს საქართველოში და ამით საქართველოს მისცემდა უსაფრთხოების მეტ გარანტიებს; რომ ასეთი ბალანსირება ისტორიული კანონზომიერებითა და პოლიტიკური მიზანშეწონილებით არის განპირობებული. ხშირად ასეთი პოლიტიკის მაგალითად ჩვენივე რეგიონის ქვეყნები, სომხეთი და აზერბაიჯანი განიხილება ხოლმე, რომელნიც თითქოს ასეთი პოლიტიკის საშუალებით ახერხებენ რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის შენარჩუნებას. ამ ორ სახელმწიფოზე ქვემოთ ვისაუბრებთ, მანამდე კი სასარგებლო იქნება მოკლედ გავიხსენოთ თუ რას ნიშნავს ”ბალანსირება” (საერთაშორისო ურთიერთობების მეცნიერებაში) სინამდვილეში, რა არჩევანის წინაშე დგას საქართველო და ბოლოს, რატომ არის შეუძლებელი და შესაძლოა საზიანოც ”ბალანსირების” ის მოდელი, რომლის თაობაზეც ამ ბოლო დროს საუბრობენ.

განსხვავებით ჩვენში გავრცელებული მოსაზრებისა, ბალანსირება არ ნიშნავს (ორი ან მეტი) სახელმწიფოს ინტერესის ”შეზავებას” ან მათთვის თანაბარი ასპარეზის მიცემას. ტერმინი ”ბალანსირება” ძალთა ბალანსის თეორიის ნაწილია და მისი ტრადიციული ინტერპრეტაცია აღნიშნავს ერთი სახელმწიფოს გავლენის წინააღმდეგ მოქმედებას შიდა რესურსების მობილიზაციით, სხვა სუსტ ან ძლიერ სახელმწიფოსთან თანამშრომლობით. ბალანსირების ანალიზი და მისი განმარტებები და ინტერპრეტაციები მოცემულია ჯონ მეირშაიმერთან, ქენეთ უოლთსთან, სთივენ უოლთთან და სხვა რეალისტ ავტორებთან. ჩვენს შემთხვევაში, საქართველო ცდილობს რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური სიძლიერის დაბალანსებას დასავლურ სამხედრო-პოლიტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციით და შეერთებულ შტატებთან პარტნიორობით. სხვაგვარი გაგება ”ბალანსირებისა,” რომელიც იქნებოდა თეორიულად გამართული, დაეყრდონობა ისტორიულ გამოცდილებას და იქნებოდა პრაქტიკაში გამოყენებადი, საერთაშორისო პოლიტიკაში არ არსებობს. ეს სტატიაც ამ საკითხის განხილვისათვის იწერება.

უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია ვნახოთ თუ რა ტიპის რუსულ ინტერესებსა და პოლიტიკასთან გვაქვს საქმე საქართველოში. რუსული პოლიტიკა საქართველოს ინტერესებთან მიმართებაში ”ნეგატიურია” – საქართველოს არასოდეს მიუღია ”პოზიტიური რუსული წინადადება” იმის თაობაზე, თუ რას მიიღებდა ქვეყანა რუსეთთან თანამშრომლობის შედეგად. ”რუსული წინადადება,” თუკი ასეთი ოდესმე არსებობდა, ყოველთვის მდგომარეობდა მხოლოდ იმაში, რომ რუსეთი არ “დასჯიდა” საქართველოს თანამშრომლობის სანაცვლოდ. მუქარაზე დაფუძნებული პოლიტიკა საკმაოდ სერიოზული და ანგარიშგასაწევი რამაა, რადგან იგი ეფექტური იარაღია პოლიტიკაში, განსაკუთრებით კი შედარებით ძლიერი სახელმწიფოების ხელში შედარებით სუსტ სახელმწიფოთა წინააღმდეგ, როგორც ეს 2008 წლის აგვისტოშიც გამოჩნდა. თუმცაღა, მუქარასა და იძულებას, თავისი კონკრეტული დანიშნულება აქვს პოლიტიკის არსენალში და იგი უვარგისია მაშინ, როდესაც საუბარი თანამშრომლობასა და ალიანსებს შეეხება. იძულება კარგი ინსტრუმენტია ექსპანსიის, ძალის პროეცირების, მოწინააღმდეგის ინტერესების შესალახად და მისი მოკავშირეების გასანეიტრალებლად, მაგრამ იგი გამოუსადეგარია, როგორც ინსტრუმენტი თანამშრომლობის შესაქმნელად. თანამშრომლობას სჭირდება ბევრად მეტი რამ, ვიდრე სახელმწიფოთა შორის ასიმეტრიული ძალთა თანაფარდობაა. იმისათვის რომ თანამშრომლობა შედგეს, უნდა არსებობდეს მნიშვნელოვანი პოზიტიური (და არა ნეგატიური მაგალითად, ”გადარჩენა”) პოლიტიკური, სტრატეგიული, ეკონომიკური ინტერესები და საერთო ღირებულებები.

