ნეიტრალიტეტის ცუდი არჩევანი

”ღმერთი იმის მხარესაა, ვისაც დიდი ბატალიონები ჰყავს” ნაპოლეონ ბონაპარტე

ბოლო დროს საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში განახლდა მსჯელობა საქართველოს, როგორც ნეიტრალური სახელმწიფოს შესაძლებლობის შესახებ. განახლდა, რადგან აღნიშნული არ არის ახალი საკითხი ქართულ პოლიტიკურ დებატებში და იგი პირველად დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გახდა აქტიური მსჯელობის საგანი. სამწუხაროდ, ისევე როგორც დამოუკიდებლობის პირველ წლებში, დღევანდელ მსჯელობასაც დიდწილად არაინფორმირებული ხასიათი გამოარჩევს. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიას, ფაქტებსა და ტერმინოლოგიას; შემდეგ კი ისტორიის, ფაქტებისა და ტენდენციების ანალიზს და ლოგიკური დასკვნების გაკეთებას.

პირველ რიგში უნდა ავღნიშნოთ, რომ ნეიტრალიტეტი არ არის ერთგვარი და მისი მრავალი ფორმა არსებობს. ”მიუმხრობლობა,” ”მშვიდობიანი და აქტიური თანაარსებობა,” ”აქტიური ფორმალური ნეიტრალიზმი,” ”პოზიტიური ნეიტრალიზმი,” ”იზოლაციონიზმი” ნეიტრალიზმის სხვადასხვა ფორმების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია (პიტერ ლიონი ”ნეიტრალიტეტი და ნეიტრალიზმის კონცეფციის განვითარება,” ”პოლიტიკის მიმოხილვა,” ტომი 22, #2, 1960 წლის აპრილი. გვერდი 256 ). ყველა ნეიტრალიტეტი არ არის ერთნაირი, ხოლო ყველა ნეიტრალურ სახელმწიფოს თავისი უნიკალურობა გააჩნია. როგორც მარქსი მართებულად აღნიშნავდა, ”ნეიტრალიტეტი ისტორიული კონცეფციაა და ყველა ასეთი კონცეფციების მსგავსად, იგი სხვადასხვა დროს სხვადასხვა მნიშვნელობის მქონეა.” მნიშვნელოვანი განსხვავება არსებობს ნეიტრალურ პოზიციასა და ნეიტრალიტეტს ან უფრო სწორად ნეიტრალისტურ პოლიტიკას შორის (ეს ორი ხშირად სინონიმებადაც გამოიყენება, თუმცა მათ შორის მნიშვნელოვანი განსხვავებებია). პირველი გულისხმობს საერთაშორისო პოლიტიკაში არსებული ერთი ან რამოდენიმე საკითხის მიმართ ქვეყნის ნეიტრალურ დამოკიდებულებას. მეორე სახელმწიფოს მუდმივ მიუმხრობლობას. აღნიშნული შესაძლოა განცხადებულ იქნას როგორც ოფიციალური პოლიტიკა, ან უბრალოდ გამოხატული, როგორც ქვეყნის პოლიტიკური ”ქცევის” ტრადიცია. საქართველოს შემთხვევაში ნეიტრალური პოზიციის მაგალითია ჩვენი დამოკიდებულება მთიანი ყარაბაღის პრობლემის მიმართ.სულ

