პოლიტიკასა თუ საზოგადოებრივ საქმეებზე საუბრისას, ხშირად მომისმენია ასეთი ფრაზა: „გავიგე, რომ რაღაცეები არის შესაცვლელი და მეტია გასაკეთებელი, მაგრამ მე რა შემიძლია?“ ამიტომ, გადავწყვიტე მოკლედ დავწერო, თუ რა შეგიძლიათ გააკეთოთ პირადად თქვენ და ამით საკუთარი წვლილი შეიტანოთ ქვეყნის ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში.
მოდით, დავარქვათ ამას მოქალაქეობის ათი წესი XXI საუკუნის საქართველოში:

- თქვი შენი სათქმელი: დღეს ყველა ჩვენგანს შეუძლია საკუთარი აზრი უფრო მეტ ადამიანს მიაწვდინოს, ვიდრე ეს აქამდე იყო შესაძლებელი. ამის მიუხედავად, ალბათ თქვენც მრავალ ისეთ ადამიანს იცნობთ, ვისაც სოციალურ მედიაში საკუთარი აზრის გამოთქმის ერიდება. შეიძლება, მათ გამოუცდელობა აბრკოლებდეს ანდაც იმის შიში, ჩემი შეხედულება გამართულად ვერ გამოვთქვაო. გარწმუნებთ, ამ ვარიანტებიდან ყველაზე უარესი დუმილია! ხშირად შეიძლება უსამართლობას გადააწყდეთ ანდაც ისეთი პრობლემა დაინახოთ, რაც სხვას შეუმჩნეველი დარჩა. ასე რომ, თუკი გსურთ, თქვენს გარშემო არსებული გარემო გაუმჯობესდეს, ნუ გაჩუმდებით – ისაუბრეთ ისე, როგორც თქვენი გული და სინდისი გკარნახობთ. დანარჩენი ნაკლებად მნშვნელოვანია (თუმცა აზრის ნათლად გამოთქმა საქმეს დიდად აიოლებს).
- დაესწარი საკრებულოს სხდომებს (ხანდახან მაინც). შეიძლება არც იცით, რომ საკრებულოს სხდომებზე დასწრება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. სწორედ საკრებულოებია ის ადგილი, სადაც თქვენი და თქვენი ოჯახებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება. ყველაფერი დროს მოითხოვს, მაგრამ საკრებულოს დღის წესრიგების გაცნობა სწრაფად შეიძლება ინტერნეტით. თქვენთვის საინტერესო საკითხების მოსასმენად და მათზე შეკითხვების დასასმელად კი ნამდვილად ღირს დროის დახარჯვა. სხვა თუ არაფერი, შიგნიდან მაინც დაინახავთ, როგორ მუშაობენ (ან არ მუშაობენ) თქვენივე არჩეული წარმომადგენლები.
- გაწევრიანდით არასამთავრობო ორგანიზაციაში. თანამედროვე დემოკრატიების ერთ-ერთი მახასიაეთებელი ისიც არის, რომ მისი მოქალაქეები ხშირად არიან სხვადასხვა არასამთავრობო, საქველმოქმედო თუ სამოხალისეო ორგანიზაციის წევრები. ამით მათ თავისი წვლილი შეაქვთ მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში. საქართველოში საკმაოდ მრავალფეროვანი სამოქალაქო სექტორი გვაქვს და მათში აუცილებლად აღმოაჩენთ ისეთ ორგანიზაციას, რომელიც თქვენთვის ახლობელ თემებზე მუშაობს: მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა იქნება ეს, გარემოს დაცვა, განათლება, ბავშვთა თუ მშრომელთა უფლებები, პოლიტიკური თუ ეკონომიკური საკითხები, არჩევნები, ქალაქების განვითარება თუ რაიმე სხვა. მრავალი ასეთი ორგანიზაცია წევრობაზე დაფუძნებულიც არის და დამერწმუნეთ, ისინიც ძალიან მოტივირებული იქნებიან, თუკი დაურეკავთ, შეხვდებით და მათთან ერთად რაიმე საკითხზე თანამშრომლობას გადაწყვეტთ.
