
ქართული ოცნება საკუთარ საგარეო პოლიტიკას ერთადერთ შესაძლო გზად აცხადებს. ის გვეუბნება, რომ, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის პირობებში, “სტრატეგიული მოთმინების“ პოლიტიკას გარდა სხვა გამოსავალი არ გვაქვს. მათი თქმით, სხვა ყველაფერი ომის რისკს შეიცავს. სწორედ ასე ცდილობს იგი, ომისა და მშვიდობის ცრუ დილემა რეალობად შემოგვასაღოს, თვითონ მშვიდობის პარტიად გამოაცხადოს თავი, ხოლო ყველა სხვა ომისა და ქვეყნის ამრევებად მონათლოს.
სინამდვილეში, არსებობს უფრო პრაგმატული და სტრატეგიული საგარეო პოლიტიკის ალტერნატივა, რომელიც საშუალებას მოგვცემდა, გაგვეძლიერებინა ჩვენი უსაფრთხოება და ეკონომიკა, არ დავშორებოდით მეგობრებს (უკრაინა, ევროკავშირი, აშშ), რეალურად გაგვეზარდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსები და, ამასთანავე, თავიდან აგვერიდებინა რუსეთთან სამხედრო ესკალაციის რისკები.
რიტორიკა მნიშვნელოვანია
ქართულმა ოცნებამ დიდწილად ორაზროვანი გამოსვლები (მშვიდობისკენ მოწოდება), სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისას, აქტიური ანტიუკრაინული პოზიციით მალევე შეცვალა. უფრო მოგვიანებით, ეს ყველაფერი ევროპელ და ამერიკელ დიპლომატებზე სიტყვიერ თავდასხმებშიც გადაიზარდა და ოცნების „ფრთხილ პოლიტიკად“ გამოცხადებული დიპლომატია სინამდვილეში მეგობრებისგან იზოლაციის პოლიტიკად გადაიქცა. ნაცვლად ამისა, თავიდანვე საჭირო იყო სწრაფი სოლიდარობის გამოვლენა უკრაინის მიმართ, მათ შორის, კიევში დროული და რეგულარული ვიზიტები გასული წლის მარტის ბოლოდან, როდესაც ეს ფიზიკურად შესაძლებელი გახდა. მანამდე კი, აუცილებელი იყო ოფიციალური თბილისის საჯარო მხარდამჭერი გამოსვლები უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე.
პოლიტიკა და სიმბოლოები მნიშვნელოვანია იმდენადაც, რამდენადაც გავლენას ახდენს ჩვენს პოზიცირებაზე საერთაშორისო ურთიერთობებში. აქტიური, პროუკრაინული გამოსვლები საქართველოს წარმოაჩენდა, როგორც უკრაინისა და ევროკავშირის ღირსეულ მოკავშირეს, და შექმნიდა ჩვენთვის სასარგებლო საერთაშორისო განწყობებს. ეს კი დამატებითი პოლიტიკური, სამხედრო თუ ეკონომიკური სარგებლის მიღების ახალ შესაძლებლობებს გაგვიხსნიდა.
ეკონომიკური პოლიტიკა და დიპლომატია
ეკონომიკა ბრძოლის ცალკე ველია, რომელიც განსაკუთრებით აქტიური გახდა დასავლეთის მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესებით, რასაც საქართველო არ შეუერთდა. ქართული ოცნება ამბობს, რომ განსხვავებით ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან, მას არ აქვს იმხელა ეკონომიკური შესაძლებლობები, რომ სანქციების განხორციელებით მიღებული ზიანი უმტკივნეულოდ მიიღოს.
სანქციებთან შეერთება, შესაძლოა, მართლაც სერიოზული ნეგატიური შოკის მიზეზი გამხდარიყო საქართველოსთვის, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ჩვენ არაფერს მოვიმოქმედებდით ზიანის პრევენციისა და განეიტრალებისთვის, ასევე, საკმარისად და დროულად ვიზრუნებდით რუსეთის უფრო სტაბილური ბაზრებით ჩანაცვლებაზე.
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ბოლო კვლევის მიხედვით, რუსეთზე იმპორტდამოკიდებულება 2014 წლიდან განუხრელად იზრდება და 2022 წელს სარეკორდო – 14%-ს მიაღწია. რუსეთის წილი, ასევე, გაზრდილია ექსპორტში (12%), მაშინ როდესაც ევროკავშირის წილი ჯამურ ექსპორტსა და იმპორტში მცირდება: თუკი ის 2019 წლამდე 26-29% შორის მერყეობდა, ბოლო, 2022 წლის მონაცემებით, ის 23%-მდეა ჩამოსული. ამასთანავე, საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება მეტად გაზრდილია ავტორიტარულ ქვეყნებზე (რუსეთი, ჩინეთი) და შემცირებულია დემოკრატიულ სახელმწიფოებზე დამოკიდებულება. ასეთი პოლიტიკა საქართველოს ეკონომიკასა და კეთილდღეობას სერიოზულ საფრთხეებს უქმნის, რადგანაც ჩვენი ეკონომიკისთვის, მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობაზე დამყარებულ, სტაბილურ ბაზრებთან ურთიერთობა და არა ისეთ ქვეყნებთან ვაჭრობა, სადაც, რუსეთის მსგავსად, ერთი რასისტი ლიდერის პირადი გადაწყვეტილება განაპირობებს ყველაფერს.
საქართველოს შეეძლო უფრო დიპლომატიური ყოფილიყო ამ საკითხებში. ეკონომიკური დიპლომატია, უპირველეს ყოვლისა, უნდა დაწყებულიყო სანქციებზე კონსულტაციების გამართვით ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან.
კონსულტაციების დროს შეგვეძლო მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი განგვეხილა, მათ შორის, სანქციებთან შეერთების შემთხვევაში, პოტენციურ ნეგატიურ ეფექტებთან გასამკლავებლად საჭირო ფინანსური დახმარების მიწოდება საქართველოსთვის; თავისუფალი ვაჭრობის, უვიზო მიმოსვლის და პირდაპირი ავიარეისების საკითხების განხილვა შეერთებელ შტატებთან და რუსეთის ბაზრის აქტიური ჩანცვლებისთვის საჭირო ზომების პროაქტიული მიღება ევროკავშირისა და ამერიკის მხრიდან.
