დღეს, ოკუპანტების მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის წლისთავი ქართულმა ოცნებამ განსაკუთრებულად აღნიშნა – მოსკოვიდან პირველი პირდაპირი რეისი ჩამოფრინდა. თვთმფრინავი ცარიელი სულაც არ იყო და თან ისეთი პოლიტიკური ნაგავიც ჩამოიყოლა, ჩვენ დიდი ხნის წინ გადაყრილი რომ გვეგონა.
თავიდანვე ვიტყვი: არაფერი მაქვს იმის საწინააღმდეგო, რომ ჩვენს მოქალაქეებს ცხოვრება გაუადვილდეთ, მათ შორის მათ, ვინც რუსეთში ცხოვრობს. ისინი სულაც არ ჰგვანან ვალერი კვარაცხელიას, ასლან აბაშიძეს ან დიმიტრი ლორთქიფანიძეს. ისინი ყველაზე კარგად იცნობენ „რუსკი მირსა“, პუტინიზმს და მათ უმრავლესობას ისევე სძულს რუსული იმპერიალიზმი, როგორც ჩვენ. ისინიც ისევე ელიან უკრაინის გამარჯვებას, როგორც აქ.
მაგრამ, მე მხარს არ ვუჭერ, რომ ცხოვრება იმ რუსებს გუადვილდეთ, ვინც სულაც არ იქნებიან წინააღმდეგი, საქართველო რუსეთის გუბერნია გახდეს და რუსეთის ჯარმა კიდევ დახოცოს ქართველები – ვინც იმით გაიხარებს, რომ ჭაჭის ჩამომსხმელ, სულიკოს მომღერალ და ხინკლის ღიმილით მომხვევ დეკორაციად გვაქციოს. სწორედ მათ ავანგარდში დგას ქართული ოცნება, რომლის პროპაგანდაც ახლა მაღალ ბრუნებზეა გადასული საკუთარი მორიგი სიმდაბლის გასამართლებლად.
შევეცდები განვმარტო, თუ რატომ არის ტყუილი მათი არგუმენტები და თუ რატომ არ უნდა იფრინონ რუსულმა თვითმფრინავებმა საქართველოში.
ჩვენ გვინდა ცხოვრება გავუადვილოთ საქართველოს მოქალაქეებს: მეც ეს მინდა. იმ უამრავ ადამიანსაც, ვინც ასევე აპროტესტებს რუსების თავისუფალ მიმოსვლას საქართველოში. ამერიკელებსაც და, თქვენ წარმოიდგინეთ, ევროპელებსაც. „ოცნება“ ისე გვაწვდის ამ გადაწყვეტილებას, თითქოს შეუძლებელი იყოს ქართველებისთვის ცხოვრების ისე გაიოლება, რომ არც ქვეყანას შეუქმნა პრობლემა და არც ხალხი გამოიწვიო მორიგ პროვოკაციაზე. როგორ შეიძლება ეს? როგორ და ძალიან მარტივად: მკაცრი სავიზო რეჟიმის დაწესებით რუსებისთვის. ამის გაკეთება ადმინისტრაციულადაც ადვილია და პოლიტიკურადაც სწორი. მაგრამ ოცნებას ეს არ უნდა, რადგან მისი რეალური ამოცანა, ჩვენი ინტერესების კი არა, პუტინის ინტერესების სამსახურია. ამიტომ იტყუებიან ისინი, თითქოს პირდაპირი ფრენები ქართველებისთვის არის. სინამდვილეში პირდაპირი ფრენები საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულების ზრდას, ევროპული მომავლის საბოტაჟს, ქართული ოცნების კოლაბორაციონიზმის პატრიოტიზმად გადახურდავებას და თან პოლიტიკური ქულების აკრეფას ემსახურება. მათ სულ არ ანაღლებთ საქართველოს მოქალაქეები და ჩვენ ეს უკვე დიდი ხანია კარგად ვიცით.
ეს საქართველოს ეკონომიკას წაადგება: ერთი შეხედვით, თითქოს ასეა, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით და ისიც ძალიან ცოტა ხნით. ყველაფერი ის, რაც ახლა ხდება – ლარის გამყარება, ფულის შემოდინება, ახალი ბიზნესების დაწყება – ქარის ანუ ომის მოტანილია. მართალია, ზოგისთვის ფულს სუნი არ აქვს, მაგრამ ღირსება მაინც ღირსებაა. თუმცა, ამას თავი რომ დავანებოთ, უნდა ვთქვათ შემდეგი:
ამ, მოკლევადიან ეკონომიკურ პოზიტიურ შოკს, თავისი მკვეთრად უარყოფითი მოვლენებიც ახლავს: თუკი ცხოვრება გაუადვილდათ მათ, ვისაც რამდენიმე ბინა აქვს საქართველოს დიდ ქალაქებში და მათი გაქირავება უფრო მაღალ ფასად შეუძლიათ (ანუ შედარებით მდიდრებს), ქირა უსაშველოდ გაუძვირდათ და შესაბამისად უფრო გაღარიბდნენ სტუდენტები, ახალგაზრდები (ანუ, შედარებით ღარიბები) და ზოგადად მოსახლეობის დიდი ნაწილი, ვისაც არ აქვს საკმარისი ფინანსური „ბალიში“ შექმნილ ვითარებასთან გასამკლავებლად. ამიტომ, რუსული ფულის შემოდინება ეკონომიკურ და სოციალურ უთანასწორობას კიდევ უფრო აღრმავებს. ფასების ზრდას უცებ გაზრდილი მოთხოვნაც იწვევს და ამან ჩვენზე ყველაზე ცუდად იმოქმედა: ადამიანებს უფრო ნაკლები ფული რჩებათ იმავე პროდუქტების ყიდვის შემდეგ.
