შეუპოვარი ბრძოლითა და უწყვეტი პროტესტით გრძელი ზამთარი გამოვიარეთ. დღეს პირველი მარტია, მძიმე დღეების შეჯამებისა და მომდევნო ნაბიჯების დაგეგმვის ვალდებულებით.
- ვიბრძოლეთ არჩევნებში, დავამარცხეთ ივანიშვილის პარტია და ვაიძულეთ ისეთი მასშტაბის გაყალბებაზე წასულიყო, რომ სრულიად დაეკარგა პოლიტიკური ლეგიტიმაცია;
- დღეს “ოცნების” მომხრეების დიდ ნაწილსაც კი აღარ სჯერა ამ პარტიის გამარჯვების. მათ უბრალოდ იმედი აქვთ, რომ ის ძალაუფლებას რაღაცით შეინარჩუნებს, მაგრამ ეს რაღაც ვეღარ იქნება დემოკრატიული ლეგიტიმაცია და ქვეყნის მართვის მორალური უფლება;
- ცივი ზამთრის ღამეებში გამოწრთობილმა პროტესტმა აჩვენა, რომ მიუხედავად ძალადობისა, შანტაჟისა და დაშინებისა, შეგვიძლია თანმიმდევრული და მტკიცე ბრძოლა, გაძლება, ერთმანეთის გატანა, სოლიდარობა და ბრძოლაში ერთგულება;
- ჩვენს მხარესაა მორალური უპირატესობა, მებრძოლი და აქტიური მოქალაქეების უმრავლესობა, დიდი ქალაქების აქტიური პოლიტიკური მხარდაჭერა, ჩვენი სიმართლე და 2024-ში მოგებული საპარლამენტო არჩევნები;
- გავაძლიერეთ თვითორგანიზების უნარები, გამოცდილება და ქსელები – დღეს დემოკრატიულ ძალებს ბევრად უფრო მეტი და უკეთ ორგანიზება შეგვიძლია, ვიდრე აქამდე;
- ვისწავლეთ, როგორ დავიცვათ უკეთ თავი ძალადობისგან, როგორ დავეხმაროთ ერთმანეთს და როგორ გამოვიყენოთ ჯერ კიდევ არსებული მწირი სამართლებრივი ინსტრუმენტები ჩვენს სასარგებლოდ;
- ამ ბრძოლაში აღმოვაჩინეთ ერთმანეთი, ახალი ლიდერები და თანამებრძოლები;
- ეს არამატერიალური ფაქტორები მნიშვნელოვანია ისეთი გამოფიტვის ომში, რომელშიც ჩვენ ვართ და გადამწყვეტიც შეიძლება გახდეს;
- “ოცნებას” შეუძლია ძალადობა და მოსყიდვა, მაგრამ ვერასოდეს შეძლებს ისეთი პოლიტიკური და ხანგრძლივი ბრძოლის ორგანიზებას, როგორც ჩვენ – ამის დემოკრატიული რესურსი აღარ გააჩნია;
- თუმცა, ივანიშვილის პარტიას ზურგს უმაგრებს ჯერჯერობით კვლავ ერთგული სადამსჯელო რაზმები, ბევრი ფული, ადმინისტრაციული რესურსი რეგიონების მცირე ქალქებსა და სოფლებში, სიცრუის პროპაგანდის კარგად დაფინანსებული შესაძლებლობები. ის ჯერ კიდევ ფლობს ძალაუფლებას, რომელის რეპრესიულად გამოყენებაც ჩვენ წინააღმდეგ შეუძლია და ჯერ კიდევ ბევრ თანამოქალაქეს სჯერა იმის, რომ დემოკრატიული ცვლილება და ევროპული პოლიტიკა რუსეთთან ომს მოგვიტანს. ეს ყველაფერი ანგარიშგასაწევი ფაქტორებია;
- ამ ბრძოლაში დანაკარგებიც ბევრი გვქონდა: ჩვენი ბევრი თანამებრძოლი დაპატიმრებულია, თემურ ქათამაძე კვლავ შიმშილობს, ფინანსური ჯარიმები მნიშვნელოვანი ტვირთია, ხოლო მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლა ჩვენს სიმტკიცეს კიდევ არაერთხელ გამოსცდის;
- რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტიდან მოყოლებული ხშირად მიწევს გამეორება, რომ ეს მარათონული ბრძოლაა, რომელიც ისე უნდა ვაწარმოოთ, თითქოს სრულიად მარტონი ვართ: თუკი გარედან რაიმე სასარგებლო წამოგვეწევა, ხომ კარგი, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენ მაინც უნდა შევძლოთ გამარჯვება, რადგან საქმე საქართველოს ეხება და არა რომელიმე სხვა ქვეყანას. ამისათვის ემოციური და პოლიტიკური მზადყოფნა გვჭირდება;
- საერთაშორისო სისტემაში დიდი ცვლილებების ეპოქაში ვართ და ამ რყევების დროს თანმიმდევრული სტრატეგიაც გვჭირდება;
- დღევანდელი სტატუ-კვო ერთგვარი წონასწორობაა: “ოცნებამ” ვერ მოახერხა წინააღმდეგობის გატეხვა და პროტესტის ჩახშობა ან განადგურება. დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლითა და მოქალაქეებზე ძალადობით ის პოლიტიკურად მნიშვნელოვნად დაზიანდა. ზამთრის უწყვეტი პროტესტი ჩვენი დიდი გამარჯვება იყო, თუმცა “ოცნება” უკანონოდ, მაგრამ მაინც ჯერ კიდევ ინარჩუნებს საპოლიციო და სასამართლო ძალაუფლების ბერკეტებსა და პროპაგანდისტულ მედიას;
- ჩვენნაირ ქვეყნებში ხელისუფლება ყოველთვის არჩევნებით არ მიდის, მაგრამ ის აუცილებლად იცვლება წაგებული არჩევნების შემდეგ. ამიტომ წინ კიდევ დიდი საგაზაფხულო სამუშაოა:
- გაზაფხულზე უნდა ვიშრომოთ დემოკრატიის მომხრეების კიდევ უფრო გასაზრდელად, “ოცნების” მხარდაჭერის კიდევ უფრო შესასუსტებლად რეგიონებში და წინააღმდეგობის ისეთ ქალაქებში გასაძლიერებლად, სადაც პროტესტი ჯერ მხოლოდ სამზარეულოს საუბრებით შემოიფარგლება;
- ავტორიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შემდეგი მნიშვნელოვანი ეტაპი ბოიკოტი უნდა გახდეს: რაც შეიძლება მეტი თანამზრახველი და თანამოაზრე უნდა ჩამოაკლდეს რეპრესიულ სისტემას და ასე უნდა დავასუსტოთ მისი უნარი, იძალადოს ჩვენზე – ესეც ჩვენი საგაზაფხულო სამუშაოა;
- ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგე არც ივანიშვილი და არც მისი პარტიაა. ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგე შიშია – რაც მეტი ადამიანი აჯობებს მას, მით უფრო მოახლოვდება გამარჯვება.
- შიშთან ბრძოლა ადვილი არაა, მით უფრო ღარიბ და უსამართლო ქვეყანაში. ამიტომ ჩვენ უფრო მეტ მოქალაქეს უნდა დავეხმაროთ შიშის მიჯნის გადალახვაში. ამას გავაკეთებთ მათი მოსმენითა და მხარდაჭერით, მაგრამ ამასთანავე მათთვის სიმართლის პირდაპირ და შეულამაზებლად ჩვენებითაც. ხელი უნდა შევუწყოთ, მეტი ინფორმაცია მიიღონ და შემდეგ არჩევანი საკუთარი სინდისის წინაშე თავად გააკეთონ. მჯერა, მათი აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენი თანამოაზრე გახდება.
- გაზაფხულის დადგომასთან ერთად უკვე ვიცით, რომ ყველაზე გრძელი და ცივი ღამეები უკან მოვიტოვეთ.
- გრძელ გზასაც თავისი ბოლო ექნებაო, ასე ამბობდნენ ჩვენი წინაპრები. ასე რომ, პოლიტიკური გაზაფხულიც ზუსტად ისე მოვა, როგორც კალენდარულმა შემოგვიღო კარი.
დაე, გაიმარჯოს საქართველომ და იზეიმოს სამართალმა!