შესაძლოა, ეკონომიკური ზიანი სწრაფად და სრულად ვერ აღმოფხვრილიყო, მაგრამ სავსებით რეალური იქნებოდა ნეგატიური გავლენის საგრძნობი შემცირება; ასევე, სტრატეგიულად ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგების მიღწევა, რაც დადებითად აისახებოდა ქვეყნის მოქალაქეების ცხოვრების ხარისხზე.
ქართული ოცნების მიერ სანქციებთან შეერთებაზე ხისტი უარის თქმით და ეკონომიკური დიპლომატიის უარყოფით, საქართველო პოლიტიკურად მნიშვნელოვნად დაზიანდა და დაკარგა ყველა პოტენციური ეკონომიკური და პოლიტიკური სარგებელი, რაც მას სანქციებთან თუნდაც სელექციურად მიერთებით შეეძლო მიეღო ევროკავშირისა და შეერთებული შტატებისგან.
მეტიც, თუკი დადასტურდება ის, რომ საქართველო რუსეთს, სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება, მაშინ ეს ზიანი კიდევ უფრო, საგრძნობლად გაიზრდება, გასცდება ეკონომიკურ განზომილებას და მოგვაყენებს საგრძნობ პოლიტიკურ ზარალს.
გარდა სანქციების მწვავე საკითხისა, საქართველოს შეეძლო დამატებით გადაედგა რამდენიმე, თუნდაც სიმბოლური ნაბიჯი ეკონომიკურ პოლიტიკაში, რის შედეგადაც უკეთეს პოზიციებზე აღმოვჩნდებოდით. ეს შეიძლება ყოფილიყო უკრაინული პროდუქციისა და კომპანიების პრიორიტეტად გამოცხადება საერთაშორისო სახელმწიფო შესყიდვებში, გასასახადების გაუქმება უკრაინული ბიზნესისთვის და უკრაინისთვის საჭირო ტვირთის გათავისუფლება სატრანზიტო გადასახადებისგან. ახლა რთულია პოზიტიური ეკონომიკური ეფექტების განსაზღვრა, მაგრამ, როგორც მინიმუმ, ეს იქნებოდა საქართველოს სწორი ეკონომიკური და დიპლომატიური პოზიცია.
ევროკავშირთან სწორი კომუნიკაცია არა მხოლოდ ზიანს აგვარიდებდა, არამედ მხარდაჭერის მიღების შესაძლებლობასაც გაზრდიდა, რაც მოლდოვის მაგალითზეც ჩანს: არც მოლდოვა შეერთებია მრავალ სანქციას, მეტიც, საქართველოსგან განსხვავებით, მოლდოვა რუსეთის წინამძღოლობით შექმნილ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) წევრიც კია. მოლდოვამ სწორედ კარგი კომუნიკაციისა და მოქნილი დიპლომატიის საშუალებით მიიღო როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური და დიპლომატიური შედეგები: ის ახლა ევროკავშირის წევრობის კანდიდატია, საგრძნობ ეკონომიკურ მხარდაჭერასაც იღებს (სულ ახალხან მას ევროკავშირმა მხარდაჭერის ახალი, 294 მილიონიანი ევროს/დაახლოებით მილიარდი ლარის დახმარება დაუმტკიცა) და ტერიტორიული პრობლემების მიუხედავად, ომშიც არავის „ჩაუთრევია“.
ჩვენმა ხელისფულებამ კი უბრალოდ არ მოინდომა, რადგან მათთვის მთავარი ეროვნულ ინტერესი კი არა, ქართველი ამომრჩევლის ომის შიშით მართვის სურვილია, რასაც „პრაგმატული საგარეო პოლიტიკის“ სახელით ნიღბავენ.
დიდი რუსობა
მნიშვნელოვანი დილემაა, თუ როგორ მოვექცეთ საქართველოში მასიურად შემოსულ რუსეთის მოქალაქეებს. ერთი მხრივ, ამას გარკვეული დადებით ეკონომიკური ეფექტი აქვს, მეორე მხრივ კი, არის რეალური საფრთხეები, რაც მტრული სახელმწიფოს მოქალაქეების მასშტაბულ მიგრაციას ახლავს თან: იმ მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებსაც არ სურთ უსამართლო ომში მონაწილეობა, დიდი ალბათობით რუსი დაზვერვის აგენტები, პროვოკატორები და დივერსანტებიც შემოყვნენ. ქართული ოცნების სასაზღვრო პოლიტიკა აქაც „თანმიმდევრულია:“ ის ცდილობს, აამოს რუსეთს – შემოუშვას ყველა, გარდა ოპოზიციური მედიისა და ომის მოწინააღმდეგე აქტივისტებისა, ხოლო საზოგადოებაში ეს ყველაფერი ეკონომიკური სარგებლითა და კვლავ ომის შიშით „გაათეთროს.“
სინამდვილეში, ჩვენი პოლიტიკა სრულიად საწინააღმდეგო უნდა იყოს. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა მკაცრი სავიზო რეჟიმის დაწესება რუსეთის მოქალაქეებისათვის. ასეთი რეჟიმი უნდა იყოს არა სტანდარტული და გამარტივებული, როგორც ეს მრავალ ქვეყანასთან გვაქვს, არამედ უფრო შეზღუდული.
საქართველოს შეუძლია გამოიყენოს მაგალითად შვეიცარიის საელჩოები, სადაც საქართველოში ჩამოსვლის მსურველები შესაბამის აპლიკაციებს შეავსებდნენ. ჩვენმა სამსახურებმა სავიზო აპლიკაციები მხოლოდ გამონაკლისის სახით უნდა დაადასტურონ და პრიორიტეტი მათ უნდა მიანიჭონ, ვინც პუტინის ოპოზიციაშია და მისი დანაშაულებრივი ომის მოწინააღმდეგეა.
გარდა ამისა, საქართველომ რუსეთის მოქალაქეებს უნდა მისცეს არა ხანგრძლივი, არამედ მოკლევადიანი ვიზები. შესაძლოა, ასევე, დაწესდეს დამატებითი გადასახადი რუსეთიდან შემოსულთათვის, უკრაინის ჰუმანიტარული მხარდაჭერისა და უკრაინელი ლტოლვილების დახმარების ფონდისთვის.
იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი მტრულ ძალას წარმოადგენს, საქართველოს თავისუფლად შეუძლია შეზღუდოს რუსეთის მოქალაქეების მიერ უძრავი ქონების ყიდვის უფლება და მხოლოდ სელექციურად გასცეს ის; დააწესოს სავალდებულო, საგანამანათლებლო, ფასიან სემინარში მონაწილეობის ვალდებულება 2008 წლის ომის, ქართველების ეთნიკური წმენდისა და, ზოგადად, საქართველოს ისტორიის შესახებ. აქედან მიღებული, თუნდაც სიმბოლური შემოსვლები კი აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან იძულებით წამოსულთა დასახმარებლად დახარჯოს.
რა თქმა უნდა, არ უნდა დავივიწყოთ იმ ქართველთა ინტერესები, რომლებიც საქართველოში დაბრუნებას მოქალაქეობის აღდგენით ცდილობენ. ამისათვის საქართველოს სახელმწიფოს საკუთარი პროცედურები გააჩნია და არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი შეზღუდვა მათ მიერ ამ უფლების რეალიზებას არ აბრკოლებს.
რუსეთთან პირდაპირ საჰაერო კავშირზე უარის თქმა მართებული პოლიტიკური და ეკონომიკური ნაბიჯი იქნებოდა რამდენიმე ფაქტორის გამო: ჯერ ერთი, ეს ჩვენი მოკავშირეების პოლიტიკას ეწინააღმდეგება – საქართველო მაშინ იძლევა ფრენების აღდგენის უფლებას, როდესაც მისი მეგობრები რუსეთთან კავშირების შემცირებას ცდილობენ. ეს უკვე არა მხოლოდ ეკონომიკური ან ჰუმანიტარული, არამედ სრულიად ნათელი პოლიტიკური და დიპლომატიური სიგნალია.
გარდა ამისა, საქართველომ სრულიად უპირობოდ მიიღო რუსეთის გადაწყვეტილება: პუტინმა გუშინ მოინდომა და გააუქმა ფრენები, დღეს კი აღადგინა, ხვალ მას კიდევ რაღაც არ მოეწონება, ისევ გააუქმებს ფრენებს და ჩვენს მოქალაქეებსაც სატვირთო თვითმფრინავებით გამოყრის, 2006 წლის მსგავსად. ჩვენ კი ყოველგვარი პრინციპული პოზიციის გარეშე ვეთანხმებით. სინამდვილეში ეს ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ რუსეთთან ფრენების აღდგენას წინ უძღოდა ხანგრძლივი მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, ქართული მხარის ინიციატივით. წინააღმდეგ შემთხვევაში, საჰაერო მიმოსვლის საკმაოდ რთული ტექნიკური პროცედურის აღდგენა იმ ქვეყანასთან, რომელიც საერთაშორისო სანქციების ქვეშაა, უბრალოდ ასე სწრაფად ვერ მოხერხდებოდა.
რაც ძალიან პრობლემურია, ეს ყველაფერი საიდუმლოდ და საზოგადოებისგან ფარულად კეთდებოდა – ქართულმა ოცნებამ საგარეო პოლიტიკაც კი შიდა, დახურული გარიგებების საგნად აქცია და უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს საზოგადოებრივი განხილვის, ელემენტარული საჯარო დისკუსიის გარეშე, აგრესორ, ოკუპანტ ძალასთან თანამშრომლობით იღებს, რაც დემოკრატიულობის პრეტენზიის მქონე ქვეყანაში დაუშვებელია.
რუსეთიდან პირდაპირი ფრენების დაუშვებლობა საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოების საფუძველით სრულიად ლეგიტიმური იქნებოდა. თუნდაც იმიტომ, რომ რუსეთის საჰაერო ბორტების გამოყენება სახიფათოა, რადგანაც, სანქციების გამო, ისინი ვერ ახერხებენ სამოქალაქო ავიაციის სათადარიგო ნაწილებით ჯეროვნად მომარაგებას; პირდაპირი ფრენების ეკონომიკური ეფექტი დაბალია (თვითონ თამაზ გაიაშვილიც უკვე ამაზე წუწუნებს); და ბოლოს, ეს ეწინააღმდეგება საქართველოს ვალდებულებას, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის ჰარმონიზაცია მოახდინოს ევროკავშირთან. შესაბამისად, კვეთს მნიშვნელოვან წითელ ხაზს: ევროინტეგრაციის მოსურნე ქვეყანაში აგრესორის თვითმფრინავები არ დაფრინავენ.
თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკა
თავდაცვა და უსაფრთხოება ცენტრალური მნიშვნელობის საკითხია ომის ფონზე. სწორედ აქ მუშაობს ყველაზე აქტიურად ოცნების „აბა, ომი გინდათ?!“ პროპაგანდა. სინამდვილეში, აქაც შეუძლია საქართველოს ჰქონდეს ბევრად უფრო მოქნილი, პრაგმატული და ეფექტური მიდგომა, ვიდრე აქამდე.
როგორი უნდა იყოს ჩვენი პოლიტიკა, რომელიც, ერთი მხრივ, რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ ომის პირდაპირ საბაბს არ მისცემდა (იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა მას ეს ახლა, ან შეეძლება თუ არა მომავალში) და, მეორე მხრივ, უფრო მეტ მხარდაჭერას აღმოუჩენდა ჩვენს მოკავშირეებს რუსეთთან დაპირისპირებაში?