სხვა საკითხია ნეიტრალიზმი, როგორც სახელმწიფოს მიერ ფორმალურად გამოცხადებული მიუმხრობლობის პოლიტიკა, რომლის თანახმად სახელმწიფო არ ერევა არც ერთ საერთაშორისო კონფლიქტში პირდაპირი თუ ირიბი საშუალებებით ან მხარდაჭერით. ასეთი ნეიტრალისტური პოლიტიკის მაგალითებია ირლანდია და შვეიცარია მეორე მსოფლიო ომის დროს, თუმცაღა აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ ვერც ისინი გადაურჩნენ ”შემთხვევით” საჰაერო დაბომბვებს. ამ შემთხვევაში, რამოდენიმე მნიშვნელოვან პრობლემასთან გვაქვს საქმე. პირველი არის ის რომ, ნეიტრალიზმი არის არა მხოლოდ ერთი ქვეყნის არჩევანი, არამედ მსოფლიო პოლიტიკის ყველა მნიშვნელოვანი მოთამაშის ურთიერთთანხმობის პროდუქტი. ეს ნიშნავს, რომ ერთი ქვეყნის სურვილს იყოს ნეიტრალური, უნდა ემთხვეოდეს ყველა სხვა დიდი და ძლიერი სახელმწიფოს სურვილს იხილოს ასეთი ქვეყანა მსოფლიო რუკაზე. აღნიშნული მეტად რთულად რეალიზებადი ამოცანაა, რადგან პირველ რიგში ასეთი საერთაშორისო კონსენსუსი ძნელად მისაღწევია ფორმალურად; მისი რეალური დაცვა ისეთ საერთაშორისო გარემოში, სადაც როგორც წესი, არ არსებობს მართვის ვერტიკალური, ყველასათვის მისაღები სისტემა და სამხედრო უსაფრთხოება წამყვანი საკითხია გადაწყვეტილებათა მიღების პერიოდში, კიდევ უფრო რთული საქმეა. მთავარი სახელმწიფოთა ქცევაში არის არა საერთაშორისო ნორმები ან ხელშეკრულებები, არამედ ეროვნული ინტერესები და უსაფრთხოება, რომელიც ხშირად და მუდმივად იცვლება. ამასთან, ხელშეკრულებები და ნორმები მხოლოდ და მხოლოდ გამოხატავენ მსოფლიოში არსებულ ძალთა ბალანს და არა განაპირობებენ მას.

გამომდინარე ზემოთქმულიდან, ნეიტრალიზმი ბევრად უფრო რთულად განსახორცილებელი პოლიტიკაა, ვიდრე ნეიტრალიტეტი ერთ ან თუნდაც რამოდენიმე კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში. მსოფლიო და საქართველოს ისტორია გვიჩვენებს, რომ ნეიტრალიზმის პროექტები უფრო მეტად წარუმატებელია, ვიდრე წარმატებული. ამის მაგალითები უამრავია, ჩვენთვის საგულისხმო კი ბელგია და საქართველოა. ორივე სახელმწიფო მტრულად განწყობილ, აგრესიულ ქვეყანას ესაზღვრებოდა (გერმანია და რუსეთი), მათი სამხედრო შესაძლებლობები კი უსაფრთხოების გარანტიას ვერ იძლეოდა. პირველი მსოფლიო ომის დროს, ბელგიის ნეიტრალიზმმა და საერთაშორისო გარანტიებზე ნდობამ გერმანიის მაშინდელ არმიას სულ რამოდენიმე კვირა დააკარგვინა მისი სრული ოკუპაციისათვის; ჩვენ კი, საქართველოს ანექსიის წინა პერიოდში, ”ნეიტრალიტეტმა” დაგვაკარგვინა მოკავშირეები და გზა გაუხსნა ძლიერ მოწინააღმდეგეს. თანამედროვე პერიოდის ნეიტრალური ქვეყნების რუკას თუ დავხედავთ (ავსტრია, შვედეთი, შვეიცარია, ლიხტენშტეინი, ფინეთი) დავინახავთ, რომ ასეთი ქვეყნები, როგორც წესი ”შეფუთულნი” არიან დიდი და დემოკრატიული სახელმწიფოების გარემოცვაში (გამონაკლისი კოსტა რიკა და თურქმენეთია) და ძლიერი ეკონომიკა გააჩნიათ. ამასთან, მათ ტერიტორიაზე არ არის ეთნიკური კონფლიქტები და სეპარატიზმი. საქართველო ამ მახასიათებლებით რა თქმა უნდა არ გამოირჩევა.

