ქართული ოცნების რუსული, “აგენტების კანონის” შესახებ
პირველ საკომიტეტო მოსმენაზე, კომიტეტის იმ წევრებს, რომლებიც „აგენტების კანონს“ მხარს უჭერენ, ვუთხარი, რომ რუსული სწორედ ამ იდეის მიზანი და სულისკვეთებაა. შესაძლოა, ბევრს აინტერესებს და სურს მეტი იცოდეს, თუ რატომაა ასე. ამიტომ, მოკლედ დავწერ მთავარ საკითხებზე და შევეცდები, დაგარწმუნოთ, რომ აუცილებელია არა ამ კანონის ცალკეული მუხლების განხილვა, არამედ იმ პოლიტიკური იდეის სრული მარცხი, რომელიც ამ კანონს ასაზრდოებს.
1: „აგენტის“ წოდება
სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებისთვის „უცხო ქვეყნის გავლენის აგენტის“ დარქმევა გამოიწვევს მათ სწრაფ სტიგმატიზაციას, გაშარჟებას და, მათი იმიჯის შელახვას. ეს ლეგიტიმაციას მისცემს კიდევ უფრო მწვავე პროპაგანდისტულ თავდასხმებს, ზეწოლისა და ფიზიკური ანგარიშსწორების კიდევ უფრო უხეში ძალადობის ფორმებს და გაზრდის მის მასშტაბებს. გაძლიერდება და გახშირდება ძალადობა სამოქალაქო ორგანიზაციებსა და მედიაზე, რომელსაც უკვე „აგენტურისა და ხალხის მტრების წინააღმდეგ ბრძოლა“ ერქმევა და ამას უკვე უფრო მაღალი მორალური და პოლიტიკური ლეგიტიმაცია ექნება, უფრო მეტი ადამიანის თვალში.
2: იუსტიციის სამინისტროს სახიფათო როლი
ამ კანონის პროექტის მიხედვით, იუსტიციის სამინისტროს უფლება ეძლევა გადაწყვიტოს თუ რა ფორმით და როდის შეამოწმებს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ამ კანონის მოთხოვნების შესრულებას. პროექტი არ აწესებს რაიმე შეზღუდვებს ამაზე და არც იმას განსაზღვრავს, ისე განხორციელდეს გამჭვირვალობის აუდიტი, რომ არ შეფერხდეს ორგანიზაციების ფუნქციონირება. შესაბამისად, იუსტიციის სამინისტროს ექნება სრული შესაძლებლობა სამოქალაქო ორგანიზაციების პარალიზება გამოიწვიოს. ამ კანონის მიხედვთ, ეს შესაძლოა მოხდეს ნებისმიერი ფორმით: მათ საქმიანობაში ხშირი, უხეში და რეგულარული ჩარევით (სამინისტროს ამის უფლება ყოველ ექვს თვეში ეძლევა), მათ შორის ნებისმიერი პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომელიც რომელიმე ორგანიზაციის „აგენტობაზე“ „შესაბამის მინიშნებას“ მოიცავს; ინსპექციების მივლინებით ორგანიზაციებში; მუდმივი ჯარიმებისა და სანქციების დაწესებით; მათი საქმიანობისათვის ხელისშემშლელი მორალური კლიმატის შექმნით და თანამშრომლებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის საშუალებით. ბუნებრივია, ეს გამოიწვევს სამოქალაქო სექტორის სრულ პარალიზებას იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მაგალითად კანონში „აგენტი“ რაიმე სხვა სახელით ჩანაცვლდება. გარდა ამისა, იუსტიციის სამინისტროს შესაძლებლობა ექნება საკუთარი შეხედულებებით, საჭიროებებიდან გამომდინარე და რაიმე სერიოზული სამოქალაქო ჩართულობის ან განხილვის გარეშე, მინისტრის ბრძანებებით ცვალოს ეს ფორმები, გაართულოს მონიტორინგის ზომები და ასე, ზეწოლაში ამყოფოს სექტორი.
3: პერსონალურ მონაცემებზე წვდომის საკითხი
იუსტიციის სამინისტროს ასევე ეძლევა უფლება მოიპოვოს ამ ორგანიზაციებთან დაკავშირებული ადამიანების პერსონალური ინფორმაცია. თუ სად იწყება და სად მთავრდება ეს მანდატი, განმარტებული არ არის. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს შესაძლებლობა ექნება დამატებით პროპაგანდისტულ იარაღად გამოყენოს პერსონალური მონაცემები. უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამით, ხელისუფლებას შესაძლებლობა ეძლევა გააკონტროლოს და, შემდეგ, „აგენტებთან“ დაკავშირებულ პირებად გამოაცხადოს ცალკეული ავტორები, ლექტორები, რედაქტორები, ექსპერტები თუ პარტნიორები, ვისთანაც ესა თუ ის ორგანიზაცია თანამშრომლობს და ამით, დააშანტაჟოს მოქალაქეები და ადამიანთა განუზომლად უფრო დიდი წრის რეპუტაცია დააზიანოს.