ოცნება ამბობს, რომ მშვიდობის წინაპირობა არაფრის კეთებაა – რომ ნებისმიერ ჩვენს პრინციპულ მოქმედებას რუსეთი ომით უპასუხებს. რა თქმა უნდა, ეს არასწორია. ჯერ ერთი, არც ახლა და არც უახლოეს მომავალში, რუსეთს სამხედრო ავანტიურების შესაძლებლობა აღარ ექნება, უკრაინის არმიის მიერ მიყენებული მასშტაბური ზარალის გამო. ეს ჩვენთვის ნატოსა და ევროკავშირში შესვლის საქმეში მნიშვნელოვანი შანსია და აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. გარდა ამისა, არსებობს სამხედრო თანამშრომლობის უამრავი კომპონენტი, რომელიც არ მისცემს რუსეთს საქართველოზე თავდასხმის ოდნავ ლეგიტიმურ საფუძველსაც კი:
როგორც მინიმუმ, საქართველოს შეუძლია უკრაინას არალეტალური სამხედრო დახმარება აღმოუჩინოს – მიაწოდოს მას ისეთი აღჭურვილობა, რაც სამხედროებს სჭირდებათ ბრძოლის ველზე, მაგრამ არ გამოიყენება მოწინააღმდეგის გასანადგურებლად, მაგალითად, ჯავშანჟილეტები, სამხედრო კარვები, ავტომობილები, საველე სამედიცინო აღჭურვილობა და სხვა. საქართველოს, ასევე, შეუძლია უკრაინასა და ჩვენს სხვა მოკავშირეებს (ევროკავშირი, ნატო, ამერიკა), შესთავაზოს საკუთარი სამხედრო სასწავლო ინფრასტრუქტურა არალეტალური სამხედრო წვრთნებისა და ჰუმანიტარული მისიებისთვის ომის მსვლელობისას. ასევე, შეგვიძლია უკრაინას შევთავაზოთ და დავუფინანსოთ უკრაინელთა განათლება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის აკადემიაში. ყოველივე ამის სანაცვლოდ, საქართველოს შეეძლება მიიღოს დამატებითი სამხედრო, ეკონომიკური და ფინანსური დახმარება საერთაშორისო პარტნიორებისგან და ამით გააძლიეროს საკუთარი უსაფრთხოება, ნაცვლად მისი დასუსტებისა, რაც ახლა ხდება.
საერთაშორისო სამხედრო ურთიერთობების ჭრილში, საქართველოს შეეძლო და ახლაც შეუძლია, დაიწყოს კონსულტაციები ნატოსა და შეერთებულ შტატებთან საქართველოს თავდაცვის პოტენციალის მნიშვნელოვანი ამაღლების მიზნით. საქართველომ, ასევე, აქტიურად უნდა დააყენოს ქვეყნის ნატოში გაწევრიანების საკითხი, მათ შორის, MAP-ის (გაწევრიანების სამოქმედო გეგმის) გამოტოვებით.
ამ ყველაფრის გაკეთების ნაცვლად კი, ჩვენი ქვეყანა NATO-ს ბოლო წვრთნებს გამოეთიშა, ხოლო პრემიერმა ღარიბაშვილმა 30 მაისს, ბრატისლავის უსაფრთხოების ფორუმზე თქვა, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინის ნატოში ინტეგრაციის სურვილმა გამოიწვია. სინამდვილე, რა თქმა უნდა, ამჯერადაც სხვაგანაა: რუსეთი იმიტომ კი არ შეიჭრა უკრაინაში, რომ მას ნატოში გაწევრიანება სურდა, არამედ იმის გამო, რომ უკრაინას დამოუკიდებლობა სურდა და ნატოში შესვლა ვერ მოასწრო. ისიც შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ 2014 წლამდე, უკრაინა ნატოში გაწევრიანებას საერთოდ არ ესწრაფვოდა. ნეიტრალიტეტის ეფექტიანობის მითი აქაც ტრაგიკულად გამოჩნდა: ნეიტრალიტეტი დამოუკიდებლობის გადარჩენის კი არა, მისი დაკარგვის რისკებს ზრდის.
მზადება მომავალი რუსეთისთვის
ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია მზადება მომავალი რუსეთისთვის. ახლა უკვე ნათელია, რომ ეს ქვეყანა შეიცვლება – ის ვერ აღწევს ომის იმ მიზნებს, რაც მათ დაისახეს: უკრაინის დემილიტარიზაცია და შემდეგ მისი განადგურება. ამ მიზნებისთვის რუსეთმა უდიდესი მსხვერპლი გაიღო და ვერაფერს მიაღწია: უკრაინა ფეხზე დგას, ზელენსკი კვლავ პრეზიდენტია, ხოლო უკრაინის ჯარი ერთ-ერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანი და თანამედროვე ტექნიკით შეიარაღებული არმია გახდა, რომელიც ახლა მეორე მსოფლიოს ომის შემდგომ, ყველაზე მასშტაბურ და რთულ კონტრ-შეტევას აწარმოებს რუსეთის არმიის წინააღმდეგ. რუსეთი აღმოჩნდა საერთაშორისო იზოლაციაში და, ნატოს დაშინების ნაცვლად, მიიღო მისი საზღვარი პეტერბურგთან. ისედაც ჩამორჩენილი რუსული ეკონომიკა კიდევ უფრო გამოიფიტა, ომის წნეხი კი უკვე იმ მდიდარ და პოლიტიკურად გავლენიან ჯგუფებსაც აწვება, რომლებიც პუტინის საგარეო ინტერვენციებს მხარს უჭერდნენ, თუკი ეს ყველაფერი მათ კეთილდღობას არ შეეხებოდა. პრიგოჟინისა და კადიროვის სამხედრო ჯგუფები ერთმანეთსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უპირისპირდებიან. ეს ყველაფერი, მკაცრად კონტროლირებული რუსული საინფორმაციო სივრცის პირობებში, აისბერგის წვერად უნდა მივიჩნიოთ: დუღილი რუსულ საზოგადოებაში უფრო მაღალ ტემპერატურაზეა, ვიდრე ჩანს.
ამა თუ იმ სახით, ეს ყველაფერი რუსეთში პოლიტიკური ცვლილებების საფუძველს შექმნის. ეს შეიძლება იყოს რეჟიმის შეცვლა, სამოქალაქო ომი ( „თავისუფლების ლეგიონის“ ბელოგორდში რეიდებს თუ ჩავთვლით, ის უკვე მიმდინარეობს), მისი დეზინტეგრაცია, ან ყველაფერი ერთად. რუსეთის სათავეში შეიძლება აღმოჩნდნენ პრიგოჟინისა და კადიროვის მსგავსი სამხედრო ტომის ბელადები, „თავისუფლების ლეგიონის“ მხარეს მყოფი პოლიტიკური ძალები ან ის პოლიტიკური ემიგრაცია, რომელიც ამჟამად სხვა ქვეყნებშია.
ომის შედეგების პოლიტიკური გავლენის წინასწარმეტყველება ყოველთვის რთულია, მაგრამ ისტორიიდან ვიცით, რომ დიდ ომებს დიდი პოლიტიკური ცვლილებები მოსდევს. ამიტომ, შესაძლო სცენარებისათვის მზადება, ნებისმიერი მთავრობის პირდაპირი მოვალეობაა, მაგრამ ამას არ აკეთებს საქართველოს მთავრობა. აქვს მათ რაიმე კავშირი რუსულ ოპოზიციასთან? დიდი ალბათობით, არა; რაიმე ცოდნა უკრაინის მხარეს მებრძოლ რუსებზე, მათ პოლიტიკურ შეხედულებებსა და გრძელვადიან გეგმებზე? რა თქმა უნდა, არა.