თანამედროვე საქართველოსათვის, რომელიც დიდწილად დამოკიდებულია იმპორტზე, საერთაშორისო ვაჭრობაზე, დიდი და დემოკრატიული ქვეყნების მხარდაჭერაზე ნეიტრალიზმის განხორციელება წარმოუდგენლად რთული ამოცანა იქნება თუკი ეს პროცესები საფრთხის ქვეშ დადგება ან ჩვენი მოკავშირენი კონფლიქტში აღმოჩნდებიან ჩართულნი (დღევანდელი ერაყის ომი, საქართველოს მონაწილეობა კოსოვოს სამშვიდობო ოპერაციაში და შესაძლო მონაწილეობა ავღანეთის სტაბილიზაციის ოპერაციაში). ამასთან, თანამედროვე მსოფლიოში შეიცვალა სამხედრო საფრთხეთა ხასიათი. ნეიტრალიზმი ძირითადად ომში არ მონაწილეობას ნიშნავს, მაგრამ თანამედროვე კონფლიქტების დიდი ნაწილი შორს დგას კლასიკური ომებისაგან. მაგალითად როგორ უნდა იმოქმედოს სახელმწიფომ, რომელიც აცხადებს რომ ნეიტრალურია, თუკი მას სთხოვენ საკუთარი საჰაერო და საზღვაო საზღვრების გახსნას ანტი-ტერორისტულ ოპერაციაში, ჰუმანიტარულ ინტერვენციაში, კონფლიქტის პრევენციაში ანდა სულაც გენოციდის აღკვეთაში დასახმარებლად? მეტიც, რა უნდა ქნას სახელმწიფომ, რომელიც ნეიტრალიტეტს გამოცხადებს, ხოლო ეთნიკური, პოლიტიკური და სეპარატისტული კონფლიქტები მის ტერიტორიულ მთლიანობას ხელყოფენ, მის ხელთ არსებული სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტები კი არასაკმარისი აღმოჩნდება? ამ საკითხებზე მსჯელობა ცალკე დისკუსიისა და კვლევის საგანია. ამ ეტაპზე კი შეიძლება მხოლოდ ის ითქვას, რომ ნეიტრალიზმის თეორიას ასეთ გამოწვევებზე ადექვატური პასუხი ჯერ არ გაუცია.

საქართველოს შემთხვევაში, რუსეთის მიერ ნეიტრალიტეტის იდეის შემოთავაზება ჭკვიანური, დროული და საშიშია. როგორც წესი, ნეიტრალიტეტი უწყინარ იდეად აღიქმება. ”რატომაც არა?” იკითხავს ადამიანი, რომელიც არ არის გაცნობიერებული საერთაშორისო პოლიტიკის რთულ სამყაროში. პასუხი მარტივია: იმიტომ, რომ საქართველოსათვის ნეიტრალიტეტის გამოცხადება ნიშნავს უარის თქმას ძლიერ მოკავშირეებთან აქტიურ თანამშრომლობაზე (შეერთებული შტატები), რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ დღეს საქართველოს საკითხები საერთოდ განიხილება რომელიმე სერიოზულ საერთაშორისო ფორმატში და რომ ჩვენ, ისევე როგორც უამრავი სხვა ქვეყანა არ ვართ მივიწყებულნი როგორც უიმედო, უპერსპექტივო და ზედმეტი დანახარჯებისა და ნაკლები ამოგების პოტენციალის მქონე ”ნაცრისფერი ტერიტორია.” მეორე, ნეიტრალიზმი ნიშნავს უარის თქმას ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე, ეს კი იგივეა რაც ჩვენს ტერიტორიული მთლიანობასა და ეროვნული უსაფრთხოებაზე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამხედრო ბლოკის მიერ მნიშვნელოვანი გარანტიების საკუთარ თავზე აღებაზე უარის თქმას. მესამე, ეს ნიშნავს იმის რისკს, რომ ჩვენი დღევანდელი მოკავშირეები გახდებიან როგორც მინიმუმ ნაკლებად დაინტერესებულნი ჩვენი წარმატებით, ხოლო უარეს შემთხვევაში – ჩვენი მომავალი ანტაგონისტები, რადგან მათი ინტერესი საქართველოს მიმართ განპირობებულია არა ჰუმანიტარული ან ზოგადსაკაცობრიო იდეალებით, არამედ საკუთარი ეროვნული ინტერესებით: ენერგეტიკული უსაფრთხოება და ენერგეტიკული რესურსების მოწოდების წყაროების დივერსიფიკაცია, პლატფორმა საკუთარი საგარეო და სამხედრო პოლიტიკის განხორციელებისათვის, საერთაშორისო თანამშრომლობა ტრანს-ნაციონალური ტერორიზმის წინააღმდეგ, დემოკრატიის გაძლიერება, როგორც ”შენი სახლის” დაცვის კარგი საშუალება. შესაბამისად, მათთვის ამ საქმეში ხელშეწყობაზე უარის თქმა ნეიტრალიტეტის გამოცხადებით გამოიწვევს მათი პოლიტიკური ტაქტიკის ცვლილებას და არავითარ შემთხვევაში მათი პოლიტიკური მიზნების მოდიფიკაციას – საქართველოს ამის არც ეკონომიკური და არც პოლიტიკური საშუალება გააჩნია.