თუკი მსჯელობის გასამარტივებლად საქართველოსა და რუსეთს მცირე ხნით იზოლაციაში განვიხილავთ ვნახავთ, რომ ამ ორი სახელმწიფოს ინტერესები მხოლოდ ეკონომიკასა და ბიზნესში შეიძლება გადაიკვეთოს, ხოლო დანარჩენი სამი: პოლიტიკა, სტრატეგია და ღირებულებები შეუთავსებელი თუ არა, წინააღმდეგობრივი მაინც არის. პოლიტიკური თვალსაზრისით, საქართველო დასავლეთზე და დასავლური სახელმწიფო მოწყობის ტიპზე ორიენტირებული საზოგადოება და სახელმწიფოა. საქართველოში ჯერ კიდევ არის დიდი რაოდენობა მოსახლეობისა, რომელიც ფიქრობს რომ რუსეთი არის ხსნა პრობლემებისაგან და გზა ეკონომიკური კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისაკენ, მაგრამ ასეთ ჯგუფებს აკლიათ ორგანიზება და კომპეტენტური ლიდერები, რომლებიც მათი შეხედულებების ეფექტურ სამოქმედო გეგმად ფორმირებას და ამ გეგმის პოლიტიკაში რეალიზაციას შესძლებდნენ. თანამედროვე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების აქტიური და ორგანიზებული ნაწილი კი დასავლური ტიპის ან დასავლური განათლებითა და მოდელებით აზროვნებს და მისთვის დემოკრატია შესაძლებლობის, ინიციატივის, კანონისა და უსაფრთხოების სამყაროა. მართალია ჩვენთან ჯერ კიდევ სუსტია დემოკრატიული ინსტიტუტები და ტრადიციები, მაგრამ დემოკრატიის მოთხოვნა ქვეყანაში ძლიერია.

რუსეთის მიერ ათწლეულების, თუ არა საუკუნეების განმავლობაში საქართველოს სახელმწიფოებრობისადმი აქტიურმა მტრობამ საქართველოს ხედვა დასავლეთს მიაჯაჭვა. მაშინ როდესაც საქართველო დასავლეთსა და შესაბამისად დემოკრატიაში შესაძლებლობას, თავისუფლებასა და ინდივიდუალიზმს ხედავს, რუსეთი დასავლეთსა და ლიბერალურ დემოკრატიას მტრულად აღიქვამს. ”სუვერენული დემოკრატიისა” და ”ძალაუფლების ვერტიკალის” რუსული პლაგიატი, ლიბერალურ დემოკრატიას ისევე უყურებს როგორც ბინ-ლადენი და მისი ალ-ყაიდა: ლიბერალიზმი (რუსულ ვერსიაში) და სეკულარიზმი (ალ-ყაიდას ვერსია) ”სამოქალაქო” რელიგიებია, რომლებიც ემუქრება ტრადიციულ ღირებულებებს, რელიგიასა და მორალს; ეროვნულ, ეთნიკურ თუ რელიგიურ ინტერესებს. ლიბერალიზმისა და სეკულარიზმის შიში და ერთგვარი მიუღებლობა მოქალაქეთა სხვადასხვა ფენებში საქართველოს პრობლემაც არის. ეს მისი ეკონომიკის და პოლიტიკური ინსტიტუტების სისუსტისა და განათლების დაბალი დონის შედეგია და ”ქვემოდან,” ანუ ხალხთა მასების ნაწილიდან მოდის. აღნიშნულის მიუღებლობას კი რუსეთში ზემოხსენებულ ფაქტორებთან ერთად ”ძალაუფლების ვერტიკალის” მიერ წარმოებული პროპაგანდა ემატება, ანუ მას რუსული ელიტის დიდი ნაწილიც იზიარებს. ეს კი მნიშვნელოვანი განსხვავებაა. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ხშირად ამბობენ ხოლმე, შეძლებული რუსი შვილებს ინგლისში ასწავლის, ფულს შვეიცარიაში ინახავს და ზაფხულში ნიცის სანაპიროზე ერთობა, იგი მაინც დასცინის იმ დემორატიას, რომელიც ყოველივე ამის უსაფრთხოდ კეთების საშუალებას მასაც აძლევს.

