საქართველოს პოლიტიკური სისტემის ფორმირების პრობლემები

საქართველოს პოლიტიკური დინამიკა მუდმივად აჩვენებს ერთ ტენდენციას: საქართველოში არ არსებობს სტაბილური პოლიტიკური სისტემა და არ არსებობენ ძლიერი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც შესძლებდნენ მუდმივ, მდგრად ბრძოლას საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის. ეს ორი პრობლემა დიდწილად განაპირობებს პარტიული სისტემისა და საერთო პოლიტიკური კულტურის სისუსტეს საქართველოში.

დღეისათვის საქართველოში პოლიტიკური ორგანიზაციის საყოველთაოდ გავრცელებული და მართალი იქნება თუ ვიტყვით, ეფექტური ფორმაა ”სახალხო მოძრაობის” ტიპის ორგანიზაციები, რომელნიც ცდილობენ გამოხატონ საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესი. ამასთანავე, ძალზედ ხშირად ვხვდებით პოლიტიკურ იდეოლოგიათა აღრევას პარტიულ მოწოდებებში. სინამდვილეში კი პოლიტიკური პარტია ტრადიციული გაგებით, არის გარკვეული ჯგუფის ინტერესების გამომხატველი და არა საყოველთაო ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია. ასეთი საერთო სახალხო გაერთიანებები ძირითადად იქმნებოდა და იქმნება კოლონიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ან რევოლუციური მოძრაობებისათვის და არა დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფოს პირობებში.

ყოველივე ეს რამოდენიმე, ურთიერთდაკავშირებულ პრობლემას ქმნის: პირველი, ეს არის ამომრჩევლის მუდმივი გაურკვევლობა, რომელიც ვერ ახერხებს ტრადიციული პოლიტიკური სიმპატიის ჩამოყალიბებას და არჩევნებიდან არჩევნებამდე ელის, თუ რომელი ახალი, ან ”შეცვლილი ძველი” პარტია გამოჩნდება პოლიტიკურ ასპარეზზე. მეორე პრობლემაა ის რომ, ასეთ პირობებში შეუძლებელია პოლიტიკური კულტურის განვითარება. ტრადიციულ პოლიტიკურ ორგანიზაციებს კონკურენციისა და თანამშრომლობის ტრადიციული მექანიზმები უყალიბდებათ, რომელთა ფარგლებში ისინი მიმდინარე პოლიტიკურ უთანხმოებებს არკვევენ ან ვერ არკვევენ. ეს უკანასკნელი თავისთავად არ წარმოადგენს დიდ პრობლემას – სხვადასხვა პარტიებს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გააჩნიათ. ასეთ პირობებში ნაკლებია საზოგადოებრივ-პოლიტიკური კრიზისის რისკები, რადგან ტრადიციული პოლიტიკური კრიზისები ასევე ტრადიციული მეთოდებით წყდება: საკანონმდებლო ორგანოებში, პარტიულ ყრილობებსა და სასამართლოებში. მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა კი იმაში მდგომარეობს, რომ შეუძლებელია დემოკრატიის შექმნა, თუკი პარტიულ პოლიტიკურ სისტემას პოზიტიური განვითარების დინამიკა არ გააჩნია. ამ პრობლემებს მრავალი მიზეზი გააჩნია. მე ვარჩიე ორ მათგანზე დავწერო: პოლიტიკური სისტემის ხშირი ცვლილება და კაპიტალიზმის არასათანადო განვითარება საქართველოში.

