ყველამ ვნახეთ, რაც დღეს ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრისას ოვალურ კაბინეტში მოხდა.
მსოფლიო იცვლება და ნაწევრდება. დანაწევრებული მსოფლიო კი ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე ის, რაც აქამდე გვქონდა – სტაბილურობის, ეკონომიკური განვითარებისა და მსოფლიო მშვიდობის უპრეცენდენტოდ ხანგრძლივი ეპოქა, რომელიც მეტნაკლებად ქცევის შეთანხმებულ ნორმებს, დიპლომატიის საერთო სტანდარტს, ქვეყნების უწყვეტ მეტოქეობას, თუმცა მაინც ურთიერთდამოკიდებულებასა და საერთო წესებს ეფუძნებოდა. ამ წესრიგს სათავეში შეერთებული შტატები ედგა, რომელსაც რუზველტმა “დემოკრატიის დიდი არსენალი” უწოდა. ეს ყველაფერი ჩვენ თვალწინ იცვლება.
მსოფლიოში, რომელიც უფრო მეტად დანაწევრებული და ანარქიული გახდება, საქართველო უნდა გადარჩეს. თუ უფრო ნათლად დავინახავთ, რა ხდება, ისიც უკეთ გამოჩნდება, თუ რა უნდა გავაკეთოთ:
რა ხდება?
– ამერიკის ადმინისტრაცია ისეთი ადამიანის ხელშია, რომლისთვისაც მთავარი სიტყვა და ფასეულობა არის “გარიგება”. მისთვის ტრადიციული (ცივი ომის შემდგომ) წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, სადაც ერების თვითგამორკვევა, თავისუფლება, დემოკრატია და ადამიანის უფლებები არა აუცილებლობა, არამედ პირობითობაა, რომელიც სხვა ინტერესებმა – მაგალითად, მინერალების საბადოებმა შესაძლოა ადვილად ჩაანაცვლოს. მისთვის მსოფლიო პოლიტიკა ექკლუზიურად ეკონომიკური გარიგებების არენაა;
– ტრამპი აჯანყებული პოპულისტი კონსერვატორების ლიდერია. ეს ამერიკის ამომრჩეველთა შთამბეჭდავად დიდი ნაწილია, რომელიც ბოლო რამდენიმე ათწლეულების განმავლობაში უფრო და უფრო მეტად გაუცხოვდა ლიბერალური ელიტისგან, რომელსაც იგი ეროვნული ინტერესებისა და ამერიკული ტრადიციებისგან უკიდურესად დაცლილად ხედავდა;
– ამ ამომრჩეველს და შესაბამისად ტრამპს ნაკლებად აინტერესებს საგარეო პოლიტიკა, მისი მოტივები უკიდურესად ადგილობრივი და ეკონომიკურია. ამერიკაში ასეთი იდეები უფრო ადვილად იკიდებს ფეხს. პოლონეთის, საფრანგეთის ან გერმანიისგან განსხვავებით, მას ორი ოკეანე იზოლაციისა და იმუნიტეტის ძლიერ განცდას უქმნის – იმის მიუხედავად, რომ მსოფლიო დღეს უფრო პატარაა, ვიდრე საუკუნის წინ. ამ ამომრჩევლისთვის ჩინური წარმოების პროდუქცია და მიგრანტები უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე რუსული დიქტატურის ბრძოლა უკრაინელთა დამოუკიდებლობის წინააღმდეგ;
– გლობალური ეკონომიკური წესრიგი, რომელიც ეფუძნებოდა საყოველთაოდ მიღებულ ნორმებს იმაზე, რომ თავისუფალი საერთაშორისო ვაჭრობა ყველასათვის უკეთესია, ხოლო ადამიანის უფლებები საყოველთაო ღირებულებაა, ინგრევა აშშ-ის იდეოლოგიური ღერძის ცვლილების, მოსალოდნელი სატარიფო ომებისა და ამერიკის საერთაშორისო ორგანიზაციებიდან პოტენციურად გამოსვლის ან მათი ბოიკოტის გამო;
– ცივი ომის შემდეგ შექმნილი ალიანსები კრიზისშია: შეერთებული შტატები ტრამპის ხელში (და ალბათ ვერც მის შემდეგ კარგა ხანი) ვეღარ იქნება ნატოსა და ევროპის სანდო მოკავშირე;
– თავისუფლება და დემოკრატია ახლა საქართველოსა და უკრაინაში კი არ არის დასაცავი, არამედ დასაცავია, როგორც იდეა და მრწამსი;
ამიტომ ახლა დგება ევროპის მომენტი: თუკი იგი შეძლებს შტატების ნაცვლად შეასრულოს “დემოკრატიის არსენალის” როლი, მაშინ თავისუფლების გადარჩენა სავსებით შესაძლებელია. ევროპას ამის რესურსები გააჩნია, მთავარია, ამისათვის საჭირო მორალური ძალა იპოვნოს.
საქართველოს მოუწევს ისეთი არჩევანების გაკეთება, რომელიც მის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობაზე იმოქმედებს.
როგორ უნდა გადავრჩეთ ასეთ დროს?
