დვალიშვილის და თოფურიას ორთაბრძოლებმა სხვა დისკუსიაც მოიტანა: „საერთოდ რა სპორტია ეს?“ მოკლედ, ხმა უნდა ამოვიღო ორთაბრძოლების, როგორც სპორტის დასაცავად.
განა ჩემი დაცვა სჭირდება, მაგრამ ბევრი კრიტიკული აზრი წავიკითხე და მინდა ერთი ორი სიტყვა მეც შევმატო დისკუსიას.
რაც ძალიან მიზიდავს ორთაბრძოლებში სახალხოობაა, რადგან მას არ ჭირდება დიდი საწყისი კაპიტალი. ბევრ სხვა სპორტში, მხოლოდ იმისათვის, რომ დამწყებ დონეზე მაინც იასპარეზო, გჭირდება როგორც ბევრი ფული, ისე კარგი კავშირები. აი მაგალითად, ჩოგბურთი, საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა (საქართველოში ნამდვილად). სხვაზე რაც წამიკითხავს, მაღალი დონის ტურნირებში რეგულარული მონაწილეობა პრაქტიკულად შეუძლებელია დიდი ეკონომიკური შესაძლებლობის გარეშე. ჩვენთან ბევრ სპორტში გჭირდება ტრადიციული ქართული „ჩაწყობაც:“ ალბათ ბევრი კარგი ფებურთელი თუ კალათბურთელი დაგვიკარგავს იმის გამო, რომ გუნდებში „ვერ ხვდებოდნენ.“ სავარაუდოდ, ბევრიც შეგვიძენია – იმის დამსახურებით, რომ მათ გაუმართლათ და ისეთ ოჯახებში დაიბადნენ, სადაც კარგი სოციალური კაპიტალი ჰქონდათ. ორთაბრძოლა უფრო ხელმისაწვდომი და დემოკრატიულია და ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა ქუჩას ახალგაზრდები გამოსტაცო. კრივის, ან სულაც, ქართული ჭიდაობის ისტორია სავსეა ასეთი: უბრალო, ღარიბი ბიჭების დიდი წარმატების ისტორიების და მე ეს ძალიან მომწონს.
სიმართლე: მსაჯობას ყველგან აქვს გავლენა. მაგრამ აი, ვოლკანოვსკის თოფურია მსაჯებთან თვალთმაქცობით მოუგებდა და ვეღარც თავად ვოლკი გააწყობდა რამეს ილიას წინააღმდეგ მისი დარტყმის შემდეგ. დვალიშვილმა რომ სეხუდო ზურგზე მოიგდო, ოქტაგონი გადაკვეთა და დაბლა დაანარცხა, იმას ვერც მსაჯებთან ჩივილი უშველიდა – ამან რაღაც მატკინაო და ვეღარც იმათი მიკერძოება. კარგ მოქნეულს ცუდი მსაჯობა ვეღარ შველის. ამიტომ, ეს სპორტი ჩემთვის ხშირად უფრო უშუალო და სამართლიანია, ვიდრე მრავალი სხვა, სადაც აფერისტობას მეტი გასავალი აქვს. ბრძოლისას ერთი კაცი დგას მეორის წინააღმდეგ და მეტოქესთან ერთად საკუთარ ბედსაც ერკინება – ისე, როგორც ხშირად ნამდვილ ცხოვრებაშია. თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ ამას პრიმიტივიზმი უწოდოთ, მაგრამ ჩემთვის ეს რეალობაა, რომელიც არსად გაქრება – ადამიანი ყოველთვის იქნება მარტო საკუთარი ბედის წინააღმდეგ და მოკავშირედ მხოლოდ საკუთარი გული და გონება თუ ექნება. ასეთია ადამიანების ბედისწერა და მისი რინგზე ხილვა ჩემთვის მომაჯადოებელი სანახაობაა.