ვინაიდან სტრატეგია პოლიტიკას ემსახურება, შესაბამისად განსხვავებულია ის მიდგომები, რომლებიც საქართველოს აქვს საკუთარი მიზნების რეალიზაციისათვის. NATO-სა და ევროკავშირისაკენ სწრაფვა, დასავლეთის სამხედრო კამპანიებში მონაწილეობა სწორედ ამ სტრატეგიის გამოხატულებაა. გასაკვირი არაფერია იმაში, რომ სუსტი სახელმწიფო უფრო ძლიერ (ჩვენს შემთხვევაში უძლიერეს) სახელმწიფოთა ალიანსთან მეგობრობასა და კავშირს ესწრაფვოდეს. რუსეთი თავის მხრივ, მოქმედებს დასავლეთის ექსპანსიის წინააღმდეგ, რაც მან 2008 წელს საკმაო წარმატებით მოახერხა, როდესაც შეაჩერა საქართველოსა და უკრაინისათვის MAP-ის მიცემის პროცესი. 2008 წლის აგვისტოში კი მან ძლიერი დარტყმა მიაყენა უპირველეს ყოვლისა საქართველოს, ხოლო შემდეგ დასავლეთისა და შეერთებული შტატების ინტერესებსა და საერთაშორისო პრესტიჟს ჩვენს წინააღმდეგ ომითა და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაზიანებით.

ეკონომიკის მხრივ, საქართველოს მნიშვნელოვანი ინტერესები გააჩნია რუსეთში და ასევე რუსეთსაც, ოღონდ მას არა უშუალოდ საქართველოში, არამედ ”საქართველოზე გავლით,” ამ სიტყვის როგორც გადატანითი, ასევე პირდაპირი მნიშვნელობით. რუსული ბაზრის დაკეტვა, მშრომელთა მიგრაციის შეზღუდვა და სხვა პრობლემები საგრძნობლად აზარალებს ჩვენს ეკონომიკას. რუსული ბაზრის დაკარგვა არა მხოლოდ საქართველოსათვის, არამედ მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისათვის იქნებოდა სერიოზული ეკონომიკური დანაკარგი, მაგრამ მეორეს მხრივ, თუკი ინდუსტრიები, რომლებიც სარგებლობდნენ რუსული ბაზრით წარმატებულად გააგრძელებენ ბაზრების დივერსიფიკაციას, ზარალის შემცირება შესაძლებელი გახდება. მუშახელის მიგრაციის საკითხიც სტრუქტურული საკითხია და დროთა განმავლობაში აღნიშნული უმუშევრობის ერთგვარი კომპენსაციაც მოსალოდნელია. მეორეს მხრივ, კანონზე დაფუძნებულ სახელმწიფოებში უფრო უსაფრთხოა ბიზნესის წარმოება, იგი უფრო მდგრადია და ნაკლებად ექვემდებარება პოლიტიკურ რყევებს. ამასთან, მსოფლიო მრავალ საინტერესო ეკონომიკურ პერსპექტივას გვთავაზობს გლობალიზაციისა და ლიბერალური ეკონომიკის პირობებში.