საარჩევნო სისტემის მუდმივი ცვლილება ქართული პოლიტიკური რეალობაა. საქართველოში პრაქტიკულად ყველა არჩევნების წინ იცვლება არა მხოლოდ საარჩევნო კანონის დეტალები, არამედ საარჩევნო გარემო, თანაც როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ დონეზე. დამოუკიდებლობიდან დღემდე საარჩევნო სისტემა მნიშვნელოვნად ექვჯერ შეიცვალა. საარჩევნო კანონმდებლობასა და საარჩევნო კოდექსში კი მინიმუმ 60-ზე მეტი ცვლილება შევიდა. მიუხედავად ბევრი ობიექტური გარემოებისა, რომელიც ამ ცვლილებებს განაპირობებდა, უნდა ითქვას, რომ ასეთი დინამიკა ხელს უშლის პოლიტიკური ორგანიზაციების სიცოცხლისუნარიან ორგანიზაციებად ჩამოყალიბებას. პოლიტიკური, ისევე როგორც სხვა ტიპის ორგანიზაციები შეიძლება სოციალურ ორგანიზმებად განვიხილოთ, რომელნიც ადაპტაციას გარემო პირობების შესაბამისად განიცდიან. გარემო პირობების ხშირი ცვლილება ხელს უშლის ევოლუციას, ზოგიერთ შემთხვევაში კი იწვევს ორგანიზმების გადაგვარებას ან დაღუპვას. პოლიტიკურ მეცნიერებაში გავრცელებული შეხედულების მიხედვით, ყოველი საარჩევნო სისტემა გარკვეულ პოლიტიკურ სისტემას ბადებს – გარკვეული დროის შემდეგ. ანუ სოციალური ორგანიზმები ადაპტირდებიან მოცემულ გარემოსთან შესაბამისად. ”დუვერჟეს კანონად” ცნობილი თეორიის მიხედვით, პროპორციული საარჩევნო სისტემის ხანგრძლივად არსებობის შემთხვევაში ქვეყანაში მრავალპარტიული სისტემა ყალიბდება, შერეული სისტემის შემთხვევაში, პოლიტიკური აქტორები ძირითადად საარჩევნო ბლოკების სახით ფორმირდებიან, მაჟორიტარული სისტემის შემთხვევაში კი ქვეყანა ორ-პარტიულ სისტემას იღებს. მნიშვნელოვანია სხვა ფაქტორებიც, საარჩევნო ოლქების სიდიდე და რაოდენობა, საარჩევნო ბარიერი და სხვა და სხვა. ჩვენ ჯერ-ჯერობით ვართ განუვითარებელი პოლიტიკური სისტემის პირობებში, რომელიც აგრეთვე დუვერჟესა და სხვა პოლიტიკის მკვლევართა აზრით, გამოიხატება დამოუკიდებელი დეპუტატების სიმრავლით და შიდა-საპარლამენტო ფრაქციების ხშირი შექმნა-დაშლით. განვითარებულ პოლიტიკურ სისტემაში კი ეს უბრალოდ არარაციონალურია პოლიტიკოსთათვის.

მოკლედ რომ ვთქვათ, გარკვეული პოლიტიკური სისტემისა და პოლიტიკური კულტურის ფორმირებისათვის აუცილებელია რაიმე ერთი სისტემის ან გარემოს არსებობა ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე. იმ პირობებში კი, როდესაც ჩვენთან საარჩევნო სისტემა ასე ხშირად იცვლება, პოლიტიკური ორგანიზაციების ევოლუცია ძალზედ გართულებულია. ამ პირობებში პოლიტიკური ორგანიზაციები სწრაფად იბადებიან, მაგრამ სწრაფადვე ”იღუპებიან.” სწორედ ამიტომ, ვფიქრობ ძალზედ მნიშვნელოვანია კონსენსუსი იმაზე, რომ ”უკეთესი კარგის მტერია” და რომ საუკეთესო კანონის დაწერა შეუძლებელია. შესაბამისად, სხვა თემებთან ერთად აუცილებელია კონსენსუსი იმაზეც, რომ შეიქმნას ერთი ტიპის საარჩევნო სისტემა, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმუშავებს, რათა პარტიებს მიეცეთ ევოლუციის, ხოლო ამომრჩეველს მისთვის სასურველი, სტრატეგიული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა.

დემოკრატიისა და კაპიტალიზმის პირობებში პარტიები და ამომრჩევლები მოქმედებენ სამართლებრივი მექანიზმებით, ხოლო იმ პირობებში, როდესაც ორივე ამოცანა ჯერ კიდევ არ არის სრულად რეალიზებული, ამომრჩეველი ვერ იქმნის ნათელ პრეფერენციებს, რადგან ახალი პარტიები ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავდებიან, პოლიტიკური ცენტრი კი როგორც წესი ცარიელია. განვითარებული კაპიტალიზმის პირობებში, ამომრჩეველი სტრატეგიულად ნაწილდება მისთვის მისაღებ პარტიათა მხარდამჭერებად, ხოლო განუვითარებელი ეკონომიკის პირობებში ამომრჩეველი დაბნეულია ახალ-ახალი პარტიების, უპარტიო ფრაქციების, ერთეული ლიდერების და ეგზოტიკური იდეოლოგიების შემყურე. ყოველივე ზემოთქმულს, ჩვენს მიერ დასახელებული მეორე პრობლემის განხილვამდე მივყავართ.