რუსეთის მთავარი იდეა მარტივი და ლოგიკურია: თუ მოსახლეობაში ნეიტრალიზმი ჰპოვებს სერიოზულ გამოძახილს, არსებობს შანსი იმ საერთო ეროვნული კონსენსუსის მორღვევისა, რომელიც აგერ უკვე რამოდენიმე ათეული წელია არის საქართველოს სვლა ჩრდილო ატლანტიკური ალიანსისაკენ და მისი მჭიდრო კავშირები უპირველეს ყოვლისა შეერთებულ შტატებთან და შემდეგ კი ევროპასთან. აღნიშნული კონსენსუსის რღვევა ასევე გამოიწვევს სერიოზულ დაბრკოლებებს ალიანსში გაწევრიანების პროცესში (კარგი მაგალითი უკრაინაა) რაც უკვე სანახევრო წარმატება იქნება რუსეთის საგარეო პოლიტიკისთვის საქართველოსთან მიმართებაში. ასეთი სცენარის წარმატების შემთხვევაში, არსებობს რისკი საქართველოსადმი ინტერესის განელებისა, რაც შექმნის ახალ შესაძლებლობებს საქართველოში რუსული გავლენის და პირდაპირ ვთქვათ პატრონაჟის აქტიურად დამკვიდრებისათვის ამ შემთხვევაში, უკვე საგრძნობი ”დასავლური თანხმობით.” თუ რას ნიშნავს რუსული პატრონაჟი, ამის ახსნა აღნიშნული სტატიის მიზანს არ წარმოდგენს.

ამასთანავე, არსებობს სხვა, არა ნაკლებ მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც ანგარიშგასაწევია მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ დიდ საერთაშორისო გაერთიანებებში ჩვენს მონაწილეობაზე. ალიანსებს სამი დიდი ფუნქცია გააჩნიათ: პირველი, ეს არის ალიანსი, როგორც კოლექტიური უსაფრთხოების სისტემა და ბალანსირება საგარეო საფრთხის წინაააღმდეგ. მეორე, ეს არის ალიანსი როგორც ”მეგობრების” მიერ ერთმანეთის კონტროლის საშუალება. მესამე ეს არის კაპიტალისა და სხვა რესურსების ეფექტური განაწილება.

