Nolite te bastardes carborundum

ამ ქვეყანაში ღმერთის ანაბარა, იღბალს მინდობილები ვცხოვრობთ და ასე მგონია, ყოველდღე რუსულ რულეტს ვთამაშობთ.

გვაქვს სახელმწიფო, რომლის მთავრობის მთავარი საზრუნავი ძალაუფლების და სიმდიდრის წყაროსთან მუდმივი ყოფნაა, ნებისმიერ ფასად.

ამიტომ არის, რომ ამ დღეებში, შოვში, მხოლოდ ადამიანების გმირობის იმედი გვაქვს და არა გამართული, უმაღლეს დონეზე აღჭურვილი პრევენციის, დაზღვევისა და სამაშველო სისტემის, რომელიც ვიცით, რომ ეფექტიანად იმოქმედებს. პოლიტიკური გამყოფი ხაზის სხვადასხვა მხარეს მდგომმა მოქალაქეებმა იციან, რომ ცუდი სისტემა გვაქვს და სრულიად შესაძლებელია, რომ ყველაფერი სულ სხვაგვარად ყოფილიყო.

დღეს ამაზე მდუმარე და ტრაგიკული, მაგრამ მაინც საერთო აზრი გვაქვს.

წლები გავიდა, ტრაგედიას ტრაგედია მოჰყვა და მაინც არაფერი შეიცვალა.

ყველა ინსტიტუტი დალპა და მათთან ერთად ის ფასეულობებიც, რომლებსაც ნორმალური სახელმწიფო უნდა ეფუძნებოდეს: ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა, პასუხისმგებლობა, საჯარო ინტერესის მსახურება.

ეს ყველაფერი – წესიერი ქვეყნის შენების მთავარი ღირებულებები – დასაცინი გახადეს და ცინიზმით, ადამიანების გამოთაყვანებაზე მიმართული პროპაგანდით, ტყუილებითა და, სახალხო ინტერესის ნაცვლად, კერძოზე ზრუნვით ჩაანაცვლეს.

ახალი სამაშველო ვერტმფრენები და გამართული სამაშველო ინფრასტრუქტურა უფლობის გამო კი არა, იმიტომ არ გვაქვს, რომ ვერტმფრენები ოპონენტებთან დასაპირისპირებელ საკითხად გამოიყენება და არა ადამიანების გადარჩენის ნამდვილ შესაძლებლობად. ამ ბრძოლას მოგების შემთხვევაში, ვერტმფრენი საჭირო აღარაა და სხვა “პრობლემებიც” იჩენს თავს: „ლიბერალი ფაშისტები,“ „გლობალური ომის პარტია“ და უცხო ქვეყნის აგენტები. რა თქმა უნდა, ჯობს ამგვარ აბსურდის ომებში დავრაზმოთ ხალხი – იმიტომ, რომ ასეთ დროს სავსებით გაუგებარია, რისი მიღწევა შეიძლება, როდის ან რის ფასად. შესაბამისად, პასუხსაც ვერაფერზე გვაგებინებენ და გვექნება მუდმივი ბრძოლა ქიმერებთან, რათა არავინ  მოგვთხოვოს კარგი სკოლა, საუკეთესო საავადმყოფო, სამაშველო ვერტმფრენი, ღირსეული პენსია, მაღალი ხელფასი და, ღმერთმა არ ქნას, ცვლილებები.

ამასობაში, საქმის მცოდნე, ჩუმი პატრიოტებისგან დაცარიელდება ყველა სფერო და ის ადვილად შეივსება პარტიული კლანის კადრებით, რომლებიც თავის ადგილს დიდი ხანია, ყველგან ელიან – გარემოს დაცვით დაწყებული, კულტურით დამთავრებული. მერე კი იქნება ადვილი ცხოვრება: მშენებლობებს დეველოპერი დააკანონებს, კინოს მინისტრი გადაიღებს, არჩევნებს ერთი პარტია ჩაატარებს, კანონებს ერთი კაცი დაწერს.

თოვლსა თუ ტალახში ჩაფლული ხალხი კი მოიცდის, სად წავა. მკვდრები ვეღარ ილაპარაკებენ, ხოლო ცოცხლებს ადვილად დააჯერებ, რომ სტიქიის წინააღმდეგ ვერაფერს იზამ; რომ პოლიტიკა ზედმეტია იქ, სადაც ბუნების ძალები ბატონობენ.

