ჩვენი თაობის მისია

უპირველეს ყოვლისა, ყველას გილოცავთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას. ეს გამარჯვება იმის დასტურია, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი: ქუჩაში პროტესტით იქნება ეს, ოფისებში საქმიანობით თუ შეცდომებზე სწავლითა და უკეთესი  მომავლის დაგეგმვით.

ამ საქმეში ზოგჯერ ცოტანი ვიქნებით, ზოგჯერ ბევრნი, მაგრამ მთავარია, არასოდეს გავჩერდეთ და აუცილებლად მივაღწევთ იმ მიზანს, რისთვისაც ყველანი ერთად ვშრომობთ თავისუფალი, ძლიერი, დემოკრატიული და, შესაბამისად, ევროპული საქართველოსთვის.

თავისუფლებისა და ევროპული მომავლის პერსპექტივა აქამდე სწორედ საქართველოს მოქალაქეებმა მოიტანეს. სამოქალაქო პროტესტი და ურყევი მოთხოვნა რომ არ ყოფილიყო, ხელისუფლება არ გააკეთებდა ევროკავშირში წევრობის განაცხადს და გაურკვეველი დროით გადადებდა ევროპულ ინტეგრაციას. მათი გეგმით, საქართველოს გაწევრების განაცხადი 2025 წელს უნდა შეეტანა.

სწორედ საქართველოს მოქალაქეებმა გადაარჩინეს 7-10 მარტის დღეებშიც თავისუფლებისა და ევროპული გზის იდეა, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“  ავტორიტარული გადატრიალება წამოიწყო. მოქალაქეების გაბედული და გონიერი მოქმედება რომ არა, დღეს ჩვენ არათუ კანდიდატის სტატუსს მივიღებდით, არამედ ჩამორჩენილ რუსულ გუბერნიაში გავიღვიძებდით.

სწორედ საქართველოს მოქალაქეებმა გადაარჩინეს 7-10 მარტის დღეებშიც თავისუფლებისა და ევროპული გზის იდეა, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“  ავტორიტარული გადატრიალება წამოიწყო.

სწორედ ამიტომ, ეს არის ქართველი ხალხის მიღწევა და თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იამაყოს ამით.

ეს არის თქვენი, ჩვენი ხალხის გამარჯვება და არა იმ მთავრობის, რომელმაც, როგორც ხედავთ, არც საჭირო პირობები შეასრულა სრულად და მეტიც, ყველაფერს აკეთებდა ევროპული კურსის საბოტაჟისთვის: მათივე განცხადებებით, კანდიდატის სტატუსს „ჩალის ფასი“ ჰქონდა და მხოლოდ „სიმბოლური“ მნიშვნელობა. ევროპელი პოლიტიკოსები „ღირსებას გვართმევდნენ“ იმით, რომ ადამიანის უფლებების დაცვას და წესიერ მმართველობას ითხოვდნენ, ქვეყანას „ომში ითრევდნენ“ და „მეორე ფრონტის გახსნას აიძულებდნენ.“ ამის ფონზე, არაფერია იმაზე სახალისო (და სევდიანიც) სანახაობა, სახეზე ნაძალადევი ღიმილით სახეზე როგორ დადიან ანტი-დემოკრატიული შეთქმულებისა და „რუსული კანონის“ ფარისეველი ავტორები ევროკავშირის დროშებით ხელში და როგორ ზეიმობენ სცენაზე კანდიდატის სტატუსს.

დღეს თუ ვინმეს მოუწია „ცალ ფეხზე და მუხლის ჩოქებზე დგომა“, ეს ისევ „ქართული ოცნებაა“. ის, რაც მოხდა, მათი ნება და სურვილი არ ყოფილა. ამიტომაც, თავიანთი არაჯანსაღი ამბიციისა და ამპარტავნების დასაცავად წინ წაიმძღვარეს გზავნილი „ღირსებით ევროპისკენ“ და არა „ღირსეულად ევროპისკენ“, რაც თავისთავად გამოხატვის თავისუფლების და ადამიანის უფლებების განუხრელად დაცვას, სამართლიან მართლმსაჯულებას, დეპოლიტიზებულ პოლიციას, სამართლიან არჩევნებს, ანგარიშვალდებულ, დემოკრატიულ მმართველობას და საკუთარი ხალხის მსახურებას გაუსვამდა ხაზს. ეს ყველაფერი აჩვენებს, თუ რამხელა ძალა აქვს სამოქალაქო საზოგადოებას, სიმართლეს და სამართლიანობას, თავისუფლებისა და ევროპის იდეას საქართველოში.