ეს ჯანმრთელობისთვის საზიანო სპორტია: ასეა, მაგრამ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროფესიული დონის სპორტი არ არსებობს – ამისათვის არსებობს ფიზკულტურის გაკვეთილები სკოლაში. მართალია, ორთაბრძოლებში უფრო ხშირია მძიმე დარყმები, მაგრამ ეს არაა ერთადერთი, რაც ჯანმრთელობისა თუ სიცოცხლისთვის საზიანო შეიძლება იყოს. არც არქტიკაში ექსტრემალური მორბენლები, არც რაგბისტები, არც თავისუფალი მეკლდეურები, არც ფორმულა 1-ის პილოტები და არც თავისუფალი მყვინთავები მოგვინათლავს ველურებად იმის გამო, რომ საკუთარ ან სხვის სიცოცხლეს პოტენციური საფრთხის ქვეშ აყენებენ. ის, რომ ჩვენ ხშირად ასეთი შეხედულება მხოლოდ მებრძოლებზე გვაქვს და არა სხვებზე, თავად ორთაბრძოლის უშუალობისა და ჩვენი ამპარტავნების შედეგია. ასეთ დროს ყველანი თავისუფალ არჩევანს აკეთებენ: ის ორი მებრძოლიც, რომელიც ირჩევს ერთმანეთს შეერკინოს და ისიც, ვინც გადაწყვეტს, დაკიდების გარეშე აცოცდეს ელ კაპიტანზე.
„ეს წარსულის ბარბაროსული სპორტია“ წარსულის? მე ნამდვილად არ მინდა იმის იმედზე ვიცხოვრო, რომ გარშემო მუდმივად იქნებიან კეთილი ადამიანები, აღარ იარსებებს ძალადობა და ადამიანები, რომელთაც არ ექნებათ აგრესიის იმპულსი და შესაძლებლობა. ყველა დროში შეიძლება დადგეს მომენტი, როდესაც საუკეთსო კარგი შეგონება ისეთი აპერკოტია, რომელიც აღარასოდეს დაავიწყდება მის დამსახურებულად მიმღებს.
ეს კი ბოლოსთვის შემოვინახე: „ესაა სპორტი ინტელექტის გარეშე” ვინც ასე ამბობს, ალბათ არასოდეს მდგარა მოწინააღმდეგის პირისპირ რინგზე. თუკი ცდით, დიდი დრო არ დაჭირდება იმის მიხვედრას, რომ მეტ-ნაკლებად თანაბარ მოწინააღმდეგესთან ვერაფერს გახდებით მხოლოდ ფიზიკური ძალითა და პრიმიტიული აზრებით. აი მეც, მაგალითად, გემრიელად დავუბეგვივარ, როცა ასე მეგონა. მერე, როცა მართლაც ჭკუა მასწავლეს (ორთაბრძოლებში ან სწრაფად სწავლობ ან ვერასდროს), პირიქითაც მომხდარა, ოღონდ მხოლოდ მაშინ, როდესაც თავით მეტი მიმუშავია, ვიდრე მუშტით. ასე რომ, იქნებ თქვენც გეცადათ? სცადეთ და მერე თუ იმავე აზრზე იდგებით, კი ბატონო, თუმცა ეჭვი მეპარება ასე მოხდეს.
ამ სპორტის უსაფუძვლო კრიტიკით უსამართლოდ ვექცევით ბევრ გონიერ, ნიჭიერ და შრომისმოყვარე ადამიანს, ვინც საკუთარი შრომით და ხშირად სისხლით გაიკვალა თავისი ოცნებების გზა. როგორც ილია თოფურიამ ან როგორც მერაბ დვალიშვილმა – უბრალო მშენებლობის მუშიდან ელიტარულ ათლეტობამდე. საკუთარ ოცნებებთან ერთად, მერაბმა და ილიამ ბევრი ჩვენგანიც გააბედნიერა: საპროტესტო გამოსვლების მიღმა, თოფურიას საჩემპიონო ბრძოლის დღე იყო ერთადერთი, როდესაც ხალხით გადაჭედილი მელიქიშვილისა და კოსტავას გამზირებზე, შუა გზაზე გაჩერებული მანქანებიდან გადმოსული ამდენი თბილისელი ერთად ვნახე. ოღონდ იმ დღეს ისინი გაბრაზებულნი კი არა, ბედნიერები იყვნენ. ჩვენს ყოფაში ეს ცოტა არ არის და მადლობა ამ მებრძოლებს ამისათვის.