თუმცა, პოლიტიკას ვერ ავცდებით იმიტომ, რომ ტრაგედიების არიდება და მათგან მოყენებული ზიანის შემცირება, სამწუხაროდ, მხოლოდ მას შეუძლია. ასეთ პოლიტიკას უნდა ქმნიდნენ ადამიანები, ვისაც შესაბამისი ცოდნა აქვს, ხოლო ამ ცოდნის გამოყენების ნდობა კი – დემოკრატიული, გამჭვირვალე გზით, კონკრეტული პირობებით, მათ შესრულებაზე სამოქალაქო ზედამხედველობით და რაც მთავარია, მხოლოდ დროებით – საზოგადოებისგან აქვს მიღებული.

ჩვენთან ასე არაა, აქ სიხარბე ბატონობს, რასაც შეუძლია პოლიტიკური სისტემის სასარგებლო ჭანჭიკად გაქციოს – იმდენი ხნით მაინც, რაღაც ხეირის ნახვა რომ მოასწრო. ამ მშიერ ქვეყანაშიც მოიხვეჭ რაღაცას, ოღონდ სხვასაც უნდა უწილადო და ჩუმად იყო. სიხარბე და შიშია ხალხის მორჩილების გასაღები. სიხარბეს სიღარიბე და იმედგაცრუება ასაზრდოებს, მორჩილებას კი უმეცრება და შიში – ძალის თავმოყრა ბატონის გარშემო. 

სწორედ ამიტომ არ ვქმნით უკეთეს სკოლებსა და სასამართლოებს, რომ ადვილად დავირიგოთ მიწები და ტყეები იქ, სადაც არ შეიძლება; ავაშენოთ და დავანგრიოთ იქ, სადაც გვაწყობს და არა იმ ადგილას, სადაც საჭიროა.

სახელმწიფოს აღარ აქვს საერთო ორიენტირი და აღარც საზოგადოებრივი ხელშეკრულება აკავშირებს საკუთარ ხალხთან. და რადგანაც აღარაფერს აქვს მნიშვნელობა, მთავრობა მხოლოდ საკუთარ თავთან გახდა ანგარიშვალდებული და არა მოქალაქეებთან.

მაგრამ ჩვენ, ვისაც თავი ჯერ კიდევ ამ ქვეყნის მოქალაქედ წარმოგვიდგენია, იმაზე მეტი უნდა გავაკეთოთ ახლაც და მომავალშიც, ვიდრე გვინდა და ვიდრე ამას ჩვენი კომფორტის ზონა მოიცავს:

  • უკმაყოფილო ხარ რაღაცით? აღარ გააგრძელო დუმილი, ხმა უნდა ამოიღო. თუ გინდა მეგაფონი იყიდე, სადმე გაწევრიანდი, ფეისბუქზე დაწერე, მაგრამ თქვი შენი სათქმელი.
  • არჩევნებზე არ დადიხარ, იმიტომ რომ არავინ მოგწონს? უნდა წახვიდე და აირჩიო თუნდაც ცუდსა და უარესს შორის, მაგრამ უნდა აირჩიო და არ დაანიშნინო სხვას.
  • მატყუარა, უზნეო კაცს ხელი აღარ უნდა ჩამოართვა: ბოროტებას და სიცრუეს მეგობრობით კი არა, სამართლიანობით უნდა უპასუხო.
  • არ უნდა გეშინოდეს!

ადვილია ეს ყველაფერი? არა. მე ყოველთვის ასე ვიქცევი? არა, ვერა. მაგრამ არის სხვა გზა, ნორმალური ცხოვრების შექმნის ამ ქვეყანაში? ასევე, არა.

მხოლოდ ასე შევძლებთ, თავიდან ავიცილოთ ნგრევა და სიკვდილი შემდეგი მეწყრისას რაჭაში, შემდეგი ზვავის დროს გუდაურში, შემდეგი წვიმისას რიკოთზე, შემდეგი ხანძრისას ბათუმში და შემდეგი წყალდიდობისას თბილისში. ასე გადავარჩენთ მუშებს მშენებლობაზე, მაღაროელებს მაღაროში, ბავშვებს შადრევანში, ახალგაზრდებს ქუჩაში და ჩვენს სინდისს ამ რთულ დროში.

ღირს ამისთვის ბრძოლა.

Nolite te bastardes carborundum!

Leave a comment