ამ წერილს ვწერ იმ ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ რჩებიან ქართულ ოცნებაში და, ასევე, მათ, ვინც ჩუმად არის, „პოლიტიკაში არ ერევა“ და „ნეიტალურია.“
თქვენც კარგად იცით, რომ ქართულმა ოცნებამ:
- ბოლომდე ჩამოანგრია ქართული დემოკრატია და ჩამოაყალიბა მდაბიო, ბნელი ავტორიტარიზმი ქვეყანაში, რომელსაც შეეძლო გამხდარიყო თავისუფლებისა და კეთილდღეობის ნამდვილი კუნძული რეგიონში;
- ხმა მისცა რუსულ კანონს საქართველოში;
- რუსეთის აგენტის გამო, რისკის ქვეშ დააყენა მთელი საქართველოს ეკონომიკა, ეროვნული ვალუტა, საბანკო სისტემა და ისედაც გაჭირვებული ადამიანები შიმშილისთვის გაწირა;
- ხელოვნურად შექმნა რუსების ეროვნული უმცირესობა საქართველოში;
- საქართველოს ეკონომიკა რუსეთზე – ჩვენი სახელმწიფოს მტერ ქვეყანაზე დამოკიდებული გახადა;
- დაიწყო ჩვენი ქალაქების რუსიფიკაცია;
- დაგვაცილა ევროპის კავშირს და ყოველდღე ახალ ნაღმებს დებს იმ ვიწრო გზაზე, რომელიც ჯერ კიდევ დარჩა;
- დაგვაპირისპირა უკრაინას, რომელსაც არასოდეს დაუყენებია ეჭვის ქვეშ ჩვენი სახელმწიფოობრიობა და დაგვაახლოვა რუსეთს, რომელიც არასოდეს ცნობდა საქართველოს ერთიანობას, თავისუფლებას და, 9 აპრილიდან მოყოლებული, ჩვენი დამოუკიდებლობის სისხლში ჩახშობას ცდილობს;
- გააღარიბა ქართველები;
- ჩამორეცხა გელათის ფრესკები;
- ცდილობს მოათვინიეროს ქართული კინო, ქართული მწერლობა, ქართული თეატრი, მხატვრობა და სრულიად ქართული კულტურა
- შლის და ანგრევს ყველა იმ ღირებულებას, რაზეც დგას ჩვენი ეროვნული კულტურა და ტრადიცია;
- დაიწყო ჩვენს ხარჯზე ცხოვრება: დაფრინავს, ისვენებს და სარგებლობს ჩვენი შვილებისა და მშობლების კუთვნილი ფულით;
- ჩაახშო ცხოვრება ჩვენს ქალაქებში, ხოლო თვითონ დაცვის თანხლებით დასეირნობს საავტობუსე ზოლებსა და მდიდრულ აგარაკებზე;
- უამრავი ადამიანი აიძულა, წასულიყო ემიგრაციაში, დააცარიელა ჩვენი ქალაქები და სოფლები;
- ვერ მოაგვარა ვერცერთი ეროვნული პრობლემა და შექმნა უამრავი ახალი.
ამ ადამიანებს მინდა გკითხოთ: რა ღირს პარტიის ერთგულება? რა ღირს თქვენი დუმილი? რა ღირს სამშობლო?
სანამ რაღაც უბედურება ჩაუდენიათ, რომელიც თქვენს სინდისზეც იქნება და ვერასოდეს ჩამოირეცხავთ ამ ცოდვას; სანამ ჯერ კიდევ შეგვიძლია ერთად აღვადგინოთ ის, რაც დაანგრიეს; სანამ არის შანსი გამოვიყენოთ ის შესაძლებლობები, რაც თაობებს მხოლოდ ერთხელ ეძლევათ, წამოდით მანდედან.
დანარჩენები კი, ნუ გაჩუმდებით. ყველა რაღაცას ვრისკავთ და რაღაცას ვთმობთ ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლაში. თქვენი დუმილი ამ ბრძოლას ხელს უშლის. ამოიღეთ ხმა, უერთგულეთ სამშობლოს.