ქართულმა ოცნებამ ყველა ფსონი პუტინის რუსეთის გამარჯვებაზე დადო. ამიტომაც ზღუდავენ ოპოზიციური მედიისა და აქტივისტების საქართველოში შემოსვლას. ასეთ ქცევით, მმართველმა პარტიამ ქვეყანა უაღრესად წამგებიან პოზიციაში ჩააყენა და ეს მაშინ, როდესაც საერთაშორისო ვითარება რუსეთის საწინააღმდეგოდ იცვლება, ნატო და ევროკავშირი ფართოვდება და შიდა-რუსული პოლიტიკური ვითარებაც კი შესამჩნევად პუტინის ერთპიროვნული ძალაუფლების საწინააღმდეგოდ ეწყობა.
უსაფრთხოებისა და თავდაცვის კონცეფციების გადახედვა
ამ ყველაფრის გაანალიზებას, დაგეგმვას და მოქმედებაში მოყვანას, გააჩნია კონცეპტუალური, საკანონომდებლო და საბიუჯეტო ასპექტები, რომლებიც საერთოდ უმოქმედოა საქართველოში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპის უდიდესი ომი მიმდინარეობს, კონტინენტის უსაფრთხოება კი ძირფესვიანად იცვლება. ამის მიუხედავად, ჩვენს პარლამენტს არ განუახლებია ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, საფრთხეების შეფასების დოკუმენტი, თავდაცვის სამინისტროს არ გადაუხედავს თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვისა და ეროვნული სამხედრო სტრატეგიისთვის.
თუკი მართლა მშვიდობა და დამოუკიდებლობა გინდა, ეს საკითხები სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და მათ გარეშე მშვიდობის გადარჩენა, უბრალოდ, წარმოუდგენელია. ქართულმა ოცნებამ კი ისინი სანაგვეზე მოისროლა, რადგან მთავრობის ამოცანა რეალურად დამოუკიდებლობისა და მშვიდობის დაცვა კი არა (რასაც სწორი სამხედრო პოლიტიკა სჭირდება), არამედ რუსეთთან მოკავშირეობა და მის მორჩილებაში საქართველოს დაბრუნებაა.
საერთაშორისო ურთიერთობების ელემენტარული პრინციპების მცოდნე ადამიანისთვის ქვეყნის თავდაცვაზე პასუხისმგებლობის თავიდან არიდება და ამ საკითხში რუსეთის კეთილ ნებაზე მინდობა უკიდურესად სარისკო და ბეცი სტრატეგიაა — მორჩილების სანაცვლოდ, შენი უსაფრთხოება შენივე მტრის კეთილ ნებას მიანდო. საერთაშორისო პოლიტიკაში ასეთი მორჩილება არასდროსაა საკმარისი მეორე მხარისთვის და ყოველ ჯერზე ის მეტსა და მეტს მოითხოვს. ამას ჩვენი და რუსეთის ურთიერთობების ბოლო წლებიც ნათლად გვიჩვენებს – ამიტომაც, დღევანდელი უპრინციპო, უსარგებლო და ნებაყოფლობითი კომპრომისები ხვალინდელ მონობას უყრის საფუძველს.
საგარეო პოლიტიკის ჰუმანიტარული და საზოგადოებრივი მხარე
გარდა სამხედრო, ეკონომიკური თუ დიპლომატიური საკითხებისა, საქართველოს შეუძლია ჰქონდეს უფრო მომგებიანი ჰუმანიტარული და საზოგადოებრივი პოლიტიკა რაც, კიდევ ერთხელ, საქართველოს ბევრად უკეთესად წარმოაჩენდა საერთაშორისო ურთიერთობებში.
ჩვენ შეგვეძლო გაგვეგრძელებინა თუნდაც სიმბოლური ფინანსური მხარდაჭერა უკრაინელი ლტოლვილებისთვის. ამასთანავე, სულაც არ არის აუცილებელი ყველაფერი საქართველოს ბიუჯეტიდან დახარჯულიყო. კვლავ მოლდოვის მაგალითს თუ ავიღებთ, ამ მიზნებისთვის საქართველოს თავისუფლად შეეძლო დამატებითი დაფინანსება მოეზიდა საერთაშორისო წყაროებიდან.
ასევე, არ არის აუცილებელი ეს მხოლოდ ლტოლვილთა პირველად, გადაუდებელ მხარდაჭერაზე გათვლილი დახმარება ყოფილიყო. უფრო შორსმჭვრეტელური პოლიტიკის შემთხვევაში, ჩვენ შეგვეძლო, კვლავ ჩვენი პარტნიორების დახმარებით, ისეთი დაფინანსების მოძიება და ფორმატების შექმნა, რომლებიც წაახალისებდა უკრაინელთა ჩართვას საქართველოს ბიზნეს და შემოქმედებით ცხოვრებაში, მაგალითად, ქართულ-უკრაინული სტარტაპების ამუშავება. ამით ჩვენ არა მხოლოდ ჰუმანურ მისიას შევასრულებდით მეგობრების წინაშე, არამედ საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებასაც დავეხმარებოდით, უკრაინელთა მრავალმხრივი საქმიანი ნიჭის პროდუქტიულად გამოყენებით.
დამატებით, საქართველოს შეეძლო დამატებთ რამდენიმე ახალი, უკრაინულენოვანი საბავშვო ბაღისა და სკოლის გახსნა, სადაც სწავლა უკრაინულ ენაზე იქნებოდა. შეგვიძლია უკრაინის მართლაც გამორჩეული სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებისთვის რეგისტრაციის გამარტივება, საერთაშორისო ფონდების მოზიდვა ქართულ-უკრაინული თანამშრომლობის ხელშესაწყობად, განსაკუთრებით ჰუმანიტარულ, ომის გაშუქებისა და რუსულ პროპაგანდასთან დაპირისპირების საკითხებში.