ალიანსი, როგორც ბალანსირების საშუალება: საერთაშორისო პოლიტიკაში ქვეყნების ქცევას მათი ეროვნული ინტერესები განაპირობებს. ის თუ რომელ ალიანს შეურთდება რომელიმე ქვეყანა დამოკიდებულია მის სამხედრო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ რესურსებზე. ამ მხრივ ქვეყანა ცდილობს მისი მოწინააღმდეგის დაბალანსებას საწინააღმდეგო ალიანსში გაწევრიანებით ან თანხმდება საკუთარი პრინციპებისა და ინტერესების ნაწილობრივ შეზღუდვას უბრალო თვითგადარჩენის მოტივიდან გამომდინარე. საერთაშორისო ურთიერთობების კლასიკური კვლევები აჩვენებს, რომ თუ უშუალო მეზობლისაგან მოდის საფრთხე, მაშინ უმჯობესია მის წინააღმდეგ ბალანსირების პოლიტიკას მიმართო და დაიცვა შენი ინტერესები. ერთადერთი გამართლება, მოწინააღმდეგესთან ”მიკედლებაში” არის ის შემთხვევა, როდესაც სხვა არჩევანი უბრალოდ არ არსებობს, არავის აინტერესებს შენი ბედი და არავისთვის ხარ მნიშვნელოვანი. დღეს საქართველოს აქვს ძალზე კარგი შესაძლებლობა, დააბალანსოს რუსეთის პოლიტიკა ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში წევრობით, შეერთებულ შტატებთან მჭიდრო თანამშრომლობით (რომელსაც ცნობილი ამერიკელი მეცნიერი, სტივენ ვალტი ”იდეალურ მოკავშირეს” უწოდებს მისი ერთგვარი გეოგრაფიული იზოლაციის გამო) და ამასთან, განამტკიცოს საკუთარი სუვერენიტეტი და განახორციელოს შედარებით დამოუკიდებელი ეროვნული საგარეო პოლიტიკა. სწორედ ამიტომ, ჩვენი მაგალითი უნდა იყოს არა შვეიცარია, რომელზეც დიდ წილად დამოკიდებული უფროა მსოფლიო ბაზრის სტაბილურობა, ვიდრე თავად შვეიცარია მასზე; არა თურქმენეთი, რომლის ”მიუმხრობლობა” იზოლაციონიზმს წააგავს, ან თუნდაც ფინეთი, რომელსაც ერთ-ერთი საუკეთესო არმია და რუსეთთან წარმატებული ომის ტრადიცია გააჩნია, არამედ ყველა ის ევროპული , სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის , ლათინური ამერიკის ბევრი სახელმწიფო, რომელნიც არიან რა სხვადასხვა მნიშვნელოვანი ალიანსების მონაწილენი, აქვთ შესაძლებლობა უფრო აქტიური საგარეო პოლიტიკა აწარმოონ.

”მეგობრების” ურთიერთკონტროლი: აღნიშნული ფუნქცია საქართველოსათვის არანაკლებ მნიშვნელოვანია. საქართველოს წევრობა ალიანსში, რომლის სამხედრო ძლიერებას ზურგს ლიბერალური დემოკრატია, თავისუფალი საბაზრო ურთიერთობები, კანონის უზენაესობა, ადამიანთა უფლებები და კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა წარმოადგენს, მარტივად რომ ვთქვა აუცილებელი, სასარგებლო და ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საქართველოს ნეიტრალიზმი, რომელიც პოტენციური აგრესორების კეთილ ნებაზე იქნებოდა დამოკიდებული. უმჯობესია, საქართველო რომელიც დემოკრატიის ფორმირების პროცესშია, იყოს ისეთი გაერთიანების წევრი, სადაც აღნიშნული ფასეულობები კავშირის ფუნდამენტს წარმოადგენს. აქ არჩევანი ძალზედ მარტივი და გასაგებია.