4. ორგანიზაციათა ფართო სპექტრი
ეს კანონი შეეხება არა მხოლოდ ტიპურ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მაგალითად, პოლიტიკურ და საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს (როგორც ვთქვათ, ჩვენი ორგანიზაციაა), არამედ პროფესიულ კავშირებს, სტუდენტთა დამოუკიდებელ ასოციაციებს, სათემო მედია ორგანიზაციებს, საქართველოში რეგისტრირებულ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლობებს და უამრავ სხვას, რომლებიც, ასევე იღებენ დაფინანსებას საერთაშორისო ორგანიზაციებისგან.
5. დონორებისა და ორგანიზაციების გაჩერება
ამ კანონზე დისკუსიამ უკვე მოიტანა ნეგატიური შედეგები: მთელი სამოქალაქო სექტორი პრაქტიკულად ამ კანონის წინააღმდეგ ბრძოლაზეა გადართული და შეჩერებული აქვს სხვა, ნორმალური, ადრე დაგეგმილი საქმიანობა. ამ დისკუსიამ შესაძლოა გამოიწვიოს პარტნიორების ორჭოფობა დაფინანსებების გაგრძელების თაობაზე ამ, გაურკვეველ და ადგილობრივი ორგანიზაციებისთვის გართულებულ სამოქმედო პირობებში. ამას, შესაბამისი შედეგები ექნება: ლიკვიდობის ნაკლებობის გამო, შეჩერდება ბევრი ორგანიზაცია, შესვენებას აიღებენ საერთაშორისო დონორებიც. რამდენადაც დიდი დარტყმა იქნებოდა კანონის სწრაფი დამტკიცება და ამოქმედება, იმდენადვე პრობლემური იქნება მისი „დამოკლეს მახვილივით“ ხანგრძლივად დაკიდება სამოქალაქო ორგანიზაციების თავზე. წმინდა ფინანსური და პროგრამული თვალსაზრისით, ორივე ვარიანტს საერთო შედეგი შეუძლია მოიტანოს – გააკოტროს ბევრი ორგანიზაცია, გააჩეროს ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი და არ დაუშვას ახალი პროგრამების დაწყება.
6. დემოკრატიული მოკავშირეების „დემონიზაცია“
როგორც წესი, ასეთ კანონებს იღებენ მტრული სახელმწიფოს გავლენის შესაზღუდად. ამ მიზნით არსებობს კანონები აშშ-სა და რამდენიმე სახელმწიფოში. რუსეთმა „აგენტების კანონი“ კარგად გამოიყენა ანტი-ამერიკანიზმის გასაღვივებლად მოსახლეობაში და შემდეგ მოაყოლა კრიტიკული საზოგადოების ჯერ რეპუტაციული, ხოლო შემდეგ ფიზიკური განადგურება. იგივე შედეგებს უნდა ველოდოთ საქართველოში: დასავლეთის მზარდი კრიტიკის ფონზე საქართველოს მთავრობის ქცევის მიმართ, ეს კანონი და მისი მოქმედება სწრაფად გადაიზრდება ჯერ ანტი-ამერიკული და ანტი-ევროპული პროპაგანდის შესაძლებლობად, ხოლო შემდეგ, პლურალიზმის კუნძულების საბოლოოდ წასალეკად კულტურის, პოლიტიკისა თუ მედიის სფეროში.
7. კანონის ეფექტური აღსრულების საკითხები
ჩემი მოლოდინია, რომ ამ საქმეში წარმატების შემთხვევაში, ხელისუფლება მიიღებს დამატებით, კიდევ უფრო დრაკონულ ზომებს რათა აღმოფხვრას პლურალიზმის სხვა, ალტერნატიული შესაძლებლობები. კანონის შემდგომ რედაქციებში (როგორც რუსეთში მოხდა), შესაძლოა გამოჩნდეს კიდევ სხვა კატეგორიები, მაგალითად „არასასურველი აგენტი,“ „არასასურველი ორგანიზაცია,“ „არასასურველი პირი,“ და სხვა, რაც კიდევ უფრო მეტად გაართულებს სამუშაო გარემოს. რუსეთშიც სწორედ ასე მოხდა: კანონის თავდაპირველი რედაქცია შემდეგი „ჩასწორებებით“ დამძიმდა და გაუარესდა.
არ არის გამორიცხული ახალი ინიციატივები, რომლებიც გავრცელდება ისეთ კერძო პირებზე, რომლებიც პერსონალურად იღებენ უცხოურ სტიპენდიებს ან სხვა დახმარებას საერთაშორისო ფონდებიდან, რათა კიდევ უფრო ფართო წრის შევიწროება და მათი პოლიტიკური განეიტრალება მოხდეს.
სავარაუდოა ისეთი, ახალი საკანონმდებლო ინიციატივების გამოჩენაც, რომლებიც მოიტანს სიტყვის თავისუფლებისა და ინტერნეტის შეზღუდვას: ცილისწამების შესახებ კანონი დიდი ხანია მსჯელობის საკითხია „ქართულ ოცნებასა“ და მის სატელიტებში, მათ შორის საჯაროდ.