ჩვენს მთავრობას, სხვა საკითხების მსგავსად, არც ამ სფეროში გამოუჩენია მონდომება ან მმართველობის ნიჭი, რაც პრობლემების შესაძლებლობად გარდაქმნას გულისხმობს. მისგან ასეთი მოლოდინი ნამდვილად მოჭარბებულია, მაგრამ აუცილებელია, რომ სხვა პოლიტიკურმა და სამოქალაქო ძალებმა სწორედ ასე იფიქრონ მომავალ პოლიტიკაზე.
კულტურის პოლიტიკა რეპრესიის ნაცვლად
იგივე შეიძლება ითქვას კულტურის პოლიტიკაზეც, რომელიც დღეს რეპრესიის ინსტრუმენტი უფროა, ვიდრე დადებითი შემოქმედებითი იმპულსების მომტანი. საქართველოს აქვს რესურსი, ომის მსვლელობისას უკრაინას კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენაში დაეხმაროს, უკრაინული კულტურისა და ხელოვნების ნიმუშების ქართულ საცავებში შენახვის შეთავაზებით. შეგვიძლია ახალი, სარეზიდენციო პროგრამების შექმნა უკრაინელი ხელოვანებისთვის საქართველოში; ერთობლივი, ქართულ-უკრაინული კულტურული თანამშრომლობის მხარდაჭერა, ახალი პროგრამების ამოქმედებით; უკრაინული ლიტერატურის თარგმნის წახალისება, სპეციალური საგრანტო პროგრამებით, ქართული გამომცემლებისთვის, რაც მათთვის დამატების ეკონომიკურ შესაძლებლობებს შექმნიდა. ეს იქნებოდა სახალხო დიპლომატიის ეფექტიანი ნაბიჯი, რომელიც საქართველოს უაღრესად პოზიტიურად წარმოაჩენდა მსოფლიო დონეზე. გარდა ამისა, ასეთი პოლიტიკა გაამრავალფეროვნებდა ჩვენს კულტურულ ცხოვრებას, ხელს შეუწყობდა იდეებისა გაცვლასა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას.
საკუთარი მწირი რესურსების თუ საერთაშორისო დახმარების გამოყენებით, საქართველოს თავისუფლად შეუძლია ასეთი ინიციატივები დააფინანსოს, კიდევ უფრო გაამრავალფეროვნოს ქართული კულტურული ლანდშაფტი და შესაბამისი დივიდენდებიც მოიპოვოს დიპლომატიურ არენაზე.
ევროკავშირთან თუ მის გარეშე?
ევროკავშირთან ინტეგრაციის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გზაზე, მაშინ, როდესაც უპრეცედენტოდ მაღალია ევროპელი ლიდერების მზაობა საქართველო წევრად იხილონ, აუცილებელია მათთან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მაქსიმალური ჰარმონიზაცია, რასაც საქართველო არ აკეთებს. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭიროა მაქსიმალური პოლიტიკური ნების გამოვლენა და ოპოზიციურ პოლიტიკურ თუ სამოქალაქო ძალებთან შეთანხმება საჭირო გადაწყვეტილებებზე. ეს, რა თქმა უნდა, რთულია და არასასიამოვნო კომპრომისებს მოითხოვს, მაგრამ სწორედ ამიტომ მიიჩნევა პოლიტიკა „შესაძლებლის ხელოვნებად“ – თუ ადამიანებს არ შეუძლიათ რთული პრობლემების გადაჭრა, მაშინ მათი ადგილი პოლიტიკაში არ არის.
ევროკავშირი არის საქართველოს ძირითადი ეკონომიკური და მთავარი პოზიტიური მოთამაშე საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენებაში. ევროკავშირი, ასევე, ახორციელებს სადამკვირვებლო მისიას ოკუპაციის ხაზის გასწვრივ, რომელიც ჯერჯერობით მინიმალური უსაფრთხოების ერთადერთი ინსტრუმენტია და მის გასაფართოებლად აქტიური მუშაობაა საჭირო.
რომ არ ყოფილიყო ევროკავშირი (და აშშ, რომელმაც საკვანძო დიპლომატიური და სამხედრო როლი შეასრულა რუსეთის შეჩერებაში), რუსეთი 2008 წელს გაანადგურებდა საქართველოს დამოუკიდებლობას და ქვეყანას ბელარუსის მსგავს წარმონაქმნად გადააქცევდა, რომელსაც პრაქტიკულად არ შესწევს უნარი დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები მიიღოს. სწორედ ევროკავშირისა (500,000,000 ევრო) და აშშ-ის (1,000,000,000 დოლარი) უპრეცედენტო ფინანსურმა მხარდაჭერამ გადაარჩინა საქართველო ეკონომიკური კრახის და 90-იანი წლების შემობრუნებისგან 2008 წლის ომის შემდეგ.
ამ ყველაფრის გამო, ევროკავშირთან ურთიერთობა საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეს ის უნიკალური გაერთიანებაა, რომელმაც მოახერხა მუდმივი, სტაბილური მშვიდობის უზრუნველყოფა წევრებს შორის და წარმოადგენს მსოფლიოს ყველაზე მშვიდობიან და მაღალგანვითარებულ რეგიონს.
არ უნდა დაგვავიწყდეს, როგორ შეიქმნა ევროკავშირი: ის აღმოცენდა ორი მსოფლიო ომის ნიადაგზე და იმ რწმენით, რომ ომის თავიდან არიდება და სტაბილური მშვიდობის დამყარება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულებით, კულტურათა შორის დაილოგით და ერთმანეთის უკეთ გაგებით, ადამიანის უფლებების დაცვით და რთული გადაწყვეტილებების მისაღებად მშვიდობიანი კომპრომისების გრძელი გზების გავლით. მხოლოდ სრული დემოკრატიის პირობებში მოახერხა იმ თაობამ, რომელმაც ევროპის სახელმწიფოები მსოფლიო ომის ნანგრევებში ჩაიბარა, პენსიაზე მშვიდობიან და მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ქვეყნებში გასულიყო. სწორედ და მხოლოდ ასე: ლიბერალური დემოკრატიის პირობებში ხერხდება ის, რასაც სხვა ქვეყნებს შორის ანალოგი არ გააჩნია – სრული დემოკრატიის ქვეყნებს შორის ომი არასოდეს მომხდარა. ასე რომ, ევროპისგან იზოლაციის პოლიტიკა, რომელიც ვითომ „სუვერენული დემოკრატიის“ და „ომში ჩათრევის“ თავიდან აცილების ლოზუნგებით იმართება, სინამდვილეში სხვა არაფერთან მიგვიყვანს, თუ არა უფრო დაუცველ და ღარიბ ქვეყნად გადაქცევამდე.