ღირებულებები მნიშვნელოვანია, ვინაიდან ისინი კვებავენ პოლიტიკურ და საზოგადო დისკურსს. საქართველოსა და რუსეთის არჩევანები აქაც რადიკალურად განსხვავებულია, რაც ხშირად არჩევანით, ზოგჯერ კი აუცილებლობით არის განპირობებული. მაშინ როდესაც კრემლმა გადაწყვიტა რომ მისი კამპანია მედიის წინააღმდეგ კარგი მიდგომა იყო პოლიტიკის საკეთებლად, საქართველოში ”იმედის” წინააღმდეგ 2007 წელს განხორციელებული მოქმედება შეცდომად მიიჩნევა; მაშინ როდესაც საქართველოში უკმაყოფილო ხალხი პიკეტირებს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ, კეტავს ქალაქის მთავარ გამზირს და იყენებს ოპოზიციურ ტელე-არხებს, რუსეთში ასეთი რამ უკვე დიდი ხანია წარმოუდგენელია. საქართველოში მარგინალური პოლიტიკური გავლენის მქონე ჯგუფები რადიკალურ-ნაციონალისტური, რევანშისტული დაჯგუფებებია; რუსეთში მარგინალური პოლიტიკური გავლენა დემოკრატიულ ძალებს აქვთ. რუსეთს არ გააჩნია ღირებულებითი ხიბლი და ”რბილ ძალად” წოდებული გავლენა, რათა მიიზიდოს მოკავშირეები. დრო, როდესაც მას ასეთი ”რბილი გავლენა” ჰქონდა კომუნიზმის, როგორც მსოფლიო ომში გამარჯვებული იდეოლოგიის დამარცხებასთან ერთად წავიდა. დღეს კი, როდესაც ევროკავშირი ”აღმოსავლეთის პარტნიორობას” სთავაზობს მეზობელ სახელმწიფოებს, რუსეთი მათ გაზის მიწოდებას უწყვეტს და საქართველოს ბალისტიკურ რაკეტებს უშენს. ღირებულებითი არჩევანი ნათელია, ჩვენთვის განსაკუთრებით და უფრო მწვავედ აგვისტოს შემდეგ.

საქართველოს დემოკრატიული და დასავლური ტრაექტორია გამოწვეულია, როგორც დემოკრატიის მიზიდულობით, ასევე დასავლეთის მხარდაჭერის აუცილებლობით, რომლის დაკარგვაც საქართველოსათვის დამღუპველი იქნება. შესაბამისად, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პრობლემებთან ჭიდილმა შესაძლოა ქვეყანა სისტემური გაძლიერების გზაზე დააყენოს. რუსეთს დასავლეთის მხარდაჭერა არ სჭირდება და შესაბამისად, მათი თანამშრომლობა სხვა ხარისხისა და მასშტაბისაა. საქართველოსა და რუსეთს სხვადასხვა სტანდარტებით სჯიან და მათ მიმართ განსხვავებული მოლოდინები არსებობს. რუსეთის სტაბილურობა და ზეგავლენა ძირითადად საწვავის ფასებს, პუტინის მკაცრად რაციონალურ მმართველობას და ელიტების ამ მმართველობით კმაყოფილებას ეფუძნება. სწორედ ამიტომ, რუსეთის პოლიტიკური ზეობა შეიძლება მისი სისტემური დასუსტებით დასრულდეს და რუსეთი გადაიქცეს მსოფლიო უსაფრთხოების დიდ პრობლემად და არა მისი გადაჭრის მნიშვნელოვან ნაწილად.