რესურსების განაწილება: ალიანსი იძლევა საშუალებას, რომ სახელმწიფომ იყიდოს არა ყველაფერი, არამედ რაღაც. არა ჯავშანტექნიკა, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, საზღვაო საბრძოლო ხომალდები, არამედ მხოლოდ ერთი ან რამოდენიმე სისტემა. ჩრდილო ატლანტიკურ ალიანში მაღალ-ტექნოლოგიური სისტემებისა და სამხედრო ხელმძღვნელობის ხარჯებსა და რისკებს შეერთებული შტატები ეწევა, კანადაში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის წინასწარი შეტყობინების სისტემები იყო განლაგებული ცივი ომის დროს, ევროპული ქვეყნები სხვა დამატებით და ურთიერთშემავსებელ ფუნქციებს ინაწილებდნენ და ასე გრძელდება დღემდე. ეს საშუალებას იძლევა სახელმწიფო ბიუჯეტები უფრო ეფექტურად დაიხარჯოს. შეერთებული შტატების საგარეო დახმარებამ და მისმა ბირთვულმა ქოლგამ (ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის საშუალებით) ევროპას ეკონომიკური რეაბილიტაციის საშუალება მისცა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. სამხედრო-პოლიტიკური ქოლგა და უსაფრთხო გარემო სწრაფი ეკონომიკური განვითარებისათვის ახლა ჩვენ გვჭირდება. ჩვენ არ გვინდა ვიყიდოთ ყველაფერი, რადგანაც ჩვენ ტანკების გარდა საავადმყოფოები, პენსიები, ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და ეკონომიკური კეთილდღეობაც გვაქვს ”შესასყიდი.” ყველაფერთან ერთად, ალიანსი ამის საშუალებასაც იძლევა. მიუღებელია ვიფიქროთ იმაზე, რომ მეტი ფული ვხარჯოთ შეირაღებაზე და უფრო დაუცველნი ვიყოთ, ვიდრე იმაზე, რომ ნაკლები დავხარჯოთ და მეტი უსაფრთხოება მივიღოთ. საერთაშორისო პოლიტიკა რთული საკეთებელი საქმეა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზოგიერთი გადაწყვეტილება რთულად გასაგებია.

ნეიტრალიტეტი უარესი არჩევანია, რადგანაც არსებობს უფრო პრაგმატული და მომგებიანი არჩევანი. სერიოზული პოლიტიკური კამათი იმაზე, რომ ავირჩიოთ ცუდი, მაშინ როდესაც შეგვიძლია მივიღოთ უკეთესი პირობები უფრო ”იაფად,” სახიფათოა სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოებისათვის. დასასრულს ისევ ნაპოლეონი გავიხსენოთ, რომელმაც ავსტრიასთან ომის წინ შვეიცარიას ჯერ ”აბსოლუტური ნეიტრალიზმის” პირობა ჩამოართვა, ხოლო შემდეგ გააფრთხილა: ”თუ დამჭირდება შვეიცარიაზე გავლა, მე ამას გავაკეთებ. ყოველთვის ვიპოვი მიზეზს – ყველაზე უმნიშვნელო პამფლეტიც კი, რომელიც ჩემს წინააღმდეგ იქნება მიმართული, გაამართლებს ჩემს მიზნებს.” შეეძლება ან სურს კი საქართველოს, თანამედროვე სამხედრო სისტემების, მაღალი ტექნოლოგიების, მასობრივი განადგურების იარაღის ეპოქაში და კიდევ უფრო ურთიერთდამოკიდებული მსოფლიოს პირობებში ნეიტრალიტეტი და სუვერენიტეტი მარტომ დაიცვას?
ისტორია გვასწავლის რომ როგორც წესი, ბალანსირება და ძლიერი მეგობრების ყოლა საუკეთესო გამოსავალია, რადგან ყოველთვის იქნებიან პოლიტიკოსები და მხედართმთავრები, რომელთათვისაც პატარა ქვეყნების ნეიტრალიტეტი ერთი ჩვეულებრივი დაბრკოლება იქნება მათი ეროვნული ინტერესებისა თუ ზე-იდეალების რეალიზების საქმეში, ხოლო ვის მხარეს იდგება მომავალი ნაპოლეონი და მისი ბატალიონები, ღმერთის გარდა ჯერ არავინ იცის.

ავტორის შესახებ: ლევან ცუცქირიძე არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორი და საერთაშორისო პოლიტიკის უსაფრთხოებისა და სტრატეგიული საკითხების სპეციალისტი

სტატია აგრეთვე დაბეჭდილია: ”ახალი შვიდი დღე” 2007 წლის 2-10 მარტი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s