მეორე წინაპირობა ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი პოლიტიკური სისტემისა არის კაპიტალიზმის, როგორც ეკონომიკური ურთიერთობების მოდელის არასათანადო განვითარება. კაპიტალიზმი ერთ-ერთი დიდი და კარგი გზაა ლიბერალური დემოკრატიისაკენ. დღეს საქართველოში კაპიტალიზმის განვითარებას რამოდენიმე ფაქტორი უშლის ხელს. პირველი ეს არის სასამართლოების სისუსტე და შეგრძნება იმისა, რომ კერძო საკუთრება არ არის კარგად დაცული. მეორე ფაქტორია მოსახლეობაში ჯერ კიდევ გამეფებული შიში კაპიტალიზმისა, რომელიც გამოწვეულია ერთის მხრივ იმით, რომ ქვეყნის მოდერნიზაციას ჯერ კიდევ არ მიუღწევია სათანადო დონისათვის, რათა კაპიტალიზმის დადებითი შედეგები (ინიციატივისა და შემოქმედების თავისუფლება, საწყისი კაპიტალის ხელმისაწვდომობა, სამრეწველო და საინფორმაციო ტექნოლოგიები და სხვა), მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის გამხდარიყო ხელმისაწვდომი; მეორეს მხრივ ფაქტია, რომ თავისუფალი ვაჭრობა და გლობალიზაცია ძალიან ბევრს ტოვებს ”წაგებულ” მდგომარეობაში – საკმაოდ დიდი დროის განმავლობაში. შორეულ პერსპექტივაში ბაზრის ბუნებრივად მოწესრიგების იდეის კრიტიკისას, თანამედროვე მაკროეკონომიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ლორდი ჯონ მეინარდ კეინსი ამბობდა: ”შორეულ პერსპექტივაში ყველანი გარდაცვლილნი ვიქნებითო.” ერთ-ერთი ობიექტური სირთულე კაპიტალიზმის ფორმირების გზაზე დღეს სწორედ შორეული პერსპექტივის გაურკვეველი მოლოდინია, რასაც სწრაფად ცვალებადი პოლიტიკური სისტემა, დემოკრატიული წარსულისა და კაპიტალისტური გამოცდილების არ არსებობა იწვევს.

აღნიშული ორი პრობლემა პრინციპში წარმოადგენს თანამედროვე საქართველოს პოლიტიკური სისტემის მდგრადი განვითარების წინაშე არსებულ სერიოზულ დაბრკოლებას. ამ პრობლემების გადალახვისათვის კი აუცილებელია, როგორც დღეს არსებული ძირითადი პოლიტიკური ორგანიზაციების კონსენსუსი (ვინაიდან ეს მათსავე რაციონალურ ინტერესშია), ასევე სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ნაწილის ამ იდეებისადმი მხარდაჭერა, ვინაიდან სხვა შემთხვევაში ჩვენ კვლავ დავრჩებით იმ დისკუსიაში, თუ რომელი კოდექსის რომელი მუხლი უმჯობესია.

”ეშმაკი რომ დეტალებშია” უკვე საქართველოს ყველა მოქალაქემ ისწავლა სატელევიზიო შოუებიდან საარჩევნო კოდექსის სხვადასხვა პუნქტების შესახებ. ახლა მთავარია ეშმაკი ამ დეტალებში დავტოვოთ, ჩვენ კი ჩვენი ქვეყნის განვითარების გზას უფრო დიდი თვალსაწიერით გავხედოთ.

სტატია პირველად დაბეჭდა ინტერნეტ გამოცემამ “Georgian Daily” 2008 წლის 25 მარტს.
სტატიის მომზადებაში მონაწილეობა მიიღო დავით სახვაძემ, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის კვლევითმა ასისტენტმა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s