დავუბრუნდეთ ხშირად ”ბალანსირების” მაგალითად მიჩნეულ სომხეთს და გარკვეულწილად აზერბაიჯანს. სომხეთი ერთგვარი ”ურთიერთთავსებადობის” პოლიტიკას ეწევა, სინამდვილეში კი მისი სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურა რუსეთის მიერ არის ”დაყადაღებული.” აზერბაიჯანი ბალანსირებას იმით ცდილობს, რომ ნავთობს რუსეთშიც ყიდის, NATO-ს წევრობას აქტიურად არ ითხოვს, მაგრამ თანამშრომლობს მასთან. თითქოსდა, ორივე სახელმწიფოს წარმატებით უნდა ჰქონდეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხი გადაწვეტილი. მაგრამ ”ურთიერთთავსებადობის,” ან ორ ძალას შორის ბალანსირების ილუზიასა და ამ მიდგომის თეორიულ და პრაქტიკულ სისუსტეს წერტილს ყარაბაღი უსვამს: სომხეთს აზერბაიჯანის ტერიტორიის დიდი ნაწილი უკავია. სახელმწიფოთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ფორმულაში ბალანსირების ასეთი გაგება ნეიტრალურია – იგი არ განაპირობებს პოლიტიკურ დივიდენდებს, რადგან მთავარი მაინც ის არის, რომელი სახელმწიფო ან მხარე არის უფრო ინტეგრირებული, უფრო შეკავშირებული დიდ ძალასთან. ასეთი კი ამ ეტაპზე და განსაკუთრებით ყარაბაღის კონტექსტში სომხეთია. ასეთი ბალანსირების მოჩვენებითობას თუნდაც ის ადასტურებს, თუ რა სწრაფად თქვა უარი სომხეთმა NATO-ს წვრთნებში მონაწილეობაზე რუსეთის მოთხოვნის შედეგად და რაოდენ ენერგიულად უჭერს მხარს აზერბაიჯანი ნაბუკოს პროექტს, რომელიც რუსეთის გავლენის შესუსტებისაკენ არის მიმართული. სწორედ ამიტომ, ასეთი ”ბალანსირება” დიპლომატიური ეტიკეტის ნაწილია და არა სახელმწიფოთა წარმატებული პოზიცირება საერთაშორისო სისტემაში ან მით უმეტეს, რაიმე სახის მწყობრი თეორია მცირე სახელმწიფოს ეფექტური საგარეო პოლიტიკისათვის.

ისევე როგორც ნებისმიერ სხვა კონკურენციაში, მათ შორის გავლენის სფეროებისათვის პაექრობაში, უნდა გაიმარჯვოს ან დასავლეთმა (უფრო კონკრეტულად კი შეერთებულმა შტატებმა) ან რუსეთმა. ჩვენთვის, საქართველოს მოქალაქეთათვის დასავლეთის გამარჯვება ეროვნული ინტერესების ნაწილია, ვინაიდან მეორე ან უკეთესი ალტერნატივა არ არსებობს, არსებობს რუსეთის სრული გავლენის გარდაუვალობა და/ან საქართველოს, როგორც თანამედროვე სახელმწიფოს იდეის მორიგი მარცხი. სწორედ ამიტომ, ჩვენი სახელმწიფო და თუ გნებავთ, სასიცოცხლო ინტერესი არის ის, რომ მივაღწიოთ მდგრად უსაფრთხოებას, განვითარებას და ლიბერალურ-დემოკრატიული პროცესების შეუქცევადობას. ჩვენი სტრატეგიის მთავარი ღერძი დასავლეთზე და მის სამხედრო – პოლიტიკურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობაზე გადის.