- დარეგისტრირდი არჩევნებზე დამკვირვებლად: საქართველო რეფერენდუმის ტოლფას არჩევნებს გამართავს 2024 წელს. ამ არჩევნებზე მხოლოდ ის კი არ გადაწყდება, რამდენ მანდატს აიღებს ესა თუ ის პარტია, არამედ ის, დემოკრატიული და თავისუფალი ქვეყანა გვექნება თუ არათავისუფალი, ასევე, შევძლებთ თუ არა ახლა უკვე მოლაპარაკების დაწყებას ევროკავშირში გაწევრებაზე. სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ყოველთვის ესაჭიროებათ სანდო, პატიოსანი მოქალაქეები, რომლებიც ერთ დღეს დაუთმობენ იმას, რომ დაიცვან საკუთარი თანამოქალაქეების ხმები და უზრუნველყოს პარლამენტის სამართლიანად არჩევა. არჩევნებზე დაკვირვება (საკუთარი გამოცდილებით გეუბნებით) იმაზე მეტად საინტერესოა, ვიდრე შეიძლება გგონიათ და კარგი საქმის გაკეთებასთან ერთად, ვინ იცის იქნებ ახალი ინტერესებიც გაგიჩნდეთ სამომავლოდ.
- გახდი პოლიტიკური პარტიის წევრი. სიმართლეა, რომ ჩვენი პოლიტიკური პარტიები მაინცდამაინც მიმზიდველად არ გამოიყურებიან. მსოფლიოშიც უფრო და უფრო ნაკლები ადამიანი ხდება ამა თუ იმ პარტიის წევრი. ამის მიუხედავად, რომელიმე პოლიტიკურ პარტიას მაინც იპოვით, რომელიც გსურთ უფრო უკეთ მუშაობდეს და რომელსაც ხმას მისცემთ არჩევნების დღეს. პარტიებისა და, შესაბამისად, პოლიტიკის უკეთებისკენ შეცვლის საუკეთესო გზა შორიდან თვალის დევნება კი არა, უშუალოდ პარტიის მუშაობაში მონაწილეობის მიღებაა. ჩვენი კანონმდებლობით პარტიებში გაწევრიანება საკმაოდ ადვილია, ამასთანავე, თავად პარტიები ძალიან დაინტერესებულნი არიან ახალი წევრების პოვნით. ასე რომ, მართალია დღევანდელი პოლიტიკა არც თუ ისე კარგად გამოიყურება და მთავრობაც მთლად კარგი თვალით არ უყურებს პოლიტიკურ აქტივიზმს, მაგრამ თუ მენდობით, პოლიტიკაზე საინტერესო საქმე ნამდვილად ცოტაა.
- შეუერთდი პეტიციებს: მსგავსად სოციალურ ქსელებში აზრის გამოთქმისა, აქაც, მრავალი თქვენგანი შეიძლება ფიქრობდეს, რომ თქვენს ერთ ხელმოწერას რომელიმე პეტიციაზე შედეგი არ ექნება. ცდებით. მრავალი საკითხი შეიძლება გავიხსენოთ, როდესაც მოქალაქეების მოთხოვნას, სათანადო რეაგირება მოჰყოლია. ასე რომ, როდესაც კვლავ შეგხვდებათ რომელიმე პეტიცია ონლაინ, ნუ ჩასქროლავთ და იფიქრებთ, რომ ამას აზრი არ აქვს. სულ რაღაც 1-2 წუთში თქვენ შეძლებთ თქვენი ხმა შეჰმატოთ იმ თანამოაზრეებს, რომლებიც ღირებული საქმისთვის იბრძვიან. სოლიდარობა კი ძალიან მნიშვნელოვანი რამაა.
- იარეთ დემონსტრაციებზე და ნუ შეგეშინდებათ უმცირესობაში ყოფნისა: არავის სიამოვნებს სიცივესა თუ სიცხეში, ქარსა თუ წვიმაში გარეთ დგომა, მაგრამ გახსოვდეთ, სახლის კომფორტიდან ქუჩაში გამოსული მოქალაქე ყველაზე მკაფიო გზავნილია ნებისმიერი ხელისუფლებისთვის, ყურადღება მიაქციოს იმას, რაზეც ეს ადამიანები საუბრობენ. გეხსომებათ 2023 წლის მარტის პროტესტები, ანდაც რომელიმე სხვა. სინამდვილეში ეს გამოსვლებიც მცირერიცხოვანი შეკრებებით დაიწყო, მაგრამ მაინც მიაღწია შედეგს. მანიფესტაცია იქნება ეს თუ სამოქალაქო პროტესტი, ისინი დემოკრატიული საზოგადოების თანამდევი მოვლენებია. მათში მონაწილეობით, თქვენ სამოქალაქო განათლებას, ინფორმაციასა და პოზიციას ავრცელებთ და ამით, აცოცხლებთ და აჯანსაღებთ დემოკრატიულ პროცესს.