სიტუაციის სირთულის მიუხედავად, არჩევანი მაინც ნათელია. ამაზე პასუხი სწორი შეკითხვებით ადვილად მოიძებნება: როგორი ქვეყნებია კონფლიქტებსა და ომებში ჩაძირული? რა ტიპის სახელმწიფოებშია მოქალაქეების უსაფრთხოება და ეკონომიკური კეთილდღეობა გარანტირებული?
ქვეყნები, რომლებიც არცერთ ძლიერ ალიანსს არ ეკუთვნიან და არც დამოუკიდებლად გადარჩენის შესაძლებლობა აქვთ, ყველაზე დაუცველები არიან. ამის მაგალითია უკრაინაც: ომი უკრაინაში რუსეთმა იმიტომ კი არ დაიწყო, რომ ის ევროკავშირის ან ნატოს წევრი იყო, არამედ იმიტომ რომ უკრაინამ ვერ მოასწრო ამ გაერთიანებებში შესვლა. რა ტიპის სახელმწიფოებია შიდა კონფლიქტებით დაუძლურებული და სიღარიბებში ჩარჩენილი? იქ, სადაც კორუფცია, ნეპოტიზმი და ავტორიტარიზმი ერთმანეთს ერწყმის.
საქართველო იმიტომ კი არ არის მუდმივ შიდა პოლიტიკურ კრიზისსა და სიღარიბეში, რომ ბევრი პარტია გვყავს ან რამდენიმე ტელევიზია გვაქვს. სულაც პირიქით – იმიტომ, რომ ჩვენ “გაჩხერილები” ვართ გარდამავალ ეტაპზე და ვერ მოვახერხეთ ისეთი პოლიტიკური სისტემის შექმნა, სადაც პოლიტიკურ კონფლიქტებს ცივილური დებატით და დამოუკიდებელი სასამართლოთი გადავწყვეტდით; სადაც არჩევნები პოლიტიკურ კრიზისს კი არ შექმნიდა, არამედ გადაჭრიდა; სადაც ხელისუფლებას კლანი კი არა, ნიჭიერი ადამიანები ჩაიბარებდნენ, ისიც დროებით და გარკვეული პირობებით. ჩვენი პრობლემა დემოკრატია და თავისუფლება კი არ არის, როგორც “ოცნება” ცდილობს, მოგვყიდოს – ჩვენი პრობლემა დემოკრატიისა და თავისუფლების ქრონიკული ნაკლებობაა.
ჩვენი რეცეპტი სინამდვილეში მარტივი გამოსაწერია, მაგრამ წამალი კი, როგორც ჩანს, რთულად საშოვნელი:
– პირველ რიგში, უნდა დავიბრუნოთ ჩვენი სახელმწიფო. ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენი ბრძოლით რუსთაველზეც და თბილისშიც, ბათუმშიც და ქუთაისშიც; უნდა ვიბრძოლოთ დემონსტრაციებით, არჩევნებით, სიტყვითა და საქმით;
– ჩვენ დიდი გამოფიტვის ომში ვართ, რომელიც მშვიდობიანად და უმსხვერპლოდ უნდა მოვიგოთ: ასე გადავარჩენთ სახელმწიფოს და შევინარჩუნებთ მშვიდობას;
– შემდეგ უნდა შევქმნათ ნამდვილი დემოკრატია – ის, რაც არასოდეს გვქონია; ავტორიტარიზმისგან გარდამავალ ეტაპზე სწრაფად უნდა აღვადგინოთ სასამართლოს დამოუკიდებლობა, გადავანაწილოთ ძალაუფლება და საპოლიციო ძალები კვლავ დემოკრატიულ კონტროლს დავუქვემდებაროთ;
– უნდა გავაძლიეროთ თავდავცისა და უსაფრთხოების სისტემა – სწორედ ევროპასა და ნატოს წევრებთან სწრაფი, ძლიერი ინტეგრაციით, გადაიარაღებითა და პოლიტიკურ-დიპლომატიური ალიანსების შეკვრით;
– საქართველო უნდა გახდეს საერთაშორისო აქტორი თავისუფლებისთვის საერთო ბრძოლაში და არა მტრის მოწყალების იმედად მყოფი მაჩანჩალა სახელმწიფო, რაც “ოცნების” გაცხადებულ მიზანს წარმოადგენს.
მსოფლიოში არ არსებობს თავისუფალი და ძლიერი სახელმწიფო, რომელიც იმიტომ გადარჩა, რომ ჩუმად იყო და ვინმეს შეეცოდა. მშვიდობა და უსაფრთხოება მხოლოდ შეუპოვარი ძალისხმევით იქმნება. მხოლოდ ასე მოგვეცემა შანსი, გადავრჩეთ და გავძლიერდეთ. ამიტომ ახლა ხელების ჩამოშვების დრო არაა, რადგან ასე გარდაუვლად ჩავიძირებით. სწორედ ახლაა ძალების მოკრების, ცივი გონებისა და სწორი სტრატეგიის დრო.
გაიმარჯვოს უკრაინამ!
გაიმარჯვოს საქართველომ!
იზეიმოს სამართალმა!