უფრო ფართო სურათს რომ შევხედოთ, პირდაპირი ფრენები და რუსების უკონტროლო შემოდინება ჩვენს ეკონომიკას კიდევ უფრო დამოკიდებულს გახდის რუსეთზე. რაც მეტად ჩამოვეკიდებით მას, მით უფრო მეტი გავლენა ექნება ჩვენზე. შესაბამისად, რუსული კაპიტალისა და რუსების უკონტროლო მიგრაცია მხოლოდ რიტორიკული თუ პარტიული საკითხი კი არა, საქართველოს ეკონომიკურად დამონების პოლიტიკის ბერკეტია. ჩვენ კარგად ვიცით, რა მოაქვს რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას: ჯერ კიდევ გვახსოვს 90-იანი წლები, ასევე, ადრეული 2000-იანების ეკონომიკური ემბარგო და ქართველების ეთნიკური წმენდა რუსეთის ქალაქებში.
ამის მიუხედავად, ქართული ოცნება იმას კი არ ცდილობს, რომ ისეთ ქვეყნებთან გააძლიეროს ჩვენი კავშირები, სადაც კანონი კანონობს და არა ძალა, არამედ, პირიქით, იქით გვექაჩება, სადაც განუკითხაობა და ქაოსია. ირონიულად, ის სწორედ ისეთ პოლიტიკას აგრძელებს ჯიუტად, რისთვისაც მისი მომხრეები თავად აკრიტიკებენ ხოლმე მიხეილ სააკაშვილს.
ჩვენ არაფერ შუაში ვართ, რუსეთმა ცალმხრივად მოხსნა სანქციები: თითქოს ასეა, მაგრამ ალბათ არავის გეპარებათ ეჭვი, რომ რუსეთი არც ფრენებს აღადგენდა უპირობოდ და არც სავიზო რეჟიმს მოხსნიდა. მან ეს მხოლოდ მას შემდეგ გააკეთა, რაც დარწმუნდა, რომ საქართველოს მთავრობა მისი ერთგული მოჯამაგირეა საქართველოში. ამას მაღალი ალბათობით ხანგრძლივი მოლაპაკებები და ოცნების მთავრობისგან გარანტიების მიღება უძღოდა წინ. ის, რომ ეს გადაწყვეტილება არც მოუმზადებელი ყოფილა და მას წინ მოლაპარაკებები უძღოდა, იმითაც დასტურდება, რომ ფრენები ძალიან სწრაფად შესრულდა. ის, რომ ვალერი კვარაცხელიას შვილმა ასევე ძალიან სწრადად შექმნა რუსული კომპანიების მომსახურე ბიზნესი და სწრაფადვე მიიღო ამისათვის საჭირო ყველა ნებართვა, ალბათ შემთხვევითობაა და მის მაღალ ბიზნესუნარებს უნდა მივაწეროთ.
მაშინ, როდესაც პუტინის ნაცისტური მთავრობა გადარჩენისთვის იბრძვის და სადღაც რაღაც გამარჯვებას ეძებს, ქართულ ოცნებას, როგორც სრულყოფილ ლაქიას შეშვენის, ღიმილითა და მოკრძალებით მიაქვს მის ბატონთან ჩვენი დამოუკიდებლობა და თავისუფლება. თან გვეუბნება, რომ ამას ჩვენი დიდი სიყვარულით აკეთებს.
მთავარია დეოკუპაცია და ტერიტორიების დაბრუნება. ფრენებთან ერთად, მთავრობამ ახალი თემა წამოწია, რომელიც ჩემი აზრით, ყველაზე ამორალური და სახიფათო ტყუილია: „ჩვენ ვზრუნავთ დეოკუპაციასა და ტერიტორიის დაბრუნებისთვის,“ თქვა კახა კალაძემ (და სხვებმაც) დღეს. ამით ისინი ცდილობენ შექმნან ახალი მოლოდინები, რომ თითქოს არსებობს რაღაც გარიგება რუსეთსა და ივანიშვილს შორის, რომ საქართველოს მოზომილი პოლიტიკის გამო, ჩვენ დავჯილდოვდებით და დავიბრუნებთ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს.
