ჩვენი 15 მთავარი პრობლემა

ეს არის იმ პრობლემების მოკლე სია, რომელებიც ჩვენს ქვეყანას ჩამორჩენილობით, სიღარიბით და უიმედობით ემუქრება. როგორ ფიქრობთ, რა უფრო მნიშვნელოვანია – მოგონილ კონსპირაციებზე ფიქრი, თუ იმაზე მსჯელობა, სერიოზული პრობლემები როგორ მოვაგვაროთ?

თქვენი აზრით, კიდევ რა პრობლემების გადაჭრაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის? გთხოვთ, დაწეროთ კომენტარებში.

  1. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მხოლოდ 2023 წელს, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებში 442 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 7310 ადამიანი დაშავდა. როგორ გავიმარჯვოთ ამ დაუნდობელ “საგზაო ომში?” რა პოლიტიკა გვჭირდება ამისათვის?
  2. საქართველოში 254 333, ანუ თითქმის ყოველი მესამე ბავშვი საარსებო შემწეობაზეა დამოკიდებული. საქსტატისა და გაეროს ბავშთა ფონდის –  იუნისეფის მონაცემებით კი, ბავშვთა 35% სკოლის მსვლელობისას საერთოდ ვერ ახერხებს კვებას. როგორია ამ კრიზისის მოგვარების საკანონმდებლო, პოლიტიკური და საბიუჯეტო გეგმა?
  3. ყოველწლიურად ბევრ ადამიანს ვკარგავთ ნარკოტიკებით ზედოზირების გამო. კიდევ უფრო მეტი ადამიანი ნარკოდამოკიდებულია. ეს იმის გამოა, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია ეფექტური ნარკოპოლიტიკა. რა კანონები და გადაწყვეტილებებია მოსამზადებელი ამის შესაჩერებლად?
  4. საერთაშორისო კვლევების მიხედვით, 15 წლის მოსწავლეთა უმრავლესობა წაკითხულის გააზრებით, საბუნებისმეტყველო საგნებისა და მათემატიკური უნარებით მინიმალურ სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებს. კვლევების მიხედვით, საქართველოს საშუალო განათლების სისტემა ერთ-ერთი აუტსაიდერია არა  მხოლოდ ევროპაში, არამედ ევრაზიაშიც. რა გეგმა გვაქვს ამის მოსაგვარებლად?
  5. 2022 წელს საქართველოში 21 ქალი მოკლეს. ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევის მიხედვთ, ქალთა 50%-ზე მეტს გამოუცდია ძალადობა. როგორ ვებრძოლოთ ქალთა მიმართ ძალადობასა და ფემიციდს უფრო წარმატებით? რა ახალი კანონები და მიდგომები გვჭირდება ამისათვის?
  6. 2022 წელს საქართველომ ხორბლის 99% და საწვავის 56% რუსეთიდან შემოიტანა. ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის წილი კი 15%მდე შემცირდა. როგორ გავზარდოთ ეკონომიკა, ხელფასები და პენსიები ისე, რომ ქვეყანა კვლავ არ გავხადოთ რუსეთზე სახიფათოდ დამოკიდებული? რა კანონები და გადაწყვეტილებები გვჭირდება ამისათვის?
  7. როგორ გადავარჩინოთ ჩვენი მშობლიური ქალაქები ნგრევასა და კულტურული მემკვიდრეობის განადგურებას? რა ურბანული პოლიტიკა გვაქვს შესაქმნელი ამისათვის?
  8. როგორ და რამდენ ხანში შეგვიძლია თბილისი მავნებელი სახიფათო მტვრისა და გამონაბოლქვისაგან სრულად გავწმინოთ? რა კანონები, ბიუჯეტი და რეფორმები სჭირდება ამას?
  9. რატომ დატოვა საქართველო 125 ათასზე მეტმა ადამიანმა მხოლოდ 2022 წელს? რა უნდა შევცვალოთ იმისათვის, რომ ადამიანებს საკუთარი ოჯახების და მშობლიური სახლების მიტოვება აღარ უწევდეთ?
  10. ცოტა ხნის წინ, ყოფილმა ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ 60-მდე ონკოლოგი ჩართული იყო კორუფციულ გარიგებებში პაციენტების საზიანოდ. გასულ წელს სახელმწიფომ ფარმაცევტული კომპანიები კარტელური გარიგებებისთვის 53 მილიონამდე ლარით დააჯარიმა. რატომ გვაქვს კორუმპირებული და უვარგისი ჯანდაცვისა და ფარმაციის სისტემა ქვეყანაში? რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს ყველაფრის გაყიდვა არ უწევდეთ ჯანმრთელობის პრობლემების საზღვარგარეთ მოსაგვარებლად?
  11. ჩვენი ქვეყნის დიდი ნაწილი რუსეთს აქვს ოკუპირებული. რა რეინტეგრაციის, თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკა გვჭირდება იმისთვის, რომ დეოკუპაციას მივაღწიოთ და ქვეყანა გავამთლიანოთ?
  12. ჩვენი სამართალდამცავი ინსტიტუტები პოლიტიზებულია. ხშირად ისინი პარტიულ ინტერესებს მეტად იცავენ, ვიდრე სახელმწიფოს. რა ხედვა გვაქვს იმისა, რომ ეს ორგანიზაციები რეალურად დამოუკიდებელი გახდნენ?
  13. “კავკასიის ბარომეტრის” მიხედვით მოსახლეობის უმეტესობა არ ენდობა ან მხოლოდ ნაწილობრივ ენდობა პარლამეტს, სასამართლოსა თუ მთავრობას. როგორ უნდა დავუბრუნოთ ხალხს დემოკრატიის მთავარი ინსტიტუტების მიმართ ნდობა? გვაქვს ამისათვის საჭირო გეგმა და ხედვა?
  14. საქართველოს წინააღმდეგ რუსეთი ძლიერ სადეზინფორმაციო და პროპაგანდისტულ ომს ეწევა. რა არის ჩვენი გეგმა ამ თავდასხმებთან გასამკლავებლად?
  15. ბოლო წლებში საქართველოს დემოკრატიის მაჩვენებლები თითქმის ყველა მნიშვნელოვან რეიტინგში გაუარესდა. მოსახლეობის მხოლოდ უმცირესობა ფიქრობს, რომ საქართველო სრულიად დემოკრატიული ქვეყანაა. როგორ შევაჩეროთ დემოკრატიული უკუსვლა და საქართველო სრულიად თავისუფალი ქვეყნების რიგში გადავიყვანოთ?

Leave a comment