- უარი თქვით ძალადობასა და სიძულვილის ენაზე: ჩვენ გარშემო მრავალი რამ ხდება, რაც საფუძვლიან აგრესიას და ბრაზს იწვევს. მეტიც, არიან ადამიანები, რომელთა შეხედულებები და პოზიციები ჩვენთვის ძალიან გამაღიზიანებელი და მიუღებელია. ალბათ ხშირად გიფიქრიათ, რომ ისინი ყველაფერს იმსახურებენ, რადგანაც აშკარად მცდარ და საზიანო გზას ადგანან. სწორედ აქ არის საფრთხე: უნდა ვიცოდეთ, რომ ძალადობისა და სიძულვილის ენის გამოყენებით, ჩვენ მის დამკვიდრებას და ნორმალიზებას ვუწყობთ ხელს. გავა დრო, ვიღაცას არც ჩვენი აზრები მოეწონება და შემდეგ ეს ძალადობა ჩვენვე მოგვიბრუნდება. ამიტომ, თავშეკავება და ცივილურობა გარდა იმისა, რომ სამოქალაქო და ადამიანური კულტურის ნიშანია, რაციონალური ქცევაც არის: სხვებსაც ისე უნდა მოვექცეთ, როგორც გვინდა ჩვენ გვექცეოდნენ.
- იკითხეთ და დასვით შეკითხვები: სამყარო ღიაა ახალი ცოდნისა და ინფორმაციის მისაღებად, მაგრამ ღირებულ ინფორმაციას თან უამრავი დეზინფორმაცია და სიცრუეც მოყვება. ამიტომ, მცირეოდენი მედია განათლება ყველას დაგვეხმარება იმაში, რომ სანდო წყაროები არასანდოსგან გავარჩიოთ და ცოდნა სანდო რესურსებიდან მივიღოთ. რაც მთავარია, ყოველთვის უნდა ვიყოთ კრიტიკულები და არ მოგვერიდოს, თუნდაც მარტივი შეკითხვების დასმა, აღიარებული ავტორიტეტების თუ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, საკუთარი თავის მიმართ – აბსოლუტური თვითრწმენა მხოლოდ სულელებსა და ფუნდამენტალისტებს ახასიათებთ, შეკითხვების არსებობა კი გონიერების ნიშანია.
- გჯეროდეთ საკუთარი თავის და იყავით გაბედული. ჩვენ ხშირად გვეპარება ეჭვი ჩვენს საქციელში, პოზიციის სისწორესა თუ მოქმედების მართებულობაში. ეს ნორმალურია, რადგანაც მოაზროვნე ადამიანი ყოველთვის მსჯელობს საკუთარი ქცევებზე, მაგრამ, ასევე, უნდა გვახსოვდეს, რომ თავდაჯერება და გაბედულება აუცილებელია, თუკი ჩვენი ცხოვრების გაუმჯობესება გვინდა. ამიტომ, ნუ დადუმდებით, ნუ შეშინდებით და ნუ მოგერიდებათ თქვენი პოზიციის გამოხატვისა. როდესაც ამას გააკეთებს, მალევე აღმოაჩენთ რომ მარტო კი არ ხართ, არამედ მრავალი თანამოაზრე და მოკავშირეც გყოლიათ და ეს ძალიან გაგაძლიერებთ.
საქართველოში ისტორიულად მნიშვნელოვანი წელი დგება და მასთან ერთად ახალი შესაძლებლობებიც იხსნება. ჭაობსა და მოქმედებას შორის განსხვავება კი სწორედ ასეთ წესებზე გადის. მხოლოდ მოქმედება გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ჯანსაღი და აქტიური საზოგადოება ვიყოთ.
არჩევანი, როგორც ყოველთვის, მოქალაქეზეა.