ამ უტიფარი ტყუილის საწინააღმდეგოდ, უნდა გავიხსენოთ ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის ისტორია: რატომ იბრძოდა რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში? რატომ ვართ ოკუპირებული? იმიტომ ხომ არა, რომ საქართველომ მისგან დამოუკიდებლად ცხოვრება მოინდომა? და თუ ასეა, მაშინ რის ფასად შეიძლება რუსეთმა „ტერიტორიების დაგვიბრუნოს,“ თუ საერთოდ?
რუსეთის რეალური ინტერესი საქართველოს გაძლიერება კი არა, მისი დასუსტება და კონტროლია. ჯერ ერთი, „ტერიტორიების დაბრუნება“ სამართლებრივად და პოლიტიკურად რთულია: რუსეთს ისინი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ჰყავს აღიარებული და საკითხავია რა ფორმით შეიძლება მოხდეს ეს. მერე მეორე, აფხაზებს ამაზე საკუთარი მოსაზრებებიც აქვთ, რომლებიც ხშირად სულაც არ ემთხვევა მოსკოვისას. ზოგადად, ტერიტორიების და, მით უმეტეს, საზოგადოებების რეინტეგრაცია ასე არ ხდება. რუსეთს რომ ხალხებთან ნორმალური ურთიერთობა შეეძლოს, იარაღის ძალით არ დასჭირდებოდა მეზობლების გავლენის სფეროში დაბრუნების მცდელობა – ისინი ამას თავად გააკეთებდნენ სიხარულით, მაგრამ რატომღაც არც საქართველოს (ბოლო დრომდე), არც უკრაინას, არც მოლდოვას, არც აზერბაიჯანს და უკვე აღარც სომხეთს ამის სურვილი რატომღაც არ გასჩენია. ცენტრალური აზიის ქვეყნებიც კი სხვა მიმართულებით იყურებიან – არავის უნდა ფაშისტებთან მეგობრობა, ქართული ოცნების გარდა.
შესაბამისად, რჩება ერთადერთი გზა: ეს არის არა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დანარჩენ საქართველოში რეინტეგრაცია, არამედ საქართველოს ინტეგრაცია რუსეთთან საერთო კავშირში და მხოლოდ ამის შემდეგ (ან ამის წინაპირობად) რაღაც ეფემერული მოდელის შემოთავაზება. არც ის გაგვიკვირდეს, რომ ამ მოლოდინების გაძლიერებისთვის, შესაძლოა, მოსკოვში რაიმე შეხვედრასაც უმასპინძლონ ჩვენი მთავრობის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს შორის – აი, საქართველოზე ნამდვილად ვზრუნავთო.
ასე რომ, რუსეთის თვალში შეუთავსებელია საქართველოს რეალური თავისუფლება, მისი ერთიანობა და ძლიერება. ეფემერული კავშირები მართლაც შეიძლება შედგეს მათი დახმარებით, რათა ამ ტყუილს ძალა მიეცეს, მაგრამ მხოლოდ მოჩვენებითი და ისიც, საქართველოს რეალური თავისუფლების, დამოუკიდებლობის და გაძლიერების საფასურად. რაც მეტ ნაბიჯს გადავდგამთ რუსეთისკენ, მით მეტად დავცილდებით ჩვენს მეგობრებს და როდესაც რეალური მეგობარი აღარ დაგვრჩება, მაშინ აღარც ჩვენი ტერიტორიების დაბრუნება გახდება საჭირო – საქართველო უკვე ურჩი ძაღლივით იქნება რუსეთის ეზოში დაბმული.
ამიტომ, იმის თქმა, რომ ამ ყველაფრის ფასად „ტერიტორიებს დავიბრუნებთ,“ ყველაზე დიდი და სახიფათო ტყუილია, რომელიც აქამდე უთქვამთ და მასზე წამოგება ქვეყნის გამთლიანებას კი არა, საქართველოს სრულ ოკუპაციას მოგვიტანს.
***
ქართული ოცნების მავნებლობა ამით არ დასრულდება, არც ჩვენი ბრძოლა. მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია, რომ იმ ხალხმა, ვისაც ებადება შეკითხვა – „ნეტავ, მართლაც რას აშავებს ეს ფრენები?“ – კარგად გაიაზროს, რომ ქართული ოცნება რუსულ მახეში გვაბავს და ამით ჩვენს კეთილდღეობასაც ღუპავს და თავისუფლებასაც.
ქართველობა არც სუფრაზე გამოძღომა და არც რუსული მანეთების ჩაჯიბვა არ არის. ქართულ ოცნებას ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლება ფულს ღირსება გერჩივნოს. მათ არ ესმით, რომ თანამედროვე ქართველის იდენტობა რუსულ იმპერიალიზმთან თავისუფლებისთვის დაუსრულებელ ბრძოლაში შეიქმნა. მათ გარდა, ამ ქვეყანაში ყველას ესმის, რომ თავისუფლებისა და ღირსების გარეშე ყოფნა საღორეში ცხოვრებას ჰგავს: რაც არ უნდა ბევრი საჭმელი დაგიყარონ, ამას მხოლოდ იმიტომ გააკეთებენ, რომ საბოლოოდ ყელი გამოგჭრან.