ის შანსები, რაც ახლა გვაქვს, არ იარსებებს მუდმივად. მომავალ წელს რუსეთსა და უკრაინას შორის ომის ბედი, შესაძლოა, დიდწილად შეცვლილი იყოს; 2024-ში, ასევე, გაიმართება ევროპარლამენტის ახალი არჩევნები, რომელიც, თავის მხრივ, ევროკომისიის ახალ ხელმძღვანელობას აირჩევს. ის, თუ რა ძალები და რა დოზით მოხვდებიან პარლამენტსა და ეროვნულ მთავრობებში, განაპირობებს კანდიდატობის მოპოვების რეალური შესაძლებლობის კვლავ ხელმისაწვდომას.
ევროპის კავშირის რეკომენდაციების შეუსრულებლობით, მათ დიპლომატებზე თავდასხმით და ქვეყნის შიგნით ავტოკრატიის მშენებლობით, ქართული ოცნება გვაცილებს სტაბილურობისა და მშვიდობის საერთო სივრცეს და ქმნის ჩვენი მეტად გაღარიბების, კონფლიქტების გამწვავების და დამოუკიდებლობის დაკარგვის საფუძველს. ის ამას შეცდომების ან უვიცობის გამო კი არა, სრულიად შეგნებულად აკეთებს. ახლა ამ შესაძლებლობისთვის ზურგის შექცევა სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს საუკეთესო წინაპრების ოცნებისა და მომავალი თაობების ღალატი.
საგარეო პოლიტიკა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხები
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი განუყოფელია საგარეო პოლიტიკისგან. ამ საქმეში ჩვენ გვჭირდება, როგორც შიდა რესურსების გაზრდა, ისე ჩვენი მოკავშირეებისა და მეგობრების დახმარება. იმის მოლოდინი, რომ რუსეთი „დაგვიბრუნებს“ აფხაზეთსა და ოსეთს, უსაფუძვლოა, ამის დაპირება კი უპასუხისმგებლობა. რუსეთის ამოცანა საქართველოს კონტროლია და არა მისი გაძლიერება, მით უმეტეს მაშინ, როდესაც რუსეთს ჩვენი ისტორიული მხარეები „დამოუკიდებელ“ სახელმწიფოებად ჰყავს აღიარებული. ამიტომ, ცრუ მოლოდინის შექმნაა, თუ ვიტყვით, რომ იმ საგარეო პოლიტიკის სანაცვლოდ, რასაც ჩვენი მთავრობა ატარებს, „გავერთიანდებით“. პირიქით, საქართველო კიდევ უფრო დასუსტდება, რადგანაც ჩატეხავს მეგობრებთან მისასვლელ ხიდებს. გაერთიანების ნაცვლად, ქვეყანა უფრო დაიქსაქსება და არც ისაა გამორიცხული, „რუსული სამყაროს“ რომელიღაც გაერთიანებაშიც ამოყოს თავი, „დამოუკიდებელ“ აფხაზეთსა და ოსეთთან ერთად.
რა შეიძლება იყოს ამ, „სტრატეგიულ მოთმინებაზე“ კი არა, სტრატეგიულ დამარცხებაზე ორიენტირებული პოლიტიკის ალტერნატივა ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით? ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ზრუნვა უნდა დაიწყოს საქართველოს გაძლიერებით და დიპლომატიური ინიციატივის თბილისისთვის დაბრუნებით.
რუსეთის-უკრაინის ომმა ამ რეგიონებშიც შიში დათესა. იქაური მოსახლეობაც მიხვდა, რომ „უფასო სადილი“ არ არსებობს: რუსეთის დახმარება საქართველოს წინააღმდეგ იმასაც გულისხმობს, რომ რუსეთსაც უნდა დაეხმარო უკრაინის წინააღმდეგ. ეს რეალობის მტკივნეული გააზრებაა ამ მხარეებში. ამიტომ, რაც დრო გავა, მით უფრო საინტერესო შეიძლება გახდეს ჩვენი წინადადებები აფხაზებისა და ოსებისთვის.
დღევანდელი სახელმწიფო მინისტრის უწყება შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში დიდწილად უფუნქციო ორგანიზაციაა. ეს ინსტიტუტი უნდა დაკომპლექტდეს ახალი, ნიჭიერი ადამიანებით, რომლებიც სამშვიდობო პოლიტიკის ინიციატივებზე იმუშავებენ. ზოგი მათგანი უშედეგო აღმოჩნდება, ზოგი უფრო წარმატებული, მაგრამ ახალი იდეების, ფორმატებისა და საუბრის პლატფორმების შეთავაზება სოხუმისა და ცხინვალის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ინიციატივის დასაბრუნებლად, თუნდაც იქ დარჩენილი მოსახლეობის და არა მათი „მთავრობების“ თვალში.
ჩვენი დიპლომატიის ნაწილი შეიძლება იყოს თავშესაფრის მიცემა მათთვის, ვინც უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობას თავს აარიდებს და თბილისის მიერ კონტოლირებულ ტერიტორიაზე გადმოვა საცხოვრებლად; ახალი სავაჭრო, სამოქალაქო და ჰუმანიტარული ურთიერთობების ფორმატებზე საუბარი, მით უმეტეს, რომ ეს რეგიონები ჩვენი ჯანდაცვის სერვისებით უკვე დიდი ხანია საკმაოდ ხშირად სარგებლობენ.
საქართველომ აქტიურად უნდა დააყენოს რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების სრული შესრულება, მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სრულად დაშვება საოკუპაციო ხაზის მეორე, რუსების კონტროლის მხარეს. ამ ყველაფერს თან უნდა ახლდეს საოკუპაციო ზოლის სიახლოვეს მაცხოვრები ადამიანების უსაფრთხოების უკეთესი დაცვა ჩვენი შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაძლიერებით. საქართველო უნდა მზად იყოს, აღკვეთოს ჩვენი თანამოქალაქეების რეგულარული გატაცებები და დასაჯოს ისინი, ვინც დამნაშავეა მათ წამებასა და მკვლელობებში.