ჩვენი წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მოახერხებს ქვეყანა ომის შემდგომი რყევებიდან ფეხზე დადგომას და სამხედრო უსაფრთხოებისა და პოლიტიკური სტაბილურობის მეტ-ნაკლებად პროგნოზირებადი რეჟიმის შექმნას; რაც ძალიან მნიშვნელოვანია – რამდენაც შესაძლებელი იქნება ახალი, ეფექტური რეფორმების განხორციელება; მაგრამ მხოლოდ ჩვენი არჩევანი საკმარისი არ არის, რამდენად ეფექტურიც არ უნდა იყოს ჩვენი დიპლომატია და რაოდენ ბრძენიც ჩვენი პოლიტიკური საზოგადოება. მრავალი სხვა ფაქტორი ზემოქმედებს იმაზე, მოხვდება თუ არა დასავლეთის სტრატეგიული და არა პერიფერული ინტერესების ზონაში საქართველო. ეს დამოკიდებულია დემოკრატიული სამყაროს ლიდერის – შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესების განსაზღვრებისა და ფორმირების პროცესის შედეგებზე, რომელიც ახლა მიმდინარეობს; ეს განპირობებული იქნება იმით, თუ რამდენად მოახერხებენ შეერთებული შტატები და ევროკავშირი უნისონში მოქმედებას საქართველო-რუსეთის კონფლიქტთან დაკავშირებით და რამდენ ძალისხმევას გაიღებენ ისინი ჩვენთვის; დასასრულს, ეს ასევე დამოკიდებულია იმაზე, თუ კიდევ რა მოხდება ხვალ მსოფლიოში. ეს ის საკითხებია, რომლებზეც ჯერ არ გვაქვს პასუხები, ზოგიერთ საკითხზე კი პასუხები უბრალოდ არ არსებობს. მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ თუ რა არის ჩვენი ეროვნული ინტერესი და შევეცადოთ ამ ინტერესის გააზრებას, საზოგადოებაში კომუნიკაციას და მის რეალიზაციას და არა მის ხელოვნურ მოდიფიკაციას. ეს ჩვენი: სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკის მეცნიერთა თუ პოლიტიკოსთა პასუხისმგებლობაა. მეორე და არა ნაკლებ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ამ არჩევანის დაცვაა, რომელსაც მნიშვნელოვანი საფრთხეები ემუქრება და მომავალშიც დაემუქრება.

საქართველო და რუსეთი იმყოფებიან რადიკალურად განსხვავებულ ისტორიულ გზებზე. მიუხედავად იმისა, რომ საწყისი პოზიციების – თუნდაც მხოლოდ ისტორიული ქრონომეტრაჟის გამო, ერთმანეთთან მსგავსებებიც შეიძლება მრავლად აღმოვაჩინოთ, ორი სახელმწიფო და ორი საზოგადოება სხვადასხვა გზით მიემართებიან ისტორიული მომავლისაკენ. მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც აუცილებლად უნდა დაისვას, არის ის, თუ რამდენად შეუქცევადია ეს ისტორიული ტრაექტორია. ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი ახლა და საქართველოსათვის ჯერ სამწუხაროდ არ არსებობს. მაგრამ არსებული განსხვავებები, დღეისათვის გაკეთებული არჩევანები ამ ორი საზოგადოების განსხვავებული და შეუთავსებელი განვითარების ტრაექტორიებზე მიუთითებს. რუსეთისა და საქართველოს კეთილმეზობლური ურთიერთობა მაშინ, როდესაც ეროვნული ინტერესები ასე განსხვავებულია შეუძლებელია. ასეთ ვითარებაში რეალური ალტერნატივები არის არაკეთილმეზობლურ რეჟიმში არსებობა ან ერთის მიერ მეორის ინტერესების დასათმობად იძულება (ომი).

სწორედ პოლიტიკური, ეკონომიკური, სტრატეგიული და ღირებულებითი ფაქტორების გათვალისწინებით ფორმირდება ეროვნული ინტერესები. ამ მხრივ, სასწორი საქართველოსათვის დასავლური ტიპის სახელმწიფოებრიობისაკენ იხრება. სწორედ აღნიშნული განაპირობებს რუსეთის ეროვნული ინტერესების კონფლიქტს ჩვენთან და პირიქით. ამ არჩევანების, ინტერსებისა და მთავარი მოთამაშეების ”დაბალანსება” შეუძლებელია. როდესაც მხოლოდ ოთხი ქვაა: პოლიტიკა, ეკონომიკა, სტრატეგია და ღირსებულებები და ოთხივე პინის ერთ მხარეს დევს, შეუძლებელია სასწორის წონასწორობაში მოყვანა მსჯელობის დეფორმაციის გარეშე.

ლევან ცუცქირიძე

დაიბეჭდა გაზეთ ”24 საათში” 1 ივნისი, 2009

One thought on “საქართველოს არჩევანი

  1. levan, es yvelaperi kargia teoriuli tvalsazrisit, magram praqtikulad ra gveshveleba qartvelebs an aris ki sashveli saertod? iqneb gvauwyot eqspertebma mainc weshmariteba, sait miveqanebit?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s