ამ ვარაუდების საფუძველს ისიც მაძლევს, რაც პირადად მოვისმინე თავდაცვისა და საგარეო კომიტეტების წინა, გაერთიანებულ, სხდომაზე, რომელზეც ისმოდა ქართული ოცნებისა და მათი მოკავშირეების განცხადებები, რომ „ახლა გაჩერება აღარ შეიძლება,“ „ნახევარ-ზომები საკმარისი არ იქნება“ და რომ „ბოლომდე უნდა გავიდეთ!“ ეს ყველაფერი, როგორც იქ განსაზღვრული პოლიტიკური ამოცანებით, ისე იმ ლექსიკით, რომელიც ისმოდა, გასული საუკუნის ბოლშევიკთა რაზმების ადრეული შეკრებების XXI საუკუნის რეინკარნაციას წარმოადგენდა.
„ამერიკული ვერსიის“ შესახებ
რაც შეეხება ვითომ „ამერიკულ ვერსიას.“ ამაზე ბევრი ითქვა, მაგრამ აქაც დავწერ: ამერიკული კანონი ეხება კომერციულ თუ სამთავრობო, პირდაპირ ლობისტური მიზნების ორგანიზაციებს, რომელთა უშუალო მიზანია ამა თუ იმ კომპანიის ან რომელიმე უცხო სახელმწიფოს ინტერესების ლობირება. ეს კანონი არ ვრცელდება ადგილობრივ ორგანიზაციებზე და ძირითადად მიმართულია მტრული სახელმწიფოების გავლენის წინააღმდეგ (ის თავდაპირველად ნაცისტური პროპაგანდის საწინააღმდეგოდ მიიღეს). ანუ ეს კანონი, რეალურად საერთოდ არ არეგულირებს შეერთებულ შტატებში იმას, რისი რეგულირებისთვისაც მისი მიღება თითქოს უნდათ საქართველოში.
გარდა ამისა, FARA-ს პირდაპირ გადმოტანის მცდელობა (ისევე როგორც ნებისმიერი სხვა კანონისა) სრულიად აბსურდული და პარადოქსულია: ამერიკული კანონი მუშაობს შეერთებულ შტატებში და ეფუძნება მის ტრადიციას და იმ გარემოებებს, რომელშიც იგი შეიქმნა. რაც უმთავრესია, ის მუშაობს ძლიერი დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ხელისუფლების ძლიერი კონტროლის, ძალაუფლების გადანაწილების, მთავრობის მაღალი ანგარიშვალდებულების და, რაც უმთავრესია, სასამართლოს დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხის პირობებში. საქართველოს დემოკრატიისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი კი ყველას კარგად მოგვეხსენება.
გამჭვირვალობის რეალურ საკითხთან დაკავშირებით, სამი რამის თქმა შემიძლია, როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის წარმომადგენელს:
- ზოგადად, საერთაშორისო საგრანტო დაფინანსებები ქვეყანაში უკვე დიდი ხანია რეგულირებულია და ყველა საგრანტო პროგრამა, რომელიც ამა თუ იმ ქვეყნის მიერ ხორციელდება საქართველოში, თანხმდება საქართველოს მთავრობასთან.
- რაც შეეხება ფინანსური ინფორმაციის საჯარო ხელმისაწვდომობას: დიდი ხანია არსებობს საგარეო დახმარების ინფორმაციული მართვის სისტემა, რომელიც უკვე თავს უყრის ამ ინფორმაციას. მასზე წვდომა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. შესაძლებელია ორგანიზაციების, თემების, რეგიონებისა და სხვა თემების მიხედვით ინფორმაცის მოძიება და კატეგორიზაცია. ეს პორტალი გაუმჯობესებასა და განახლებას საჭიროებს, მაგრამ ამისათვის ახალი კანონის საჭიროება, ბუნებრივია არ დგას.
- სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები (არასამთავრობო, არამომგებიანი იურიდიული პირები), ისედაც გამოირჩევიან გამჭვირვალობის მაღალი ხარისხით. ისინი უფრო გამჭვირვალენი არიან, ვიდრე მთავრობა, ვიდრე კერძო სექტორი ან ვიდრე პოლიტიკური პარტიები. ჩვენს პირდაპირ ინტერესშია, რაც შეიძლება მეტმა პარტნიორმა იცოდეს, თუ ვინ გვაფინანსებს, რადგანაც ეს ზრდის ახალი პარტნიორების ნდობას და მოაქვს მეტი დაფინანსება.
სწორედ ამ ყველაფრის გამო არის ეს საკანონმდებლო და პოლიტიკური იდეები რუსული ამოცანებისა და სულისკვეთების მქონე: ეს კანონი ქართული ოცნების მიერ სამოქალაქო საზოგადოების ტოტალური კონტროლის ქვეშ მოქცევისა და მისი სწრაფი განადგურების რეალური და ეფექტური შესაძლებლობაა.