სწორედ ქართველმა ხალხმა მოუგო ბრძოლა მთავრობას და მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

სწორედ ქართველმა ხალხმა მოუგო ბრძოლა მთავრობას და მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

„ქართული ოცნების“ მუდმივი მოკავშირე პოლიტიკაში ყოველთვის იყო აპათია, უიმედობა, გათიშულობა და საზოგადოების პასიურობა. კანდიდატის სტატუსის მიღებამ საზოგადოებას ძლიერი ახალი მოკავშირე გაგვიჩინა – იმედი და ოპტიმიზმი. ახლა უფრო მეტი ადამიანი დაიჯერებს იმ გზის რეალურობას, რომელზეც ჩვენ მრავალი წელია ვსაუბრობთ და რომელიც ზოგს ილუზიადაც კი მიაჩნდა. ახლა უფრო მეტი ადამიანი იმოქმედებს ამ გზის დასაცავად, რადგან უფრო მეტი დაინახავს, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირში რეალობაა; რომ ევროკავშირში გაწევრება არის გზა ნამდვილი მშვიდობისკენ, კეთილდღეობისა და დაცულობისკენ. ახლა მათ უფრო გაუჭირდებათ ერთპიროვნული მართვა, მოუწევთ მეტად გაუწიონ ანგარიში ხალხს და არა მათ რეალურ მმართველს.

ეს დემოკრატიული ძალებისა და ქართველი ხალხის მიშვნელოვანი გამარჯვებაა, მაგრამ მთავარი ბრძოლა წინაა. ჩვენ არ უნდა დავრჩეთ იმის იმედად, რომ ახლა მთავრობა შეიცვლება და ის ყველაფერს შეეცდება გაწევრების მოლაპარაკებების გასახსნელად. სულ პირიქით, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ მთავრობა კვლავ  ეცდება, დაარღვიოს მიცემული პირობა, როგორც ადრე არაერთხელ გაუკეთებია და ჩაშალოს ევროპასთან დაახლოების პროცესი. სამოქალაქო ორგანიზებით, მობილიზაციით და ყურადღებით, ჩვენ მას ამის საშუალება არ უნდა მივცეთ – არც მას და არც არავის, არც ქვეყნის შიგნით და არც მის გარეთ.

ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ მთავრობა კვლავ  ეცდება, დაარღვიოს მიცემული პირობა, როგორც ადრე არაერთხელ გაუკეთებია და ჩაშალოს ევროპასთან დაახლოების პროცესი.

უნდა ვიცოდეთ, რომ სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანი, მაგრამ მხოლოდ პირველი ნაბიჯია გაწევრების გზაზე. ჩვენ არ უნდა მოვეშვათ და უნდა ვაიძულოთ მთავრობა, ყველა პირობა შეასრულოს; ჩაატაროს ნამდვილად სამართლიანი, რეალურად კონკურენტული და წარმომადგენლობითი არჩევნები. მხოლოდ სამართლიანი არჩევნების შემდეგ იქნება შესაძლებელი გაწევრების მოლაპარაკებების დაწყება. გვახსოვდეს, შორ მანძილზე მარათონის დაწყება ყველას შეუძლია, მაგრამ მხოლოდ ბოლო და ყველაზე რთული დისტანციის დაფარვას მოაქვს გამარჯვება.

ევროკავშირმა ბურთი გადმოგვაწოდა. მაგრამ ფეხბურთის სათამაშოდ მხოლოდ ბურთი არ კმარა. საჭიროა თამაშის, თამაშის წესების ცოდნა. ჩვენ უნდა ვისწავლოთ და დავიცვათ დემოკრატიული თამაშის წესები. რაც მთავარია, ჩვენ უნდა ვიშრომოთ და ერთად ვიმოქმედოთ უკეთესი მომავლისთვის. გამარჯვება გუნდური მიღწევაა და არავისი ცალკე.

ამიტომ, მიუხედავად განსხვავებებისა, ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ ამ საერთო, საშვილიშვილო საქმეში. ჩვენი მშობლების თაობამ საკუთარი მისია შეასრულა და დამოუკიდებელი საქართველო გადმოგვაბარა. ევროკავშირში საქართველოს გაწევრება კი ჩვენი თაობის მისიაა!

Leave a comment