რუსეთი, ასევე, არ ასრულებს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებზე ტვირთების კონტროლის ვალდებულების ამოქმედებას, რაც მან იკისრა, როგორც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების პირობა. ესეც ის მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც ჩვენმა მთავრობამ მიივიწყა, თითქოს საქართველოს სრულ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებზე საბაჟო კონტრლის თუნდაც მინიმალური განხორციელება უმნიშვნელო საქმე იყოს.
***
როგორ შეიძლება შევაჯამოთ უკეთესი, რეალისტური საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, რომელიც საქართველოს შეიძლება ჰქონდეს?
ასეთი პოლიტიკა იმით გამოირჩევა, რომ არ ახდენს ჩვენი ტრადიციული საგარეო პოლიტიკის საბოტაჟს. ამასთანავე, იგი არც რუსეთს აძლევს ომის მიზეზს: არ აწვდის უკრაინას სასიკვდილო იარაღს და არ ესხმის თავს რუსებს. მეტიც, რუსეთის მოქალაქეთა გარკვეული რაოდენობისთვის (მიუხედავად მათი პოლიტიკისა) ის თავშესაფარიც კი ხდება.
ასეთი პოლიტიკა ორგანულ კავშირშია ჩვენი მეგობრების – ევროკავშირისა და აშშ-ის – საგარეო პოლიტიკასთან და ამით აძლიერებს ჩვენთვის ევროინტეგრაციისა და ნატოში გაწევრიანების შანსებს. შედეგად, ძლიერდება ჩვენი მშვიდობიანი განვითარების რეალური შანსები.
ასეთი საგარეო პოლიტიკის გატარებით, საქართველო მიიღებს უფრო მეტ საგარეო ფინანსურ მხარდაჭერას, მეტად შეამცირებს არასტაბილურ რუსულ ეკონომიკაზე დამოკიდებულებას, გააძლიერებს საკუთარ ეკონომიკურ სტაბილურობას, სავაჭრო, ფინანსურ და ლოჯისტიკურ კავშირებს ევროკავშირთან, ამ ყველაფრით კი შექმნის მდგრადი ეკონომიკური ზრდის უკეთეს შესაძლებლობებს.
ყველაფერი ეს, ჯამურად, რეინტეგრაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ახალ, რეალურ შანსებს გვაძლევს, განსხვავებით იმ, არაფერზე დაფუძნებული პროპაგანდისგან, რასაც ქართული ოცნება გვთავაზობს: რომ არაფრის კეთებით და ქვეყნის დასუსტებით გავმდიდრდებით და გავმთლიანდებით კიდეც. ასეთი რამ მხოლოდ აბსურდულ ფანტაზიაში შეიძლება მოხდეს, მაგრამ არასოდეს რეალურ პოლიტიკაში.
***
დაბოლოს, რუსეთთან ომის არიდების ორი გზა არსებობს:
პირველია რუსეთის შედარებითი დასუსტება და ჩვენი შედარებითი გაძლიერება. ეს ისეთი პოლიტიკით უნდა მოხდეს, რომ არც რუსეთს მივცეთ აშკარა პროვოკაციის საშუალება და ამასთან ჩვენი თავდაცვითი და ეკონომიკური შესაძლებლობები ავამაღლოთ – მათ შორის, უძლიერეს, ტრადიციულ სამხედრო-პოლიტიკურ და ეკონომიკურ ალიანსებში ჩვენი გაწევრიანებით. ამის მიღწევა სწორედ ზემოთ აღწერილი პოლიტიკის გატარებით შეიძლება.
ომის არიდების მეორე გზა რეალურ სახელმწიფოებრიობასა და ნამდვილ დამოუკიდებლობაზე უარის თქმაა: თუკი არ იარსებებს ნამდვილი ქართული სახელმწიფო, მაშინ არც რეალური თუ გამოგონილი ომი იქნება საჭირო მის წინააღმდეგ. რუსეთი მიიჩნევს, რომ საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, არ უნდა არსებობდეს. ამიტომ, ის საჭიროების შემთხვევაში, ყოველთვის მოიგონებს ახალ მიზეზს, როგორც ეს გააკეთა საქართველოსა (2008) და უკრაინაში (2014).
თავის (და სხვების) მოტყუება იქნება იმის თქმა, რომ სამხედრო და პოლიტიკური კავშირების მოშლით ნატოსა და ევროკავშირთან, რუსეთთან ეკონომიკური დამოკიდებულების გაძლიერებით, რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოდინებით, რუსული კანონების წერით და ანტიევროპული პროპაგანდით გადავარჩენთ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას. ეს ასე ვერ იქნება, რადგანაც მსოფლიო ისტორიაში მსგავსი არასოდეს მომხდარა.
ამიტომ, ჩვენი ამოცანა ქვეყნის გაძლიერებისკენ (არა დასუსტებისა და იზოლაციისკენ) მიმართული რეალისტური საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს. ასეთი საგარეო პოლიტიკა ეფუძნება პრაგმატიზმს (და არა ცინიზმს), ძალთა ბალანსის ანალიზს (და არა რუსეთის ბრმა მორჩილებას), ისეთი მთავარი ეროვნული და პოლიტიკური ფასეულობებისა და ინტერესების დაცვას, როგორებიცაა თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ევროატლანტიკური ინტეგრაცია (და არა მათ უკუგდებას) და ამ ყველაფრის რეალიზებისკენ მიმართულ ეფექტიან სტრატეგიას.
ქართულ ოცნების დღევანდელი საგარეო პოლიტიკა კი, ქვეყნის გაძლიერების ნაცვლად, რუსეთის წინაშე კაპიტულაციის გზით მიდის. მწარე რეალობაა, რომ ამას ის მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ აკეთებს, რომ საკუთარი ძალაუფლება და ხელისუფლებაში ყოფნისას მოხვეჭილი სიმდიდრე შეინარჩუნოს.
ამ გზაზე მისი იარაღი ხალხის ომით დაშინებაა. მათ უნდათ, „აბა, ომი გინდათ?!“ პროპაგანდამ ისე გაგვაბრუოს შიდა დაპირისპირებით დაღლილი ადამიანები, რომ ვეღარც მივხვდეთ, როგორ ვკარგავთ უსაფრთხოებასაც და დამოუკიდებლობასაც.
ამისათვის წინააღმდეგობის გაწევა აუცილებელი და შესაძლებელია. შეუპოვარი ბრძოლა იმის გაცნობიერებით იწყება, რომ მშვიდობა, თავისუფლების გარეშე, მხოლოდ მონობაა და სხვა არაფერი.
